"ტროიკას" უნდოდა ჟვანიაზე კომპრომატი ჰქონოდა" - კვირის პალიტრა

"ტროიკას" უნდოდა ჟვანიაზე კომპრომატი ჰქონოდა"

"ტროიკას" უნდოდა ჟვანიაზე კომპრომატი ჰქონოდა"

"ბაქრაძე ყურმოჭრილი მონა იყო და ასეთად რჩება დღესაც"

"ოქრუაშვილი ცდილობდა, გამხდარიყო ქვეყნის პირველი პირი"

"საქართველოში არსებობდა დღის და ღამის მთავრობა. იყო ორი "ტროიკა". ერთი ოფიციალური - სააკაშვილი, ბურჯანაძე, ჟვანიას ტრიუმვირატი და მეორე - სააკაშვილის გარემოცვაში არსებული "ტროიკა", რომელსაც ბევრად მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე ტრიუმვირატს", - მეუბნება პარლამენტის ყოფილი წევრი და მთავრობის კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე:

- 2003 წლის ნოემბრის დასაწყისში სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე საჯაროდ ლანძღავდნენ ერთმანეთს. 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ჟვანიას გუნდმა ბარიერიც კი ვერ გადალახა, პროცენტები მათ გაყალბების შედეგად მიიღეს. ნოემბრის ბოლოს მოხდა სააკაშვილის, ჟვანიასა და ბურჯანაძის იძულებითი გაერთიანება, რადგან ხალხისაგან იყო დაკვეთა. მათაც გაითამაშეს ერთიანობა და დასავლეთის თვალშიც მოიგეს, - დემოკრატიული ძალები გაერთიანდნენო. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან სააკაშვილთან არსებული ე. წ. "ტროიკა" (ოქრუაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი) გვიან ღამით იკრიბებოდა და საიდუმლო სერობები დილამდე გრძელდებოდა. ამ შეკრებებზე ზეპირსიტყვიერად წყდებოდა საბედისწერო საკითხები; ანუ არსებობდა დღის და ღამის მთავრობა.

პრემიერი ჟვანია ბევრ რამეს ჟურნალისტებისაგან იგებდა, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია. ცხინვალისკენ ჰუმანიტარული შტურმი ისე დაიგეგმა, ჟვანიამ არაფერი იცოდა. როდესაც 2004 წლის ზაფხულში ოსი სეპარატისტების ბოევიკებმა სოფელ ვანათში დააჩოქეს იქ შეყვანილი პოლიციელები, დილაადრიან დავურეკე ჟვანიას და ვუთხარი, რომ უბედურება მოხდებოდა.

- წარმოუდგენელია, რომ ეს არ სცოდნოდა თავდაცვის მინისტრ გიორგი ბარამიძეს. ბარამიძისაგან ხომ მაინც შეიტყობდა ამას ზურაბ ჟვანია?

- პოლიციელების დაჩოქების ამბავი ჩემგან გაიგო. გადაწყვეტილებას სააკაშვილი იღებდა თავის "ტროიკასთან" ერთად. ბარამიძეს არაფერს ეკითხებოდნენ. მალე სააკაშვილმა ის გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრობიდან და ოქრუაშვილი დანიშნა. ოქრუაშვილმა გადადგომის შემდეგ საგულისხმო რამ თქვა: "მე და რამდენიმე პირს შეუზღუდავი, უზარმაზარი ძალაუფლება გვქონდა და ამან დიდად დააზარალა ქვეყანა". "ტროიკა" მოგვიანებით დაიშალა. პირველი ოქრუაშვილი გავიდა.

კანცელარიის თანამშრომლები ჰყვებოდნენ, რომ "ტროიკის" შეკრებებზე საინტერესო პოზიცია ეკავა ზურაბ ადეიშვილს, - თითქმის არ იღებდა ხმას. აკვირდებოდა, საით იხრებოდა ოქრუაშვილისა და მერაბიშვილის კამათი, ცდილობდა გამოეცნო, სააკაშვილი რა პოზიციას დაიკავებდა და მერე ამბობდა იმას, რაც სააკაშვილს მოეწონებოდა.

