ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

გასული კვირა განსაკუთრებით დინამიკური იყო: პრეზიდენტმა პრემიერს, ფაქტობრივად, საგარეო და საშინაო სფეროების გაყოფა შესთავაზა, ანუ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში ერთგვარი ინდულგენცია მოითხოვა. ეს მხოლოდ სააკაშვილის იდეა იყო, თუ დასავლეთმა ივანიშვილს კბილი მოუსინჯა - ხომ არ დასთანხმდება, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკაში დომინანტად მიხეილ სააკაშვილი დარჩეს, როგორც მათთვის კარგად ცნობილი პარტნიორი - ამ გადასახედიდან ჯერჯერობით არ ჩანს.

საქართველო ნატოში - გამოწვევა ევროპის უსაფრთხოებისთვის?!

რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა სერგეი მარკოვმა საქართველოს ტელევიზიას განუცხადა, სააკაშვილის განეიტრალებისთვის საქართველოს ახალ ხელისუფლებას რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დასჭირდება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საქართველოსთან დიალოგის დაწყებაო. ნატოში“რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრ გრუშკო კატეგორიული ტონით აფრთხილებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს: "დარწმუნებული ვარ,„ნატო აცნობიერებს, რუსეთ-ნატოს ურთიერთობისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ალიანსში საქართველოს გაწევრებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს," ანუ იგი ნატო-საქართველოს დაახლოებას ევროპისთვის საფრთხედ მიიჩნევს. ამასთან, საქართველოში ქვეყნდება ჩვენთვის კარგად ცნობილი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 83% ემხრობა რუსეთთან დიალოგის დაწყებას, რაც ამერიკელებისთვის სერიოზული შეშფოთების თუ არა, დაფიქრების მიზეზად ნამდვილად იქცევა.

მშვიდობით, „ნაბუქო?!

გერმანული პრესა გვაუწყებს, რომ ჩვენთვის კარგად ცნობილი გაზსადენის პროექტ "ნაბუქოს", რომელსაც საქართველოს გავლით ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების ალტერნატიული გზა უნდა გაეჭრა და რომელიც ბოლო წლებში ლამის მირაჟად გვექცა, გამოეცალა მთავარი დამპროექტებელი - გერმანული ენერგეტიკული კომპანია "რეინ-ვესტფალი". აი, როგორ აფასებს ამ ფაქტს "ზუდ დოიჩე ცაიტუნგი":„"ეს ფიასკო აჩვენებს, რა ცოტა რამ შეიძლება დაუპირისპიროს ევროპამ რუსეთის წარმმართველ როლს“ნედლეულის ბაზარზე." თუკი ევროპელები ასე განიცდიან ამ პროექტის ჩავარდნას, ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას საქართველოსთვის.

მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა: პერსპექტივა თუ რისკი საქართველოსთვის

ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კიდევ ერთ - მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის, ანუ ბაქო-თბილისი-ყარსის სახელით ცნობილ პროექტსაც, რომელიც ევროპისთვის აღმოსავლეთთან საკომუნიკაციო, რუსეთისგან ალტერნატიულ არხს ჭრის და ამასთან, კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ინტერესებს, რაც მომავალში ჩვენი უსაფრთხოების კიდევ ერთ საყრდენად უნდა იქცეს. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ამ პროექტმა "ნაბუქოს" ბედი არ გაიზიაროს, თუმცა, მას ახლავს გარკვეული საფრთხეც, რაც თავის დროზე, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას, თავქეიფობას ჩვეულმა საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და ამიტომ პროექტი, რომელსაც საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა კიდევ ერთხელ უნდა წარმოეჩინა, შეიძლება სწორედ ამ მნიშვნელობის დაკნინების წინა პირობად იქცეს. აი, რას გვაუწყებს საქართველოს რკინიგზის ვებგვერდი ამ გლობალური პროექტის თაობაზე: "ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას მერე, რაც ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება. ასევე შესაძლებელი იქნება დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს და ის მოიაზრება, როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა ირანიდან მომავალი არსებული სატრანზიტო გზების ნაცვლად."

საინტერესოა, ის, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებდა და გვახარებდა, საზღვაო გზით გადაზიდვა საჭირო აღარ იქნებაო, თუ დაფიქრდა იმაზე, რომ ეს საქართველოს პორტების შემოსავლის კლებას და საქართველოს გეოპოლიტიკური სატრანზიტო ფუნქციის თანდათანობით შესუსტებას გამოიწვევს?! თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე რომ ეზრუნა, ეს პროექტი საფრთხედ არ იქცეოდა, დღეს კი იგი საქართველოს ახალი, გამოუცდელი ხელისუფლებისთვის სერიოზული თავის ტკივილი შეიძლება გახდეს.

შეძლებს თუ არა საგარეო პოლიტიკურ ინსინუაციებში გამოუცდელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ინტერესებიც დაიცვას და არც მეზობლების ინტერესებს მიაყენოს ზიანი, ძნელი სათქმელია. სწორედ ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტის წინ ეს საკითხი საზოგადოებრივი განხილვის საგნად უნდა იქცეს.

სალამი, ჯორჯ!

თავს გვახსენებს ჩვენთვის კარგად ცნობილი ჯორჯ სოროსი და ამჯერად უკვე საქართველოს ახალ ხელისუფლებას ხვდება. სოროსის ამ ვიზიტის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის, რომ როგორც თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,„"ვარდების რევოლუციით" მოსულ მთავრობას სოროსის ფონდის ნაცვლად ფულს სწორედ ის უხდიდა, არადა, დიდი ხნის განმავლობაში გვეგონა, რომ საჯარო მოხელეების გაზრდილ სახელფასო ფონდს თუ ადმინისტრაციულ რეფორმებს სოროსის ფონდი აფინანსებდა. ვისთან შეთანხმებით იყენებდნენ სოროსის სახელს - თავად "ვარდოსნებმა" ისურვეს ასე, თუ ივანიშვილმა და სოროსმა მოილაპარაკეს? - ამ კითხვაზე პასუხი თანამედროვე ქართული პოლიტიკის ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას.

დასავლურ მედიაში, "ფორინ პოლისში", გამოჩნდა საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი პირველი სტატიები, რაც მიანიშნებს, რომ ახალმა მთავრობამ საზღვარგარეთ საკუთარ იმიჯზე ზრუნვა დაიწყო.