მიქაელ რასმუსენი: "სააკაშვილის მთავრობა არაფერს აკეთებდა ხალხის საკეთილდღეოდ" - კვირის პალიტრა

მიქაელ რასმუსენი: "სააკაშვილის მთავრობა არაფერს აკეთებდა ხალხის საკეთილდღეოდ"

"წინა მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი არ მქონდა"

ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ბიძაშვილი მიქაელ რასმუსენი საქართველოში მსხვილი ინვესტიციების დაბანდებას აპირებს

არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ საქართველოთი მსხვილი ბიზნესჯგუფები დაინტერესდნენ. ნავთობის ბიზნესი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა - ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი იმ სფეროებისა, რომელთა განვითარებისთვის ახალი ბიზნესპროექტები განხორციელდება. ამჯერად საქართველოში მსხვილი ინვესტიციების დაბანდებას რასმუსენების ოჯახის ერთ-ერთი წევრი - მიქაელ რასმუსენი აპირებს. იგი, გარდა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ახორციელებს მსხვილ ბიზნესპროექტებს, გაეროს საპატიო ელჩიც გახლავთ. თუ რა გეგმები აქვს მიქაელ რასმუსენს, ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ბიძაშვილს საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენს ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ.

მიქაელ რასმუსენი: - საქართველოთი თქვენს ქვეყანაში ოქტომბერში მომხდარი ცვლილებების შემდეგ დავინტერესდი. ჩემი კომპანია დაინტერესებულია, განახორციელოს ახალი პროექტები, რომლებიც ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვაქვს უკვე დამუშავებული ეკონომიკური პროექტები საქართველოსთვის. მსგავსი ბიზნესპროექტები წარმატებით განვახორციელეთ დანიაში, შვედეთში, გერმანიაში, სენეგალში. ამჟამად ვცდილობთ ასეთი პროექტების განხორციელებას ნიგერიაში. გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ინდოეთთანაც. ვფიქრობთ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც წარმატებებს მივაღწევთ...

- რატომ დაინტერესდით საქართველოთი მაინცდამაინც ახლა?

- საქართველოთი ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ წინა მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი არ მქონდა, რადგან იდეური უთანხმოება მქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან. დღევანდელი მთავრობის დეკლარირებული პრინციპები და საქმიანობის მეთოდები ძალიან საინტერესოა და დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილიც ამიტომ გაგვიჩნდა.

- რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე უარი თქვით?

- დავიწყებ იმით, რომ მსხვილი ბიზნესპროექტების განხორციელების წინა პირობა ნებისმიერ ქვეყანაში არის სხვადასხვა ქვეყანასთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა. წინა მთავრობის ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან ნორმალურს ვერ დავარქმევდი. ამასთან, კარგად ვიცოდი, რა ხდებოდა საქართველოში, რა პროცესები მიმდინარეობდა თქვენს ქვეყანაში.

- მაინც რა იცოდით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?

- ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია ყველაფერზე, რაც თქვენს ქვეყანაში ხდებოდა. საქართველოში მეგობრები მყავს და ვიცოდი აქ მიმდინარე მოვლენების თითქმის ყველა წვრილმანი. ამ ეტაპზე მეტის თქმას ნუ მომთხოვთ, მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილის მთავრობა არაფერს აკეთებდა ხალხის საკეთილდღეოდ; სწორედ ამის გამო იყო შეუძლებელი საქართველოსთან თანამშრომლობა. ოქტომბერში მომხდარი ცვლილებების შემდეგ საქართველოში მსხვილი ინვესტიციებისა და ბიზნესპროექტების განხორციელებაზე ფიქრი უკვე შეიძლება. ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

- რომელ სფეროში აპირებთ ბიზნესპროექტების განხორციელებას?

- ვგეგმავთ პროექტების განხორციელებას ნავთობის ბიზნესისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარების სფეროებში, ასევე ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში.

- ამას წინათ ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა: "თუ ქვეყანაში მიმდინარე დაჭერები პოლიტიკურად მოტივირებულია, ეს ქვეყნისა და მთავრობის იმიჯს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს". ამ განცხადებამ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ანდერს ფოგ რასმუსენი თქვენი ახლო ნათესავია. ბატონი ანდერსიც ხომ კარგად არის ინფორმირებული წინა ხელისუფლების დანაშაულთა შესახებ... მაშ, რით ავხსნათ მისი ეს განცხადება?

- რაც შეეხება ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას: მან შეაქო საქართველო ნატოსკენ მისწრაფებისთვის, მოიწონა აქ მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის. ვფიქრობ, ეს განცხადება მნიშვნელოვანი მესიჯი იყო ახალი ხელისუფლებისთვის, რომ არ მოხდეს დემოკრატიის პრინციპების დარღვევა.

- საქართველოში მსხვილი ბიზნესპროექტების განხორციელებაზე საუბრობთ... იცნობთ თუ არა ქართველ ხალხს? რა იცით ჩვენი ქვეყნის შესახებ?

- საქართველოსა და ქართველ ხალხზე ბევრი რამ ვიცი. მე თქვენი ხალხი მათი ბრძოლისუნარიანობის, უკეთესი მომავლისაკენ სწრაფვის დიდი სურვილისა და საოცარი გულითადობის გამო შევიყვარე. ვიცი, რომ ძალზე შრომისმოყვარე, დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ერია. საქართველოს აქვს სურვილი და რაც მთავარია, შესაძლებლობა, გახდეს წარმატებული ქვეყანა. მე დავაფუძნე კომპანია "სიპსა" ამერიკაშიც, სადაც ჩემი პარტნიორი და კომპანიის პრეზიდენტი ქართველი დავით კარტოზიაა. ვიცი ქართველთა შრომისმოყვარეობისა და ნიჭის ფასი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩემი კომპანია "სიპსა" დიდი წარმატებით მუშაობს. შევეცდები, ჩემს ქართველ პარტნიორებთან ერთად დავეხმარო ქართველ ხალხს მდგომარეობის გამოსწორებაში. უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას ვაპირებ და დანარჩენზეც მაშინ ვისაუბროთ...