"1 მილიარდი ლარი, ადგნენ და, უბრალოდ გადაყარეს" - კვირის პალიტრა

"1 მილიარდი ლარი, ადგნენ და, უბრალოდ გადაყარეს"

ვის შემოუჭერს ქამარს ხადური?

"მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ 125 ათასი ლარი დაუჯდა"

"მერიამ თბილისის მოსახლეობა დასაჯა იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მხარი დაუჭირეს "ქართულ ოცნებას"

"რა თქმა უნდა საახალწლო სამზადისი იქნება, მაგრამ ზომიერად!

ხუთი რეზიდენცია, სამი თვითმფრინავი, უამრავი ავტომობილისგან შემდგარი კორტეჟი, - შესაძლოა მომავალი წლიდან პრეზიდენტმა ყველა ამ სიკეთით სარგებლობა ვეღარ შეძლოს, რადგან 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მისი დაფინანსება 50 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდება. ახალი ხელისუფლების ფინანსური გუნდი "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის გატარებას გეგმავს. ვის მოუჭერს "საბიუჯეტო ქამარი" და როგორ გაიფლანგა ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიარდი ლარი, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ინტერვიუში შეიტყობთ. საუბარი მთავრობის იმ სხდომის შესახებ დავიწყეთ, რომელზეც "დაუპატიჟებელი სტუმარი" - გიგი უგულავა გამოცხადდა.

- ბატონო ნოდარ, რა მოხდა მთავრობის სხდომაზე?

- მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საქართველოს მთავრობის სხდომას ესწრებიან მხოლოდ მთავრობის წევრები ან სხვა პირები მთავრობის მოწვევით. ამ სხდომაზე კი მოწვევა არავის ჰქონია. შესაბამისად, თბილისის მერის მოსვლა არავისთან ყოფილა შეთანხმებული და დღის წესრიგში არ იდგა ის საკითხი, რომლის განხილვასაც უგულავა გვთავაზობდა. მერია ცდილობს, ჩვენ გადმოგვაბრალოს და დაგვაკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა, მათ შორის - სხვადასხვა კატეგორიის თბილისელებისთვის სამედიცინო დაზღვევა, სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათები. საქმის ვითარება კი ძალიან მარტივია. მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს 11 დღის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს განკარგულებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის მიერ დასაფინანსებელი სამი სოციალური პროგრამა რატომღაც უნდა დააფინანსოს ჯანდაცვის სამინისტრომ. ეს უკანონო გადაწყვეტილება იყო, რადგან არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსოს ის, რაც არ არის ასახული ბიუჯეტში, ამიტომაც ვთქვით უარი ამ უკანონობის შესრულებაზე.

2012 წლის 30 სექტემბერს, არჩევნებამდე 1 დღით ადრე, საქართველოს ძველმა მთავრობამ პარლამენტში განსახილველად შეიტანა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც ეს სოციალური პროგრამები გაწერილი არ არის, არ წერია, რომ თბილისის მერიის მიერ დასაფინანსებელი სოციალური პროგრამები უნდა დააფინანსოს სახელმწიფო ბიუჯეტმა. შესაბამისად, ჯერ კიდევ 30 სექტემბერს ყოფილი მთავრობის წევრები ამაზე არ ფიქრობდნენ. ახლა კი ყველაზე საინტერესოს გეტყვით: 12 ოქტომბერს, პრემიერის ბრძანებამდე 7 დღით ადრე, თბილისის მერის მოადგილე სწერს წერილს საკრებულოს  და ითხოვს ამ სოციალური პროგრამებისთვის გაწერილი თანხების ამოღებას თბილისის ბიუჯეტიდან. შემდეგ კი ბატონმა მერაბიშვილმა, უკაცრავად სლენგისთვის, "გაუპრავა" მერიას თავისი უკანონო ბრძანებებით ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, საფუძველი იმისა, რომ შეღავათები გაუქმებულიყო, არ არსებობდა და მერიას მოუწევს ამ ვალდებულებების შესრულება. ამისთვის ჩვენ ბიუჯეტიდან ვაძლევთ მერიას ყოველწლიურად 450 მილიონ ლარს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, 450 მილიონი ლარი თავისი კოორდინატორების, ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და ამომრჩევლის მოსყიდვისათვის გამოეყენებინათ, უმჯობესი იქნებოდა, მიზნობრივად გაეხარჯათ.

