"ახალაია ამ გზით ვაჭრობს როგორც ახალ, ასევე ძველ ხელისუფლებასთან" - კვირის პალიტრა

"ახალაია ამ გზით ვაჭრობს როგორც ახალ, ასევე ძველ ხელისუფლებასთან"

"ახალაიებისთვის რეალურად ხელ-ფეხის შეკვრა მერაბიშვილმა მოახერხა"

გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ გავლენიან ფიგურას, ბაჩო ახალაიას, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. რატომ წავიდა ის ვა-ბანკზე და რა  მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია გამოძიებისთვის, ამ თემაზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი კავკასიურ საკითხებში მამუკა არეშიძე ესაუბრა:

-  ბაჩო ახალაიას დაბრუნების თაობაზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა. კერძოდ, მას ემუქრებოდა ისლამური იატაკქვეშეთი, კრიმინალური სამყარო, ბიზნესმენთა ერთი წრე, რომელიც გაამწარა და ქვეყნიდან გააქცია. არის ასეთი ვერსიაც: თითქოს ბაჩო ახალაიამ, რომელიც თავის დროზე იარაღით ვაჭრობაში მონაწილეობდა, გადააგდო უცხოელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოსაკლავად დასდევდნენ.

ეს ყველაფერი მხოლოდ ვერსიაა, ფაქტია, რომ მან საზღვარი გადმოკვეთა და ახალ მთავრობას უთხრა, აქა ვარ და რაც გინდათ, ის მკითხეთო. ჩემი აზრით, ახალაია ამ გზით ვაჭრობს როგორც ახალ, ასევე ძველ ხელისუფლებასთან. უნდა ვაღიაროთ, "ნაციონალური მოძრაობა" მაღალორგანიზებული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ნაცელიტასა და პარტიის რიგით წევრებს შორის  გაუცხოება იგრძნობა. ამ დროს საქართველოში ჩამოდის ბაჩო ახალაია, ხვდება გუბერნატორებსა და გამგებლებს, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს. ყოფილი მმართველი პარტიის კულუარებში ხშირად ამბობდნენ, ახალაიებს წინასაარჩევნოდ ხელ-ფეხი გახსნილი რომ ჰქონოდათ, 1-ლი ოქტომბერი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყოო. იმასაც ამბობენ, სააკაშვილმა თქვა, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მეტად მნიშვნელოვან დროს ვანო მერაბიშვილს დავეყრდენი და არა ახალაიასო.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეძლო ახალაიებისთვის რეალურად ხელ-ფეხის შეკვრა - ეს ფიგურა ვანო მერაბიშვილი იყო. მასა და ახალაიას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეს უკანასკნელი შს მინისტრის სავარძელში აღმოჩნდა და მერაბიშვილის ბიზნესპარტნიორებს შევიწროება დაუწყო.

ერთ-ერთი ასეთი ცეზარ ჩოჩელი იყო. ეს კონფლიქტი იმდენად გაღრმავდა, რომ საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მივიდა, შედეგად ნაცემი ჩოჩელი ერთი კვირა სახლში მკურნალობდა. პრეზიდენტმა თურმე იმხანად ვანო მერაბიშვილის მხარე დაიჭირა. ვანოსა და ბაჩოს დაპირისპირება ლაფანყურის სპეცოპერაციამდეც გაგრძელდა. თავდაპირველად ჩეჩნურ-ქისტურ-ქართული რაზმების მუშაობა,  მათთან კონტრაქტების დადება და ხელფასების გადახდა ბაჩო ახალაიას ორგანიზებული იყო. თუმცა, მერე საქმეს ჩამოაშორეს, რაზმის  წევრებს დაპირებული თანხა არ გადაუხადეს, ე. ი. მერაბიშვილმა ახალაია ჩაანაცვლა. ასე რომ, ოპერაცია, რომელსაც გამოუსწორებელი ტრაგედია მოჰყვა, თავად  მერაბიშვილმა ჩაატარა. ლაფანყურის ოპერაციის დროს  ორ რაზმს შეუტიეს. აქედან ერთ-ერთი მძინარე განადგურდა. უცნობია, სად წავიდა ის 4 კაცი, რომლებმაც,  თითქოს მთას შეაფარეს თავი (მათ რატომღაც დღემდე ვერ პოულობენ).

