გვიხსენით გველეშაპისგან - კვირის პალიტრა

გვიხსენით გველეშაპისგან

"მათ, ვინც ჩვენი შვილები დაატყვევა, შვილები არ ჰყავთ?"

ოფიციალური ინფორმაციით, 4 ნოემბერს სოფელ ტირძნისიდან გატაცებული ქართველი მოზარდების ბედი კვლავ გაურკვეველია. ოკუპანტები არ ჩქარობენ მათი საკითხის განხილვას. თუმც, აცხადებენ, რომ დაკავებულთა საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. ცხინვალის "ხელისუფლებაზე" არც ევროკავშირის შეგონებანი მოქმედებს. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ღელავს, - 20 წელი გავუძელით უამრავ უბედურებას,  სამაჩაბლოს უძველესი მიწა 2008 წლამდე შევინარჩუნეთ. იარაღი ჩამოგვართვეს, საქართველოს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ დაგვიცავდა და ვერ დაგვიცვა, მტერმა თავზე გადაგვიარა, ახლა შვილებს გვტაცებენ, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასეო? - კითხულობენ ტირძნისელები.

მეღვრიკისელი ნუნუ დოლიაშვილი უკვე ორ კვირაზე მეტია აუტანელი მოლოდინით ცხოვრობს. ის 4 ნოემბერს ცხინვალში დატყვევებული მოზარდებიდან ერთ-ერთის, ვიქტორ ბუჩუკურის ბებიაა. ახლა იგი მთელ დღეებს ტირძნისში ქალიშვილთან, ვიქტორის დედასთან, ეკა ბუჩუკურთან ატარებს. ამ ოჯახმა სეპარატისტების ძალადობის სისასტიკე ერთხელ უკვე გამოცადა 1995 წელს, როდესაც ვიქტორი მხოლოდ შვიდი თვის ყოფილა, სოფელ აჩაბეთში ცხინვალის გავლით მიმავალი 21 წლის კახა დოლიაშვილი დაუტყვევებიათ და სასტიკი წამებით მოუკლავთ.

- მიკვირს, ბავშვები იმ დღეს რატომ შეიყარნენ ერთად და როგორ გაბედეს ცხინვალში გადასვლა. ვიქტორი ისეთი მშიშარაა, აგვისტოს ომის შემდეგ, სანამ გამნაღმველებმა მთელი ბაღი არ გადაჩხრიკეს, ეზოში ფეხი ვერ შემოვადგმევინეთ. წინა ომის დასრულების შემდეგ ჩემი შვილი დაკლეს უდანაშაულო მსხვერპლად, ახლა ვიქტორი დაატყვევეს. ღმერთს ვეხვეწები ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს, - ამბობს ნუნუ დოლიაშვილი და აცახცახებული ხელებით უდროოდ დაღუპული შვილის სურათს იხუტებს გულში.

ვიქტორ ბუჩუკურის მამიდა ნათია ძალიან პატარა ყოფილა, თუმცა ცხადად ახსოვს კახას დასერილი სხეული. კახასა და მისი მეგობარი გიას ცხედრები წყალში ჩაუკიდიათ და მიცვალებულები მანამდე არ მისცეს ოჯახებს, სანამ ქართველებს ოსი ყაჩაღები არ გაათავისუფლებინეს. დამნაშავის ვინაობა დაუდგენელი დარჩა, არც არავის განუზრახავს ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა. ჩვენი ხალხი ყოველთვის მიმტევებელი იყო. ცდილობდა, მშვიდობა დამყარებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მაგ ხალხთან მშვიდობის ენით ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან დღემდე კაციჭამიებივით იქცევიანო, - ამბობენ ტირძნისელები და ამ სისასტიკის მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ფრაგმენტიც მოჰყავთ. ერედველი 25-იოდე წლის ბიჭი სეპარატისტებმა ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხით მოკლეს, მერე სოფლის გზაზე დააგდეს და რადგან დამმარხავი არავინ იყო, ცხედარი მაწანწალა ძაღლებმა დაგლიჯეს. როცა ჩონჩხიღა დარჩა, ტანკს გამოაბეს და სადღაც წაიღესო.

დატყვევებულთაგან ერთ-ერთ მოზარდს, ალეკო ცაბაძეს ცოტა ხნის წინ გადაუტანია ფილტვების ანთება. ციხეში რა პირობები ექნებათ, ბავშვს დამიავადმყოფებენო, წუხს ალეკოს დედა ეკა ცაბაძე: "წითელი ჯვრის თანამშრომლებმა" წერილები გამოგვართვეს, დაგვპირდნენ, თქვენს შვილებს გადავცემთო. ალეკოს მივწერე, რომ ილოცოს. არ ვიცი, სხვაგვარად როგორ გავამხნევო. ნუთუ მათ, ვინც ჩვენი შვილები დაატყვევა, შვილები არ ჰყავთ?"

ბოლოს "წითელი ჯვრის" თანამშრომლები ტირძნისში 10 ნოემბერს იყვნენ. ორგანიზაციის უცხოელმა ოფიცერმა მშობლებს ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმელი და საკვები გამოართვა და ცხინვალში გადავიდნენ. მას შემდეგ ტირძნისში ისევ ელიან "წითელი ჯვრის" ავტომობილის გამოჩენას, მაგრამ...

კონფლიქტის ზონაში ცხოვრება საშინელ ზღაპარს დაემსგავსა. ცხინვალში ცხოვრობს გველეშაპი, რომელიც დროდადრო ადამიანებს იტაცებს, მათ შორის, ბავშვებსაც. ტირძნისელ ბავშვებს სჯერათ, რომ გველეშაპის დამარცხება შეიძლება და რომ აუცილებლად გამოჩნდება გმირი, ვინც მათ თანატოლებს გამოიხსნის.