ბუმერანგი - კვირის პალიტრა

ბუმერანგი

მთავარი პროკურატურის წინ უამრავი ხალხი ტრიალებს. ყველა თავის წილ სამართალს ეძებს. მზად არიან მისცენ ჩვენებები ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებზე. უკვე უმცირესობაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების წევრები კი იმ დაპატიმრებათა სერიას, რაც მთავარმა პროკურატურამ დაიწყო, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ჩემთვის გაუგებარია ამ დაპატიმრებების "პოლიტიკური მოტივი". თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა დააშავა რამე და ამისთვის სამართლებრივად პასუხი მოსთხოვეს, მოტივი პოლიტიკურია? არადა, კარგი იქნებოდა, პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკი აწ უკვე უმცირესობის წევრებს ოდნავ შორიდან დაეწყოთ.

2003 წლის დეკემბერი. მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს ფოიეში შევდივარ და ხალხმრავლობის გამო პირველ სართულზე კიბეზე ვჯდები. ჩემ გვერდით ფეხმოტეხილი ნანუკა ჟორჟოლიანი ზის (როგორც მითხრა, გუდაურში სრიალისას მოუტეხია), ფეხი ჯერ კიდევ თაბაშირში აქვს, მაგრამ "რუსთავი 2"-ისთვის სიუჟეტი უნდა მოამზადოს, რადგან საზოგადოებას აინტერესებს შევარდნაძის ხელისუფლების ჩინოსნების დაპატიმრების დეტალები.

რკინიგზის ყოფილი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, აკაკი ჩხაიძისა და ედუარდ შევარდნაძის სიძის, გია ჯოხთაბერიძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. "რას მოვესწარით, - ვფიქრობ მე, - მანანა შევარდნაძე სასამართლოს ფოიეში  მეუღლის, გია ჯოხთაბერიძის ვერდიქტს ელოდება".

ვერდიქტი უცნაურია - აკაკი ჩხაიძეს და გია ჯოხთაბერიძეს რამდენიმე მილიონის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. არადა, ასეთ სამართლებრივ ფორმას კანონი არ იცნობს. პროკურორს, გიორგი ყაჯრიშვილს ვურეკავ და ვეკითხები, ბატონო გიორგი, მიმითითეთ კანონის რომელიმე ნორმა, რომელიც დაპატიმრებულების ფულის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს.

-  ჩვენს კანონმდებლობაში არ არსებობს ასეთი ნორმა.

- როგორ? - გაოგნებული ვეკითხები მე.

- როგორ და, ფაქტობრივად, სუფთა ჰაერი აყიდვინეს! "ვოზდუხი" რა!!!

იმ წუთიდან მივხვდი, რომ  ახალი ხელისუფლება, რომელიც აშკარად პატივს არ სცემდა კანონს, კარგს არაფერს გვიქადდა. შევარდნაძის ხელისუფლების მმართველობით უკმაყოფილო საზოგადოება მაშინ ამას ვერ ხვდებოდა. დაჭერები, უკანონოდ ფულის შეწერა დაპატიმრებული ჩინოვნიკებისათვის საზოგადოებას ახარებდა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ხვალ მისი ჯერიც დადგებოდა.

მაშინ მოვლენების ეპიცენტრი მთაწმინდა-კრწანისის სასამართლო იყო. მისი თავმჯდომარე ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ დანიშნული მამუკა სონღულაშვილი გახლდათ. სონღულაშვილს სპეცბრიგადა გარეთ ელოდებოდა, თუ რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლების უკანონო მოთხოვნებს  არ შეასრულებდა, თავად  მიაბრძანებდნენ ვირის აბანოში.

ეს მაშინ გამახსენდა, როცა სასამართლოში ბაჩო ახალაიას "უკანონო პატიმრობის" გასაპროტესტებლად ყოფილი უმრავლესობის რამდენიმე წევრი შევნიშნე. "რა დრო დადგა, - ვიფიქრე ისევ, - ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი ბობოხიძე, მარიკა ვერულაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, გოგა ხაჩიძე სასამართლოს დერეფანში დგანან და ტელეფონების ჩამორთმევის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. "პროცესს არ გადაიღებენ?" - დაინტერესდა გოგა ხაჩიძე და ამ უმსგავსობამ აღაშფოთა! ეტყობა, უმცირესობის წევრებმა მხოლოდ ახლა გამოიღვიძეს, ამიტომ მინდა  გავახსენო, რომ გადაღება ჯერ კიდევ 9 წლის წინ აკრძალა "ვარდების ხელისუფლებამ", - ველურობის ხანა დამთავრდა, მთელ მსოფლიოში აკრძალულია სასამართლო დარბაზში ვიდეოგადაღებები, ყველაფრის ბატონ-პატრონი დარბაზში მოსამართლე უნდა იყოსო. და დაემსგავსა სასამართლო სასაკლაოს! ახლა ის დროა, როცა ნაცმოძრაობის მიერ შექმნილ "ცივილიზებულ სასამართლოს" წესს თავად "ცივილიზაციის" შემომტანი ნაციონალური ელიტა უწუნებს!

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე ბრალდებას სასაცილო არგუმენტები ჰქონდა (არადა, ამ 9 წლის განმავლობაში რამდენი მართლა სასაცილო არგუმენტი მოMმისმენია, ვინ მოთვლის).

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ კი ბაჩო ახალაიას დაპატიმრების შემდეგ აღმოაჩინა, რომ საქართველოს დღეს უსუსური მართლმსაჯულება ჰყოლია. "წინა ხელისუფლების სირცხვილია, რომ საქართველოს დღეს ასეთი უსუსური მართლმსაჯულება ჰყავს.  პროკურორები სასამართლოზე  მოუმზადებელი გამოცხადდნენ. დაცვისა და ბრალდების მხარის არგუმენტები ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა, მაგრამ ეს მართლმსაჯულება წინა ხელისუფლებამ შექმნა და მე მრცხვენია, რომ მათი მხარდამჭერი ვიყავი". მაინტერესებს, სად იყო ქალბატონი თუთბერიძე მაშინ, როცა მოსამართლეები კოტე კუბლაშვილსა და პროკურორ ზურაბ ადეიშვილს უკანონო გადაწყვეტილების მიღებისთვის ზეწოლაში ადანაშაულებდნენ, რატომ მაშინ არ გახსენებია უსუსური მართლმსაჯულება?

ყოველივე ეს  სასამართლო პრაქტიკიდან იმიტომ გავიხსენე, რომ ყოფილ ხელისუფლებას შევახსენო, - დრონი მეფობენ, ხოლო ბუმერანგი ყოველთვის ბრუნდება უკან!