საქართველოს ხელისუფლების "ორსახოვანი იანუსი" - კვირის პალიტრა

საქართველოს ხელისუფლების "ორსახოვანი იანუსი"

გასულ კვირას ქართულმა ორხელისუფლებიანობამ, ვითარცა ორსახოვანმა იანუსმა, პირველი გაკვეთილები და ინდულგენციები მიიღო ევროპელებისგან. იკვეთებოდა ორი ტაქტიკური ხაზი, თუმცა "ქართული ოცნების" შემთხვევაში ამას უფრო იმპროვიზაცია უნდა დავარქვათ. პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იყო: 1) შეექმნა წინასწარი განწყობა "ნატოს" მაღალჩინოსნებისთვის ახალი ხელისუფლების არადემოკრატიულობის შესახებ; 2) მიეღწია იმისთვის, რომ ნატოს ლიდერთა გამოსვლებსა და წერილობით დოკუმენტებში ხაზგასმით აღნიშნულიყო ორივე პოლიტიკური ჯგუფის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში მოქმედების ვალდებულება; 3) შემდეგ განზე გამდგარიყო და თავის გამოსვლებში წარმოჩენილიყო როგორც "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მოსურნე და არამც და არამც დესტრუქციული ელემენტი.

საინტერესოა ერთი დეტალი, რომ პრეზიდენტმა დასახული ტაქტიკის მეტ-ნაკლები წარმატებით განხორციელება მხოლოდ ნატოს მიმართულებით შეძლო. რაც შეეხება ევროკავშირს, იქ მისი გუნდის გავლენები არსებითად არის შეზღუდული.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი ვიზიტი, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო, პროევროპელობის, პრონატოურობის და დემოკრატიულობის კიდევ ერთხელ ხაზგასმას ემსახურებოდა და, გარკვეულ შემთხვევებში, ნატოში გამართული შეხვედრების ფარგლებში, მოპასუხის როლში იმყოფებოდა, რადგან ოპოზიციის მიერ წინასწარ გავრცელებული ბრალდებების გაბათილება უწევდა. პრემიერმა, თავის მხრივ, მიიღო თანამშრომლობისთვის გამოწვდილი ევროკავშირისა და ნატოს ხელი და რაც ნაციონალებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო - ერთგვარი ინდულგენციაც შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის თვით ანდერს ფოგ რასმუსენისგან, რომელიც ორიოდე დღის წინ სხვა რიტორიკით საუბრობდა. ერთგვარად, ნაციონალებს ბუმერანგად შემოუბრუნდათ თავიანთი მცდელობები, დაერწმუნებინათ ნატოელები, რომ ახალი ხელისუფლება საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს, რადგან ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, ფაქტობრივად, ნდობა გამოუცხადა მის პოლიტიკას.

თუმცა მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც წაუყენეს, თავად რასმუსენის სიტყვებით ასე ჟღერს: "ორივეს მოგიწოდეთ, კონსტიტუციის ფარგლებში გეთანამშრომლათ დარჩენილი თვეების განმავლობაში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლისათვის", ანუ ხაზს უსვამს: კონსტიტუციური ვადების დაცვით პრეზიდენტის, პრემიერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ აუცილებელიაო. უფრო მეტიც, თუ საპარლამენტო არჩევნებამდე ნატო საქართველოს ხელისუფლების მთავარ გამოცდად არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ასახელებდა, დღეს "ქართულ ოცნებას" ნატოსკენ მიმავალ გზაზე მთავარ პირობად უყენებენ "კონსტრუქციულ თანამშრომლობას მთავრობის ყველა განშტოებას შორის" და მოუწოდებს ყველა პარტიას, "მოძებნონ კონსენსუსი და იმუშაონ ერთად". როგორც ჩანს, დასავლეთი განსაკუთრებით დააკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებულ პროცესებსაც, რადგან მათთვის  ძნელად გასაგებია, რატომ უნდა ცდილობდეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალა, სხვა პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს.

ნაციონალები რომ დიდად არ ცდილობდნენ, დემოკრატიის კუთხით, დასავლეთისგან მომავალი რეკომენდაციების გათვალისწინებას, ეს ყველამ ვიცით. გააგრძელებს წინა ხელისუფლების ტრადიციას, ანუ დემოკრატიის იგნორირებას, თუ თავის ახალ ხელწერას ამ კუთხითაც შემოგვთავაზებს, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა კიდევ ერთი "ავი" ტრადიციის დარღვევის ინიციატივით ბიძინა ივანიშვილი უკვე გამოვიდა: საქართველოში თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასული არავინ გვახსოვს (ადვილი წარმოსადგენია, რა მასშტაბის ზეწოლა განხორციელდა სააკაშვილზეც, რათა მას ეღიარებინა საკუთარი გუნდის დამარცხება).

ბიძინა ივანიშვილი იქნება პირველი, ვინც საკუთარი ნებით დატოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს ვადაზე ადრე, 2014 წლის გაზაფხულზე, როგორც თავად განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

მან ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში და დაამატა ძალზე მნიშვნელოვანი რამ: დამარცხებული არ წავალ, ძალიან კარგ ხელისუფლებას და მთავრობას დავტოვებო. სად უნდა იპოვოს კადრები, "ძალიან კარგი" მთავრობისთვის, დღევანდელი გადასახედიდან, ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ აქ მთავარი მისი განცხადების სხვა ნაწილია: "უნდა მივეჩვიოთ, რომ ხელისუფლება ერთ კაცზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. საზოგადოება უნდა განვითარდეს. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა", განაცხადა ივანიშვილმა. და ჩვენიც...

ვინ უნდა განახორციელოს "ქართული რენესანსი"

აი, სწორედ აქ იწყება მთავარი ინტრიგა - როგორ პოლიტიკურ ლანდშაფტს დატოვებს ივანიშვილი: შენარჩუნდება თუ არა ერთიანი სახით კოალიცია, თუ მასში შემავალი პარტიები ცალკე სუბიექტებად მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში? გააძლიერებს თუ არა ივანიშვილი თავის პარტიას და რაც მთავარია, ვის ხარჯზე? და თუ გააძლიერებს, ვისზე გააკეთებს აქცენტს: ისევ ძველ პარტიულ ორგანიზმებზე, თუ შეეცდება აითვისოს სამოქალაქო სექტორში, სტუდენტებსა და საზოგადოებაში არსებული ადამიანური რესურსი. როგორ აპირებს ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აკონტროლოს ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომლის კონტროლის იარაღი,  ტრადიციულად, ფული და ინდულგენციებია? ამ მიზნით, თავად დაიტოვებს პარტიების მართვის ფინანსურ ბერკეტებს თუ დაპირებისამებრ შეიმუშავებს საკანონმდებლო ბაზას, რომლის თანახმადაც ბიუჯეტი უზრუნველყოფს მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრის განვითარებას? თვითონ იქნება მრავალპარტიული სპექტრის ბალანსის მთავარი წყარო ან იქნებ პირიქით, ცენტრალიზებულ ხელისუფლებას ტოვებს? ჯერ მხოლოდ კითხვებია, რომელზე პასუხიც ახლო მომავალმა უნდა გაგვცეს.

ამასობაში, ოპოზიციურ ფლანგზე გამოიკვეთება მკაფიო კონტურების არმქონე ახალი ძალა - ნაციონალების წიაღში არსებული გუნდი, რომელიც ამ ეტაპზე უკვე სამი ტელევიზიის: "რუსთავი 2"-ის, "საქართველოსა" და "პიკის" უკან ჩანს და რომელიც შეეცდება დაშვებული შეცდომების გადახედვის შედეგად ახალი სტრატეგია გამოკვეთოს. ეს გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მორალურად გაცვეთილ სახეებს დღეს იყენებს როგორც მილევად რესურსს, როგორც მხოლოდ იარაღს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, თავად კი მათგან დისტანცირდება და ახალი, მინიმუმ საზოგადოებისთვის ნეიტრალური სახეებით და ალბათ ახალი სახელით და იდეებით შეეცდება ასპარეზზე გამოსვლას.

საინტერესოა ერთი რამ: თუ გამართლდება ხმები იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს დახუროს მისი ტელევიზიები, ფაქტობრივად, პოლიტიკური სუბიექტები კვლავ არათანაბარი მედიასივრცის, მედიარესურსების არათანაბარი ხელმისაწვდომობის პირობებში ჩადგებიან, როცა ერთ პოლიტიკურ ძალას მოემსახურება სამი ტელევიზია, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური ძალები დარჩებიან უკიდურესად შეზღუდული მედიარესურსების ამარა. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, "ნაციონალურ მოძრაობაზე" ამოზრდილი ახალი პოლიტიკური ძალა კვლავ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ასე რომ, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის, სოციალური და ეკონომიკური დაპირებების განხორციელების გარდა, ხელისუფლებიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილის წინაშე ურთულესი ამოცანა დგას: ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ მედიალანდშაფტის შექმნას, რომლის იმედადაც ის დაგვპირდა "ქართული რენესანსის" განხორციელებას.

ხათუნა ლაგაზიძე