"შეიძლება სასამართლოსაც მივმართოთ, რომ თბილისი დავიცვათ" - კვირის პალიტრა

"შეიძლება სასამართლოსაც მივმართოთ, რომ თბილისი დავიცვათ"

"იურას ქცევასა და განცხადებებს ამორალურად ვერ აღვიქვამ"

"ვინც საკუთარი ხალხის ცემას იწყებს, ის ყოველთვის მარცხდება"

"ვინც თანხას ჩადებს კულტურაში, სახელმწიფოს აღარ გადაუხდის გადასახადს"

სოციალურ ქსელებში ატეხილი ხმაურის გამო კულტურის მინისტრი იძულებული გახდა საზოგადოების აზრისათვის ანგარიში გაეწია და თავის მოადგილეებად იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის დანიშვნისაგან თავი შეიკავა. ამ პერიპეტიების ფონზე კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას ვეწვიე.

მის სამუშაო მაგიდაზე მინიატიურული სასწორი დევს. მეუბნება, რომ მეგობარმა აჩუქა, ყველაფერი აწონ-დაწონე, ბევრი იფიქრე და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღეო.

- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე.  29 წლის ვიყავი, როდესაც მწერალთა ყრილობაზე სიტყვით გამოვედი და თურმე ირაკლი აბაშიძეს ძალიან მოეწონა. ბატონმა ირაკლიმ საოლქო კომიტეტის პირველ მდივანს, ბორის ადლეიბას უთხრა, ეს კაცი მისახედიაო. მეორე დღეს  აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი რეფერენტის თანამდებობა შემომთავაზეს. დავფიქრდი, დავთანხმებულიყავი თუ არა. თავისუფალი ცხოვრება მინდოდა, აკრძალულ მუსიკას ვუსმენდი, ისეთ წიგნებს ვკითხულობდი (მაგ. ნიცშეს), რომელსაც კა-გე-ბე დასდევდა. 1980 წელი იყო. პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში უკვე დაძაბული გახლდათ. საოლქო კომიტეტში აფხაზი მწერალი კურირებდა კულტურისა და განათლების მიმართულებას და სოხუმის ქართველობას სურდა, თავისი კაცი ჰყოლოდა მთავრობაში. იმით დამიყოლიეს, რომ ჩემი ამ პოსტზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 4 წელი ვიმუშავე. ერთადერთი ქართველი ვიყავი განყოფილებაში. 4 წლის მერე მითხრეს, თბილისში საქართველოს მინისტრთა საბჭოს კულტურის განყოფილებაში უნდა გადახვიდეო. სამი დღის მერე მივედი ბორის ადლეიბასთან, ვერ წავალ-მეთქი. შენ აფხაზებთან ურთიერთობა შეგიძლია, ხომ ხედავ, რა დაძაბულია ვითარება, თანამდებობაზე უარი არ თქვაო. ვერ დამიყოლია, მაგრამ ჟურნალ "რიწის" მთავარ რედაქტორად  დამნიშნეს, სადაც აფხაზი და ქართველი ავტორების ნაწარმოებები იბეჭდებოდა.

- ამჯერად რით  დაგიყოლიეს კულტურის მინისტრობაზე?

- უპირველესად იმით, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ. ერთი კვირა ვიყავი პარლამენტის დეპუტატი, ბატონმა ბიძინამ დამიბარა და მითხრა, კულტურის მინისტრად უნდა წახვიდეო. ეს მოულოდნელი წინადადება იყო. დიდი პატივია შენი ერის კულტურას ემსახურო. ძალიან მნიშვნელოვანია, დაიცვა ძველი ძეგლი, ხელნაწერი, ზეპირსიტყვიერება და მოვლილი ჩააბარო მომავალ თაობას. ასევე აუცილებელია, დაეხმარო თანამედროვე ხელოვნებას. ხელოვნების რამდენიმე სფეროს კარგად ვიცნობ, რადგან ვხატავდი, მუსიკითაც ვიყავი გატაცებული და დრამატურგიაშიც ვცადე ბედი. კულტურა ის სფეროა, რომელიც მიყვარს და ვიცი. კულტურის სამინისტრო უნდა დაეხმაროს ჩვენს საზოგადოებას, რომ ხალხს შორის დიალოგის კულტურაც გაძლიერდეს.

