"თუ ვინმეზე გაბრაზდებიან, ეს გადაიზრდება პროკურატურაში დაბარებაში" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმეზე გაბრაზდებიან, ეს გადაიზრდება პროკურატურაში დაბარებაში"

"გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ ისე იზეიმა ეს გამარჯვება, თითქოს არჩევნებში კი არა, მტერზე გაემარჯვოს"

"ჩვენ ვიქნებით კრიტიკულებიც, მწვავეებიც, კონსტრუქციულებიც, მხარდამჭერებიც ქვეყნის და ხალხისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებისას", - გვითხრა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა:

- ბატონო გიგი, წელს პირველად არ აღინიშნა "ვარდების რევოლუციის" წლისთავი, რატომ შეიკავა თავი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ თარიღის აღნიშვნისაგან?

-  რაიმე სახელმწიფოებრივი ღონისძიება მართლაც არ ყოფილა. 23 ნოემბერს გვქონდა შეხვედრა, მაგრამ ბანკეტი არ გაგვიმართავს. რევოლუციის წლისთავის აღნიშვნას გარკვეული მიღწევების პრეზენტაციაც ახლდა ხოლმე. მიმაჩნია, რომ რევოლუციიდან 9 წლის თავზეც გვქონდა მიღწევა, როდესაც დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდა, რასაც მთელი დემოკრატიული მსოფლიო მიესალმა.

- "ვარდების რევოლუციის" მეცხრე წლისთავზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა განსაცდელშია და ის ამ განსაცდელში თავის ხალხს არ მიატოვებს. რა იგულისხმა?

- პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის პათოსი  რეალობის შესაბამისი იყო. მან თქვა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა და პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს. მთავარი განსაცდელი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთთან ურთიერთობა გაურკვეველია და  უცნობია როგორი იქნება ახალი სტრატეგია. პრეზიდენტი, ალბათ, გულისხმობდა პროცესების მშვიდობიანი განვითარების აუცილებლობას და ოქტომბრის არჩევნების მონაპოვრის არა მარტო შენარჩუნებას, არამედ მის გაღრმავებას. მონაპოვარში არ ვგულისხმობ ჩვენი პოლიტიკური ძალის საარჩევნო შედეგს, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს ხარისხობრივად სხვა ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ამ არჩევნებით ქვეყანამ გაიმარჯვა იმ კუთხით, რომ ყველაფერი ძალიან ცივილიზებულად ჩატარდა. თუმც ამ პროცესების გაგრძელება შეიძლება არ ჩანდეს იმდენად ნათელ ფერებში და შესაძლოა ეს არის განსაცდელი.

- რატომ გაეჭვებთ პროცესების მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა?

- იმიტომ, რომ არჩევნებს მოჰყვა რევანშისტული განწყობები. გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ ისე იზეიმა ეს გამარჯვება, თითქოს არჩევნებში კი არა, მტერზე გაემარჯვოს. ახალი ხელისუფლების, უმრავლესობის და პრემიერის მხრიდან ხშირად ისმის მუქარა. ასევე ვხედავთ კონკრეტულ მოქმედებებს.

- რა მოქმედებებს გულისხმობთ და რომელ განცხადებებში დაინახეთ მუქარა?

- ვგულისხმობ დაპატიმრებების სერიას. თუ ვინმეზე გაბრაზდებიან ან თვალში არ მოუვათ, ეს გადაიზრდება პროკურატურაში დაბარებაში. ეს საშიშროება დამოკლეს მახვილივით დაიკიდა "ნაციონალური მოძრაობის" თავზე. ხდება თვითმმართველობის შევიწროება. სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგი არ ვართ. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, უნდა გამოიძიონ და დანაშაულების პრევენცია უნდა მოხდეს. წინა ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში მკაცრი იყო, როდესაც არა მარტო სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, არამედ სახელმწიფო ჩინოვნიკებიც ისჯებოდნენ. მიმაჩნია, რომ რამდენიმე მიმართულებით მართლაც ზომაზე მეტი იყო სასჯელები და შეიძლებოდა უფრო ლმობიერი სანქციები ყოფილიყო თუნდაც ეკონომიკური გადაცდომებისთვის. სხვა მიზეზებთან ერთად, ალბათ, ამანაც იმოქმედა არჩევნების შედეგებზე.

