"ამბიციური გეგმები მაქვს" - კვირის პალიტრა

"ამბიციური გეგმები მაქვს"

როგორ აპირებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უცხოეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების მოგვარებას

"ჯერ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, რომ მერე სხვა ქვეყნებმა ანგარიში გაგვიწიონ"

"ჯერ საკუთარი

მოქალაქე უნდა დავასაქმოთ და მერე უცხოელი"

"ჩვენ ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკა გვაქვს"

"4 შვილი გვყავს. უფროსი ელისაბედი, უკვე 18 წლის ხდება. მასზე წლინახევრით უმცროსია სოფიო. ნიკოლოზი

8 წლისაა. 2 წლის წინ კი შეგვეძინა იოანე"

"წინა ხელისუფლების ფილოსოფია იყო, საქართველოში ყველას ადვილად მოეკიდებინა ფეხი. ჩემი აზრით, ამას ღრმად მიმავალი ფესვები ჰქონდა. სურდათ, საქართველოში ნაკლებად ეროვნული და ზედმეტად კოსმოპოლიტური საზოგადოება ჩამოყალიბებულიყო. ამიტომაც ნაკლებად ზრუნავდნენ მოქალაქეებზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებზე. ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერების ბევრი გამონათქვამიც ტრადიციებისა და იდენტურობის მოშლას ემსახურებოდა", - მეუბნება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე:

- პირველი ექსპერიმენტული სკოლა დავამთავრე. სპორტი მიყვარდა, ცურვაზეც დავდიოდი და კრივზეც. ბოლოს ბეისბოლმა გამიტაცა. საქართველოს ნაკრებში ვიყავი. საკმაოდ წარმატებული თამაშები გვქონდა. სკოლა ცუდ ნიშნებზე არ დამიმთავრებია, მაგრამ იმ დროს სპორტული სიები არსებობდა და საბუთები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაზე შევიტანე, მაგრამ პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი. კუბიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. სამი დღის ნამგზავრი წავედი გამოცდაზე და, ფაქტობრივად, მეძინა. დიდად არ მიდარდია, რომ ვერ ჩავაბარე. ჩემი მშობლები ექიმები არიან და ჩემი ერთი ძმაც მათ კვალს გაჰყვა. ერთხანს მეც ექიმობა მინდოდა, სანიტრად ვმუშაობდი, მაგრამ მშობლებს დიდად არ უნდოდათ, პროფესიად ექიმობა ამერჩია. ყოველთვის მაინტერესებდა დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები და გადავწყვიტე, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩამებარებინა კიევში.

- ანუ იმავე ინსტიტუტში, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი სწავლობდა?

- დიახ. ოღონდ მე რომ ჩავირიცხე, მას უკვე დამთავრებული ჰქონდა და თუ არ ვცდები, ასპირანტურაში სწავლობდა. ვურთიერთობდი მასთან, ძალიან ნორმალური ახალგაზრდა იყო.

ერთი წელი ვისწავლე კიევში და საქართველოში დავბრუნდი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა.

ჩემი ჯგუფელები იყვნენ ირაკლი ალასანია, ირაკლი ოქრუაშვილი, თინა ხიდაშელი, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, ლაშა ჟვანია...

თითქმის ყველა ჩემი ჯგუფელი საზოგადოებისთვის ცნობილი პირია, რაც მეამაყება. უნივერსიტეტის დამთავრებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა სტაჟიორად. მაშინ მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იყო. ორი წლის მერე საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის თანამშრომელი გავხდი. ერთხანს ჩვენი ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი იყო. მერე საკონსულო საქმიანობით დავინტერესდი და საკონსულო დეპარტამენტში გადავედი. 2001 წელს დიდ ბრიტანეთში წავედი კონსულად, სადაც 4 წელი ვიმუშავე.

დიპლომატია ძალიან საინტერესო დარგია, მაგრამ საკონსულო კიდევ უფრო საინტერესოდ მიმაჩნია, რადგან კონსულს ურთიერთობა უწევს უცხოეთში მყოფ საკუთარ ხალხთან. ამ ურთიერთობებმა დიდი გამოცდილება შემძინა.

2005 წელს საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში არ იყო ვაკანსიები და რეზერვში ყოფნას, ვარჩიე ბიზნესისთვის მომეკიდა ხელი. ნავთობკომპანია "შევრონ ტექსაკოს" წარმომადგენელი ვიყავი საქართველოში. 2006 წლის ბოლოს ისევ შემომთავაზეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნება. Aამ დროს მინისტრი გელა ბეჟუაშვილი იყო. ჯერ საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დავინიშნე, მერე დირექტორად. მიხარია, რომ ის გუნდი, რომელთანაც ვმუშაობდი საკონსულო დეპარტამენტში, ისევ შენარჩუნებულია.

