ირაკლი ქადაგიშვილი "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ხდება?! - კვირის პალიტრა

ირაკლი ქადაგიშვილი "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ხდება?!

2007 წლის აქციების დროს ირაკლი ქადაგიშვილს რუსთაველის გამზირზე შევხვდი (მაშინ ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალური მენეჯერი იყო). ხალხმრავალი აქციებით ხალხი ხელისუფლების შეცვლას ცდილობდა. მაშინ მითხრა, - აქციებით ამ ქვეყანაში აღარაფერი შეიცვლება, ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნები გამოცვლისო... მართლაც ასე მოხდა. ჩვენი მაშინდელი საუბარი გაიხსენა დღეს უკვე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელსაც მალე "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ წარადგენენ:

- პარტიული და პოლიტიკური ცხოვრების გარკვეული გამოცდილება გამაჩნია და ამიტომაც, დიდი პასუხისმგებლობით ვხვდები იმას, რომ ყრილობამ შესაძლოა "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ ამირჩიოს. ამ ნდობის გამო ირაკლი ალასანიას და ჩვენი გუნდის მადლიერი ვარ.

ირაკლი ალასანიას, კანონის თანახმად, პარტიის თავმჯდომარედ დარჩენა შეეძლო. იმავეს ითვალისწინებს ევროპულ-პოლიტიკური გამოცდილებაც. თუ გავიაზრებთ იმასაც, რომ ის გამარჯვებული პარტიის ლიდერია და ეს გამარჯვება არა მხოლოდ საარჩევნო გამარჯვება, არამედ საერთოდ მისი პოლიტიკური კურსის გამარჯვებაცაა - მან მაინც ჩათვალა, რომ პარტიის შემდგომი განვითარებისთვის უფრო მეტი დრო, ენერგია და ახალი იდეები იქნებოდა საჭირო, რისთვისაც მას მთავრობის პირველ ვიცე-პრემიერად და თავდაცვის მინისტრად მუშაობისას დრო აღარ ეყოფოდა. ამასთან, მან თავმჯდომარეობიდან გადადგომით აჩვენა, რომ როგორც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს, სურს მაქსიმალურად ნეიტრალური იყოს იმ საქმიანობაში, რასაც თავდაცვის მინისტრობა ავალებს.

ჩვენ კოალიციასთან ერთად საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით, მაგრამ ამავე დროს ვაგრძელებთ  ჩვენი პარტიული სტრუქტურების შემდგომ ჩამოყალიბებას და გაძლიერებას. “

ჩვენი პარტია ირაკლი ალასანიას განიხილავდა პრეზიდენტობის უპირობო კანდიდატად, მაგრამ იმ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეკვეცილია. ამის გამო, მისი კანდიდატურა, როგორც პრეზიდენტისა, შესაძლოა აღარ იყოს ისეთი აქტუალური, როგორიც აქამდე იყო.

- 80-იანი წლებიდან ხართ პოლიტიკაში. რა დაგანახათ განვლილმა წლებმა და რამდენად გაიზარდა ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა?

- ჩვენს ერს უდიდესი წარმატებები აქვს მეცნიერებაში, კულტურაში, სპორტში, უზარმაზარი პოლიტიკური პოტენციალი გაგვაჩნია, მაგრამ მმართველი საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებელი გამხდარიყო. ეს გამოჩნდა ჩვენ გარშემო არსებული გეოპოლიტიკური ვითარების არასათანადოდ შეფასებაში, არასწორ ნაბიჯებში და შიდა საფრთხეების გაუაზრებლობაში. ამ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლეთ და ამის დასტურია ოქტომბრის არჩევნები. ჩვენთან ხელისუფლება დემოკრატიულად, არჩევნებით შეიცვალა და დავინახეთ, რომ მიუხედავად უამრავი პრობლემისა, საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია. ქართველმა ხალხმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა დამარცხება ეღიარებინა. ისინი გამუდმებით ცვლიდნენ კონსტიტუციას, არა იმის გამო, რომ ევროპული პარლამენტარიზმის იდეის მიმდევრები იყვნენ. ყოფილ ხელისუფლებას სურდა მუდმივად მმართველ პარტიად დამკვიდრებულიყო, რათა პრემიერ-მინისტრად მათი პარტიის წარმომადგენელი ჰყოლოდა. პრემიერს ხომ თანამდებობაზე ყოფნის ვადა შეზღუდული არა აქვს.

ასეთ ვითარებაში "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად გამარჯვებული იქნებოდა საპარლამენტო არჩევნებში და მთავრობა ყოველთვის მათი დასაკომპლექტებელი იქნებოდა. ქართველმა ხალხმა წინა ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალება არ მისცა. ახლა აღარ არის საშიში "ნაციონალური მოძრაობა". თუ მომავალი არჩევნებისთვის შევქმნით თავისუფალი არჩევანის განხორციელების საშუალებას, ეს იქნება ყველაზე კარგი გზა, რომ ქვეყანა სწორი გზით განვითარდეს. "ნაციონალურ მოძრაობასაც" მიეცემა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა თავისუფალ არჩევნებში და არა ისეთ ომში, როგორიც თვითონ გაუმართა ოპონენტებს.

-  თქვენ გია ჭანტურიას თანამებრძოლი იყავით. როგორი იყო იმ ბრძოლის დასაწყისი, რომელმაც ეს რეალობა მოგვიტანა?

- გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, ავთანდილ ანთიძე, ბესო გუბელაძე და მე პატრიარქის სტიქაროსნები ვიყავით. გია ჭანტურია იდეების გენერატორი იყო და მახსოვს, 1980 წელს გაგვიზიარა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის საბრძოლველად საჭიროა პოლიტიკური პარტიის შექმნაო.  სიონში ვიკრიბებოდით და საქართველოს მომავალზე ვმსჯელობდით. ვიცოდით ევროპაში "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის არსებობის შესახებ და გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია". საბოლოოდ კი, ილიას იდეების გაგრძელება და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა გადავწყვიტეთ. დღეს "თავისუფალი დემოკრატი" ვარ, მაგრამ ისევ ვრჩები ეროვნულ-დემოკრატიული იდეების მატარებლად. ეროვნული მოძრაობის უდიდესი შეცდომა ლიდერების შეუთანხმებლობა იყო. ეროვნული მოძრაობის ბევრი ლიდერი ცოცხალი აღარ არის და ჩემი მხრიდან ამის გარჩევა უხერხულია, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია, რომ ეს საკითხი პოლიტოლოგებმა და ისტორიკოსებმა შეისწავლონ, რათა ჩვენი პოლიტიკური კულტურა გაიზარდოს და მომავალმა პოლიტიკოსებმა რეალურად დაინახონ ჩვენი ისტორია. საჭიროა გავაანალიზოთ, ვინ როგორ იქცეოდა და ვინ რა შეცდომებს უშვებდა, რათა ქართველებმა ვიცოდეთ, თუ როგორ ვაკეთოთ პოლიტიკა. ჩვენ რეალისტური პოლიტიკის მომხრეები რომ ვყოფილიყავით, ყოველი პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის მანტიის მოსხმას არ მოინდომებდა, უამრავ პრობლემას ავარიდებდით თავიდან და აგვისტოს ომსაც ავიცილებდით.

ყოველთვის არსებობს გარეშე ფაქტორი, რომელიც ლომის წილს ასრულებს, რათა ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. ხოლო სწორი პოლიტიკის წარმოებისას გარეშე ძალა თავისთვის სასურველ შედეგს ვერასდროს მიაღწევს. ოქტომბრის არჩევნებმა ჩასახა იმედი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო გონიერი და რაციონალური ხდება.