ვინ იქნება შემდეგი? - კვირის პალიტრა

ვინ იქნება შემდეგი?

ვისთან ჩავიდა უგულავა იტალიაში?!

"სკანდალური დაპატიმრებების გაგრძელება თბილისის მერიასთან იქნება დაკავშირებული"

ბაჩო ახალაიასა და კუდ-ის მაღალჩინოსნების დაპატიმრების შემდეგ შოთა ხიზანიშვილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების დაპატიმრება გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო. ვინ იქნება შემდეგი?

ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და მთავარი პროკურატურა თბილისის მერიის მიერ შექმნილი სხვადასხვა  ფონდის საქმიანობას სწავლობს და სკანდალური დაპატიმრებების ერთ-ერთი სერია სწორედ თბილისის მერიასთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ, დანაშაულების კვალი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთანაც მივა.

კუდ-ის მაღალჩინოსნების დაპატიმრება, ჩანს, მხოლოდ დასაწყისია იმ მოვლენებისა, რაც მომავალში უნდა განვითარდეს. მართალია, ისინი კონკრეტული ბრალდებებით დააპატიმრეს, მაგრამ სწორედ კუდ-ი იყო ის სტრუქტურა, რომლის მეშვეობით ბიზნესს აკონტროლებდნენ. ხიზანიშვილის დაკავებამ შეაშფოთა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მისი თქმით, შოთა ხიზანიშვილი მისი მეგობარია და სანამ ვიცე-მერი გახდებოდა, 9 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

შოთა ხიზანიშვილის დაკავებამ მერაბიშვილზე არანაკლებ გიგი უგულავაც შეაშფოთა. უგულავამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხიზანიშვილის საქმიანობა მერიას არ უკავშირდება, მაგრამ, როგორც ჩანს, უგულავას სიმშვიდის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. სავარაუდოდ, მის დაკავებამდე მერიის ფონდების ხელმძღვანელებს მოსთხოვენ პასუხს. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყნიდან "ძველი თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე წავიდა "სამკურნალოდ". ჩვენი ინფორმაციით, ახლახან უგულავას იტალიაში სწორედ მასთან ჰქონდა "საიდუმლო სერობა". კულუარული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" "პოლიტიკურად დევნილი ხელისუფლების" იმიჯის შექმნისა და ამ გზით ემიგრაციაში წასვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს.

მერიის ფონდების საქმიანობის შესწავლა უკვე აქტიურად დაიწყო. თბილისის მერიამ 2005 წლიდან დაიწყო მერიასთან არსებული სხვადასხვა ფონდის შექმნა (მაგალითად, "ძველი თბილისის განვითარების ფონდი", "გუდაურის განვითარების ფონდი" და ა.შ., რის შემდეგაც გაუმჭვირვალე გახდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა).

2005-2011 წლებში "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" საქმიანობის შესახებ თბილისის მთავრობაში  ანგარიში წარადგინეს. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა" 2010 წლის მაისში შპს "კლუბ დივას" ანგარიშზე 5.129 ლარი გადარიცხა.

2005 წელს დაფუძნებულ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს" 2005-2011 წლების თბილისის ბიუჯეტიდან 288 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხები ფონდს თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის უნდა დაეხარჯა, საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია, კონკრეტულად, რაში იხარჯებოდა წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან მიღებული ასეულობით მილიონი ლარი. ხარჯვის გაუმჭვირვალობა მხოლოდ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდთან" დაკავშირებული პრობლემა არ არის. იმავე პრობლემასთან გვაქვს საქმე თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი, "თბილისის განვითარების ფონდის" შემთხვევაშიც.

წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ასევე პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიღება. ბუნდოვანი იყო ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების საკითხიც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ქუთაისის პარლამენტის ასაშენებელი საწყისი ხარჯთაღრიცხვა მილიონ-ნახევარი ლარი იყო, მილიონნახევრიანი პროექტი კი ჯამში 360 მილიონი ლარი დაჯდა.

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გაუმჭვირვალობა ბოლო წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მერიამ ძველი თბილისის რეაბილიტაციისათვის შექმნა კერძო ფონდები, რომლებიც ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს გაუმჭვირვალედ ხარჯავდნენ, სამუშაოს კი ხშირად ტენდერების ჩაუტარებლად ატარებდნენ. ისტორიულ უბანში არსებულ შენობებს მერია გადასცემდა ფონდს, რომელიც არის არასამეწარმეო, არაკომერციული პირი, და ეს ფონდი ქონებას ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე  ასხვისებდა, რა ფასადაც უნდოდათ, იმდენად ყიდდნენ. მაგალითად, ფონდმა აღმაშენებლის პროსპექტზე არსებული შენობების ერთი ნაწილი გაყიდა და ზოგიერთი მათგანი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა. მისი წარმომადგენელი საქართველოში გიგი უგულავას ცოლისდის ქმარი გიორგი ყომიაშვილი იყო.

2006 წელს სახელმწიფომ რიყე 7 მილიონ დოლარად მიჰყიდა შპს "ახალ რიყეს", რომელიც დაკავშირებულია ცნობილ ძმებ შარანგიებთან. 2008 წლის დეკემბერში, ისე, რომ ამ კომპანიის კონკურსით გათვალისწინებული პირობები არ შეუსრულებია, მერიის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა 17 მილიონ დოლარად გამოისყიდა ეს ყველაფერი(?!).

10 მილიონი თვალსა და ხელშუა გაქრა. ხშირად უცნობი იყო ამა თუ იმ დაკვეთის შესრულებაზე გამოყოფილი თანხის ოდენობა, ასევე, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები. ხშირად ტენდერებს ესა თუ ის კომპანია შერჩევით იგებდა. დიდი პრობლემა იყო ისიც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების წყალობით ფონდებს ძვირად ღირებული კულტურული ძეგლების სტატუსის მქონე ან სტატუსმოხსნილი შენობების გასხვისების უფლება მიეცა, რის შემდგომაც  შენობებს ყიდდნენ. უცნობი იყო როგორც შემძენი, ასევე, გასხვისების ღირებულება და გაყიდვიდან მიღებული თანხის შემდგომი დანიშნულება.

სამართალდამცავებს არც კუდ-ის საქმიანობა გამორჩენიათ. მთავარმა პროკურორმა 16 ნოემბერს რადიო "პალიტრის" ეთერში - პროგრამა "რეზიუმეში" განაცხადა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და უკანონო მოსმენებისთვის დათა ახალაიას დაუსწრებლად ბრალს წარუდგენენ.