"სამინისტროში დამხვდა სოციალისტური წყობის მსგავსი სტრუქტურა" - კვირის პალიტრა

"სამინისტროში დამხვდა სოციალისტური წყობის მსგავსი სტრუქტურა"

"პირს, ვინც ღვინოს აფუჭებს, შეიძლება სასჯელიც დაეკისროს, რადგან ის ჩვენი ისტორიის ნაწილს სპობს"

"პოზიტიურ შედეგს ყველა იგრძნობს, თუ ჩვენი პროდუქციის გატანა დაიწყება რუსულ ბაზარზე"

"ჩვენი პროგრამით გაიზრდება ფერმერის შემოსავალი და გადახდისუნარიანობა"

"მიწა არ გელაპარაკება, მაგრამ უნდა მიხვდე, რა სჭირდება"

"სოფლის მეურნეობაში მილიარდზე მეტი ჩაიდება"

"ყველანაირად ვდგავართ გლეხისა და ბიზნესის გვერდით. მშრომელ გლეხს, ვინც მუხლჩაუხრელი შრომობს, ჩვენი დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს", - გვითხრა დავით კირვალიძემ, რომელსაც უკვე მეორედ ერგო სოფლის მეურნეობის მინისტრის სავარძელი:

- ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, მაგრამ თქვენ მეორედ გახდით მინისტრი.

- ზოგჯერ ერთ მდინარეში ორჯერ შედიან. პირველად მინისტრად პარლამენტიდან მივედი და ეს დიდი ცვლილება არ იყო. ამის მერე დაახლოებით 7 წელი ვმუშაობდი ამერიკულ კერძო კომპანია  CNFA-ში, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტებს ახორციელებს. ამ კომპანიაში პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ვიყავი. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამინისტროში უკან დაბრუნება უფრო გამიჭირდა, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირველად მოსვლა.

აქამდე ევროპასა და აზიაში ახალი პროექტებით ვიყავი დაკავებული. ბევრი რამის შეცვლა მომიხდა. შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი, ცხოვრების სტილი, სამსახური.

- მითხრეს, რომ მინისტრად დანიშვნას თქვენი სოლიდური ხელფასი შეეწირა.

- იქაურ ხელფასთან ამ ხელფასს არ შევადარებ. ჩემი არჩევანი პრემიერ-მინისტრთან საუბარმა განაპირობა. ამ ადამიანმა ხომ გაცილებით მეტი რამ დადო სასწორზე, ვიდრე მე მიწევდა. მასთან ნახევარსაათიანი საუბრის მერე მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- როგორ მოხვდით ბიძინა ივანიშვილის თვალთახედვის არეში? მსმენია ამგვარი ახსნაც, ეს იმიტომ მოხდა, რომ ვახტანგ ხმალაძის სიძე ხართ.

- ჩემი კომპანია ორ დიდ პროექტს იწყებდა და მე უკვე მივემგზავრებოდი საქართველოდან. წასვლამდე რთველში ვიყავი და ამ დროს დამირეკა ვახტანგმა, ბატონ ბიძინას შენთან შეხვედრა უნდაო. როდესაც შევხვდი პრემიერ-მინისტრს, ეს წინადადება მივიღე.

მქონდა კარგი სამსახური, ერთი სიტყვით, კარგად ვიყავი "მოწყობილი", მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ვიცი, ამ საქმეს რა სჭირდება, როგორ უნდა გავაკეთო და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დიდი სურვილი არ მქონდა, დავთანხმდი ამ წინადადებას.

- როგორც ვიცი, აგრარულ (ბენდუქიძის) უნივერსიტეტშიც კითხულობთ ლექციებს. ამ საქმესაც დაანებეთ თავი?

- ლექციების კითხვა 90-იან წლებში დავიწყე და ამჟამად აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვარ. ჩემი დღევანდელი თანამდებობა და ლექციების კითხვა თავსებადია, თუმცა, ჩემმა ბოლო წლების საქმიანობამ ძალიან ამომაგდო კალაპოტიდან. ზოგჯერ წელიწადში 300 ათასი კილომეტრი გამივლია, ხშირად არ ვიყავი საქართველოში.

- რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც სამინისტროში დაგხვდათ?

