მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

რატომ დაბრუნდა ახალაია

პირველი ახალაია აღმოჩნდა... ახალი ხელისუფლებისგან ყველა ძველი ჩინოვნიკების დაჭერას ელოდა და აჰა, დაიწყო... თუმცა, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს "პირველი" მართლმსაჯულებასთან თავისი ფეხით მივიდოდა. როდესაც ახალაია და სხვები საზღვარგარეთ გაემგზავრნენ, ყველა ფიქრობდა, რომ მათი მართლმსაჯულებისთვის გადაცემა ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა. მაგრამ არა - ყველაზე მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი მოულოდნელად საკუთარი ფეხით მივიდა პროკურატურაში. გამოითქვა ათასი ვერსია, თუ რატომ გააკეთა მან ეს, მაგრამ მათ შორის ყველაზე პოპულარულია ორი ვარაუდი:

1) ევროპის ქვეყნებმა ახალაიას ვიზა არ მისცეს და 2) მას საზღვარგარეთ წასვლის შეეშინდა, რადგან ქურდები მასზე შურს იძიებდნენ, აქ კი, თუნდაც ციხეში, თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა. ვფიქრობ, ორივე ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი, მაგრამ კონტრარგუმენტებიც არსებობს. დედამიწაზე უამრავი ქვეყანაა, სადაც ვიზა არ გჭირდება, მაგალითად: თურქეთი, უკრაინა, ბელორუსი და თუ გაქცევა გინდა, სადმე მოახერხებ - მაინცდამაინც ევროპაში უნდა დაიმალო? იმასაც შეძლებ, მოძებნო ქვეყანა, სადაც ქართველი ქურდები ვერ მოგწვდებიან, მაგალითად, წახვალ ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩილეში, ჰონდურასში და ა. შ. მე მაინც ვფიქრობ, მის ჩამოსვლას სხვა მიზეზი აქვს. აი, ჩემი ვერსია: მას ჰქონდა არჩევანი: ან მთელი ცხოვრება მალვა, ან სასჯელის მოხდა. მომხიბლავი არც ერთია და არც - მეორე. თეორიულად არსებობს შანსი, რომ იგი გასამართლდეს, მაგრამ ციხეში არ ჩაჯდეს და აი, როგორ: თუ მისი გასამართლება მიშას პრეზიდენტობის პერიოდში მოესწრება, სასამართლომ სამუდამო პატიმრობაც  რომ მიუსაჯოს, მფარველი პრეზიდენტი მეორე დღესვე შეიწყალებს. იტყვის, პოლიტპატიმარიაო, იმავე დანაშაულისათვის კი მას ხელახლა ვეღარავინ გაასამართლებს - ეს კანონით დაუშვებელია. >>>იგი ერთ ან ორ წელიწადში რომ დაეჭირათ,  ვეღარავინ შეიწყალებდა და სასჯელის მოხდა ბოლომდე მოუწევდა. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ დაბრუნდა და ამიტომ იქცეოდა გამომწვევად - აქ ვარ და დამაკავეთო. ჩემი ვერსია თუ გამართლდა, ასეთ სურათს მივიღებთ: ახალ ხელისუფლებას თავისი დაპირება დამნაშავის გასამართლების შესახებ შესრულებული ექნება, ახალაია კი თავისუფლებით დატკბება.  მესმის, რომ ამ ვერსიასაც აქვს სუსტი მხარეები. მაგალითად, შეიძლება, ბრალდებების ნაწილი შემოინახო და მერე სხვა საქმეზე გაასამართლო, ან პრეზიდენტი მანამდე გადააყენონ, ვიდრე მის შეწყალებას მოასწრებს. მოკლედ, სარისკო ნაბიჯია, მაგრამ სხვა რომელი იქნებოდა ურისკო?!

პოლიტიკური შეცდომა

მიუხედავად იმისა, რომ "შალვა რამიშვილის დილაში" გამოთქმული ჩემი პოზიციის გამო ბევრი გამიბრაზდა, მე მაინც ჩემი აზრის ერთგული ვრჩები: საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის შესვლა პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯი მგონია. თუ დარღვევაა, უნდა შეისწავლო, მაგრამ ასეთ დროს ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ შემოსავლების სამსახურს პოლიტიკური მიზნით გამოიყენებენ. სიტუაცია ასეთია: ყველამ იცის, რომ საზმაუს დირექტორი გია ჭანტურია ყოფილი ხელისუფლების კაცია. ბუნებრივია, ახალ ხელისუფლებას მისი შეცვლა სურს, მაგრამ კანონი ამის საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ საზმაუში შემოსავლების სამსახურის შესვლა, ფინანსური დარღვევების აღმოჩენის გარდა, მიზნად ჭანტურიას შემოვლითი გზით ჩამოშორებას ისახავს, ანუ, მას დარღვევების აღმოჩენის უნდა შეეშინდეს და თავისით წავიდეს. დიახ, ჭანტურია უნდა წავიდეს, მაგრამ არა - ამ მეთოდებით. თუ ყველაფერი ასე მოხდა, ახალი ხელისუფლებაც ძველს დაემსგავსება. ან ახლა ჭანტურიას გადადგომა რას მოგვიტანს? წავა ნაცების კაცი და მოვა "ოცნების". ეს არის ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანი ისეთი კანონმდებლობის მიღება უნდა იყოს, რომელიც ხელისუფლებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის შესაძლებლობას მოუსპობს. ამიტომ  მივიღოთ ახალი კანონი და ავირჩიოთ ახალი დირექტორი.

პრეზიდენტის და არა მხოლოდ მისი თავხედობა

საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის შესვლით "ოცნება" შეიძლება პოლიტიკურ შეცდომას უშვებს, მაგრამ იმას, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, ცინიზმი ჰქვია. მედიის დამოუკიდებლობა მაშინ გაახსენდათ, როდესაც საფრთხე მათ მეგობარ ჭანტურიას დაემუქრა. ჰოდა, ისინიც დაირაზმნენ. მთელი "ნაციონალური მოძრაობა" მას ტელევიზიაში ეწვია და დაიწყო ახალი ხელისუფლებისთვის ჭკუის დარიგება: შემოსავლების სამსახურის შემოსვლა ხომ მედიაზე ზეწოლააო.

26 მაისის ამბების შემდეგ "პალიტრამედიაში" რომ შემოვიდა შემოსავლების სამსახური და თვეები აქ ისხდნენ, ხელისუფლების "ნათელ გონებებს" ხმა რატომღაც არ ამოუღიათ.

სააკაშვილი დღეს ისე გათავხედდა, რომ 7 ნოემბერს, ავადსახსენებელი 2007 წლის 7 ნოემბრიდან ზუსტად 5 წლის თავზე, მედიის ხელშეუხებლობაზე ალაპარაკდა - "სრულიად მიუღებელია ტელევიზიების საქმიანობაში ისეთი ჩარევა, რომლის არა მხოლოდ მოწოდებები ისმის, არამედ დღეს დილიდან პირდაპირ განხორციელდა ”საზოგადოებრივ მაუწყებელშიო. არც კი ვიცი, ამას რა ვუწოდო. 7 ნოემბერი მაინც არ ყოფილიყო, ხალხი იფიქრებდა, დაავიწყდა, რაც ცოტა ხნის წინ "იმედს" გაუკეთაო. თუმცა, ეჭვი მეპარება, ჩვენი პრეზიდენტი მეხსიერებას უჩიოდეს. მგონი, მას უფრო სხვა რამის ნაკლებობა უნდა აწუხებდეს.