2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე ჩემი უკმაყოფილება გამოვხატე. სამსახური არ დამიტოვებია, რადგან დაწყებული პროექტების შეჩერება არ მინდოდა. ამ დროს დათო ბაქრაძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. მის დროს არანაირი წნეხი არ მიგრძნია, მაგრამ როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრად ეკა ტყეშელაშვილი დაინიშნა, დამეძაბა მასთან ურთიერთობა. ისეთ დავალებებს მაძლევდა, რისი გაკეთებაც არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად.

ჩვენ შეუთავსებლობა გვქონდა მიდგომებსა და ინტერესებში. ასეთი შეხედულებები ჰქონდა არა მხოლოდ ეკა ტყეშელაშვილს, არამედ მთელ მმართველ გუნდს. ჩემი დამოკიდებულება ხალხისა და კანონის მიმართ მათსას არ ემთხვეოდა. ამიტომ სამინისტროდან წამოსვლა გადავწყვიტე და ამაში მინისტრიც ძალიან მომეხმარა. 2008 წლის დასაწყისში შემომითვალა, იქნებ სამსახურიდან წავიდესო. თან გავბრაზდი, თან შვება ვიგრძენი, რომ წამოვედი. იქ დიდხანს გამჩერებელი მაინც არ ვიყავი. საგარეო საქმეთა მინისტრად გია ვაშაძე რომ მოვიდა, დაბრუნება შემომთავაზა, მაგრამ იმ პოლიტიკურ გუნდთან ჩემი მუშაობა შეუძლებელი იყო, ირაკლი ალასანიასთან ერთად პარტიის შექმნაში ვიყავი ჩართული. როდესაც პოლიტიკაში ბატონი ბიძინა გამოჩნდა და ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება მოხდა, მთხოვეს, დიასპორებთან მემუშავა.

- საბერძნეთიდან მომწერა ჩვენმა თანამემამულემ, ემიგრანტები ვითხოვთ მინისტრ გია ვაშაძის პასუხისმგებლობის დაყენებას იმის გამო, რომ საქართველოდან წასულებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მოგვეცა. ამიტომ ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთო.

- ასეთი ხელმოწერები ჩემთანაც მოვიდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არჩევნებისგან ჩამოეშორებინა თანამემამულეები. ამას რამდენიმე მიზანი ჰქონდა: პირველი - საზღვარგარეთიდან უარყოფითი ხმები არ ჩამოსულიყო და მეორე - თუ მოქალაქეები რეგისტრირებული არ იყვნენ საზღვარგარეთ, საქართველოში რჩებოდნენ რეგისტრირებული და არჩევნებში მათი ხმები გამოეყენებინათ.

უცხოეთში მცხოვრები ბევრი ჩვენი თანამემამულე უკმაყოფილო იყო, რას აკეთებს ოპოზიცია იმის გამო, რომ ჩვენ ხმის მიცემის უფლება წაგვართვესო. ჩვენ ამ ინფორმაციას ვაწვდიდით უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ ხელისუფლება მაინც თავისას აკეთებდა. საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებულება, რომელიც საკონსულოებში საცხოვრებლის შესახებ ცნობის წარდგენას გულისხმობდა, შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული იყო. საქართველოში საარჩევნოდ რეგისტრაცია რომ გაიაროთ, ცნობის მიტანა არ გჭირდებათ. საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის იმ ცნობის მოთხოვნა, რომელსაც შენს მოქალაქეს ქვეყნის შიგნით არ სთხოვ, დისკრიმინაციულია. ეს დისკრიმინაციული ბრძანება მალე გაუქმდება. ასევე შეიცვლება რეგისტრაციის სისტემა, აღარ იქნება ძალდატანებითი. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, გითხრას თუ არა, სად ცხოვრობს.

- რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებამ ჩვენს თანამოქალაქეებს საფრთხის განცდა გაუჩინა, რომ იძულებით დააბრუნებენ სამშობლოში.

- ამ ხელშეკრულების არსი ის არის, რომ ევროკავშირში არალეგალურად მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები სამშობლოში დააბრუნოს. ასეთი ხელშეკრულება უნდა არსებობდეს, მაგრამ უმჯობესია მოქალაქე ნებით ბრუნდებოდეს სამშობლოში. საზღვარგარეთ ხალხი იმიტომ გარბოდა, რომ ოჯახს ვერ ინახავდა და შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი ძალდატანებით ჩამოიყვანო საქართველოში და არაფერი შესთავაზო?

უცხოეთში არალეგალურად მყოფი ადამიანი სრულიად დაუცველია, - არა აქვს არც ჯანმრთელობის დაზღვევა, არც ადგილობრივი პოლიცია იცავს და რამე რომ დაემართოს, მისი მიმხედავი არავინ არის. მხოლოდ ის შეუძლიათ, საკონსულოში ან საელჩოში მივიდნენ, მაგრამ ბოლო წლებში ისეთი გარემო შეუქმნეს, იქ მისვლისაც ეშინოდათ.

- რა შეიცვლება ამ ადამიანებისთვის?

- ჩვენ რეალურ სამუშაო ადგილებს შევქმნით. ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ უცხოეთში ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის საშუალება, მაგრამ ეს ორგანიზაციები მილიონ ადამიანს ვერ დაასაქმებენ. ვეძებთ ისეთ მოდელს, რომელიც გაამარტივებს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ყოფას, მაგრამ ყველაზე გამართლებული იქნება, სამუშაო ადგილები საქართველოში შეიქმნას. უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ისე უნდა დაბრუნდნენ, რომ აქ ღირსეულად იცხოვრონ და ოჯახები შეინახონ.

წინა ხელისუფლებამ ნებსით თუ უნებლიეთ სამუშაო ადგილები მოსპო ბიზნესის შევიწროებითა და დანგრევით. ერთ და ხუთ თვეში სამუშაო ადგილები არ შეიქმნება. ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან, რა არის დღეს შეცვლილი? შეიცვალა ის, რომ არის სიტყვის თავისუფლება, ადამიანს ტყუილად არ დაიჭერენ და სასამართლო თავისუფალია. თუ ადამიანი მოდის ბიზნესგეგმით და აქვს მისი რეალიზების საშუალება, რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს საქართველოში, რადგან სამუშაო ადგილებს შექმნის; მაგრამ მათთვის, ვინც სამუშაოს დააწყებად მოდის, სანამ ეკონომიკა არ გაძლიერდება და ინვესტიციები არ შემოვა, სამუშაო ადგილები ვერ გაჩნდება.

- ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთშია, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ. რა შეიცვლება ამ მოქალაქეებისათვის?

- რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. Mმხოლოდ საქართველო კი არა, მსოფლიო ცდილობს, რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. საამისოდ დიპლომატიური გზები უნდა გამოინახოს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა აღდგება, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, რომ მერე სხვა ქვეყნებმა ანგარიში გაგვიწიონ. იმედია, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მიიღებენ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას.

- რამდენიმე დღის წინ გაეროში საქართველოს მიერ პალესტინის სასარგებლოდ ხმის მიცემამ ისრაელი უკმაყოფილო დატოვა. ეს როგორ აისახება ჩვენს დიასპორაზე?

- უმიზეზოდ და უმიზნოდ გაეროში ხმის მიცემა არ მოხდებოდა. ისრაელი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ასეთი ინციდენტების გამო მათი დამოკიდებულება იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე არ აისახება.

ისრაელი არ არის ქვეყანა, რომელიც თვითმფრინავში ჩასვამს ჩვენს მოქალაქეებს და დეპორტაციას გაუკეთებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ორი მოქალაქე უცხოეთში გარდაიცვალა და ოჯახს არ ჰქონდა მათი გადმოსვენების საშუალება.

- სამწუხაროდ, წინა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქის გადმოსვენებას აღარ უზრუნველყოფდა. უმრავლეს შემთხვევაში თავად დიასპორა აგროვებდა თანხას. არ ვიცი, ეს პრობლემა როგორ გადაწყდება, მაგრამ მთავრობის სხდომაზე უკვე დადგა ეს საკითხი. თუკი ასეთი სამწუხარო შემთხვევა მოხდება, აუცილებლად გამოიძებნება საშუალება, რომ ჩვენი თანამემამულე გადმოასვენონ სამშობლოში.

- ამ პოსტზე ყოფნისას რა არის თქვენთვის მთავარი ამოცანა?

- ამბიციური გეგმები გვაქვს, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. მომავალში ამ სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება, რადგან ქვეყანაში მიგრაციის პოლიტიკა არ არსებობს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გასვლას, არამედ უცხოელი მოქალაქეების შემოსვლასაც.

დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის, საქართველოში ყოფნისა და გასვლის წესი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც უნდა ჰქონდეს ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას. ჩვენ ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკა გვაქვს. საზღვრების გახსნა არ არის პრობლემა, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, შეუძლია მუშაობის დაწყება ნებართვის გარეშე და ამით ის სამუშაო ადგილს ართმევს ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იძულებულია სხვა ქვეყანაში წავიდეს სამუშაოდ. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელსაც არა აქვს მუშაობის ნებართვის ინსტიტუტი. ჯერ საკუთარი მოქალაქე უნდა დავასაქმოთ და მერე უცხოელი.

- არაერთხელ მსმენია, რომ უცხოელი ინვესტორი, რომელიც საქართველოში პროექტს იწყებდა, ითხოვდა, რომ იქ მისი ქვეყნის მოქალაქეები დასაქმებულიყვნენ.

- საქართველოს წინა ხელისუფლება სინგაპურს ედარებოდა და აბა, სცადეთ სინგაპურში ბიზნესის დაწყება და უთხარით, რომ იქ თქვენი მოქალაქე უნდა ჩაიყვანოთ. გაოცდებით, ისეთი მკაცრი კვოტებია, თუ ვინ უნდა იმუშაოს იქ.

დიასპორას ორ ნაწილად განვიხილავ: ხალხი, ვინც საქართველოში დაბრუნდება, და ვინც აღარ დაბრუნდება. ვისაც დაბრუნება სურს, მათი დაბრუნება გონივრულად უნდა მოხდეს; ხოლო მათზე, ვინც უცხოეთში დარჩება, ვიზრუნებთ. მათ შვილებს უნდა მიეცეთ საშუალება, ისწავლონ ქართული ენა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია. არ დაავიწყდეთ ქართული სიმღერა და ცეკვა. ამიტომაც უნდა შევუწყოთ ხელი ფოლკლორულ ჯგუფებს. ეს არის ჩემთვის მთავარი გამოწვევა. აქამდეც იგზავნებოდა უცხოეთში ქართული სახელმძღვანელოები, საკრავი ინსტრუმენტები, ეროვნული ტანსაცმელი და ეს გაგრძელდება.  გვინდა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის ონლაინსწავლება დავიწყოთ, რადგან ყველას არ შეუძლია საკვირაო სკოლაში სიარული. ინტერნეტის საშუალებით შეიქმნება საკლასო ჯგუფი, რომელსაც ინტერნეტით ჩაუტარებს გაკვეთილს მასწავლებელი. ეს იდეა ბატონ ბიძინას ეკუთვნის, ძალიან მოგვეწონა და უსათუოდ განვახორციელებთ.

- დასასრულ, მინდა თქვენს ოჯახზე მიამბოთ.

- ჩემი მეუღლე, ნინო რუსაძე, ხელოვნებათმცოდნეა. ერთი სკოლელები ვიყავით, მაგრამ არ ვიცნობდი, რადგან ჩემზე უმცროსია. სკოლის დამთავრების შემდეგ ისტორიაში დავიწყე მომზადება და რეპეტიტორთან გავიცანი. 4 შვილი გვყავს. უფროსი ქალიშვილი, ელისაბედი, უკვე 18 წლის ხდება. მასზე წლინახევრით უმცროსია სოფიო. შემდეგ დიდი შესვენება გვქონდა. როდესაც ბრიტანეთში ვმუშაობდი, იქ გაჩნდა ნიკოლოზი, რომელიც ახლა 8 წლისაა. კარგად სწავლობს და ფეხბურთს თამაშობს. 2 წლის წინ შეგვეძინა იოანე. აშშ-ში ჩემს ძმასთან ვიყავით ჩასული. ისე მოხდა, რომ ჩემს მეუღლეს ორსულობისას თვითმფრინავით მგზავრობა არ შეეძლო, იძულებული გავხდით, დავრჩენილიყავით და იოანე იქ დაიბადა.

მეამაყება, რომ დიდი ოჯახი მაქვს. ახლა ჩემი მეუღლის ოჯახის სახლში ვცხოვრობთ, რადგან ფართობი იქ უფრო დიდია. ჩვენი სახლი მშენებარეა. იმის საშუალება არა მაქვს, რომ მშენებლობა დავასრულო. გავყიდი მშენებარეს და იმ თანხით ვიყიდი ბინას, რომ ცალკე გადავიდეთ.