- ყველაფერი პრობლემაა. მეგონა, ლიბერალური წყობის შესაბამის სტრუქტურაში მოვედი, სადაც შესაბამისი პოლიტიკა უნდა იყოს და დამხვდა სოციალისტური წყობის მსგავსი სტრუქტურა, სადაც სახელმწიფო ითავსებს იმ ფუნქციას, რაც მისი საქმე არ არის. სახელმწიფოს საქმე არ არის ხვნა, თესვა, სათბურების შენება. ეს კერძო სექტორის საქმეა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციაა, შეუქმნას ნორმალური და თანაბარი პირობები ამ სექტორში დასაქმებულ ფერმერებს, გლეხებს, ბიზნესმენებს როგორც საკანონმდებლო ბაზით, ისე რეგულაციების სისტემით. სამინისტრომ ამ სეგმენტს უნდა შეუწყოს ხელი, თვითონ კი არ უნდა აკეთოს ბიზნესი.

მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობა სპეციფიკურია. როდესაც ხედავ, რომ გლეხს უკიდურესად უჭირს, სოფლად ინტერვენციის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. ასეთ დროს ჩარევა ეფექტური და ხანმოკლე უნდა იყოს. გრძელვადიანი ჩარევა და მუდმივი სუბსიდია არ არის გამართლებული. ეს ყველაფერი დასახვეწია და დრო სჭირდება. შედეგი ყველას მალე უნდა, მაგრამ უმალ ვერ მივიღებთ.

გლეხს ფინანსურ რესურსზე ხელი არ მიუწვდება და არ არის გასაღების ბაზარი. არ არის დანერგილი მოსავლის აღების ტექნოლოგია, სასაწყობო მეურნეობები და მაცივრები, სადაც მიღებული პროდუქცია უნდა შეინახო.  ის, რასაც სახელმწიფო შპს-ები აკეთებდნენ, ნელ-ნელა კერძო სექტორის ხელში უნდა გადავიდეს. როდესაც სახელმწიფო ხნავს მიწას, ამით ხელს უშლის კერძო სექტორს, რომელიც იმავეს აკეთებს.

- ოპოზიცია ხშირად გახსენებთ გლეხობისთვის დაპირებულ უფასო ხვნა-თესვას და არ აპირებთ დაპირების შესრულებას?

- კოალიციის პროგრამაში კარგად არის დასახული ამ პრობლემის ეტაპობრივი მოგვარების გზები, რათა სოფელი ფეხზე დადგეს. კოალიციას აქვს დაპირება, რომ აირჩევს იმ გზას, რაც ყველაზე კარგი და ეფექტური იქნება სოფლისთვის. უფასო ხვნა-თესვაზე დაპირება გაიცა გლეხობასთან შეხვედრებისას. არის სოფლები, სადაც გლეხები მძიმე მდგომარეობაში არიან და საშუალება არა აქვთ, სესხი აიღონ. ვუყუროთ, როდის გასძვრებათ სული?

- აქამდე აქცენტი უფრო სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოტანაზე იყო, ვიდრე საქართველოში წარმოებაზე. თქვენც წაახალისებთ იმპორტს?

- როდესაც ნორმალურ გარემოს შევქმნით, წარმოება კონკურენტუნარიანი გახდება და კონკურენტუნარიანი პროდუქტი თვითონ დაიკავებს ადგილს ბაზარზე. ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ვართ და გვაქვს შეთანხმება გაფორმებული, რომ ხელოვნურად ბარიერების შექმნა არ შეიძლება. მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც და ვმო-ს ფარგლებშიც ქვეყანას შეუძლია თავისი ბაზრის დაცვა. მაგალითად, თუ გვეცოდინება, რომ სუბსიდირებული იმპორტი შემოდის ქვეყანაში, რაც ჩვენს ბაზარს ანგრევს, ჩვენ შევძლებთ თავის დაცვას.

იმპორტი იმიტომ აჭარბებს ადგილობრივ პროდუქტს, რომ გლეხს, ფერმერს, მეწარმეს არ ვუქმნით სათანადო გარემოს. თუ ამას არ შევქმნით, რა საჭიროა ეს სამინისტრო? გაფორმებული კი გვაქვს ნულოვანი სავაჭრო რეჟიმი ყველასთან. გავაღოთ კარი, შემოვა იაფი პროდუქცია და იაფად ვჭამთ, მაგრამ როდესაც მოუსავლიანი წლები იქნება, იაფად პროდუქცია ვეღარ შემოვა და შენი გლეხიც რომ აღარ იქნება სოფლად, მაშინ რა ვჭამოთ?

დააკვირდით, როგორ შეეშინდა მსოფლიოს, როდესაც ხორბლის ფასმა აიწია? ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის - არაბებმა, ინდოელებმა, ჩინელებმა და კორეელებმა დაიწყეს მიწების ყიდვა ქვეყნის გარეთ. იყიდეს სუდანის მიწის დიდი ნაწილი. ალბათ, მოსახლეობას დაჰპირდნენ დასაქმებას და იაფ პროდუქციას, მაგრამ შარშანწინ რომ დასჭირდათ, მთელ მოწეულ ხორბლის მოსავალს დაავლეს ხელი და წაიღეს სუდანიდან. სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მართვა მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით უნდა მოხდეს. ბუნებრივი რესურსები (მიწა, წყალი, ჰაერი) ისე უნდა გამოვიყენოთ, მომავალ თაობებს იმაზე მეტი მოსავლის მოწევა შეეძლოს, ვიდრე ჩვენ მოვიწევთ. ჩვენ შეგვიძლია იმდენად ინტენსიური წარმოება განვავითაროთ, რომ  მტაცებლურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსი და რამდენიმე წლის განმავლობაში მივიღოთ ძალიან დიდი მოსავალი, მაგრამ მერე თანდათან დაეცემა მიწის ნაყოფიერება. ბუნებრივ რესურსს აღდგენაც სჭირდება. ამიტომაც არის რთული ეს პროცესი. ადამიანს, ვინც მიწაზე მუშაობს, ცოდნა სჭირდება. მისი შრომის ობიექტი უტყვია, მიწა არ გელაპარაკება, მაგრამ უნდა მიხვდე, რა სჭირდება.

ამის ნათელი მაგალითია ყალმუხეთი, რომელიც საქართველოზე ბევრად დიდია, მაგრამ იქ 400 ათასი კაცი ცხოვრობდა 80-იან წლებში. იქ შესანიშნავი სტეპი იყო, იყო შავი მიწა და საუკეთესო საძოვრები, რომლებიც დღეს გაუდაბნოებულია. ამ სავალალო შედეგის მიზეზი ის გახდა, რომ სტეპი მოხნეს, მოსავლის მოყვანა დაიწყეს ისე, რომ არ გათვალეს, ეს ქარიანი ტერიტორია რომ იყო. პირველ წელს შესანიშნავი მოსავალი მიიღეს, მაგრამ მოსავლის აღების შემდეგ უმცენარო საფარი დარჩა. დაუბერა ქარმა და ნიადაგი წაიღო. ამის მერე დაიწყო გაუდაბნოება. 1993-94 წლებში რუსეთის მთავრობა დიდ ფულს ხარჯავდა ამ ადგილზე ტყეების გაშენებისთვის. ის თანხა ბევრად მეტი იყო იმ შემოსავალზე, პირველ წელს რომ მიიღეს კარგი მოსავლისაგან. ეს მაგალითი იმისათვის მოგიყვანეთ, რომ ამეხსნა, რამდენად ძნელია მიწაზე მუშაობა.

- "მრეწველები" წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქცია უკონტროლოდ შემოდიოდა. ამ მიმართულებით რას გეგმავთ?

- ახალდანიშნულია სურსათის უვნებლობის სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა საკითხებთან ერთად ამასაც მიხედავს. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ჰქონდეს სათანადო ეტიკეტი. არა გვაქვს ამის საჭიროება და რატომ შემოვიტანთ? ზოგი გენმოდიფიცირებულ თესლს და ჰიბრიდულს ერთმანეთთან აიგივებს, რაც შეცდომაა.

- ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის არცთუ დიდი პოპულარობა ამით იყო განპირობებული?