- ე. ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერია საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერიამ თბილისის მოსახლეობა დასაჯა იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მხარი დაუჭირეს "ქართულ ოცნებას".

- 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პრეზიდენტის ფონდის დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა, ფაქტია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თანხების დაზოგვა უკვე დაიწყო და აგერ უკვე კვირაზე მეტია პრეზიდენტის სასახლის ფასადი ჩაბნელებულია.

- საქართველოს პრეზიდენტს აქვს ხუთი რეზიდენცია, ჰყავს სამი თვითმფრინავი და რამდენიმე ათეული მანქანისგან შემდგარი კორტეჟით დადის. ბევრი ხარჯი აქვს პრეზიდენტს, მას ხუთი სხვადასხვა ორგანიზაცია აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მხოლოდ ერთი შენობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ელექტროენერგიის ხარჯი 800 ათასი ლარია თვეში.

რა დაჯდა ეგ შენობა, კაცმა არ იცის. ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ასეთი ტიპის ხარჯები გვქონდეს. თუმცა, წლევანდელი დაფინანსება ჩვენ არ შეგვიმცირებია პრეზიდენტისთვის, მისი ადმინისტრაცია ფინანსდებოდა ჩვეულებრივად, როგორც აქამდე. რაც შეეხება მომავალ წელს პრეზიდენტის ფონდის შემცირებას, ამას აქვს ერთი ახსნა და არგუმენტი: არსებობს ორი სარეზერვო ფონდი - ერთი მთავრობის და არა პრემიერ-მინისტრის და მეორე - პრეზიდენტის. მთავრობის ფონდს განკარგავს საქართველოს მთავრობა - კოლეგიალური ორგანო, მეორეს კი ერთი პირი - პრეზიდენტი. ძალიან ბევრი არამიზნობრივი ხარჯია მისი ფონდიდან გაწეული. მაგალითად, მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ 125 ათასი ლარი დაუჯდა, ხოლო ბათუმში ანდრია ბოჩელის კონცერტისთვის 2,4 მილიონი ლარი დაიხარჯა პრეზიდენტის ფონდიდან. სამწუხაროდ, ასეთი ხარჯების სია საკმაოდ დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმარის თანხას ვაძლევთ საქართველოს პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების სრულად შესანარჩუნებლად და განსახორციელებლად, თუმცა, შესაძლოა სამი თვითმფრინავისა და ხუთი რეზიდენციის დაფინანსებას აღარ ეყოს. თუ იმყოფინებს, მისი ნებაა. მიგვაჩნია, რომ ყველა ხარჯი, როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის ფონდიდან, უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველა განკარგულება გამოქვეყნდეს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რაში რამდენი იხარჯება.

ძალიან უხეში დათვლით, ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიარდი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წყალს გატანებული. მერია წუწუნებს, რომ ავტობუსით მგზავრობის შეღავათს ვერ დაუფინანსებს თბილისელებს, ვერ დააფინანსებს სოციალურ შეღავათებს, არადა, 1 მილიარდი ლარი, ადგნენ და, უბრალოდ გადაყარეს.

- შესაძლებელია, რომ გაფლანგული მილიარდისთვის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?

- რა თქმა უნდა.

- ვის გულისხმობთ?

- პროკურორობას კი მაბრალებენ, მაგრამ მე ხომ პროკურორი არა ვარ. ჩვენი სამინისტროს გვერდით რომ მშვენიერი შენობაა - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ეს მისი საქმეა.

- პრეზიდენტის ჩაბნელებულმა სასახლემ და მთავრობის სხდომაზე ფულის სათხოვნელად მისული უგულავას ხილვამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. მაგალითად, საახალწლოდ მოირთვება თბილისი სადღესასწაულო განათებით თუ ამაზეც დაიზოგება თანხები?

- ყველაფერში ზომიერება გვმართებს. გასულ წელს საახალწლო სამზადისი 1-ელ ნოემბერს დაიწყო და მთელი რუსთაველის პროსპექტი რამდენიმე თვე საზეიმო განათებით იყო მორთული. რა თქმა უნდა, საახალწლო სამზადისი იქნება, მაგრამ დაიწყება, ალბათ, 25 დეკემბრიდან და 14-19 იანვრამდე გასტანს. უნდა ვისწავლოთ შესაძლებლობების შესაბამისად ცხოვრება. ყველაფერი იქნება, ოღონდ ზომიერად.

- საკმაოდ აქტუალური თემაა ფინანსური შემოწმება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს. "პალიტრამედიამ" ეს უკვე გაიარა წინა ხელისუფლების ხელში, როცა 26 მაისის მოვლენებიდან ძალიან მალე 6 სხვადასხვა შპს-ში ერთდროულად შემოვიდა შემოსავლების სამსახური და რევიზია თითქმის 6 თვე გაგრძელდა. საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედია ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, რომ ფინანსური შემოწმება "პალიტრამედიაში" კანონიერად ჩატარებულიყო, იმედია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართაც იქნება ყურადღება მიპყრობილი.

- დღეს პრეზიდენტი ისეთ განცხადებებს აკეთებს, მედიის ჩაგვრას არავის ვაპატიებთო, რომ მეგონა, "მაესტროსა" და "გლობალ TV"-ის სატელიტური ანტენები ვინმე სხვამ ხომ არ დააყადაღა-მეთქი და არა პარლამენტის დღევანდელმა წევრმა ბეჟაშვილმა, რომელიც მაშინ კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა, ან პარლამენტის დღევანდელმა წევრმა საყვარელიძემ, რომელიც მაშინ გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

2010 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ (დღეს 2012 წლის 9 ნოემბერია), ანუ ფაქტობრივად ორი წლის განმავლობაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების სახით 3,8 მილიონი ლარი დააგროვა. აი, ასე ჯიუტად არ იხდიდა გადასახადებს. როცა შემოსავლების სამსახური სრულიად უსაფუძვლოდ ამოწმებდა "პალიტრამედიას", როცა ტელეკომპანია "კავკასია" 2,50 ლარის გამო დააყადაღა, 3,8 მილიონი ლარი აქვს დავალიანება საზოგადოებრივ მაუწყებელს და რა ვქნათ, არ შევამოწმოთ? ბატონმა ჭანტურიამ ბრძანა, შეიძლება დანაკლისი გვქონდეს ძირითად საშუალებებშიო. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საკითხია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარით ფინანსდება, ცალკე რეკლამიდან აქვს შემოსავალი, გადასახადებს არ იხდის, ყიდულობს აპარატურას და მერე ამბობს, შესაძლოა ეს აპარატურა არ გვქონდეს და რატომ ითვლითო. აბა, რა ვქნათ, არ დავთვალოთ? ვაჩუქოთ?

- ისიც თქვეს, გადავიხდით იმ დავალიანებას, რაც ბიუჯეტის წინაშე დაგვიგროვდაო.

- თუ ფული ჰქონდათ, გადაეხადათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემოწმება არ გაგრძელდება. ჩვენ ხელს არ შევუშლით საზოგადოებრივ მაუწყებელს მუშაობაში. პირიქით, ჩვენს თანამშრომლებს უშლიან ხელს და ტელეკამერებით დასდევენ. შემოსავლების სამსახურის ოფიცრისთვის ტელეკამერის თანხლებით მუშაობა ზეწოლაა, მაგრამ ვთხოვეთ ჩვენს თანამშრომლებს, გაგებით მოეკიდონ ამ გარემოებას, რადგან მათ უწევთ უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება, სადაც დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ყველა თანასწორი იქნება. ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საგადასახადო ოაზისები, რომლებიც სინამდვილეში ამ შენობაში ფინანსთა მინისტრების გადაწყვეტილებით არ იქმნებოდა. ამ შენობაში არასდროს ყოფილა მინისტრი, რომელიც წყვეტდა, რომელი ობიექტი შეემოწმებინათ და რომელი არა, ეს განკარგულებები ზემოდან მოდიოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმების გადაწყვეტილება სრულიად კანონიერად მივიღეთ. რისკების მართვის პროგრამამ ამოაგდო, რომ ის უნდა შემოწმებულიყო და როცა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელები მოვიდნენ ჩემთან ამის შესათანხმებლად, ვუთხარი, რომ ასეთი რამ აღარ შემითანხმონ. იქ, სადაც არსებობს რისკი, რომ გადასახადი არ არის გადახდილი, რა მნიშვნელობა აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელია თუ არა, უნდა დაიწყოს ფინანსური შემოწმება.