სად არის ამ ოპერაციის დროს აყვანილი 4 ჩეჩენი? ბევრი რამ ამ საქმეში ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. შესაძლებელია თავად ახალაიამაც გათქვას მნიშვნელოვანი ნიუანსები. მოტივიც აქვს, ლაფანყურის ტრაგედიის ხსენებისას ჩრდილოკავკასიელები  მასზე ილესებიან, არადა, შესაძლებელია ამ ტრაგედიაში მისი პასუხისმგებლობა მინიმალური იყოს.  გვაქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, "ყრუ" ინფორმაცია, რომ ახალაიას მეთვალყურეობით ამზადებდნენ ჩეჩნურ-ქისტურ-ქართულ რაზმებს. თავიდან მათ სხვა დავალება ჰქონდათ. გახმაურდა ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ რაზმს ივანიშვილის ლიკვიდაცია დაავალეს, რის შესრულებაზეც უარი განაცხადეს. ჰქონდათ სხვა დავალებაც, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ერთი ქართული სოფელი უნდა აეწიოკებინათ, შემდეგ ეს ოს მაროდიორებს დაჰბრალდებოდათ, ვითარების არევა კი არჩევნების ჩაშლას ან გადადებას გამოიწვევდა. ჩემი ინფორმაციით, რაზმის მებრძოლებმა ამ დავალების შესრულებაზეც უარი თქვეს.

ამის შემდეგ გადაისროლეს ეს რაზმები ლაფანყურში. ხელისუფლებისთვის უკვე ზედმეტი გახდა ეს ხალხი, რომელიც, ჯერ ერთი, არ ასრულებდა დავალებებს და მეორე, მეტისმეტად ბევრი რამ იცოდნენ. ამ დროს დაიგეგმა ლაფანყურის ოპერაცია, შესაბამისი პიარით, თითქოს ეს იყო დივერსიული ჯგუფი, რომელიც გვიქმნიდა საფრთხეს. თუმცა, როგორც ვიცით, ხელისუფლებას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ეს ტრაგედია ბუმერანგივით დაუბრუნდა.

ისლამურმა იატაკქვეშეთმა და დაღესტნის შურამ გამოიტანა სასიკვდილო განაჩენი (შურა - საველე მეთაურთა შეკრება). თუმცა, არ თქმულა კონკრეტული გვარი. ითქვა სხვა, მნიშვნელოვანი რამ, ლაფანყურის ტრაგედიაში დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლება და არა ქართველი ხალხიო.

- ითქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც რევანშზე ოცნებობს, სჭირდება ,,წამებული" ახალაია.

- არც ეს ვერსიაა საფუძველს მოკლებული. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ახალაია მაინც საკუთარ თამაშს ითამაშებს და ხელსაყრელი მდგომარეობის მოსაპოვებლად ვაჭრობას გამართავს ორ ურთიერთდაპირისპირებულ ძალასთან. როცა ციხის ვიდეოფირი გავრცელდა, ახალაიას სპეცრაზმი მიუგზავნეს, თუმცა, მიშას ნების საწინააღმდეგოდ ამ სიტუაციას დაუძვრა. როგორც ჩანს, ახალაიას მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი. დღეს კი მისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი ციხეა.  "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ცდილობდა, ახალაია სასამართლო პროცესიდანვე გათავისუფლებულიყო, რაც მას სხვა პოლიტიკურ წონას შესძენდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩემი ინფორმაციით, მის მხარდასაჭერად "ნაცებს" სასამართლოსთან საბავშვო ბაღის პედაგოგებიც კი ჰყავდა მიყვანილი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალაია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ის შედის ძველი ხელისუფლების იმ ოცეულში, რომელმაც ბევრი რამ იცის თუნდაც ჟვანიას მკვლელობაზე, რაც სააკაშვილის ყველაზე სუსტი წერტილია.

- იმასაც ამბობენ, რომ მისი ძმა, დათა ახალაია, მონაწილეობდა ამ საქმეში.

- ბევრი რამ ითქვა, რაც უნდა დაზუსტდეს.

- სოციალურ ფორუმებზე დაიწერა, რომ  ახალაიას დედას ნერვიულობის ნიადაგზე ფსიქიკური აშლილობა დაეწყო, იქნებ ესეც გახდა მისი ქვეყანაში დაბრუნების მიზეზი?

- შესაძლოა არსებობდა ადამიანური ფაქტორებიც, ისეთი, როგორიც დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ან თუნდაც ძმისშვილის დაბადება. მაგრამ, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი იყო ფსიქოლოგიური ფაქტორიც, - მას ქვეყნის გარეთ რეალური საფრთხე ემუქრებოდა.