- ჰიბრიდული გენმოდიფიცირებული არ არის. ჰიბრიდული არის გარკვეული მიზნისთვის გამოყვანილი თესლი. ჰიბრიდული თესლი დღესაც იყიდება კერძო სექტორში. უბრალოდ, საჭიროა გლეხებს ავუხსნათ, რომ არის ადგილები, სადაც ამის გაკეთება არ ღირს. ჰიბრიდული თესლის გამოყენებისას აუცილებელია გონივრული დაგეგმარება, რადგან შეიძლება ჰიბრიდულმა თესლმა ჩვეულებრივი ჯიშის ნათესს პრობლემა შეუქმნას. ერთი და იმავე ჯიშის თესლი ერთნაირ მოსავალს ვერ მოგვცემს ხობსა და კახეთში.

- პრემიერი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში მილიარდი ჩაიდება. ვინ ჩადებს ამ ფულს?

- მეტი ჩაიდება, რადგან მსურველი ბევრია. ამ სფეროში ფულს ჩადებს სახელმწიფოც, ინვესტორებიც და კერძო სექტორიც.  სოფელი მიუხედავი არ დარჩება, მაგრამ მოთმინება და დროა საჭირო. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ უცებ მოგვარდეს ყველაფერი.

- სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია გასაღების ბაზარი. რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და მთავარმა სანიტარმა უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნებაზე შეიძლება ლაპარაკი.

- რუსული ბაზარი ნელ-ნელა გაიხსნება. ვიცი, რომ სხვადასხვა კომპანიას აქამდეც უნდოდა პროდუქციის გატანა რუსეთში, მაგრამ იძულებული იყვნენ, ეთქვათ, არ გვინდაო. ახალი პრემიერ-მინისტრის ფაქტორმა, მთავრობის ცვლილებამ და არაერთმა განცხადებამ, რომ გვინდა რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, ამის შესაძლებლობა გააჩინა. პოზიტიურ შედეგს ყველა იგრძნობს, თუ ჩვენი პროდუქციის გატანა დაიწყება რუსულ ბაზარზე. ქართულმა ღვინომ, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გადის, შეუძლებელია, რუსული სტანდარტები არ დააკმაყოფილოს.

- წლების წინ, როდესაც პარლამენტის წევრი იყავით,  ბრალდებას უყენებდით სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ გულუას, რომ ქართული ღვინოების ჩამოსხმის ექსკლუზიური უფლება გადასცა მოლდოველებს.

- ჩვენ ეს უფლება მოლდოველებს ჩამოვართვით.

ძალიან გამოსწორებულია ქართული ღვინის ხარისხი. ფალსიფიკაციასთან ბრძოლა რთული არ არის, უნდა დაიწყოს აღრიცხვა. ვენახი პასპორტიზებული უნდა იყოს და წინასწარ უნდა იყოს დეკლარირებული მოსავალი. უნდა აღირიცხოს, ქარხანამ რამდენი ყურძენი ჩაიბარა და როდესაც ღვინის გატანისას არარეალურ ციფრს გაჩვენებს, ჰკითხავ, საიდან გაქვს ამდენი ღვინო, როდესაც ამდენი ყურძენი არ ჩაიბარეო. სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს ღვინის ხარისხს. პირს, ვინც ღვინოს აფუჭებს, შეიძლება სასჯელიც დაეკისროს, რადგან ის ჩვენი ისტორიის ნაწილს სპობს.

რესტორანში ბევრი ბედავს ჩამოსასხმელი ღვინის დალევას? ალბათ, არა, რადგან არ ვარგა. როდესაც ფალსიფიკაცია მოისპობა, გასაყიდი ყურძნის პრობლემაც გადაიჭრება. თუ კაცს ფალსიფიცირების საშუალება აქვს, რაღაში უნდა ყურძენი? როგორც კი ფალსიფიცირების საშუალებას წაართმევ, ყურძენს იყიდის და კარგ ღვინოს დააყენებს. ამით კი გლეხის პროდუქციაც არ დარჩება გაუყიდავი.

გამრჯე ადამიანის დახმარება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

ამას წინათ თქვენს გაზეთში წავიკითხე, გუდამაყარში სკოლა დაინგრაო. გუდამაყრის თითოეული მცხოვრები ჩემთვის სახელმწიფოს ტოლფასია და ყველას დავუდგებით მხარში.