"იცით, რატომ შემოინახეს ბენდუქიძე ჩინური კარალიოკივით?" - კვირის პალიტრა

"იცით, რატომ შემოინახეს ბენდუქიძე ჩინური კარალიოკივით?"

"უგულავამ ასობით მილიონი ბიუჯეტის ფული შთანთქა"

"აშშ მუბარაქს ბოლომდე იცავდა და მერე გაწირა. იგივე ელოდება სააკაშვილსაც"

"მაქვს გონივრული ეჭვი, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობდნენ"

"ყველაზე გონიერი ამ ბანდაში ახალაია აღმოჩნდა"

"მერაბიშვილი არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი და ამას დავასაბუთებ"

"მასხარაშვილმა შეურაცხყო სამეგრელოს ყველაზე დიდი წმინდანი"

წელს პირველად მოხდა, რომ 2003 წლის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ აღნიშნა "ვარდების რევოლუციის" წლისთავი, ამ თემით დავიწყე საუბარი გოგა ხაინდრავასთან, რომელსაც 23 ნოემბერს, გიორგობას შევხვდი:

- საქართველოში გიორგობა ყველაზე წმინდა რელიგიური დღესასწაულია და ამ ადამიანებს ცდუნება გაუჩნდათ, რომ ერთ გიორგობას, 6 მაისს, პოლიციის დღე დაარქვეს და მეორეს, 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის" დღე. ესენი ფაშისტური ხელწერის ნეობოლშევიკები არიან, რომელთაც გარყვნეს და განადგურების პირას მიიყვანეს ქვეყანა. მადლობა ღმერთს, რომ ორივე გიორგობის დღე აღდგა საქართველოში და ქართველი ერი დღეს გიორგობას ზეიმობს. ვაზი ტყუილად არ არის საქართველოს სიმბოლო. ქართველი ერი ვაზივით არის, - შეიძლება დაჭკნეს, ფორმა შეიცვალოს, სილამაზე დაკარგოს, წლების განმავლობაში ნაყოფი ვერ გამოიღოს, მაგრამ მაინც ცოცხლობს, არ კვდება...

ცოტა არ იყოს, იმედი გამიცრუა იმან, რომ ხელოვნური აჟიოტაჟია "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო, მედიაში ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმრად იხსენიებენ. ეს შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ახალაიამ სიცოცხლე გაუმწარა და პატივი აჰყარა. ახალაიას პოლიტპატიმრად მოხსენიება ჩემთვის, როგორც ყოფილი პოლიტპატიმრის, მოქალაქისა და მამაკაცისთვის შეურაცხმყოფელია. როდესაც დეგრადაცია კულმინაციას აღწევს, იმასაც ვნახავთ, რომ ვიღაც ძალად ისტორიკოსი ახალაიას ცოტნე დადიანთან გაათანაბრებს. ამით მასხარაშვილმა შეურაცხყო სამეგრელოს ყველაზე დიდი წმინდანი. სამეგრელოს ცოტნე დადიანზე დიდი წმინდანი არა ჰყავს. ახალაია ის კაცია, რომელიც ცოცხებით აუპატიურებდა მამაკაცებს ციხეში და ეს კაცი ჭკუათმყოფელმა წმინდანს უნდა შეადაროს?!.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ატეხილი ისტერია პოლიტიკურ დევნაზე საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობაა. თუმცა, ნაციონალებიდანაც ახალაიას პოლიტპატიმრობაზე აკო მინაშვილის გარდა აღარავინ ლაპარაკობს, რადგან წინა პლანზე გიგი უგულავაა, რომელსაც ასობით მილიონი ბიუჯეტის ფული აქვს შთანთქმული.

- უგულავამ მოუწოდა ხელისუფლებას, მეც დამაკავეთ შეთითხნილი ბრალდებითო.

- როდესაც მისი სასამართლო გაიმართება, ვნახავთ, რამდენად იქნება ეს ბრალდება შეთითხნილი. რამდენიმე ეპიზოდში მეც მივცემ მასზე ჩვენებას. მთავრობის წევრი ვიყავი, როდესაც აწ გარდაცვლილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ზურაბ სოსელიამ მთავრობის სხდომაზე შემოიტანა დასკვნა, სადაც მერიას 102 მლნ ლარი ჰქონდა გარღვევა, ლომაიას რეფორმატორულ სამინისტროს კი - 40 მლნ ლარი. ეს საბუთები დღემდე არსებობს.

აქედან მოყოლებული, უგულავას პატიოსნებაში ეჭვი მეპარებოდა და არასოდეს დამიმალავს ჩემი დამოკიდებულება. უგულავამ მთელი რიყე დაანგრია, ხალხს ქონება გაუნადგურა და მერე იმ ადგილას, კოდუასთან ერთად, სამსართულიანი მახინჯი სახლი ააშენა. უგულავასთან კერძო ქონებასთან დაკავშირებული ბევრი კითხვაა. ერთ საქმეში მეც ვფიგურირებ, როდესაც მოხდა ამ ქონების "გარეცხვა" და მერე ბეჟუაშვილისთვის ჩუქება. დავით ბეჟუაშვილი სააკაშვილის მოლარე იყო. ის უზრუნველყოფდა სააკაშვილის ხარჯებს.