9 აპრილს თანამოქალაქეები დაგვიხოცეს, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. ვინც თავის ხალხთან ომს იწყებს, ის ყოველთვის მარცხდება. თუმცა, 2 წელიც არ იყო გასული, რომ რუსთაველის პროსპექტზე ქართველებმა ერთმანეთს ტყვია ვესროლეთ. პრეზიდენტი გავაძევეთ და იქვე გადავწყვიტეთ, რომ ახალი ხელისუფლება მოსულიყო. 2003 წელს რუსთაველზე ისევ აზვირთდა პრეზიდენტის გამძევებელი მიტინგი. მეორე პრეზიდენტსაც ისევ არ ვაცალეთ საპრეზიდენტო ვადის გასრულება და გავაძევეთ. ახალი პრეზიდენტი მოვიდა და მის წინააღმდეგაც ატორტმანდა მიტინგი 2007 წელს. სააკაშვილმა საკუთარ ხალხს სცემა და გადადგომამ მოუწია. ასეა, ვინც საკუთარი ხალხის ცემას იწყებს, ის ყოველთვის მარცხდება. ესაა ჩვენი ოცწლიანი ისტორია. არასოდეს მომხდარა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. როგორ გვინდა სხვებს დაველაპარაკოთ, როდესაც ჩვენ ვერ ვლაპარაკობთ ერთმანეთთან.

- მოადგილეებს რა პრინციპით არჩევთ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ხმაური მოჰყვა ხათუნა ხუნდაძის "ფეისბუკში" გავრცელებულ წერილებსა და ასევე იური მეჩითოვის დანიშვნას.

- მინისტრი და მისი მოადგილეები მინისტრთა კაბინეტთან, კოლეგებთან შეთანხმების შემდეგ ინიშნებიან. სანამ მოადგილეებს შევარჩევდი, 20 კანდიდატურა მაინც განვიხილეთ. კულტურის სფეროში უამრავი დაუსაქმებელია. სამი კვირაა, რაც მინისტრი ვარ და 400-ზე მეტი განცხადება დევს ჩემს მაგიდაზე. სულ 1000-ზე მეტი კაცის განცხადებაა შემოსული, მაგრამ აქ ვაკანსიები არ არის. კულტურის სამინისტროდან მინისტრი და მისი მოადგილეები წავიდნენ, მრჩევლებიც, თორემ სხვა თანამშრომლები დარჩნენ. წინათ ადამიანები სამსახურს იღებდნენ იმის მიხედვით, ვის მიტინგზე იდგა და ვისი დროშა ეჭირა ხელში. ჰგონიათ, ჩვენც ყველას გავუშვებთ და ახლებს მივიღებთ. ვინც პროფესიონალია და საქმის ერთგული, იმან უნდა განაგრძოს მუშაობა.

დღეისათვის ჩემი 4 მოადგილიდან დამტკიცებულია მხოლოდ ალექსანდრე მარგიშვილი.

- თქვენ წინა კითხვაზე არ მიპასუხეთ, იური მეჩითოვის შიშველი ფოტოსესია და განცხადებები ჩინოვნიკისათვის შეუფერებლად მიიჩნია საზოგადოების ნაწილმა.

- ეს მისი პერფორმანსია, სადაც თავისი განცდა გამოხატა. ევროპაში არიან მაღალი რანგის ჩინოვნიკები, რომელთა ცხოვრების ნაწილია თავისუფალი ხელოვნება და ამას საზოგადოება ნორმალურად აღიქვამს. ჩვენთან კი საზოგადოების ნაწილს ეს აღიზიანებს. იქნებ იმიტომ, რომ საზოგადოებაში ისევ დიდია დაპირისპირების ინერცია. იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის გამო ატეხილი აჟიოტაჟისას საზოგადოების ტესტირება ხდება. ხათუნა ხუნდაძემ  თქვა, რომ "ფეისბუკზე" გვერდი გაუტეხეს და რაღაც წერილები მისი სახელით გავრცელდა. ისიც კი ითქვა, რომ მას გერმანიაში არ უსწავლია და არც უმუშავია, მაგრამ მან სათანადო დოკუმენტაცია წარმოადგინა. როდესაც საზოგადოებაში ამდენი ეჭვია, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს არ ვენდობით.

- ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ქსენოფობიის ბრალდებით (რადგან პრეზიდენტს სომეხი უწოდა) თეატრიდან გაუშვეს რობერტ სტურუა, მაგრამ იური მეჩითოვის ნათქვამზე  (გურულებსა და მეგრელებზე) უნდა ვიფიქროთ, რომ ხუმრობაა?!

- როდესაც იურა მეგრელებზე ჰყვება ანეკდოტს, მე ხუთჯერ მეტს ვუყვები სომხებზე. ღმერთმა დაგვიფაროს, ამის გამო ერთმანეთს ვეკამათოთ. მეჩითოვი ძირძველი თბილისელია, მისი წინაპრების რამდენიმე თაობა ცხოვრობდა თბილისში და არაერთხელ უთქვამს ისეთი რამ, რაშიც სომხური მხარე არ ეთანხმებოდა. იურას ქცევასა და განცხადებებს ამორალურად ვერ აღვიქვამ. ცნობილ ფრანგ პოეტს სენ-ჟონ პერსს ექსპერიმენტული პოეზია ჰქონდა, სადაც პორნოგრაფიული ტექსტები იყო, მაგრამ ის კაცი იმავდროულად ელჩიც იყო და ამას საფრანგეთი მიუღებლად არ აღიქვამდა. ჩვენი საზოგადოება, თითოეული ჩვენგანი, სტერეოტიპების ოკეანეში ტივტივებს. არ შეიძლება ადამიანზე აზრი იმის მიხედვით ჩამოგიყალიბდეს, რას წერენ მასზე "ფეისბუკში".

