დემოკრატიის შუქურა სულ სხვა მიმართულებით ანათებდა?! - კვირის პალიტრა

დემოკრატიის შუქურა სულ სხვა მიმართულებით ანათებდა?!

"ნაციონალური მოძრაობის" შეშფოთება ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო, რომელსაც ისტერიული ტონი დაჰკრავს, აბსოლუტურად გასაგებია - 2003-2012 წლებში ჩამოყალიბდა სახელისუფლებო ვერტიკალი და უკანონობის ჩადენაში თითქმის მისი ყველა წევრი მონაწილეობდა, ეგ იყო, პასუხისმგებლობა იმის მიხედვით ნაწილდებოდა, ვერტიკალში ვინ რომელ საფეხურზე იდგა. შესაბამისად, ვერტიკალის ქვედა რგოლების წევრებმაც რომ დაიწყონ ჩვენებების მიცემა, ჯაჭვი აუცილებლად შეიკვრება და მისი ბოლო მსხვილ თევზებამდე”მივა. ეს უკვე დადასტურდა - სუსტი რგოლი აღმოჩნდა კუდ-ის საშუალო დონის ჩინოსნები, რომელთა ჩვენებებზე დაყრდნობით არაერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოვლინდა - როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მთავარი წინ არის, ახალმა ხელისუფლებამ გახმაურებული საქმეების გამოძიების დაწყებისა თუ ელიტური კორუფციის სქემების გაშიფვრის ვალდებულებაც აიღო.

ამ ფონზე "ნაციონალები" ზემოხსენებული დაკავებების პოლიტიკურ დაპირისპირებად წარმოჩენასა და პოლიტდევნილის მანტიის მოსხმას ცდილობენ - ეს ტაქტიკა დასავლეთისთვის არის განკუთვნილი. დასავლეთის ჩარევით "ნაციონალებმა" ხელისუფლება დაკარგეს და მისივე დახმარებით ცდილობენ ციხეს გადაურჩნენ. სწორედ ამას ემსახურება ბაჩო ახალაიას ცოტნე დადიანად წარმოჩენა, ვანო მერაბიშვილის განცხადებები მასზე ზეწოლის მცდელობაზე, პავლე კუბლაშვილის ბრალდებები შსს-ს მიმართ ან გიგი უგულავას ლაპარაკი დიქტატურაზე. "ნაციონალთა" ლიდერების განცხადებები სულ უფრო მწვავე ხდება და თუ მათ სამართალდამცავებმა მიაკითხეს, უთუოდ იტყვიან, რომ ზუსტად ამ მძაფრი პოლიტიკური პოზიციის გამო იდევნებიან.

თუმცა, "ნაციონალური" პოლიტიკური ისტერია არ ნიშნავს იმას, რომ დაპატიმრებათა გადაზრდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გამორიცხულია. ამას დასავლეთშიც შიშობენ, რაც დადასტურდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონის თბილისში ვიზიტისას გაკეთებული განცხადებებით, რამაც ახალი ხელისუფლება გააღიზიანა, თითქოს დასავლეთს ერთმნიშვნელოვნად დაედანაშაულებინოს თბილისი პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებში.

არადა, ეს განცხადებები, თუ მათ ყურადღებით მოვისმენთ, ალბათ, უფრო პრევენციული ხასიათისაა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთმა 2003-2012 წლებში იმდენი ეძახა საქართველოს "დემოკრატიის შუქურა" და "პოსტსაბჭოთა სივრცის მაგალითი", რომ თავადაც გრძნობს უხერხულობას, როდესაც დაინახა, რომ "შუქურა" სულ სხვა მიმართულებით ანათებდა. ამ ეტაპზე ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა დასავლეთის ეჭვის თუ შიშის გაფანტვა და იმის დამტკიცებაა, რომ საქართველო დემოკრატიის გზას ნამდვილად დაადგა. ეს კი შერჩევითი სამართლის ერთხელ და სამუდამოდ ამოძირკვა იქნება. ამის და საზოგადოდ, დემოკრატიული პროცესის საუკეთესო ზედამხედველი ნატო და აშშ კი არა, უპირველესად ქართული თავისუფალი მედია იქნება. თუ ახალი ხელისუფლება აჰყვა ცდუნებას და ხელი წაუცდა მედიის მონოპოლიზებაზე, მხოლოდ დროის ამბავი იქნება, რომ ქვეყანა ისევ უკუღმართ გზას დაადგეს და ვერანაირი ლიდერის პირადი პრინციპები ამას ვერ დააბრკოლებს.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში სამართლიანობასა თუ დემოკრატიაზე ეჭვის გამოთქმა აღარ მოგვიწევს და ქართულ პოლიტიკურ სცენაზე "ახალი“მსახიობები" ისევ ძველი სცენარით არ ითამაშებენ.