ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი: ქართულ-რუსული დიალოგის პერსპექტივები - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი: ქართულ-რუსული დიალოგის პერსპექტივები

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ქართულ-რუსული დიალოგი შედგა. რას ელის ამ დიალოგისგან საქართველო, რომლის მოსახლეობის 83% რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა?! ამ კითხვაზე პასუხი გადაჯაჭვულია იმ მიზეზებთან, რამაც ამ დიალოგის მომხრეთა ზრდა განაპირობა, მაშინ, როცა რუსეთი, როგორც მტრის ხატი, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართველებისთვის ისეთ სტიგმად ითვლებოდა, რომელთან ურთიერთობის სურვილი კი არა, მისი ოდნავ დადებით კონტექსტში ხსენებაც კი ლამის საზოგადოებისგან განდევნის ტოლფასი იყო.

რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე ბატონ გოგი ხოშტარიას ვესაუბრე და ვკითხე, ასეთივე კვლევა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში რომ ჩაგვეტარებინა, მოსახლეობის რამდენი პროცენტი იქნებოდა რუსეთთან დიალოგის მომხრე-მეთქი. ვფიქრობთ, მაშინაც კი, 20-22 წლის წინ, როცა ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს შეადგენდა, რუსეთთან დიალოგისა თუ ურთიერთობის მომხრეთა რაოდენობა 15-18%-ზე მეტი არ იქნებოდა. შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც კი ეს მაჩვენებელი ზოგჯერ 5%-ზე ნაკლები იყო. ასეთი ვითარება დახვდათ„"ვარდოსნებსაც" და რაღა მაინცდამაინც ახლა -„რუსეთის მიერ საქართველოს მორიგი ოკუპაციიდან სულ რაღაც 5 წლის თავზე და ვითომდა ზეპროდასავლური "ვარდეკლიანი" ხელისუფლების 9-წლიანი ზეობის შემდეგ ვყარეთ ქოში უკუღმა და მოგვეძალა რუსეთთან ურთიერთობის სურვილი?!

ცოცხით და სკამის ფეხით - საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ

სად უნდა ვეძებოთ მიზეზები?! ნაციონალთა 9-წლიან გაუკუღმართებულ მმართველობაში ხომ არა, როცა რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებული უამრავი ადამიანი წამების მსხვერპლი გახდა  მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალთა“ წინამძღოლს დასავლეთის თვალში „რუსეთთან მებრძოლი იაკობის განუხრელი იმიჯი დაემკვიდრებინა? ისეთი, ერთი შეხედვით უფრო „მარტივი“ მეთოდების გვერდით, როგორიც იყო ნარკოტიკების თუ იარაღის ჩადება და ეკონომიკური დანაშაულის შეთითხნა ქონების წართმევის მიზნით, ნაციონალთა ხელში რუსეთის აგენტობის დაბრალება იქცა საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლის სასტიკ იარაღად: საგადასახადო რეფორმა არ მოგწონდა, საგანმანათლებლო, სადაზღვევო თუ სამედიცინო - შენ რატომღაც რუსეთის აგენტი იყავი! სასამართლო სისტემის გაუქმებას აპროტესტებდი თუ საინფორმაციო ტერორს - რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდი! ბოდიში, მაგრამ რუსეთის აგენტობას ნაციონალური რეჟიმი ავბედითი ცოცხის ფუნქციით იყენებდა„ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლის უმრავლესობას რუსეთთან ურთიერთობის სურვილი აზრადაც არ გაუვლია.

შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის რუსეთი უფრო აბსტრაქტულ საფრთხედ იქცა, ვიდრე საკუთარი ხელისუფლება, იმიტომ, რომ რუსეთი შორს იყო,„ცოცხითა და„სკამის ფეხით შეიარაღებული ხელისუფლება კი - ჩვენ გვერდით.

„ნაციონალები“ - საქართველოს დასავლური კურსის მთავარი საფრთხე?!

ზემოთ აღწერილს მეორე უბედურებაც დაერთო: საკუთარ მოსახლეობასთან ურთიერთობის ასეთი მეთოდებით შეიარაღებულმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიზანმიმართული საინფორმაციო პოლიტიკის შედეგად, ფაქტობრივად, საკუთარი თავი დასავლეთს, უპირველესად კი - ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუტოლა. ამერიკელებს, რა თქმა უნდა, აღაფრთოვანებდათ აგრერიგად „პროდასავლური“ ხელისუფლება, მაგრამ ამ აღფრთოვანება-აღტყინებაში გამოეპარათ მთავარი: რომ დასავლეთსა და განსაკუთრებით, ამერიკასთან გაიგივებული ხელისუფლების შეცდომებიც მათთან ასოცირდებოდა და ჩნდებოდა საფრთხე, რომ ხელისუფლებისადმი უნდობლობა დასავლეთისადმი უნდობლობაში გადაზრდილიყო. ერთ-ერთი მედიაგიგანტის -„"ფაინენშელ თაიმსის" ავტორი ნილ ბაკლი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ„დასავლეთი საქართველოს მოსახლეობის თვალში თვალთმაქცად აღიქმებოდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური“ მმართველობის ყველაზე მძიმე შედეგი საქართველოსთვის იყო სწორედ დასავლეთის, ან გნებავთ, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტის და სტრატეგიული პარტნიორის იმიჯის შელახვა. ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მთავრობებმა„ნაციონალთა რეჟიმის „ეს შედეგი უფრო ობიექტურად უნდა შეაფასონ. ჩვენდა ბედად, დასავლეთი გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა ამას და 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის ნების პატივისცემით, აღიარებითა და მხარდაჭერით, ხელის ერთი მოქნევით, ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაბრუნა თავისკენ.

ახლა კვლავ რუსეთის თემას დავუბრუნდეთ: მთავარი მიზანი, რომლის მიღწევასაც რუსეთთან ურთიერთობაში უნდა ვესწრაფოდეთ (სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და რუსული ბაზრის აღდგენის გარდა), მისგან საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების მიღებაა. რეალურია თუ არა ეს? ვფიქრობ, თვალსაწიერ მომავალში - სრულიად არარეალურია. რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი უსაფრთხოების მთავარ გარანტად კიდევ კარგა ხანს დარჩება დასავლეთი და მეტადრე - ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის რუსეთი აღარ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით. ეს ის რუსეთია, რომელიც სერიოზულად წუხს იმის გამო, რომ აშშ-ს ჯარები გამოჰყავს ავღანეთიდან, რადგან მარტო ვერ დაიცავს საკუთარ და შუააზიელ პარტნიორთა უსაფრთხოებას ტერორიზმის, რადიკალური ისლამის და ნარკოტრაფიკის საფრთხის წინაშე. ეს ის რუსეთია, რომელმაც 2010 წელს უარი უთხრა ბიშკეკს, დახმარებოდა წესრიგის აღდგენაში „ოდკბ-ს ანუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში; ეს ის რუსეთია, რომელიც უძლურია, დაიცვას თავისი ინტერესები მსოფლიოს ბევრ ადგილას. გასაგებია, რომ ასეთი რუსეთიც კი ყოველთვის საქართველოზე ძლიერი იქნება, მაგრამ ახლა, როცა რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების დამატებით ბერკეტებს ეძებს, საქართველომ უნდა შეძლოს, გახდეს მისთვის ისეთი საინტერესო, რომ ჩვენს მშფოთვარე მეზობელს, სულ მცირე, ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფის ცდუნება აღარ გაუჩნდეს.

მთავარია, პატრონყმური მენტალობისა და დამარცხებულის სინდრომისგან ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ.

ხათუნა ლაგაზიძე