ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე დასავლური პრესის შეტევა გრძელდება. ასეთი განწყობის არაერთი მიზეზი სახელდება: ისიც, რომ „"ნაციონალების" ლობი მუშაობს; ისიც, რომ "ნაციონალები" განიხილება როგორც ხელისუფლება, რომელიც მოიყვანა დასავლეთმა და რომლის ცხრაწლიან მმართველობას აქტიურად უჭერდა მხარს. ამიტომ დღეს მათი დაცვით დასავლეთი საკუთარ იმიჯზე ზრუნავს, რათა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის ხელისუფლების წინაშე მწვავედ არ დაისვას კითხვა: ვის უჭერდა მხარს და ვისი ხელისუფლების გამყარებაში ხარჯავდა თავისი ამომრჩევლის ჯიბიდან ამოღებულ ასეულობით მილიონს; ისიც, რომ სუბიექტური ფაქტორები მუშაობს და "ნაციონალების" ლიდერებთან დასავლეთის პოლიტიკურ ელიტებს მინიმუმ 10-15- წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ახალი ფიგურაა საერთაშორისო კონიუნქტურისთვის, მართვის ახალი, მათთვის უჩვეულო ფორმებით; ისიც, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჯერჯერობით კომუნიკაცია ვერ გამართა დასავლეთთან და ა.შ., მაგრამ საქართველოს მიმართ მუდმივად მეგობრული (მაშინაც კი, როცა ამას ნაკლებად იმსახურებდა) დასავლეთის განწყობის ასეთი მკვეთრი ცვლილება, ვფიქრობ, უფრო სიღრმისეული მიზეზების ძებნას მოითხოვს.

საქართველოს ”ბერლინის კედელი“

ის რეალობა, რომელიც დღეს საქართველოს გარშემო იქმნება, ძალიან მოკლედ ასეთია: ჩვენმა უახლოესმა მეზობელმა აზერბაიჯანმა სულ რამდენიმე დღის წინ„ნატოს“ მიმართა თხოვნით, დაიცვას მის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო მილსადენების უსაფრთხოება. ძალზე საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც დღეს გახდა ეს საკითხი აქტუალური, მაშინ როცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ ბაქო არავის გამოაყენებინებს თავის ტერიტორიებს ირანში საომარი მოქმედებებისთვის. იმავდროულად, აზერბაიჯანში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებას აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნის თაობაზე, რაც რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურია, რადგან მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებს ატარებს. თუმცა, უფრო მასშტაბურად თუ შევხედავთ, აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნა რუსეთს სომხეთისა და უფრო იქით, ირანისკენ სტრატეგიული მნიშვნელობის კომუნიკაციას უხსნის. საქართველოს ახალი ხელისუფლების გამონათქვამებს სიფრთხილით მოეკიდა სომხეთიც.

ამერიკულ პრესაში გაჩნდა მითითებები იმის თაობაზეც, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების პირველ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევად შეიძლება არა რუსეთი, არამედ თურქეთი იქცეს.

იმავდროულად, სულ უფრო მზარდ და კონკრეტულ შეფერილობას იძენს ამერიკის დაინტერესება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროთი - ანაკლიიდან დაწყებული ბათუმამდე. არ არის გამორიცხული, რომ ის ყბადაღებული ლაზიკაც, სააკაშვილის ბარონ მიუნჰაუზენისეულ პროექტად რომ მოინათლა, სწორედ ამ კონტექსტში ეწერება. ამ ხედვის რეალიზების შემთხვევაში სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარი რეალურად საქართველოს "ბერლინის კედლად" იქცევა.

ასე შორია პალესტინის დამოუკიდებლობიდან აფხაზეთამდე?!

