მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ახალი "ცოტნე დადიანი"

საქართველოს ყველაზე ცნობილი პატიმრის - ბაჩო ახალაიას მერვე საპყრობილიდან მეშვიდეში გადაყვანა ნამდვილად იყო საკამათო საკითხი. ამ თემაზე მსჯელობისას მთავარი ის კი არ არის, ვინ არის ახალაია და რას იმსახურებს, არამედ ის, ვინ ვართ ჩვენ და რას ვიმსახურებთ: "ნაციონალური მოძრაობის" მსგავს ხელისუფლებას თუ უკეთესს. ამიტომაც ვუყურებთ ახალ ხელისუფლებას ლუპით - არ გვინდა, რამე გამოგვეპაროს და მერე გვიანი აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების სამინისტროს აქვს არგუმენტები, მაგრამ ეს არგუმენტები კითხვებს უფრო აჩენს, ვიდრე პასუხებს. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს: რატომ არ შეიძლებოდა მისი იმ ციხეში გადაყვანა, სადაც ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები სხედან და რა აუცილებელი იყო მისი ქურდებთან მოთავსება? მართალია, მინისტრი ამტკიცებს, რომ ახალაია იზოლირებულია და კრიმინალები მას ვერ მისწვდებიან, მაგრამ მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ჩემმა კოლეგა ნინო ზურიაშვილმა მასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, არ შეიძლება, პატიმარი მუდმივად სიკვდილს ელოდესო.

მეორე მხრივ, ხმაური, რომელიც ახალაიას გულშემატკივრებმა ატეხეს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო იყო. ისეთი ხალხი აპროტესტებდა პატიმრის უფლებების დარღვევას, ვისაც ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ ამოუღია ხმა ციხეებში გამეფებულ განუკითხაობაზე; ვისაც აზრადაც არ მოსვლია თუნდაც ერთი პატიმრის უფლებების დაცვა. მათ შორის იყვნენ დეპუტატები, რომელთაც სახალხო დამცველი ყოველ წელს უამრავ ფაქტს წარუდგენდა პატიმართა გაუსაძლისი ყოფის შესახებ, მაგრამ ისინი მას არც უსმენდნენ, დღეს კი გაახსენდათ, რომ პატიმარს უფლებები აქვს. ძალიან სასაცილო იყო აკო მინაშვილი, რომელიც ახალაიასთან ულიმიტოდ შესვლის უფლებას ითხოვდა; არადა, თავის დროზე მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ციხეებში მონიტორინგი აკრძალა და სისტემა, ფაქტობრივად, დახურა. ძალიან სასაცილო იყო თუთბერიძე, რომელსაც ბოლოს როდის ჰქონდა  პატიმრის უფლებების დაცვის სურვილი, არც მახსოვს, სამაგიეროდ, ის მახსოვს, რომ მონიტორინგის ჯგუფის გაუქმება არ გაუპროტესტებია, დღეს კი სწორედ ამ აღდგენილი ჯგუფის წევრობა მოითხოვა...

დასასრულ, ყველაზე სასაცილო იყო ისტორიკოსი ს(ვ)იმონ მასხარაშვილი, რომელმაც ახალაიას, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის გამო, უდიდესი ქართველი მოღვაწე უწოდა, ხოლო საქართველოში საკუთარი ნებით ჩამოსვლისთვის ცოტნე დადიანს შეადარა. ამ განცხადების მოსმენის შემდეგ ძალიან შევშფოთდი. იმიტომ კი არა, რომ მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილი გმირს შეადარეს, უბრალოდ, შემეშინდა და ვიფიქრე: "ვაითუ, ცოტნე დადიანსაც ასეთი ისტორიკოსი ჰყავდა?"

ისწავლე ქართული, რასმუსენ!

არა, მეც გეთანხმებით, რომ ნატოს გენერალური მდივანი მთლად კარგად ვერ მოიქცა; მეც ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი კარგად უნდა გაერკვია და მერე ელაპარაკა; ვიდრე ხმამაღლა შეშფოთდებოდა თუ შეწუხდებოდა, მეორე მხარისთვის უნდა მოესმინა, მაგრამ - არა! არც აცია, არც აცხელა და პრაღაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ბრძანა: "მე უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით".