გასაგებია, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა. სხვათა შორის, არჩევნებიდან ძალიან მალე, 5 ოქტომბერს, სამ სხვა ტელეკომპანიას ჩამოეჭრა საკმაოდ სოლიდური დავალიანება. მერაბიშვილისა და ხეთაგურის გადაწყვეტილებით "რუსთავი 2"-ს, "იმედსა" და "რეალ TV"-ის ფინანსური ამნისტია შეეხოთ.

- 2013 წლის ბიუჯეტზე მინდა გკითხოთ, პრეზიდენტის გარდა ვის უმცირდება დაფინანსება და ვის ეზრდება?

- ჩვენ ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს, მათ შორის პირველი, ვისაც დაფინანსება შევუმცირეთ, ფინანსთა სამინისტროა და არა იმიტომ, რომ თვითგვემით ვარ დაკავებული, არამედ იმიტომ, რომ უფრო პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება გაგვეზარდა. შემცირება არ შეეხება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, პირიქით, გავუორმაგებთ დაფინანსებას. ყოფილ მთავრობას ბიუჯეტში ამ სამინისტროსთვის განსაზღვრული ჰქონდა 24 მილიონი ლარი, ჩვენ კი 48 მილიონამდე გავზრდით ამ თანხას. გავუზრდით დაფინანსებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა ის ორი პროექტი, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო ვალდებულებაა, შესრულდეს. ეს არის საყოველთაო დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა. ბიუჯეტი გაეზრდება განათლების, სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, მაგრამ არა 1 მილიარდი ლარით, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში წერია, რომ 1 მილიარდი ლარი სოფლის მეურნეობაში შევა კერძო ინვესტიციებიდან. სახელმწიფო სახსრებით კი სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაიზრდება 100 მილიონი ლარით.

ერთ საინტერესო ამბავსაც გეტყვით: გახსოვთ, ალბათ, წინასაარჩევნო დაპირებებით "ნაციონალურ მოძრაობას" 4 მილიარდი რომ უნდა ჩაედო სოფლის მეურნეობაში. არადა, 160 მილიონი ჰქონიათ გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში. ამ თანხით 4 მილიარდს 30 წელში თუ მოაგროვებდნენ. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ინვესტორია, ვისაც სურვილი აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჩადოს ფული. გარწმუნებთ, რამდენიმე წელში ოქროს ფასი დაედება სასოფლო-სამეურნეო მიწას და გარანტიას გაძლევთ, რომ რამდენიმე წელში საქართველოს სოფლის მეურნეობა აყვავებული იქნება. არავის აღარ ექნება იმის სურვილი და თხოვნა, უფასოდ მოხნას და დათესოს, თუმცა, პირველ წლებში ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან. ეს ის მიმართულებებია, სადაც არ შემცირდება დაფინანსება, ყველა დანარჩენმა კი ქამრები უნდა შემოვიჭიროთ. აღარ ავაშენებთ პარლამენტს ქუთაისში, პარლამენტი კვლავ იმუშავებს რუსთაველის #8-ში. ეს ქონება დაუბრუნდა სახელმწიფოს.

აღარ ავაშენებთ ახალ იუსტიციის სახლს ლაზიკაში ბაყაყებისთვის, მაგრამ აუცილებლად გავაძლიერებთ პორტებს, გზებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელ საქართველოში.

არ შეიძლება დაუსჯელად მართო სახელმწიფო ხალხის გარეშე და ხალხის წინააღმდეგ

მორის ტორეზი