ამერიკის დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში ძალზე პოპულარულია ის შეხედულება, რომელსაც ჯორჯ ფრიდმანმა, სადაზვერვო სააგენტო "სტრეტფორის" დამფუძნებელმა და მიმდინარე პოლიტიკური ამინდის ერთ-ერთმა ტონის მიმცემმა, "საგარეო პოლიტიკური პრობლემებისადმი გააზრებული გულგრილობა" უწოდა და რაც პოპულარულ ენაზე შემდეგს ნიშნავს: ამერიკამ თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს უშუალო სამხედრო მონაწილეობა, რაც დიდ დანახარჯსა და ამოწურვად რესურსებთან არის დაკავშირებული. სამაგიეროდ, ამა თუ იმ რეგიონში საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევა თავად ამ რეგიონის იმ ქვეყნებს მიანდოს, რომელიც მას პარტნიორად ეგულება. იმას, რასაც სტრატეგთა ენაზე "გააზრებულ გულგრილობას" უწოდებენ, ქართულ-ხალხურად "სხვისი ხელით ნარის გლეჯა" ჰქვია.

თუ დავუშვებთ, რომ ამერიკა თავის საგარეო პოლიტიკურ არსენალში დღეს ამ ხერხს იყენებს, მაშინ ისიც უცილობლად უნდა გავაანალიზოთ, რა როლი აკისრია საქართველოს, როგორც რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების ობიექტს, ანუ ისევ მამაპაპური გამონათქვამი რომ მოვიშველიოთ, რომელი "ნარის გლეჯაა" ამჯერად ჩვენი ხვედრი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ რთული პროცესის შედეგად ჩვენ მხოლოდ დაგლეჯილი ხელები კი არა, ჩვენი დიდი პარტნიორის პარალელურად ცოტა ნადავლი მაინც დაგვრჩეს.

მეორე მხრივ, რეგიონულ კონტექსტში ძალზე საგულისხმოა თურქეთის მიერ თავისი როლის ახლებური, გაცილებით ამბიციური გადააზრება. ჩვენთვის ძალზე საინტერესოა, თურქეთის საგარეო პოლიტიკურ აქტივობებში რა დოზითაა წარმოდგენილი, ერთი მხრივ, აშშ-ის, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთრივ თურქეთის, როგორც სულ უფრო მზარდი რეგიონული ლიდერის  დამოუკიდებელი ინტერესები.

ან ის, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინისთვის სახელმწიფო დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს სახელით ხმის მიცემა გადაწყვიტა, ერთი წუთით მაინც დაფიქრდა იმაზე, რომ ამით შეიძლება პერსპექტივაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის იგივე ბედი შეამზადა? მაშინ როცა გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა არაერთმა სახელმწიფომ თავი შეიკავეს, უკრაინამ კი არც მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, ვინ აიძულა საქართველო, რომ ხარაკირი გაეკეთებინა? გარდა ამისა, ვის აძლევდა ხელს ასეთ დაძაბულ ფონზე საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაში დამატებითი ბზარის გაჩენა?!

შიდაეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად, სწორი საგარეო პოლიტიკური ხედვისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბება და დიალოგის დაწყება მეზობლებთან თუ პარტნიორებთან ახალი სამთავრობო გუნდის გადაუდებელი ამოცანაა. მთავარია, სრულად ჩავწვდეთ მათ რეალურ მიზნებს და ჩვენი პრაგმატული ამოცანები შევაგებოთ.

ასეთი მრავალკომბინაციური თამაშისას ხელისუფლების წინდახედულობაა საჭირო, რათა ისეთი გამონათქვამები - "ჩვენ არ ვიმოქმედებთ არც ერთი განცხადების მიხედვით, რომელიც კეთდება საზღვარგარეთ" - დასავლეთის ერთგვარ გამოწვევად და იზოლაციონიზმისკენ სწრაფვად არ იყოს აღქმული.

ამასთან, როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ფაქტობრივად, სადისტი ჰყავდა წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატად ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში. როცა "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთ მძიმე ბრალდებებს უყენებენ, ბენზინის გაფლანგვისა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის იმ პირთა დაკავება, რომლებსაც, როგორც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, გაცილებით მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მათ შორის, 7 ნოემბრის აქციის დარბევა, ვფიქრობ, დაუმსახურებელი საჩუქარია მათთვის, ვინც საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს "პოლიტიკურ დევნად" აფასებს. ასეთი ნაბიჯები მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს და არაფრით წაადგება ახალი ხელისუფლების იმიჯს.