"ჩემს თვალში ისეთივე ისტორიკოსი ხარ, როგორიც ბაჩო ახალაიაა ცოტნე დადიანი" - კვირის პალიტრა

"ჩემს თვალში ისეთივე ისტორიკოსი ხარ, როგორიც ბაჩო ახალაიაა ცოტნე დადიანი"

სიმონ ბატონო, გეცოდინება მეფის კარზე ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც მეფეს ართობდა. შენც ამ გზას ადექი და აღარაა ის დრო, მეფემ ესოდენ დიდი გარჯა დაგიფასოს?!

გამარჯობა. ძალიან ბევრი ფიქრი დამჭირდა, ვინ მომეწვია სტუმრად. ბოლოს, დიდი განსჯის შემდეგ, გადავწყვიტე ბუხართან სასაუბროდ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი დამეპატიჟა.

ალბათ, იფიქრებთ, ამ პატიოსანმა კაცმა რა თქვა ისეთი, რომ ჩემი სტუმრობის ღირსი გახდა. რა თქვა ბატონო და ბაჩო ახალაია ცოტნე დადიანიაო.

პირველად, როცა ეს გავიგე, არჩილ კბილაშვილის ბიოგრაფია გადავამოწმე, ხომ არ გამომეპარა და ყაენიც ხომ არ იყო ოდესმე-მეთქი. შემდეგ ქალბატონი თეა წულუკიანის წარსულსაც გადავავლე თვალი და ვერც მის წარსულში აღმოვაჩინე მონღოლოიდურ რასასთან კავშირი. აი, ამის მერე დავეჭვდი ბატონი სიმონის ნათქვამის სიმართლეში.

ჩემო სიმონ, როდესაც ადამიანს წმიდანს ადარებ (ალბათ, გეცოდინება, ცოტნე დადიანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და ცოტნე აღმსარებელი უწოდა), თუ დიდად მორწმუნე არ იქნება, მინიმუმ დიდი მამულიშვილი მაინც ხომ უნდა იყოს.

ჰოდა, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა: ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლო ისეთ ბრალდებას უყენებს, ზემონახსენებ ყაენსაც რომ გააკვირვებდა, რომელი დიდი მამულიშვილია?!

ცოტნე დადიანის გმირობას, შენი ლაპარაკით რომ არაფერი დააკლდება, ჩემზე უკეთ შენ იცი, მაგრამ, როცა ამბობდი, იმაზე არ ფიქრობდი, ამ ნათქვამით შენ რამდენი დაგაკლდებოდა?!

ამ ყველაფრის შემდეგ ჩემს თვალში ისეთივე ისტორიკოსი ხარ, როგორიც ბაჩო ახალაიაა ცოტნე დადიანი.

ისე, საინტერესოა, თუ ბაჩო ცოტნე დადიანია, გიგილო კალანდაძე ეგარსლან ბაკურციხელის დონემდეც ვერ ქაჩავს?!

სიმონ (არ გეგონოს, ქუჩურად გირჩევდე საქმეს), შენი ლოგიკიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, დავით აღმაშენებელს ვის შეადარებ და ძალიან გთხოვ 21 წლის დეპუტატზე არასოდეს თქვა, თანამედროვე თამარ მეფეაო.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილიც ჩამოვიდა, თავისი ფეხით ჩაბარდა სამართალდამცველებს და კიდევ ერთი ცოტნე დადიანის დაბადებას რატომ არ გვიანონსებ?! თუ ცოტნეობისათვის აუცილებლად "ნაციონალობაა" საჭირო?! იქნება დაგავიწყდა და შეგახსენებ: ოქრუაშვილიც იყო თავდაცვის მინისტრი და "ნაციონალური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი.

სიმონ ბატონო, გეცოდინება მეფის კარზე ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც მეფეს ართობდა. შენც ამ გზას ადექი და აღარაა ის დრო, მეფემ ესოდენ დიდი გარჯა დაგიფასოს?!

მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მალე ისე დაგივიწყებენ მეფეც და მის კარიც, როგორც ქართველი ხალხი დაივიწყეს წლების მანძილზე.

ბედნიერ კვირას გისურებთ თქვენი ლახუნდარელი