- ქართველი ერისთვის საკუთარი კულტურა ყველაფერზე ფასეულია. თქვენ ძალიან ფაქიზი სფერო გაბარიათ.

- იშვიათად მინახავს, რომ კრიტიკულ აზრს სიყვარულით და რაიმეს გამოსწორების მიზნით ამბობენ. იქნებ კულტურის სამინისტროს ასეთი პოპულარულობა იმითაა განპირობებული, რომ ჩვენ ურთიერთობის კულტურა დაგვაკლდა. ამიტომაც ერთიანობის ნაცვლად ჩვენი საზოგადოება კუნძულებად არის დანაწევრებული. მე შევპირდი ხალხს, რომ რასაც გავაკეთებთ, ყველაფერს შევუთანხმებთ. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ ექსპერტებსა და სპეციალისტებთან ერთად. ოთხშაბათობით სხვადასხვა საკითხზე მრგვალი მაგიდა გვექნება. მაგალითად, გასულ კვირას თბილისის ძველი უბნების მდგომარეობაზე ვისაუბრეთ.

- მოგწონთ ახალი საკონცერტო დარბაზი რიყეზე?

- არ მომწონს, მაგრამ თუ საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონს, მის აზრს გავიზიარებთ. შეიძლება, საზოგადოებამ თქვას, კარგი ნამუშევარია, მაგრამ სხვა სივრცეში უნდა იყოსო და ესეც გასათვალისწინებელია. თბილისელს როგორ არ უნდა ჰკითხო, ასეთი რიყე მოსწონს თუ არა? ხალხის ეჭვიანობა იმითაა განპირობებული, რომ ბევრი თემა მათგან დამალული ჰქონდა წინა ხელისუფლებას და ნაჩქარევ  ნაბიჯებს დგამდა. სპეციალისტებთან მსჯელობის გარეშე წარმოუდგენელი იყო ძველი თბილისის თვითნებური რესტავრაცია. ჩვენ  წერილი გავუგზავნეთ გიგი უგულავას, რომ ხალხისა და სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად არ მოხდეს რესტავრაცია და უკმეხი პასუხი მივიღეთ, ყველაფერი კარგად შენდებაო. შეიძლება სასამართლოსაც მივმართოთ, რომ თბილისი დავიცვათ. თბილისში ტურისტი სიძველის სანახავად მოდის და არა შუშის სახლების, "ქორთიარდისა" ან "ჰოლიდეი ინის".

ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება ჩვენი კულტურის გატანა საზღვარგარეთ; უნდა მივაღწიოთ მეცენატობის შესახებ კანონის დამტკიცებას, ვინც თანხას ჩადებს კულტურაში, სახელმწიფოს აღარ გადაუხდის გადასახადს, თორემ მწირი ბიუჯეტის გამო ვერ შევძლებთ ძველი კულტურის ძეგლების დაცვას და ვერც თანამედროვეს შევაშველებთ ხელს.

- რესტავრირებული ბაგრატის მწვანე სახურავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ხომ არ გეგმავთ რაიმეს შეცვლას ტაძარში?

- ჯერ ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაგრატი კარგად გაკეთდა და მისი მწვანე სახურავი დროთა განმავლობაში კარგ შეფერილობას მიიღებს. ყველანაირი აზრი უნდა მოვისმინოთ.

- წერილი მიიღეთ პატრიარქისაგან, რომელიც ოშკსა და აზიზიეს მეჩეთს ეხება.

- აზიზიეს მეჩეთი უკვე გახდა დაპირისპირების საგანი, შესაძლოა, მომავალი დაპირისპირების მიზეზიც გახდეს, თუ ჩვენ რაღაცას ხელი მოვაწერეთ ხალხისა და სპეციალისტების გვერდის ავლით. პატრიარქის თხოვნაა, ეს საკითხები საპატრიარქოსთან შევათანხმოთ. რა თქმა უნდა, ჩვენც ამას ვაპირებთ.

- სვანეთის საგანძურზეც დიდი მსჯელობა იყო...

- ჩემთან მესტიელები მოვიდნენ ამ საკითხზე. შიშობენ, რამე არ დაემუქროს საგანძურს. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება დიალოგით დაიწყება. პატივისცემითა და სიყვარულით ყველა საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია.