მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ნათელი პასუხების მოლოდინში

სამართლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანი პროცესია, ამიტომ ახალ ხელისუფლებას დიდი დაკვირვებულობა მართებს, პლუს პრინციპულობა. ძალიან სახიფათო იქნება, თუ ამ პროცესის დისკრედიტირება მოხდება. მთავარ საფრთხეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ისტერიკა ან დასავლურ პრესაში დაბეჭდილი სტატიები კი არ ქმნის, არამედ ხელისუფლების მიერ შეცდომების დაშვება. "ნაციონალების" ამბავი აბსოლუტურად გასაგებია, - ისინი თანაგუნდელებს იცავენ. აბა, ის უფრო მოგეწონებოდათ, საკუთარი ტყავის გადასარჩენად თანაგუნდელები რომ მიეტოვებინათ? სამაგიეროდ, ჯერ ვერ ამოვხსენი, რა არის დასავლური პრესის ცალმხრივობის მიზეზი.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იქ გამოქვეყნებულ სტატიებს რომ ვკითხულობ, სულ მიკვირს, ეგენი როგორ გვასწავლიან ჟურნალისტურ სტანდარტებს? ასეთი მიკერძოებულობა ჯერ არ მინახავს. ამ მხრივ რეკორდი მოხსნა ფრანგულმა "ფიგარომ", რომელმაც მარტო ის კი არ გამოაცხადა, რომ საქართველოში ხალხს პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებენ, არამედ ივანიშვილის პრორუსულ ორიენტაციაზეც დადასტურებული ფაქტივით ისაუბრა. ვფიქრობ, ყველა დასავლელი ლიდერის თუ ჟურნალისტის პრეტენზიაზე ერთი პასუხი არსებობს: შეუძლებელია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებასა და პროცესის გაუმჭვირვალობაზე ლაპარაკი, ვიდრე თუნდაც ერთი სასამართლო პროცესი არ გაიმართება. იქნებ ამ ადამიანებს სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებს? ან უკრაინასთან პარალელების გავლება როგორ შეიძლება? ტიმოშენკოს ხომ უკვე მისჯილი აქვს? აქ კი ჯერ არც ერთ გახმაურებულ საქმეზე სასამართლო არ გამართულა. მოკლედ, პასუხი ყველაფერზე არსებობს, უბრალოდ ახლა მთავარია, ხელისუფლებამ არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის პროცესის დისკრედიტაციას მოახდენენ. ჩვენ სწორედ ამ კონტექსტში უნდა ვიაქტიუროთ და დავსვათ კითხვები. მაგალითად ასეთი: რატომ დაემთხვა ერთმანეთს სხვადასხვა ქალაქში თვითმმართველობის წარმომადგენლებზე თავდასხმა, შენობებში შეჭრა და ზესტაფონის გამგებლის დაპატიმრება ხულიგნობის ბრალდებით.

კახა გეწაძე შეიძლება უცოდველი არ არის, მაგრამ გამგებელს სიმთვრალეში ჩხუბის გამო რომ იჭერ, კითხვები როგორ არ გაჩნდება? გასაგებია, რომ იურიდიულად შეიძლება ყველაფერი გამართული იყოს, მაგრამ საქართველოში სიმთვრალეში ვის არ უჩხუბია? თან როდესაც ანალოგიურ და შეიძლება უფრო მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი სხვა პირები გირაოთი გყავს გამოშვებული (ლევან გაჩეჩილაძისა და ჟურნალისტ ეკა ბერიძის შვილებს ბრალი ჩხუბის დროს დაჭრაში ედებოდათ). ასევე დღემდე გამოუძიებელია გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, გუნავას სარჩელი, რომელიც ნარკოტიკების შენახვისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავეს. ვიდრე ახალი ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს, ან არ დაამტკიცებს, რომ გუნავას ნარკოტიკები და იარაღი მართლაც ჰქონდა, ან არ დააპატიმრებს იმ პირებს, ვინც ის დაიჭირა, მანამდე კითხვები იქნება. ყველაფერთან ერთად, ისევ ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით გორში სამი ჩინოვნიკი დაიჭირეს, მაგრამ ორი გამოუშვეს. ეს ყველაფერი ჩემთვის საეჭვო მომენტებია. იმედია, ყველა კითხვაზე ნათელ პასუხს მივიღებთ.

ახალი სტანდარტი

წინა იუსტიციის მინისტრის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არაფერს ამბობდა, ახალი კიდევ ყველაფერს ამბობს, რასაც ფიქრობს. ადრე გამოვიდა და დაპატიმრებულ ბაჩო ახალაიას პირდაპირ ეთერში "მონსტრი" უძახა. ახალაიაზე შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ მონსტრია, მაგრამ, როდესაც ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი ხარ, პატიმრის დემონიზაციას კი არ უნდა ახდენდე, მისი ბრალეულობის დამტკიცებით უნდა იყო დაკავებული. თეა წულუკიანი აღარ არის ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი, ის ქვეყნის იუსტიციის მინისტრია. თუმცა, ჯერ ისევ დეპუტატივით ლაპარაკობს. მისმა ბოლო განცხადებებმა მისივე თანაგუნდელი, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგურიც კი გააბრაზა. ძიძიგურმა, პალიტრა.ტვ-ს ეთერში, ჩემს გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა: "იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. მათ მხოლოდ კანონის მიხედვით უნდა გასცენ პასუხი საზოგადოებას და თავიანთ ემოციურ დამოკიდებულებას არ უნდა ამჟღავნებდნენ არავის მიმართ."

ძიძიგურის შენიშვნის მიზეზი წულუკიანის ის განცხადებაც გახდა, რომელიც მან ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული კახა გეწაძის საქმეზე გააკეთა. როდესაც მას "ნაციონალებმა" ლევან გაჩეჩილაძის შვილის გირაოთი გათავისუფლება შეახსენეს, ქალბატონმა მინისტრმა ბრძანა: ""პატარა ""გრეჩიხა"" არც გამგებელია და არც ყოფილი დეპუტატი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ გამგებლებს და ყოფილ დეპუტატებს, გაიაზრონ, რა თანამდებობები უკავიათ. ნუ ადარებენ თავს იმ ბიჭებს, რომლებსაც, შესაძლოა, მათი მსგავსი ქმედება ჩაუდენიათ". იურისტი არა ვარ, მაგრამ ეჭვი მეპარება, ხულიგნობა იმის მიხედვით მძიმდებოდეს, თანამდებობის პირმა ჩაიდინა თუ უბრალო მოქალაქემ. სხვა საკითხია, რომ თანამდებობის პირს მეტი თავშეკავება მოეთხოვება, მაგრამ ამას სისხლის სამართალთან რა კავშირი აქვს?

თუმცა, მთელ ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ თანაგუნდელი თანაგუნდელს საჯაროდ აკრიტიკებს. "ნაციონალური მოძრაობა" ყველა თავის მინისტრს კბილებით იცავდა, რა სისულელეც უნდა ჩაედინათ და ეთქვათ. თუ "ქართული ოცნება" თავის დანიშნულ მინისტრებს მხოლოდ კი არ დაიცავს (უსამართლო ბრალდებების შემთხვევაში ესეც საჭიროა), არამედ გააკრიტიკებს და გააკონტროლებს კიდეც, ეს უკვე ახალი სტანდარტი იქნება.

ეს ის მიშა აღარ არის!

ამასობაში ჩვენი პრეზიდენტი სულ დაგვავიწყდა. არადა, ჯერ კიდევ ორი თვის წინ ძალიანაც რომ გნდომოდა მისი დავიწყება, ამის საშუალებას არაფრით მოგცემდა. ყოველდღე სადღაც იყო. ახლა კიდევ შიგადაშიგ თუ შეგვახსენებს თავს.

ვეღარ გამოიყურება ძველებურად. სადღაა ცეცხლოვანი თვალები და ენერგიული ნაბიჯები. ლაპარაკი რაღაც მელანქოლიური გაუხდა. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, იმის, რომ დაფინანსება შეუმცირეს, თუ იმის, რომ ქვეყნის ბედზე დარდობს. აკი თქვა, საქართველო ახლა განსაცდელშია და მე ჩემს ხალხს ასეთ ვითარებაში არ მივატოვებო. როგორი გულის ამაჩუყებელი იყო ეს სიტყვები პრეზიდენტის ბაგეთაგან წარმოთქმული, პრეზიდენტის, რომელიც წასასვლელად ემზადება და არ სურს საკუთარი ხალხი მტარვალებს დაუტოვოს. ზოგჯერ მგონია, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, თავს ვეღარც პრეზიდენტად აღიქვამს. სხვაგვარად ვერაფრით ამიხსნია, რატომ იღებს სტუმრებს და რატომ აკეთებს განცხადებებს გულზე ამერიკის დროშამიკერებული? ლეგენდარულ პალერმოს მერს რომ უმასპინძლა, სწორედ ის ქურთუკი ეცვა, რომელიც ამერიკაში აჩუქეს და რომელზეც ამერიკის დროშაა მიკერებული. გასაგებია, რომ ეს ქურთუკი მისთვის ძვირფასია, მაგრამ მაინცდამაინც კამერების წინ უნდა ჩაიცვას? თუმცა, ახლა ისეთ მდგომარეობაშია, მკაცრად ნუ განვსჯით. საკუთარ თავს აღარ ჰგავს. კიევში წავიდა და თან ბებია იახლა. ქართველი კაცი რომ კიევში წავა და თან ბებიას წაიყვანს, წასულია მისი საქმე! არა არა, ეს ის მიშა აღარ არის!