ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხე - კვირის პალიტრა

ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხე

რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის ორხელისუფლებიანობა და რატომ ვერ ახერხებს პოლიტიკური ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს საბოლოოდ ამ ყველაფერმა ქვეყნის მდგრადობას, უსაფრთხოებას და საერთაშორისო იმიჯს - ეს ის კითხვებია, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამ პრობლემების შეფასება ექსპერტს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ობოლაძეს ვთხოვეთ.

ბესიკ ობოლაძე: "არჩევნების შემდეგ შექმნილ რეალობაში, პოლიტიკური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა, მხოლოდ პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური ნორმების დაუცველობაზე არაა დამოკიდებული, როგორც ამას დამარცხებული პოლიტიკური ძალა აცხადებს. ნებისმიერი სისტემა, მათ შორის პოლიტიკური, შედგება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ნაწილებისაგან, აქვს გარკვეული საზღვრები და ეს ყველაფერი ქმნის ერთ მთლიანობას. უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ნებისმიერი ტექნიკური ძრავის სისტემა შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული უამრავი ნაწილისაგან, რომლებიც მთლიანობაში ამუშავებენ ძრავს, ანუ სისტემას. თუ ამ ნაწილებს უბრალოდ ერთად დავყრით, ეს ძრავი არ იმუშავებს. ხოლო, თუ ამ ნაწილებს არასწორად შევაერთებთ, შეიძლება ან ცუდად იმუშაოს ძრავმა, ანუ სისტემამ, ან კვლავ საერთოდ არ იმუშაოს. მაგრამ, თუ ყველაფერი სწორად იქნება, ყველაფერი გამართულად იმუშავებს. ასეა პოლიტიკური სისტემის შემთხვევაშიც.

ახლადშექმნილ ქართულ რეალობაში გამარჯვებული და დამარცხებული პოლიტიკური ძალა განფენილია პოლიტიკურ სისტემაში. პოლიტიკური სისტემის ნაწილებია: პოლიტიკური ინსტიტუტები (სახელმწიფო, მისი უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოები), საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც განსაზღვრავს ამ პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების პირობებს, შესაძლებლობებს და საზღვრებს.

მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური ინსტიტუტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ნორმებისა და ღირებულებების (მათ შორის რელიგია) ერთობლიობით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს, მაგრამ ვერ ახერხებს ჩვენს რეალობაში პოლიტიკური სუბიექტების სახელისუფლებო ურთიერთობებს.

წინააღმდეგობები იმ ფორმით, რომელიც ვითარდება ან შეიძლება განვითარდეს საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის - საზოგადოებასა და სახელმწიფოს, სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის, - იმ ძალებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ხელისუფლებას, სერიოზული გამოწვევებია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.

- და მაინც, რაშია პრობლემა? იქნებ ეს ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობებია, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს ქვეყანას?

- დამარცხებული ძალა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ახერხებს შექმნას განწყობა, რომ პოლიტიკური სუბიექტების სახელისუფლებო ურთიერთობის პრობლემები პოლიტიკური კულტურის არქონასა და გამარჯვებული ძალის მხრიდან პოლიტიკური ნორმების დაუცველობაშია. მაგრამ მიზეზები გაცილებით ღრმაა და სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია თავისი სტრუქტურითა და ტიპებით, მათ შორის პოლიტიკური ცნობიერებით, იდეოლოგიით, პოლიტიკური საშუალებებით, პოლიტიკური ღირებულებებით, პოლიტიკური ნორმებით და ა.შ.

ჩემი აზრით, პრობლემა არა ზოგადად პოლიტიკურ კულტურაში ან პოლიტიკურ ნორმებშია, არამედ პოლიტიკურ სისტემაში, ერთ-ერთი სუბიექტის, დამარცხებული პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ღირებულებების მსხვრევაში. ღირებულებები კი პოლიტიკური ცხოვრების, კულტურის მოტივირებული ბაზისია. მისი დეგრადაცია ან ამოწურვა მთავრდება მისი მსხვრევით.

ასეთ შემთხვევაში, პოლიტიკურ კულტურას არ შესწევს უნარი დაარეგულიროს ადამიანთა ქცევა და იწყება ღირებულებებისა და პოლიტიკური ორიენტაციების სხვა ახალი სისტემების ინტენსიური ძიება. ასეთი გამოწვევის წინაშეა დღევანდელი ქართული პოლიტიკური სისტემა და პრობლემის მხოლოდ პოლიტიკური ნორმების დაცვით გადაწყვეტა, რომელსაც მხოლოდ შესაბამის პირობებში შეუძლია ადამიანთა, სოციალური ჯგუფებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების თანამშრომლობა, ამ ეტაპზე ეს ნაკლებად ხერხდება.

იმ პოლიტიკური კულტურის ფორმირებაში, რომლის კრიზისის მოწმენიც დღეს ვართ, უდიდესი წვლილი მიუძღვის ავტორიტარულ მედიაკრატიას. იმ მედიაკრატიას, რომელსაც "მეოთხე ხელისუფლებასთან" (მედიადემოკრატია) გაცილებით მეტი განმასხვავებელი აქვს, ვიდრე სიტყვა "დემოსს" (ხალხი). ამ სისტემის პირობებში, ჩვენი მოქალაქე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში პოლიტიკური პროცესების მხოლოდ პასიური მაყურებლის როლში იყო, ხოლო კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს კი მაქსიმალურად ეზღუდებოდათ გამოხატვის თავისუფლება. დღეს იგივე მედიაკრატია აქტიურად ცდილობს აქცენტების საჭირო მიმართულებით. სახელისუფლებო ურთიერთობებში კრიზისული სიტუაციების მიზეზებზე საუბრისას, აქცენტების გადატანა ხდება პოლიტიკური ნორმების დაუცველობაზე და არა იმ პოლიტიკური ღირებულებების რღვევაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური სუბიექტების თანამშრომლობას ერთი პოლიტიკური სისტემის ფარგლებში.

სხვათა შორის, როდესაც ვსაუბრობთ ღირებულებებზე, საინტერესოა ისეთი ცნება, როგორიცაა "სახელმწიფოს ძალა". ბევრგან ეროვნული ინტერესების კონცეფციებში პირველი ადგილი უკავია ამ ცნებას. ერთ-ერთი განმარტებით, "სახელმწიფო ძალის" კომპონენტებში გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი რესურსების, სამრეწველო პოტენციალის, სამხედრო შესაძლებლობების გვერდით, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა "ეროვნული მორალი" და "ეროვნული ხასიათი". ვფიქრობ, ეს ის არის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება".

(სპეციალურად საიტისთვის)