ვანოს ვარამი - კვირის პალიტრა

ვანოს ვარამი

გამარჯობა. დიდი სურვილი მქონდა, ამ კვირაში მაინც არავის გამოეჩინა თავი ტყუილების თქმით და ჩემთან სტუმრობის ღირსი არ გამხდარიყო, მაგრამ ისვენებენ?!

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში, ექსშინაგან და ექსპრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში პოლიტიკური ნიშნით დევნა და დაპატიმრება არ ხორციელდებოდა!

მაშინვე სახეზე შევხედე, თუ გაწითლდა, აღარ მოვიპატიჟებ-მეთქი, მაგრამ სიწითლის ნიშანწყალი ვერ შევატყვე და ამიტომაც მოვიწვიე სტუმრად ბუხართან.

ბატონო ვანო, 9 წელია ხელისუფლებაში ხართ და ამ ხნის განმავლობაში საქართველომ პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მოწინავე ადგილი დაიკავა (სხვათა შორის, ეს, მგონი, ერთადერთი სფერო იყო, რაშიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მართლა მოწინავეები ვიყავით) და ამდენ პატიმარში ერთიც არ დაგიჭერიათ პოლიტიკური ნიშნით, თუ თემურ ჟორჟოლიანი, ფოტორეპორტიორები, ვახტანგ მაისაია, 26 მაისის აქციის 40-ზე მეტი მონაწილე და სხვა უამრავი მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით გამოკეტეთ ციხეში?!

ივანე ბატონო, მესმის, რთულია, როცა ყოველდღე პროკურატურიდან ელოდები ზარს, მოწმედ როდის დაგიბარებენ, მაგრამ, დამერწმუნეთ, ასმაგად რთულია, როცა უდანაშაულო ხარ და დაგაპატიმრებენ.

ჩემი სტუმარი რამდენიმე დღის წინ ნაცმოძრაობის დამარცხების მიზეზსაც შეეხო: "ჩვენი დიდი შეცდომა იყო ის,  რომ არ გავმართეთ დიალოგი და დებატები საზოგადოებასთან, რამაც გამოიწვია ჩვენი დამარცხება". ჩემო კარგო, ეგ შეცდომა კი არა, დანაშაულია!!! როცა ხელისუფალი გქვია და საზოგადოებას უგულებელყოფ, მიიღებ იმას, რასაც თქვენ დღეს პოლიტიკურ დევნას ეძახით!!!

ისე, ივანე ბატონო, ჭორები დადის ქალაქში, პატრულის დანახვაზე გითქვამთ - გველი, გველი გამიზრდია უბეშიო და ძალიან გთხოვთ, მთლად აკაკის "გამზრდელივით" ნუ მოიქცევით და ტყვიას ნუ იკრავთ შუბლში.

ჩემს სტუმარს არც ცუდს ვკადრებ და არც ქებას დავუწყებ, მაგრამ იმას შევახსენებ (თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ იცის), რომ თავისივე შექმნილი უწყება, რითაც წლების მანძილზე ამაყობდა (სხვათა შორის, ერთხელ ისიც თქვა, -  პატრულს უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობასო"), არავითარ დანაშაულს არ დატოვებს უყურადღებოდ, ხოლო უდანაშაულო, თუ 9 წელი არავინ დაუჭერიათ, არც აწი დაიჭერენ. ამის თავდებად მე დავუდგები ბატონ მერაბიშვილს.

სხვა რა ვთქვა? მე მხოლოდ ლაპარაკი შემიძლია და საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს. ბედნიერ კვირას გისურვებთ. თქვენი ლახუნდარელი.

P.S. ერთი ლამაზი სიმღერა გვაქვს, სადაც მისამღერში ასეთი სიტყვებია -  საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია. ვანო ვიცოდი ვინც იყო, მაგრამ ეს ანო ვინაა, დღემდე ვერ გავიგე (ყველა ენაზე ვთარგმნე "ანო" და არც ერთ ენაზე არ ჟღერს როგორც "მიშა") და თუ ვინმემ რამე იცით, შემეხმიანეთ, მადლობელი დაგრჩებით.

ლახუნდარელის და ვანო მერაბიშვილის შეხვედრას დაესწრო ლადო გოგოლაძე