რა თანხები იხარჯებოდა კანცელარიის ჩინოვნიკების შესანახად - კვირის პალიტრა

რა თანხები იხარჯებოდა კანცელარიის ჩინოვნიკების შესანახად

რატომ მიაწერეს "ნაციონალებმა" მერაბიშვილის გახარჯული თანხები ივანიშვილს

არცთუ დიდი ხნის წინ ლაშა ბუღაძის წერილი "რა ხდებოდა პრეზიდენტის რეზიდენციაში" წავიკითხე, სადაც ავტორი ხელისუფლების ერთი შტოს მიერ ძალაუფლების დაკარგვას აშარჟებდა: "რეზიდენციაში ყინავდა! რადიატორები უმდაბლეს ნიშნულამდე დაეწიათ, ხოლო სასადილოში ჭეშმარიტად ეგზისტენციალური 90-იანი წლები დაგვიხვდა: მხოლოდ წყალი, წიწიბურა, ლობიო და ურძეო და უკარაქო ნამცხვარი "სიგუა"! გაყინულმა ირმა ნადირაშვილმა, რომელსაც გადაჭრილი შალის ხელთათმანები ჩამოეცვა ხელებზე, წიწიბურას მარილივით მოაყარა დაფხშვნილი ვიტამინი ჩ და მკაცრად შეუძახა პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელს: "გაიზომოს სიცხე, ნერვებს ნუ მიშლის!". ყველაზე დიდი შოკი საპირფარეშოში მელოდა. ფეხსალაგის ოდესღაც მბზინავ სარკეზე წითელი პომადით მიეწერა ვიღაცას: "აქ იყო დელისის მანიაკი!"  წერს ავტორი.

გაშარჟება იქით იყოს, მაგრამ შარშან პრეზიდენტის რეზიდენციაში ცხოვრება დუღდა და გადადუღდა! თავად სააკაშვილი კი (როგორც ჩანს) კარიერის გაგრძელებას პრემიერ-მინისტრის ამპლუაში გეგმავდა და ბრწყინვალე მომავალზე ოცნებობდა, ალბათ, ამიტომაც დაიწყეს პომპეზური რეზიდენციის აშენება აშშ-ის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე (ალექსანდრეს ბაღის უკან), რომელიც, როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრის "ნავსაყუდელი" უნდა გამხდარიყო.

პირველი ოქტომბრის კრახის შემდეგ  გიგი უგულავამ სასწრაფო წესით აფრინა  წერილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფ ვანო მერაბიშვილთან: "გთხოვთ, გადმოგვცეთ 10-12 ავტომანქანა". თხოვნა დაუყოვნებლივ შეუსრულეს. ასეთივე ხერხით გადაეცა კანცელარიის და შსს-ს კუთვნილი ავტომობილები პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ახალმა მთავრობამ ამ ავტომობილების უკან დაბრუნება განიზრახა - კანცელარიის ბალანსზე აღრიცხული ავტომობილების სხვა უწყებებისთვის გადაცემის საჭიროება სათანადოდ დასაბუთებული არ იყოო, მაგრამ როგორც ჩანს, არც მერია და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქონების დათმობას არ აპირებს.

რაც შეეხება იმას, თუ რა თანხები იხარჯებოდა მშენებარე რეზიდენციისთვის, დღემდე გასაიდუმლოებულია. თუმცა, "კვირის პალიტრამ" შეიტყო, რომ 2012 წელს კანცელარიის ბიუჯეტიდან მშენებლობისათვის 16 მილიონი ყოფილა დახარჯული. ისიც შევიტყვეთ, რომ კანცელარიის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები რატომღაც ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენახვისთვისაც იხარჯებოდა.

მაია ცქიტიშვილი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი: "კანცელარიის თანამშრომელთა უმრავლესობას ემსახურებოდა მანქანები, თითოეულ მანქანაზე თვეში საშუალოდ ტონა საწვავი გაიცემოდა. მეტიც, ერთ-ერთ თანამშრომელზე, რომელიც სატრანსპორტო მომსახურების საკითხებს აგვარებდა, თვეში 12 ტონა საწვავია გაცემული. დიდი თანხები იხარჯებოდა კანცელარიის თანამშრომელთა სატელეფონო მომსახურებაზეც (ყოველთვიურად თითოეულზე - 1.000, ზოგიერთზე კი 1.500 ლარიც). გაირკვა ისიც, რომ არჩევნების წინ (ვანო მერაბიშვილის პრემიერმინისტრობის ხანმოკლე პერიოდში) 11 ძვირად ღირებული ავტომობილი შეიძინეს (ზოგიერთ მათგანში 70- 80 ათასი ლარიც არის გადახდილი).

ჩვენ ხარჯები შევამცირეთ და მხოლოდ 100-200 ლიტრს გამოვყოფთ. სატელეფონო ყოველთვიური ხარჯიც 100-დან 50 ლარამდე შემცირდა. 2012 წელს, კანცელარიის დაფინანსება 30 მილიონს აღემატებოდა. აქედან  16 მილიონი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, მილიონი - ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენახვაზე. ე.ი. უშუალოდ კანცელარიისთვის 13 მილიონამდე დაიხარჯა. მომავალ წელს კანცელარიის დაფინანსება, სავარაუდოდ, 9 მილიონ 900 ათასამდე შემცირდება.

-  "ნაციონალებმა" თქვეს, ახალმა პრემიერ-მინისტრმა 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა და ერთ თვეში სახელმწიფო კანცელარიის დაფინანსება 2 მილიონ 500 ათასი ლარით გაზარდაო.

- დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეს თანხა (2 მილიონ 500 ათასი ლარი) კანცელარიას არა ივანიშვილის, არამედ მერაბიშვილის პრემიერმინისტრობის დროს აქვს დახარჯული, ახლა კი გაწეული ხარჯის დაზუსტება და ასახვა მოხდა კანცელარიის საბიუჯეტო ასიგნებებში.

P. S. ჟან ჟაკ რუსოს უთქვამს, ძალაუფლება უძლიერესი აღმგზნები საშუალებააო. უდავოა, თუმცა, მისი მოპოვების სურვილიც არანაკლებ ძლიერია, განსაკუთრებით მისთვის, ვინც ამ აღმგზნებ საშუალებას გემო ერთხელ უკვე გაუსინჯა და მერე ძალაუფლება დაკარგა.