"გვეგონა, შევარდნაძე შეცდომას არ დაუშვებდა" - კვირის პალიტრა

"გვეგონა, შევარდნაძე შეცდომას არ დაუშვებდა"

"მინდა, ფარდა აეხადოს იმას, რა და რატომ ხდებოდა საქართველოში"

"როცა დევნა მოიხსნება, მაშინვე ჩამოვალ საქართველოში"

"ჩემი სასამართლო ძალიან საინტერესო მაგალითი იქნება"

(დასასრული. დასაწყისი იხ. #44-45)

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს როგორ მოვიდა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი, რა ხდებოდა პოლიტიკურ კულუარებში 2003 წლის ნოემბერში და როგორ გამოიკვეთა დაპირისპირების კონტურები მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანაის შორის.

- რა იყო სინამდვილეში ის, რასაც "ვარდების რევოლუცია" ეწოდა?

- ეს იყო ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდება. იმედია, ახლანდელი სახელისუფლებო ცვლილება კარგი მაგალითი იქნება ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. შევარდნაძე იმდენად გამოცდილი იყო, გვეგონა, შეცდომას არ დაუშვებდა.

2003 წლის შემოდგომაზე გუბერნატორობიდან გადავდექი, რადგან პარლამენტში ვიყრიდი კენჭს. აშშ-ის, გერმანიის, თურქეთისა და ეუთოს წარმომადგენლობებთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. ახლა ვფიქრობ, რომ მათ იცოდნენ, რაც იყო დაგეგმილი 2003 წლის ნოემბერში. ერთ-ერთი შეხვედრისას აშშ-ის ელჩ რიჩარდ მაილსს მოვუყევი იმ გეგმაზე, რაც სააკაშვილს რუსებმა დაუწერეს, მაგრამ არაფერი უთქვამს.

2003 წელს კოალიცია "ერთიანი საქართველოსთვის", სადაც "მოქკავშირი" შედიოდა, უმრავლესობით ვერ მოხვდა პარლამენტში. კოალიციური მთავრობის შექმნა აუცილებელი ხდებოდა. შევარდნაძეს ჩვენი გუნდის პოლიტიკური დაბალანსების ვარიანტი შევთავაზე: ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრად, ვაჟა ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარედ. ასევე შევთავაზე ორი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება, ერთი ასლან აბაშიძის, მეორე აფხაზეთის წარმომადგენლისათვის, სააკაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრად, ნინო ბურჯანაძე - უშიშროების საბჭოს მდივნად. მითხრა, დავფიქრდებიო.  მიშა ელოდებოდა, რომ "მოქალაქეთა კავშირი" უმრავლესობით გაიმარჯვებდა, ამიტომაც ითხოვდა არჩევნების შედეგების გაუქმებას. ასე რომ არ მოხდა, არჩევნების შედეგების გაუქმება შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით შეცვალა.

22 ნოემბერს შევარდნაძესთან უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. ლაპარაკი იყო მეორე დღეს დაგეგმილ პარლამენტის სხდომაზე. შევარდნაძემ თქვა, ბეიკერი საათში ერთხელ მირეკავს და მეუბნება, ჟვანიასა და სააკაშვილს რაღაცები დაუთმეო. როგორ დავუთმო, როდესაც არჩევნები უკვე ჩატარებულიაო. შევარდნაძემ ასევე თქვა, პუტინს ველაპარაკე და მითხრა, შეიძლება ჩვენი მოლაპარაკების საფუძველზე ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გააქტიურება მოხდესო. ჩანდა, შევარდნაძე რუსეთისგან მეტ შედეგს ელოდა, ვიდრე ამერიკელებისგან.