მართალია, ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ტონი ცოტა შეარბილა, მაგრამ საქმე უკვე გაფუჭებული იყო: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშიც დაახლოებით ასეთი შეფასება ჩაიწერა. ცხადია, ნაციონალებმა კარგად იმუშავეს. გასაგებია მათი საპასუხო არგუმენტებიც, რომ ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც ნატოა, მხოლოდ მათი ინფორმაციის მიხედვით დასკვნებს არ აკეთებენ, მაგრამ მე მაინც მინდა ისინი შევაქო - კარგად იმუშავეს! სხვა საქმეა, რა სურს ნატოს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის - მართლმსაჯულების აღსრულება თუ პოლიტიკური სტაბილურობა და ხელისუფლებაში განსხვავებული პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის პრეცედენტის შექმნა.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთისთვის ხშირად მართლმსაჯულების აღსრულებაზე მნიშვნელოვანი სწორედ სტაბილურობაა. მაგრამ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ამ საკითხს სხვანაირად უყურებს. მე, მაგალითად, არ მინდა ისეთი ნატო, რომელიც მართლმსაჯულებას შეეწინააღმდეგება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მეც ვიზიარებ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას თუ აღშფოთებას ნატოს გენერალური მდივნის პოზიციის გამო, თუმცა აზრად არ მომსვლია, ჩემი განწყობა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის მსგავსად გამომეხატა. მათ "ფეისბუკში", ბატონი რასმუსენის ოფიციალურ გვერდზე, ისეთი რაღაცები დაწერეს, მტერს და ავს. თან კომენტარების დიდი ნაწილი ქართულ ენაზე იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ რასმუსენი ამ ამბავს ბრიუსელიდან გამოეხმაურა და ქართველებს მოუწოდა, ჩემს გვერდზე ან ინგლისურად წერეთ, ან ფრანგულად, რამე რომ გავიგოო. ვფიქრობ, ძალიან სამარცხვინოა ასე მოქცევა.

ასე თუ გავაგრძელეთ, როგორც ადრე ვიღაცამ მოსწრებულად იხუმრა - ჩვენ მალე ნატოში კი არა, "მაკდონალდსშიც" აღარ შეგვიშვებენ.

"ფეისბუკმა" დაღუპა

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მოადგილეები ყველაზე დიდხანს არჩია. ზოგიერთი მას დანიშვნამდე დაუწუნეს, ზოგი თავად დაიწუნა და ბოლოს, როგორც იქნა, შეარჩია. თუმცა ორი მათგანი დანიშვნის დღესვე შარში გაეხვია. ჯერ იური მეჩითოვს გამოუქვეყნეს ვიდეო, სადაც ის გურულებსა და მეგრელებზე არცთუ კორექტულად შაყირობს;  ეს არაფერი - ანეკდოტებს მათზე ჩვენც ვყვებით, მაგრამ მეჩითოვის ბოლო ფრაზამ, რომ ქართველებმა რუსების სადღეგრძელო უნდა დალიონ, რადგან მათ, თურმე, აჭარა თურქებს წაართვეს და ჩვენ დაგვიბრუნეს, ყველაზე მეტი აღშფოთება გამოიწვია. თუმცა მეჩითოვი კიდევ იოლად გადარჩა, რადგან ყურადღების ცენტრში უმალვე სხვა მოადგილე აღმოჩნდა. ვიღაცებმა ხათუნა ხუნდაძის "ფეისბუკის" გვერდზე შეიხედეს და რა აღმოაჩინეს?! მაგალითად, აი, ასეთი პოსტი: "ამათ ეკლიანი გამხმარი ვარდები მინდა გავურჭო უკანალში და ვასიამოვნო, ასე ძალიან რომ უყვართ ვარდები... აყროლებულები..." ან: "სააკაშვილი უნდა დავიჭიროთ და მთელი საქართველოს ტრაკები უნდა დავაკოცნინოთ, თან დაუბანელი..." ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ბილწსიტყვაობისა, რომელსაც ქალბატონი მინისტრის მოადგილე თანამდებობაზე დანიშვნამდე აფრქვევდა.

მას რამდენიმე არგუმენტი აქვს: 1) ამბობს, რომ "ფეისბუკი" გაუტეხეს და იმ ყველაფრიდან, რაც გამოქვეყნდა, მხოლოდ ნაწილია მისი დაწერილი (როგორ უნდა ამოიცნო, რომელია მისი და რომელი სხვისი, ეს უკვე გამოცანაა); 2) მაშინ თანამდებობის პირი არ იყო და თავს მეტის უფლებას აძლევდა. რა იცოდა, რომ მაინცდამაინც კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნავდნენ და მერე უკულტურობას წამოაძახებდნენ? 3) ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ ძალიან აღელვებული იყო (მეც კი ვიყავი აღელვებული, მაგრამ - ასე?!..).

მოკლედ, თუ ადრე ადამიანზე რამის გაგება გინდოდა, საახლობლოში უნდა გაგეკითხა. ახლა შეგიძლია, მის "ფეისბუკზე" გაიკითხო. მით უმეტეს, თუ მინისტრი ხარ და მოადგილეს ეძებ. მე მის განსჯას არ ვაპირებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი: - მოვითხოვ, მინისტრებმა მოადგილეები კონკურსის წესით შეარჩიონ. კანდიდატებმა კი, ე. წ. ჩV-სთან ერთად, აუცილებლად წარმოადგინონ მინიმუმ ბოლო ექვსი თვის სტატუსების ამონაწერი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდიდან.