ბატონო პალიკო, აქამდე სად იყავით?! - კვირის პალიტრა

ბატონო პალიკო, აქამდე სად იყავით?!

ბატონო პალიკო, თქვენი მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლაზე საუბარი 7 ნოემბერს, პირდაპირ გეტყვით

და - სითავხედეა!!!

გამარჯობა. რაღა დაგიმალოთ და, მომენატრეთ. გულის ფანცქალით ველოდები ხოლმე თქვენთან შეხვედრას.

დარწმუნებული ვარ, ჩემი სტუმრები ასე არ არიან, მაგრამ მაინც მსტუმრობენ (გამოსავლს არ ვუტოვებ, თორემ რას მოვიდოდნენ!). დღეს ჩემი სტუმარი უმცირესობის (კი მეხამუშება”ამ სიტყვის თქმა ნაციონალების მისამართით, მაგრამ როგორ მიხარიაა!..) ერთ-ერთი ლიდერი პალიკო კუბლაშვილი იქნება, რომელმაც წინა კვირაში ერთი ფრაზით მოახერხა, ჩემი სტუმრობის პატივი რგებოდა.

მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმება დაიწყო, ბატონმა პალიკომ განაცხადა: ეს თავისუფალ მედიაზე ზეწოლააო(!).

პალიკო ბატონო, ერთი წლის წინანდელ ამბავს შეგახსენებთ: შემოსავლების სამსახური 2011 წლის 7 ივნისს შესამოწმებლად "მედიაპალიტრის” ექვს ორგანიზაციაში ერთდროულად შევიდა. როგორც მაშინ ამბობდით, ეს იყო გეგმური შემოწმება და "ლოტოტრონმა" ამოარჩია, ვინ უნდა შეემოწმებინა შემოსავლების სამსახურსო.

ჩემო ბატონო, ალბათობის თეორია კი გექნებათ გაგონილი და ამ თეორიის მიხედვით იყო ალბათ, რომ საქართველოში არსებული ორგანიზაციებიდან იმ თქვენმა "ლოტოტრონმა" მაინცდამაინც "მედიაპალიტრის" ექვსი ორგანიზაცია ამოირჩია, არა? ეს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არ იყო, თუ მაშინ ყველაფერი სხვა ქვეყანაში ხდებოდა?!

ისე, პალიკო ბატონო, მედიაზე ზეწოლაზე რომ ჩიოდით, კალენდარში მაინც ჩაგეხედათ და ერთი დღის მერე გეთქვათ სათქმელი, თორემ თქვენი მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლაზე საუბარი 7 ნოემბერს, პირდაპირ გეტყვით და - სითავხედეა!!! ახლა რომ გახდით რომის პაპზე დიდი კათოლიკეები, აქამდე გეძინათ?!

მედია იქით იყოს და სასამართლო სისტემა, რომელსაც თქვენი ძმა ხელმძღვანელობს, მუდმივად თქვენი მეგობრების ზეწოლას რომ განიცდიდა,  ერთხელ მაინც ამოიღეთ ხმა?!

თუმცა, თქვენი ძმის უწყებაზე აუგს ხომ არ იტყოდით! გეთანხმებით, ჩემო პალიკო, ნათქვამია, ძმა ძმისთვისაო, მაგრამ შეგახსენებთ, როცა ეს თქვეს, არ დაუყოლებიათ, ეძღვნებათ პალიკოს და კოტესო.

ისე, ჩემს სტუმარს ვუქებ რაინდობას - საკუთარი თანაგუნდელი გასაჭირში არ მიატოვა და ბაჩო ახალაიას ერთგულად დაუჭირა მხარი, თუმცა ერთ რჩევასაც მივცემ: ქვეყანაზე ფიქრისგან თავისუფალ დროს დაბრძანდით და სხვების მხარდასაჭერი განცხადებებიც დაწერეთ, თორემ, ისეთი პირი უჩანს, კიდევ არაერთს დასჭირდება თქვენი თანადგომა. შეიძლება ვცდები და ტყუილი გამომივიდეს, თუმცა ჩემგან ტყუილი არც გასაკვირია და არც ვნების მომტანი, მაგრამ როცა ის ტყუის, ვისაც (თუნდაც უმცირესობაში მყოფს) ქვეყანა ჩავაბარეთ სამართავად,  რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია.

ვიცი, ცუდი მასპინძელი ვარ, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩემს ადგილზე თქვენც არ მოიქცეოდით სხვანაირად, ეგებ, უფრო მეტიც გეთქვათ, მაგრამ ჩემი კეთილი გული უფლებას არ მაძლევს, სტუმარს ყველაფერი პირში მივახალო.

ბედნიერ კვირას გისურვებთ.