ჩემი მინისტრობის პირველ დღეებში მახსოვს, მთავრობაში როგორ გაჩნდა ოქროს სამკერდე ნიშნები საქართველოს დროშის გამოსახულებით. ეს სამკერდე ნიშანი ჯერ სააკაშვილს გაუჩნდა, მერე ბეჟუაშვილს, ბარამიძეს და მეც მაჩუქა ბეჟუაშვილმა. ამის მერე მიშას, ზურასა და სხვების კაბინეტებში ოქროს ვარდები გაჩნდა, მაგრამ ბეჟუაშვილის კაბინეტში სამი ოქროს ვარდი რომ დავინახე, მივხვდი, წყარო ის იყო.

თუ დავით ბეჟუაშვილი სააკაშვილის მეჭურჭლეთუხუცესია, გელა ბეჟუაშვილი "დიდი მზვერავია". გასარკვევია მისი როლი აგვისტოს ომის წინ, როდესაც საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გენშტაბის უფროსმა როგავამ ოფიციალურად განაცხადა, რუსეთისგან ამხელა მასშტაბის აგრესიას არ ველოდებოდითო. სავარაუდოდ, საგარეო დაზვერვა არ აძლევდა გენშტაბს საფრთხის შემცველ ინფორმაციას, მაგრამ გენშტაბს ინფორმაციას აწვდიდნენ მწყემსები, რომლებიც მთებიდან ხედავდნენ საქართველოში შემოსულ ვეებერთელა კოლონას და ეს მონაცემები არ ჰქონდა საგარეო დაზვერვას. ყველაზე დიდი იმედგაცრუება გველოდება წინ, როცა დავინახავთ, რა უბადრუკი ადამიანების ხელში იყო ეს ქვეყანა და როგორ დაუშვა ქართველმა საზოგადოებამ, რომ ამ ბოგანოებს ავტორიტარული რეჟიმი დაემყარებინათ.

სააკაშვილის რეჟიმის კრახი დასავლეთისა და განსაკუთრებით აშშ-ისთვის დიდი მარცხია. მართალია, აშშ-მა მოასწრო ბოლო მომენტში ვირაჟის გაკეთება, მაგრამ წლების განმავლობაში ის იგნორირებას უკეთებდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს. აშშ მუბარაქს ბოლომდე იცავდა და მერე გაწირა. იგივე ელოდება სააკაშვილსაც.

ამას წინათ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველო განსაცდელშია და მე ჩემს ხალხთან დავრჩებიო. მისი ხალხი ის არის, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იკრიბება. იმის იქით ხალხი არ ჰყავს, რადგან მან არ დაიმსახურა ამ ხალხის სიყვარული და ეს უნდა ესმოდეს მსოფლიოს.

- მაგრამ დასავლეთი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს თანაცხოვრებისაკენ მოუწოდებს.

- დასავლეთი ცდილობს, გადაარჩინოს თავისი ფავორიტი, რომლის მოსალოდნელ ფიასკოზეც კარგა ხანია ვაფრთხილებდით მსოფლიოს. მიშა უკვე დამთავრდა. მოვრჩეთ სააკაშვილსა და ნაციონალებზე ლაპარაკს და ეგენიც მორჩებიან. სააკაშვილის რეანიმაცია შეუძლებელია. პოლიტიკური ფიგურა მიხეილ სააკაშვილი მოკვდა, ახლა ამ ფიგურას კარგად დასაფლავება უნდა.

სააკაშვილის ხელისუფლებამ იმდენი მტერი გაიჩინა, იმდენი შეურაცხყოფა და ტკივილი მიაყენეს ოჯახებს, მტერს და ავს მათი ბედი. სად უნდა იყვნენ მშვიდად? ყველაზე გონიერი მათ ბანდაში ბაჩო ახალაია აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად იპოვა თავისი ადგილი.

- ამბობენ, რომ უმნიშვნელოვანესი მოწმე სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილი იქნება.

- ერთმა გაზეთმა ირაკლის საქართველოში ჩამოსვლაზე დაბეჭდა ჩემი ასეთი კომენტარი "ეგ ვინ არის საერთოდ, რაში მაინტერესებს მისი ჩამოსვლა". ეს სიცრუეა. ეს ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

ოქრუაშვილს ბევრი აქვს სათქმელი არა მარტო სააკაშვილის რეჟიმის ზნეზე, არამედ მის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე. სააკაშვილის რეჟიმის კონსტრუქტორი, ამ სისტემის ნაწილი, ირაკლი ოქრუაშვილია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წელიწადი ის ამ სისტემაში აღარ იყო.

ის ბოროტმოქმედება, რომელიც სახელმწიფოს სახელით ჩაიდინეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, უნდა გამოიძიონ. თვითონ ციხეში ნაჯდომი ვარ და არავის ვუსურვებ ამას, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს. ვისაც ეკუთვნის ციხე, იქ უნდა შევიდეს. ირაკლი ოქრუაშვილი გონიერი კაცია, ის ყველაფერს გათვლიდა და თანაც პესიმისტურად. პესიმისტური გათვლით, ოქრუაშვილისთვის ძალიან ძნელია გარეთ გამოსვლა. ამნისტია 11 წელს არ მოუჭრის და რამდენიმე წელი მას ციხეში ყოფნა მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ სასაცილო ბრალდებაა, თითქოს ოქრუაშვილი პარიზიდან შეიარაღებულ ფორმირებებს აყალიბებდა. თუმცა, არის სხვა საქმეებიც.

ოქრუაშვილმა აღიარა მძიმე დანაშაული, რომ მისი შს მინისტრობის დროს იარაღსა და ნარკოტიკს უდებდნენ ადამიანებს. ირაკლის ნათქვამი აქვს, მე დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრი ვიყავიო.

- აქ ციხეში ჩასაჯდომად ჩამოვიდა?

- ირაკლი ძალიან დიდი დანაშაულების მომსწრე და მონაწილე იყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ამას არ მალავს. შესაძლოა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასჯელი მოიხადოს, ამით მოიხსნას ტვირთი და პირნათელი იყოს ქვეყნისა და შვილების წინაშე. ამ შემთხვევაში ხელისუფლების არაერთი დანაშაული გამოაშკარავდება.

სააკაშვილი ვერ გადაურჩება პასუხისგებას. ამით ოქრუაშვილი სასჯელს შეიმსუბუქებს. არ გამოვრიცხავ, რომ სერიოზული ჩვენებები მისცეს ბაჩო ახალაიამაც, რომელმაც, ალბათ, იცის, რომ ეს არის მისი ერთადერთი საშველი. რატომღაც გაატარეს და ყურადღება არ მიაქციეს იმას, რომ უგულავამ ოფიციალურად შექმნა შეიარაღებული ფორმირება.

- უგულავა ამბობს, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახური გააძლიერა.

- ამ დაცვის სამსახურს იარაღი აქვს და იარაღიანი ხალხი რასაც სჩადიოდა წლების განმავლობაში, ვიცით.

ბოკერია, რომელიც დღეს ივანიშვილის საპასუხო განცხადებებით არის დაკავებული, ციხის ბუნტის საქმეშია მხილებული. ვიცი, რასაც აკეთებდნენ ბუნტის დროს, ვიცი ომის დროს ბოკერიას და უგულავას როლის შესახებაც.

გენერალი კალანდაძე როგორ არის გმირი, როდესაც ყველაზე დიდი მსხვერპლი უგუნური სარდლობის გამო მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ნაწილებში იყო? ვისაც უნდა გაერკვიოს, ვის რა როლი ჰქონდა ამ ომში, წაიკითხოს გია ყარყარაშვილის წიგნი "ეს ჩვენი სამშობლო იწვის".

ძალიან საინტერესო ვითარებაში ვართ. ერთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ომის დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ისრაელის მოქალაქე აღმოჩნდა (მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია ერი, რომელსაც ასე უყვარდეს საქართველო და ამ სახელმწიფოსადმი ჩემს განსაკუთრებულ პატივისცემას ვადასტურებ), მეორე თავდაცვის მინისტრი (შაშკინი) კი აღმოჩნდა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. არ გამიკვირდება, თუ აშშ-ში წასვლამდე იყო ამერიკის მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, ალბათ, დღესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მანქანა ემსახურება მოსკოვში. აღარ დავასახელებ სხვა მეზობელ ქვეყნებს, რომელთა ლობისტებიც საქართველოს მთავრობაში იყვნენ. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობდნენ.

ღიად ვამბობ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი და ამას დავასაბუთებ. ჩემი გონივრული ეჭვით მერაბიშვილს დავალება ჰქონდა და ამიტომ ჩააბარა კოდორი, სადაც რატომღაც აღმოჩნდა ნატოსაგან გადმოცემული უახლესი იარაღი, რომელიც მთლიანად რუსების ხელში გადავიდა. მერაბიშვილი ასევე დავალებას ასრულებდა, როდესაც დიმა სანაკოევის სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად არჩევის ოპერაციის სულისჩამდგმელი იყო.

გარდა ამისა, სააკაშვილის მაღალჩინოსნები ქურდბაცაცები არიან. მათ გაძარცვეს ქვეყანა, ფული ოფშორულ ზონებში გაიტანეს არაბების სახელებით და ჰგონიათ, არ ვიცით. რაგინდ დიდი თავიც უნდა ჰქონდეს ბენდუქიძეს, ვერ გამოიგონებს იმაზე ახალ სქემებს, რასაც უოლსტრიტზე იგონებენ. ამ სქემებით გაიშიფრება მათი ნაძარცვიც. ამ ძარცვის სქემებში დიდი როლი რომ აქვს ბენდუქიძეს, ამიტომაც შემოინახეს ჩინური კარალიოკივით. ეს კარალიოკი დამწიფდება და ბენდუქიძესაც მოუწევს მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა. საქართველოში ნიურნბერგის პროცესი შედგება და სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს გაასამართლებენ როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს.

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში