"ათკაციანი ჯგუფი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ჩემს გადადგომას ითხოვდა. კაბინეტში ვიჯექი და ვერდიქტს ველოდებოდი" - კვირის პალიტრა

"ათკაციანი ჯგუფი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ჩემს გადადგომას ითხოვდა. კაბინეტში ვიჯექი და ვერდიქტს ველოდებოდი"

არქივი 2012 წელი

"ათკაციანი ჯგუფი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ჩემს გადადგომას ითხოვდა"

"მერიაში, კაბინეტში ვიჯექი და ვერდიქტს ველოდებოდი"

"კვირის პალიტრას" 2002-2004 წლებში ქუთაისის მერი, ნუგზარ ფალიანი დეტალებს უმხელს:

- პირველი მერი ვიყავი, ვინც ქუთაისელებმა პირდაპირი წესით აირჩიეს 4 წლით. "ახალი მემარჯვენეების" წევრი ვიყავი და გავიმარჯვეთ არჩევნებში, მაგრამ 2003 წელს მოხდა რევოლუცია და ვითარება შეიცვალა. რევოლუციის მერე მერიის წინ ათკაციანმა ჯგუფმა აქციების გამართვა დაიწყო. განსაკუთრებით აქტიურობდა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე აქტივისტი: შუშანია (რომელიც მერე ვიცე-გუბერნატორი გახდა), ჯიბო ჯიბლაძე და ქუთაისის დღევანდელი მერი ბრეგაძე.

თანამდებობიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ ათივემ თანამდებობა მიიღო ქუთაისში. თითქმის ყველა მათგანი რაღაც პერიოდით იყო ქუთაისის მერი. ჩემს მერე ქუთაისის მერი მოჭადრაკე თამაზ გიორგაძე გახდა, ოღონდ ცოტა ხნით.

- თამაზ გიორგაძეც მონაწილეობდა თქვენს საწინააღმდეგო აქციებში?

- არა, ის გუბერნატორ დავით მუმლაძის კაბინეტში იჯდა და ელოდებოდა, როდის გათავისუფლდებოდა ქუთაისის მერის პოსტი.

ის ათი კაცი კი გამოიტანდა ტრიბუნას მერიის წინ და გაჰკიოდა, გადადექიო. თბილისში წამოვედი და პრეზიდენტს შევხვდი. მიშამ მხარდაჭერა გამომიცხადა. მითხრა, დაბრუნდი ქუთაისში და გააგრძელე მუშაობაო. ვუთხარი, ქალაქის ხელმძღვანელობა გადამდგარია, მარტო ვარ და მთავრობაში ხალხს არ მანიშვნინებენ-მეთქი. მითხრა, ვინც გინდა, დანიშნეო. ჩამოვედი ქუთაისში, ერთი დავნიშნე, მეორე და ჩემი მოწინააღმდეგეები გააქტიურდნენ. ზურაბ ჟვანიამ დამირეკა, ისინი, აქციაზე რომ დგანან, თანამდებობებზე დანიშნეო. დავიბარე და ვუთხარი, მოდით, დაგნიშნავთ თანამდებობებზე-მეთქი, მაგრამ ერთმანეთში ვერ იყოფდნენ პოსტებს.

გუბერნატორი დავით მუმლაძეც ძალზე აქტიურობდა. პარალიზებული ვიყავი, ქალაქში საქმე ვერ კეთდებოდა. დავრწმუნდი, რომ ჩემს ამ პოსტზე ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, მუშაობის საშუალება არ მეძლეოდა და მოვიწვიე საკრებულოს სხდომა, გადავეცი ჩემი განცხადება და უფლებამოსილება მოვიხსენი. მე ვერავინ გადამაყენებდა, რადგან არჩეული ვიყავი, ან უნდა დავეჭირე, ან ნებით უნდა წამოვსულიყავი.

დავით მუმლაძეს ძალიან უნდოდა, დავეჭირე. ამისთვის ქუთაისის მერიის საქმიანობის კომპლექსური შემოწმება დაიწყეს. კონტროლის პალატა, პროკურატურა, ფინანსური სამსახური გვამოწმებდა. 4 თვე მამოწმებდნენ. მე კაბინეტში ვიჯექი და ვერდიქტს ველოდებოდი. ვერაფერი ნახეს, დანაშაული რომ ვერ მომიძებნეს, მუმლაძემ მომისია ის ათკაციანი ჯგუფი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ითხოვდა ჩემს გადადგომას.

- თუ პრეზიდენტი გიჭერდათ მხარს, დავით მუმლაძემ როგორ გაბედა თქვენს წინააღმდეგ მოქმედება?

- გარედან ისე ჩანდა, თითქოს ერთი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ იქ სხვადასხვა დინება იყო.

მუმლაძეს ერთი სული ჰქონდა, დავეჭირე და თავი გამოეჩინა. მახსოვს, 31 დეკემბერს მითხრა, საკრებულოს თავმჯდომარე დათო ბენიძეს ახალი წელი მივულოცოთო. ჩვენთან ერთად სამხარეო პროკურორი, უშიშროების უფროსები წამოვიდნენ. თურმე ბენიძის დასაჭერად მიდიოდნენ. იქ რომ მივედი, უცებ ეზო გაივსო ჟურნალისტებით. კარზე რომ დავაკაკუნეთ, სიხარულით შეგვიპატიჟეს, ოჯახი ახალი წლისთვის ემზადებოდა, ეგონათ, სტუმრად მივედით და ამ დროს უთხრეს კაცს, გიჭერთო. ნარკოტიკების გამო ედავებოდნენ, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, მაგრამ სუფთა აღმოჩნდა. ვერ დაიჭირეს.

თანამდებობიდან რომ მივდიოდი, დავით მუმლაძეს ვუთხარი, ცუდი დღე მოგელის-მეთქი. მე ქუთაისიდან ხალხმა სიყვარულით გამომაცილა, მუმლაძე კი 6 თვეში გამოაგდო.

ქუთაისში რაც მქონდა, ყველაფერი დავკარგე. ჩემს კომპანიებში საფინანსო სამსახური შევიდა, ყველაფერი გააჩერეს და ჩაკლეს.

გზების სპეციალისტი ვარ და ჩემი კომპანია მაქვს, მაგრამ როგორც კი ჩემს გვარს დაინახავდნენ, მოგებულ ტენდერებს მიუქმებდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" გამო დიდი პრობლემები შემექმნა და მიკვირს, როგორ საყვედურობენ "ქართულ ოცნებას", გვამოწმებსო, რომელიც მათთან შედარებით ბევრად ცივილიზებულად იქცევა.