თუ არ ვცდები, 2003 წლის სექტემბრის დასაწყისში შევარდნაძე პუტინს სოჭში შეხვდა. შევარდნაძეს 1,5 წელი რჩებოდა პრეზიდენტობის ვადის გასვლამდე და მიზნად ჰქონდა, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში დაერეგულირებინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. პუტინთან შეხვედრის შემდეგ შევარდნაძის დამოკიდებულება რუსეთისადმი შეიცვალა. ჩანდა, მისგან რაღაც დაპირებები მიიღო. რამდენადაც ვიცი, იგეგმებოდა კონფედერაციის შექმნა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ხელშეკრულების საფუძველზე შევიდოდნენ ერთიან საქართველოში. ამ საკითხში პუტინისაგან დახმარების დაპირება არ ვიცი, რის სანაცვლოდ მიიღო შევარდნაძემ. ამერიკელები რუსეთისკენ შევარდნაძის შეტრიალებამ ძალიან გააღიზიანა. აუცილებელი იყო შევარდნაძეს ამერიკელებთან დაერეგულირებინა ურთიერთობა. სხდომის მერე დავრჩი შევარდნაძესთან და ვუთხარი, მაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ პარლამენტის სხდომაზე სერიოზული დაძაბულობაა მოსალოდნელი, ერთადერთი გამოსავალია, რომ სასწრაფოდ გადაფრინდეთ აშშ-ში. თუ ბუშს ვერ ნახავთ, ბეიკერს ხომ მაინც შეხვდებით. დაუთმეთ, რაც შეგიძლიათ-მეთქი და ოპოზიციისა და ჩვენი პოლიტიკური დაბალანსების ვარიანტი შევახსენე, მაგრამ იუარა, - ახლა სად უნდა წავიდეო.

23 ნოემბერს პარლამენტი 11 საათზე უნდა შეკრებილიყო, მაგრამ კვორუმი არ შედგა, რადგან ოპოზიცია არ მოვიდა, "ახლები" კი მოსვლისგან თავს იკავებდნენ. დაიწყო მოლაპარაკება "აღორძინებასთან", მაჟორიტარებთან და "მოქალაქეთა კავშირის" სხვადასხვა დაჯგუფებასთან. საკმაო ხალხი მაინც ვერ გროვდებოდა. მაშინ ვახტანგ რჩეულიშვილი, ირინა სარიშვილი, მე და ჯემალ გოგიტიძე ბათუმში გადავფრინდით. ასლანთან სასაუბრო  თემა იყო, ვინ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. შევარდნაძე ხან ვაჟა ლორთქიფანიძეს ჰპირდებოდა ამ თანამდებობას, ხან - ასლან აბაშიძეს. ასლანმა გვითხრა, ჩემი ხალხით მხარს გიჭერთ და ეს საკითხი გადაწყვიტეთო. ისევ თბილისში გამოვფრინდით. შევარდნაძე დაჰპირდა, რომ მიიღებდნენ სასურველ პოსტებს და "ახლები" პარლამენტის სხდომაზე მოვიდნენ. დეპუტატების საკმაო რაოდენობა შეიკრიბა და პარლამენტის სხდომაც დაიწყო, მაგრამ, როდესაც შევარდნაძე სიტყვით გამოდიოდა, სააკაშვილი დეპუტატებთან და ხალხის ჯგუფთან ერთად შემოვარდა დარბაზში ყვირილით, გადადექიო! დაცვა ჯერ წინ დაუდგა შემოჭრილებს, შემდეგ იქ მყოფთათვის მოულოდნელად შევარდნაძეს ხელი სტაცეს და გაიყვანეს. შევარდნაძის დარბაზიდან გაყვანამ გადაწყვიტა ყველაფერი...

პარლამენტის მერე სააკაშვილის მომხრეები კანცელარიაში შეცვივდნენ და იქიდან დროშა გადმოკიდეს.

შევარდნაძის სკამი კანცელარიიდან გამოიტანეს და დაწვეს. სინამდვილეში ეს შევარდნაძის სკამი არ ყოფილა, მამრაძემ რაღაც სკამი მისცა, რომ აქცია გამოსვლოდათ, ვითომ შევარდნაძის სკამი დაწვეს და ამით უბედურება მოშორდა საქართველოს.

შევარდნაძემ ამის მერე ტელევიზიით გააკეთა განცხადება, - თუ კანცელარიიდან არ გამოხვალთ და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა არ აღდგება, დათმობებზე უარს ვიტყვიო. ისედაც გიჟ სააკაშვილს ეს უნდოდა? ხალხს დაავალა, შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში მიუცვივდითო. ჯოხებით შეიარაღებულები კრწანისის რეზიდენციასთან მიცვივდნენ და სახლს ქვები დაუშინეს. მისი ოჯახი ამ დროს რეზიდენციაში იყო. დაცვამ ყველა იატაკზე დააწვინა. საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა პრეზიდენტის ოჯახის ყველა წევრი. შევარდნაძემ ეს რომ დაინახა, ჩათვალა, ყველამ გამწირაო და ამიტომ განაცხადა, გადავდექიო. ამ განცხადებით გადაწყდა ჟვანიას ბედიც.

- მახსოვს, პრეზიდენტთან შეხვედრის მერე ძალიან ნერვიულობდა ჟვანია.

- ზურა მაშინ უალტერნატივო ლიდერი იყო. აბა, მიშა სააკაშვილი ნორმალურად არ მიაჩნდა ბევრს. როდესაც ხალხი შევარდნაძეს რეზიდენციასთან მიუვარდა, ჟვანია მის გადასარჩენად მივიდა კრწანისში. შევარდნაძის გადადგომის შემდეგ ჟვანია ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ადრე თუ გვიან, დაუპირისპირდებოდა სააკაშვილს და როდესაც ეს იგრძნო მიშამ, მისი სიკვდილის ინსცენირება გააკეთა. ზურა საზღვარგარეთ რომ მიდიოდა, მის ოჯახს ყურადღებას მე და ბარამიძე ვაქცევდით. ყველაზე დიდი მოთხოვნა მე გია ბარამიძესთან მაქვს, მეგობარი ის იყო და ვალდებულია, სიმართლე თქვას.

90-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფო საბჭო არსებობდა და პარლამენტის სხდომები იმელის შენობაში იმართებოდა. სააკაშვილი სხდომებს ესწრებოდა და იმით დამამახსოვრდა, რომ სულ იცინოდა. მე და გია ბარამიძემ მაშინ გავიცანით სააკაშვილი. რატომღაც ბარამიძეს ძალიან მოსწონდა მიშასთან ურთიერთობა, მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე სანდრო კავსაძე იყო და სააკაშვილმა მასთან დაიწყო მუშაობა. მე ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი. 1993 წლის დასაწყისში აზერბაიჯანში პრეზიდენტ ელჩიბეისთან შესახვედრად წავიდა საპარლამენტო დელეგაცია. კავსაძემ სააკაშვილი გამოგვაყოლა. აზერბაიჯანელებს საქართველოს მოქალაქე სომხები ჰყავდათ დაკავებული და მათი გამოხსნის საკითხზე მოლაპარაკება დაავალა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად ჩაის შევექცეოდით. ელჩიბეიმ მხარი დაუჭირა ჩვენს წინადადებას, რომ საინგილოში ქართული ენა დაცული ყოფილიყო. ამ დროს სააკაშვილმა დაიწყო ჩაის ხრუპუნით სმა და აგრესიულად ლაპარაკი, ჩვენი მოქალაქეები არიან დაკავებული, აქ მათი სია მაქვს და ყველა სასწრაფოდ უნდა დააბრუნოთო. დელეგაციის ხელმძღვანელი ვახტანგ რჩეულიშვილი თავბედს იწყევლიდა, ეს გადარეული რამ წამოგვაყვანინაო. მიშა ყოველთვის ასე უცნაურად იქცეოდა. როდესაც შევარდნაძესთან ვიკრიბებოდით მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, უცებ გაქრებოდა, რამდენიმე წუთში შემოიტანდა ჩაის, რომელსაც ხრუპუნით სვამდა და აქეთ-იქით დადიოდა. მერე უცებ დაჰკრავდა ფეხს და გაიქცეოდა. ბარამიძეს გამოსდიოდა მასთან ურთიერთობა, მე არ შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შვილები ერთ კლასში სწავლობდნენ, დაბადების დღეებზე ერთად დადიოდნენ, ჩვენც ვხვდებოდით სუფრებზე და სანდრასთანაც ნორმალური დამოკიდებულება მქონდა, სააკაშვილთან არ გამომდიოდა ურთიერთობა, ან მისი ლაქუცა ქვეშევრდომი უნდა ყოფილიყავი, ან უნდა დაჰპირისპირებოდი.

ბოღმიანი კაცი იყო, რადგან თვითრეალიზების პრობლემა ჰქონდა. პოლიტიკაში აგრესიით იკვალავდა გზას. იუსტიციის მინისტრი რომ გახდა, პირველად რაც გააკეთა, ყველგან მოსასმენები დააყენა. რუსთავის ციხე სამჯერ გახსნა და ამით ასეულობით ათასი ლარი ჩამოწერა. ეს მასალები აქვს კონტროლის პალატას. სააკაშვილმა ციხეების დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მომზადება ჩაუტარა და სპეცრაზმი შექმნა. საკრებულოს თავმჯდომარე რომ გახდა, ეს ხალხი თავისთან გადაიყვანა. ეს ზონდერები მერე თანამდებობებზე დანიშნა. შევარდნაძის მინისტრებს სააკაშვილის ეშინოდათ. არ უნდოდათ მასთან დაპირისპირება, რადგან მერე კამერების წინ აფრიალებდა მათი სახლებისა და მანქანების ფოტოებს. ფიქრობდნენ, წყნარად თუ ვიქნებით, ჩვენზე არაფერს იტყვისო.

- სააკაშვილთან დაპირისპირების გამო, როგორც ვიცი, ქონებაც ჩამოგართვეს, - ბინა ატენის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთები შინდისსა და წავკისში, მშობლების სახლი და სახლი კოჯორში.

- ატენის ქუჩაზე 5 წელი ვცხოვრობდით. ეს ბინა ბიძაჩემის იყო და ნაწილ-ნაწილ ვუხდიდი თანხას და ეს დეკლარაციაშიც მეწერა. ბინა რომ ჩამომართვეს, მშობლებს სადღაც ხომ უნდა ეცხოვრათ? კოჯორში ჰქონდათ სახლი, რომელიც მხოლოდ იმიტომ წამართვეს, რომ ჩემი მშობლების იყო. უნდა გაიმართოს ღია სასამართლო პროცესი, რომ გაცამტვერდეს ის, რაც შავი პიარით შეითითხნა ჩემსა და ჩემს ქონებაზე. მინდა ჩემი საქმე გახდეს სამაგალითო და ყველამ გაიგოს, როგორია პიარით ადამიანის განადგურება.

- რით დაამტკიცებთ, რომ 65 კგ ოქრო არ გაგიტანიათ საქართველოდან?

- ამას დამტკიცებაც არ უნდა. "კვარციტში" ისეთი აღრიცხვის სისტემაა, რომ 1 გრამ ოქროსაც ვერავინ გამოიტანს. თანაც "კვარციტში" ოქროს არ აწარმოებენ, იქ ასხამენ დორე შენადნობს, რომელიც შეიცავს ოქროს, სპილენძს, ვერცხლს, მოლიბდენსა და კიდევ სხვა შენაერთებს. მასში 40%-იც კი არ არის ოქრო. ამ შენადნობს ასხამდნენ ზოდებად და გზავნიდნენ შვეიცარიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში, სადაც ხდებოდა მათი რაფინირება. ახლა ეს ყველაფერი რუსეთში მიდის(!).

ავსტრალიური კომპანიისათვის დაკისრებული თანხა (ათი მილიონ ხუთასი ათასი) თვითონვე ჩამოწერეს, მერე სააკაშვილმა აიღო ხელში სადავეები და მილიარდებად (1, 5 მლრდ) შეფასებული "მადნეული" და "კვარციტი" კაპიკებად (10 მილიონად) მიჰყიდა რუსებს, სადაც თვითონვე წილში ზის.

სააკაშვილთან დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ ავსტრალიელებს (რომლებიც ბოლნისში ოქროს მოიპოვებდნენ) არ მივეცით საშუალება, ათი მილიონ ხუთასი ათასი დოლარი ვალად დაედოთ სახელმწიფოსთვის. სააკაშვილი ავსტრალიელებთან იყო გარიგებული. მათ ინტერესებს ირაკლი ოქრუაშვილი იცავდა და როცა დრო იქნება, ის, ალბათ, იტყვის ამას. სააკაშვილმა მოიყვანა "კვარციტში" მიხეილ მაჭავარიანის ძმა და მერე ბიძამისი. სწორედ ბიძამისის წყალობით გახდნენ რუსები ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მეპატრონეები. ჩემი სასამართლო ძალიან საინტერესო მაგალითი იქნება, მინდა ფარდა აეხადოს იმას, რა და რატომ ხდებოდა საქართველოში.

- როდის ჩამოხვალთ საქართველოში?

- როცა ჩემზე დევნა მოიხსნება ჩამოვალ და სასამართლოს წინაშე წარვდგები. მათ გასაგონად ვიტყვი, ვინც ძალიან შიშობს სამშობლოში ჩემი დაბრუნების გამო, - არავისთან ანგარიშსწორებას არ ვაპირებ. ღმერთი იყოს მათი მსაჯული.