პრემიერ-მინისტრი ხშირად უსვამს ხაზს, რომ სამართლიანობა  და სამართლიანი სასამართლო უნდა იყოს. ამას ჩვენც მხარს ვუჭერთ, მაგრამ როდესაც სასამართლოებზე არ არის მტკიცებულებები და უსუსტესი არგუმენტები მოჰყავთ, ეს კარგი არ არის. სამეგრელოს პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი როდესაც დააკავეს, ნარკოტიკიანი სითხე დაალევინეს და იარაღი ჩაუდეს. ითქვა, - ადრე თუ თქვენ იქცეოდით ასე, ახლა ჩვენ მოვიქცევითო. თუკი ოდესმე ვინმემ ეს გააკეთა, ამას გამართლება არა აქვს. მუდმივი არაფერი არ არის. ეს ხელისუფლებაც დასრულდება და მათაც ასე მოექცევა სხვა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში.

- საპარლამენტო დებატებისას ჩნდება განცდა, რომ თანამშრომლობის ნაცვლად ეს ორი პოლიტიკური ძალა მტრობთ ერთმანეთს.

- პარლამენტში თანამშრომლობა არ გამორიცხავს დისკუსიას, მწვავე კრიტიკას და დებატებს. Pთქვენ პრეზიდენტის გამოსვლაზე მკითხეთ, მაგრამ არანაკლებ საინტერესო იყო პრემიერის განცხადებები ჟურნალისტებთან შეხვედრისას. სადაც ოპონენტებისადმი რიტორიკის შეცვლის მოწოდება იყო. როგორ უნდა შევიცვალოთ რიტორიკა? არ ვიკითხოთ ტარიფები რატომ არ მცირდება? სოფლის მეურნეობის ფონდი როდის ამოქმედდება? 220-ლარის ნაცვლად ადამიანებს 125-ლარიან პენსიას რომ აძლევენ, ეს დაპირებისაგან დიდად განსხვავდება თუ არა? რუსეთთან როგორი იქნება ურთიერთობა? გამოდის, თუკი ასეთ რამეს ვიკითხავთ, ჩვენ დაგვემუქრებიან. მუქარებს ყოველდღიურად ვისმენთ პარლამენტში, რადგან იქაც კასტინგი მიმდინარეობს და ადამიანები ცდილობენ თავის გამოჩენას ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ყველაფერი კიდევ წინ არის. მთავრობაში ცვლილებები იქნება და ბევრს მიაჩნია, რომ მისი აქტიურობა სამომავლოდ სათანადოდ დაფასდება.

ბიძინა ივანიშვილი თავიდან კონსტრუქციულად საუბრობდა, მაგრამ ბოლო გამოსვლაში განაცხადა - ოპოზიციამ რიტორიკა უნდა შეცვალოს, თორემ პროკურატურაში ხალხის რიგები არ შემცირდებაო. ეს ძალიან სახიფათო განცხადებაა. არ მინდა, რომ ამან მოგვაგონოს ჩვენი ისტორიის ავბედითი წლები, როდესაც ხალხის სახელით იწერებოდა განცხადებები და ხალხის სახელით აპატიმრებდნენ ადამიანებს. მუდმივად ხომ არ იქნება ეს დაპატიმრებები? პროცესი სადღაც უნდა გაჩერდეს. სხვანაირად საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი ელოდება. ასევე ვხედავ ამნისტიის შედეგად დანაშაულის ზრდის საშიშროებას. სამართლიანობის აღდგენას უფრო დიდი რამ არ უნდა გადავაყოლოთ. შს მინისტრმა ღარიბაშვილმა სწორად ბრძანა - ამნისტიის პროცესს სიფრთხილით ვუდგებითო. ეს ადეკვატური განცხადებაა, რომელსაც მივესალმები. ასეთი გზავნილები უნდა ყოფილიყო პრემიერისგანაც.

თუ ხელისუფლება შეასრულებს დაპირებებს, საგრძნობლად გააიაფებს ტარიფებს, მადლობას გადავუხდი. თუ გაიზრდება სოციალური დახმარებები, ამას რა სჯობს, მაგრამ უკვე ერთი თვე გავიდა და დეპუტატებმაც არ ვიცით, რას სთავაზობს მთავრობა მოსახლეობას ჯანდაცვის და სოციალური დახმარების კუთხით. ბევრი სოციალური დაპირების შესასრულებლად თანხა არ ჩანს. თუ შესაძლებელი იყო, რატომ ვერ ხერხდება უკვე მეორე თვეა ბენზინის ფასის შემცირება? კარგია, რომ ბატონმა ბიძინამ აღიარა, - არასწორი გათვლები გვქონდაო. პრემიერისგან ასეთი გულწრფელობა კარგია, მაგრამ ხალხი დაპირების შესრულებას მოითხოვს.

- მაგრამ ერთი დაპირება უკვე შეასრულა ხელისუფლებამ - ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე ბრუნდება.

- რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ ჩნდება კითხვა - რის ფასად? არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი დათმობების მოთხოვნის გარეშე, რუსეთი საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს.