შეცდომების დანახვა-აღიარება(!) - კვირის პალიტრა

შეცდომების დანახვა-აღიარება(!)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილის პირველმა პრესკონფერენციამ პოლიტიკისთვის უჩვეულო - აღსარების ფორმატში ჩაიარა. ივანიშვილმა მთელი საქართველოს აუდიტორიის წინაშე ისაუბრა იმ პრობლემებსა და შეცდომებზე, რომლის წინაშეც ახალი მმართველი ძალა დადგა ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 თვის განმავლობაში. მთავარი ხიბლი, რაც ასეთი მართვის სტილს ახასიათებს, გახლავთ ის, რომ შეცდომების დანახვა-აღიარება მათი გამოსწორების საწინდარია. შედარებისთვის: "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე არ აღიარებს საკუთარი 9-წლიანი სახელისუფლებო მარათონის შეცდომებს და სწორედ ამიტომ არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის "ნაციონალთა" რევანშის წარმოდგენაც კი ღამეული კოშმარის ტოლფასი. და რადგანაც "ნაციონალები" ვერა და ვერ ჩასწვდნენ საკუთარი დამარცხების ლოგიკას, ისინი დღემდე ასრულებენ საფრთხობელას როლს საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელმაც არჩევნებში მას ხმა არ მისცა და სწორედ ამითი უქმნიან ყველაზე მყარ საძირკველს "ქართული ოცნების" მმართველობას; ანუ სანამ საზოგადოებას "ნაციონალური" რევანშის შიში ექნება, მანამ "ქართული ოცნების" მმართველობას არაფერი ემუქრება: ხალხი აიტანს ლამის ყველა დაპირების შეუსრულებლობას, ოღონდ არ დაბრუნდეს წინა ხელისუფლების 9-წლიანი მარწუხების ტყვეობაში. მოკლედ რომ ვთქვათ,

"ნაციონალების" რეინკარნაციის შიში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ერთგვარი ინდულგენციაა. თუმცა, ახალი ხელისუფლების ასეთი გამჭვირვალე მართვის სტილიც კი, რა თქმა უნდა, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ საზოგადოება გაიგებს წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის ლოგიკას.

ნულოვანი ტოლერანტობიდან მასობრივ ამნისტიამდე

ახლო პერსპექტივაში სახელისუფლებო ძალა, როგორც ჩანს, ორი გამოწვევის წინაშეც დადგება. ერთი გახლავთ მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი ამნისტია და მისი შედეგები და მეორე - საგარეო პოლიტიკა.

ბიძინა ივანიშვილმა ჩვეული გულწრფელობით აღიარა, რომ მოსალოდნელმა ფართომასშტაბიანმა ამნისტიამ შესაძლოა დროებით კრიმინოგენული სიტუაცია გააუარესოს და საზოგადოებას სთხოვა, მოთმინებით შეჰგებებოდა მოსალოდნელ გართულებებს(?!). მიუხედავად ამისა,  სწორედ კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავება შეიძლება იქცეს ახალ მმართველ ძალასა და მის მხარდამჭერებს შორის პირველ სერიოზულ ბზარად. საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ უქმნის მის სიცოცხლეს, თავისუფლებასა და საკუთრებას საფრთხეს: ხელისუფლებაში მოკალათებული მოძალადეები, თუ ქუჩაში გამოფენილი კრიმინალები.

თუ ახალი მთავრობა საზოგადოებას კრიმინალების შიშისა და საფრთხისაგან დაცულობის გარანტიებს არ შეუქმნის, ეს მას ბუმერანგივით მიუბრუნდება.

ამიტომ ყველაზე დიდი დაკვირვება, სიფრთხილე და ამნისტიას დაქვემდებარებულთა მიმართ სწორი კრიტერიუმების შემუშავება ხელისუფლებას სწორედ ამ პროცესში მართებს.

ამნისტიის თემამ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი, საინტერესო რაკურსით გაიჟღერა. მან თქვა, რომ პროკურატურა ვერ აუდის ათასობით განცხადების და საჩივრის მიღებას იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლებამ დააზარალა. და თუ ჩვენ ამ დაზარალებულთა უზარმაზარ მასშტაბს წარმოვიდგენთ, ისიც იოლი მისახვედრია, რამდენად მასობრივი შეიძლება აღმოჩნდეს იმ საჯარო მოხელეთა რიცხვი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ადამიანთა უფლებების ხელყოფაში, დაშინებაში,  საკუთრების წართმევაში და ა.შ. ბუნებრივია, სამართლის აღსრულების პროცესში ისინი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უნდა დაექვემდებარონ. და ვერც ერთი დასავლელი ლიდერი, ვერც ერთი ევროპული სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ მოსთხოვს ამ ადამიანებს, უარი თქვან შელახული უფლებებისა და ღირსების აღდგენაზე. მაგრამ, რა მასშტაბი შეიძლება შეიძინოს ასეთ შემთხვევაში დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივმა და სრულიად სამართლიანმა დევნამ?

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ასეთი შეიძლება აღმოჩნდეს ათიათასობით თუ არა, ათასობით მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების კრიმინალურ ქმედებებში. რითი შეიძლება მოუბრუნდეს ასეთი მასშტაბური სამართლის აღსრულება ქვეყანასა და საზოგადოებას? - ეს არის ის საკითხი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის სრულიად აუცილებელი მოთხოვნის მიღმა დაინახა. როგორც პრესკონფერენციიდან გაირკვა, მთავრობა ჩვენთვის უჩვეულო ტიპის იდეას ამუშავებს, რომლის თანახმადაც სისხლისსამართლებრივი დევნა და პასუხისმგებლობა თანამდევი შედეგებით შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, ხოლო დანარჩენი, რანგით დაბალი საჯარო მოხელეების მიმართ შეირჩეს სხვა სახის პასუხისმგებლობის ფორმა და არა თავისუფლების აღკვეთა. ეს გახლავთ ის გზავნილი, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრის ერთთვიანი მმართველობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად უნდა მივიჩნიოთ, რითიც ის პრინციპულად განსხვავდება წინა ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისგან.

საგარეო პოლიტიკა - "ქართული ოცნების" ახალი გამოწვევა

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესო იყო ივანიშვილის ის განცხადება, რომ ის არ აპირებს რუსეთში ჩასვლას მანამ, სანამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოებია. ეს განცხადება შეიძლება  დაბრკოლებად იქცეს "ქართული ოცნების" მიერ დეკლარირებული რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე, თუმცა, საფუძველს აცლის "ნაციონალების" ტირაჟირებულ პიარს ახალი მთავრობის პრორუსულობის შესახებ. საზოგადოდ, საგარეო პოლიტიკა ახალი ხელისუფლების გამოწვევად მიიჩნია ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონმაც, რაც ძალზე ყურადსაღები მითითებაა. "ქართული ოცნება" ამ გზავნილს განსაკუთრებული სიფხიზლით უნდა მოეკიდოს. ეშტონი ამბობს: "მე ვეტყვი პრემიერ ივანიშვილს: ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამდენ ძალისხმევას ახმარს ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევების გადალახვას. მან უნდა იფიქროს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზეც". ქეთრინ ეშტონის ეს რეპლიკა განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როცა ივანიშვილი აცხადებს, რომ მან აშშ-ში თავისი ვიზიტი გადადო იმიტომ, რომ ქვეყანაში გადაუდებელი ეკონომიკური პრობლემებია და ასეთ სიტუაციაში არ შეუძლია ხანგრძლივი საგარეო ვიზიტების განხორციელება.

არც ის არის გამორიცხული, რომ ამერიკაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გადადების ერთი-ერთი მიზეზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების კრიტიკული ინტონაციების მოსმენის შემდეგ ვიზიტისთვის უკეთ მომზადება იყოს. თუმცა, როგორც ჩანს, ევროკომისრის ზემომოყვანილი გზავნილი, საქართველოს ახალი ხელისუფლების საგარეო ურთიერთობებში კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნაკლებობასა და ამ დეფიციტის აღმოფხვრის სურვილს უფრო ეხებოდა, რადგან თავის კომენტარში შემდეგ ის დასძენს, რომ "საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, გაკეთდეს გამჭვირვალედ".

უდავოდ ყურადღებამისაქცევი ინტონაციები გაჩნდა ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორებსა და მეზობლებთან - თურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობაშიც, რაც ასევე გადაუდებელ რეაგირებას ითხოვს.

ასე რომ, განვლილი ერთი თვე თავისი მასშტაბურობით არაფერია იმ ამოცანებთან შედარებით, რომელთა გადაჭრა ახალ ხელისუფლებას მოუწევს.