საიდუმლო სერობებზე ოქრუაშვილი და მერაბიშვილი ხშირად კამათობდნენ. ორივე ცდილობდა სააკაშვილის ფავორიტი გამხდარიყო და კონკურენტი ჩამოეცილებინა, რათა ბურთი და მოედანი დარჩენოდა. დამალული არ არის, რომ ოქრუაშვილი ცდილობდა გამხდარიყო ქვეყნის პირველი პირი. ამის გამო ჰქონდა ალიანსი პატარკაციშვილთან და ამიტომაც გადაწყდა მისი ბედი - ჯერ მთავრობიდან წავიდა და მერე დააპატიმრეს. ოქრუაშვილს "ტროიკის" სხვა წევრებმა აჯობეს. მანამდე, 2006 წლის შემოდგომაზე, როდესაც გირგვლიანის საქმის გამო ვითარება ძალიან დაიძაბა, სააკაშვილი და "ტროიკა" გოგირდის აბანოში შეხვდნენ ერთმანეთს, მიზანი ოქრუაშვილისა და მერაბიშვილის შერიგება იყო, მაგრამ უარესი დაპირისპირება მოჰყვა.

სააკაშვილის გარემოცვიდან პრემიერ-მინისტრი ჟვანია თავიდანვე გარიყული იყო. გამეღიმება ხოლმე, როდესაც ამბობენ, ჟვანია იყო ბოლო ძლიერი პრემიერიო. ჟვანია ძლიერი კი არა, შეზღუდულზე შეზღუდული იყო. პარლამენტის თავმჯდომარე კი კონსტიტუციით ქვეყნის მეორე პირია, მაგრამ ნინო ბურჯანაძეზე გაცილებით გავლენიანი იყო ზოგიერთი პარლამენტის წევრი. მაგალითად, გიგა ბოკერიასა და გივი თარგამაძეს სააკაშვილთან სიახლოვის გამო გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდათ პარლამენტში, ვიდრე ნინო ბურჯანაძეს. დავით ბაქრაძე ხომ სახსენებელიც არ არის. ნინო ბურჯანაძეს შეეძლო მწვავედ გაეკრიტიკებინა სააკაშვილი პირისპირ შეხვედრების დროს, ბაქრაძე კი ყურმოჭრილი მონა იყო და ასეთად რჩება დღესაც.

მახსენდება 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც ქალბატონი ნინოს თხოვნით გადავედი პარლამენტში და შევესწარი (ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, მაგრამ ხელით მანიშნა, დავრჩენილიყავი), როგორ უყვიროდა ბურჯანაძე სააკაშვილს მობილური ტელეფონით, - გიჟი ხარ. ეს ბოლო დღეა შენი, როგორც პრეზიდენტისო.

იმის შესახებ, თუ რას აპირებდა სააკაშვილი 7 ნოემბერს, გაფრთხილებული არ იყო არც ბურჯანაძე და არც პრემიერი ნოღაიდელი. ბურჯანაძემ, ისევე როგორც ჟვანიამ, კარგად იცოდა, თუ სააკაშვილს რაიმე ნაბიჯის გადადგმისას არ ეტყოდი, რომ ეს მის პრეზიდენტობას დაემუქრებოდა, ისე ვერ შეაჩერებდი. გუნდის ზოგიერთმა სხვა წევრმაც არ იცოდა, რომ სააკაშვილმა 7 ნოემბერს აქციის დარბევა ბრძანა.

- ჟვანიას გარდაცვალებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას კახა ბენდუქიძესთანაც გაურთულდა ურთიერთობა.

- ჟვანიასა და ბენდუქიძეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიამ ბენდუქიძე გაათავისუფლა ეკონომიკის მინისტრობიდან მორიგი სკანდალის გამო და გადაიყვანა რეფორმების საკითხში სახელმწიფო მინისტრად.

- რომელ სკანდალს გულისხმობთ?

- ზედიზედ მოხდა ორი სკანდალი. პირველად ბენდუქიძემ უყვირა ევროგაერთიანების კომისიას, რომელიც საქართველოს მთავრობის თხოვნით იყო ჩამოსული. ამ კომისიას შვედეთის ეკონომიკის მინისტრი ქალი ხელმძღვანელობდა.

როდესაც ბენდუქიძეს უთხრეს, ჩვენ ჩამოვედით, რომ თქვენს ქვეყანას დავეხმაროთო, ბენდუქიძემ უთხრა, თქვენ სოციალ-დემოკრატები ხართ და თუ ჩვენი დახმარება გინდათ, სასწრაფოდ გაეთრიეთ ჩემი ქვეყნიდანო. ამის შემდეგ ბენდუქიძემ მთავრობის სხდომაზე დედა აგინა ენერგეტიკის მინისტრ ნიკოლოზ გილაურს.

ამის მერე გადაიყვანა ჟვანიამ ბენდუქიძე რეფორმების მინისტრად და ვერ ვიტყვი, რომ ამით ბენდუქიძის გავლენა შემცირდა...

- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე რას იტყვით?

- არ მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ჟვანია მოკლეს. ვიცი, რატომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ჟვანიას გარდაცვალებასთან შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია. ზურამ მიამბო, - თემურ ალასანიას ჩამოყვანილი ჰყავს აფერისტები, რომელთაც უნდათ აეროპორტის მშენებლობას მოჰკიდონ ხელი. ისინი წილებს სთავაზობენ ყველას და მეც შემომთავაზეს. ეს ვუთხარი მიშას და იმ დღესვე გაყარა საქართველოდანო. როდესაც ქალბატონმა რემამ ბრძანა, სააკაშვილს ხელ-ფეხი აქვს შეკრული ზურაბის მკვლელობის გამოძიებაში, რადგან საქმეში მისთვის ძვირფასი ადამიანია ჩართულიო, დარწმუნებული ვარ, თემურ ალასანიას გულისხმობდა... ვფიქრობ, რომ ზურა მართლაც გაზით გაიგუდა.

- მაგრამ ოთახში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, არ აღმოჩნდა რაულ უსუფოვის ფეხსაცმელი, ანაბეჭდები, სუფრაზე იყო სოსისი, როდესაც ზურაბ ჟვანია მარხვაზე იყო, და ბოლოს, იმ უბანში არ იყო ბუნებრივი აირი და ამ დროს გამოაცხადეს, ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდაო...

- ვფიქრობ, კობა ხარშილაძემ და დაცვის სხვა წევრებმა გაცილებით მეტი იციან. აშშ-დან მოწვეული სპეციალისტების დასკვნით, ჟვანიას სხეულზე გარეგნული დაზიანება არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ

ჟვანიას გარდაცვალებიდან სულ მალე ერთი ცნობილი ოჯახი დაიღუპა თბილისში იმ ოჯახში მყოფ სტუმართან ერთად CO-ს გაჟონვის გამო, თანაც ყველანი იმ პოზაში გაშეშდნენ, რომელშიც იყვნენ მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზრდისას.

გასული საუკუნის 30-იან წლებში პარტიული მუშაკები ხშირად გარაჟებში თავს CO-თი იკლავდნენ. გარაჟს კეტავდნენ, ქოქავდნენ მანქანას და... ეს თვითმკვლელობის გავრცელებული სახეობა იყო, იმიტომ, რომ მერე ბიოგრაფიაში არ იწერებოდა თვითმკვლელობა, წერდნენ უბედურ შემთხვევას. თუმცა, მე სრულიად გამოვრიცხავ ჟვანიას თვითმკვლელობას.

- მაგრამ იმ ღამეს საბურთალოზე არ იყო გაზი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც არ დაგროვდა  CO-ის ისეთი კონცენტრაცია, რაც სიცოცხლისთვის იყო სახიფათო. ასევე გამონგრეული გისოსიდან ბინაში ვეღარ გადაძვრა კობა ხარშილაძე.

- არ გამაჩნია პასუხები ამ შეკითხვებზე. ფაქტია, რომ იმ ბინაში უსუფოვი ცალი ფეხსაცმლით არ მივიდოდა; როგორც ჩანს, გვამი იმ ღამეს მართლაც გადაიტანეს. ამბობენ, არის ვიდეომასალა და მის ჩვენებაზე ქალბატონმა რემამ თქვა უარი, ბავშვებს გული ეტკინებათო.

- ოქრუაშვილმა რამდენიმე კვირის წინ გაიხსენა, ჟვანიას გარდაცვალების ღამეს სააკაშვილთან რომ შევედი, მითხრა, ეს რა ჭირი მოვიშორეთო.

- მე პირიქით ვიცი. დილიდან ვიყავი კანცელარიაში და ხმა მომდიოდა, რომ სააკაშვილი საშინელ დღეშია, ძალიან განიცდისო. საგულისხმოდ მეჩვენება მიხეილ მაჭავარიანის განცხადება, მესმის, რომ მოქალაქეებს კითხვები აქვთ, მაგრამ გოგლა ჟვანიას არ უნდა ჰქონდეს შეკითხვებიო. საგულისხმოა ეკა ბესელიას განცხადებაც, რომ შესაძლებელია ჟვანიას გარდაცვალების სრულიად სხვა ვერსია გამოიკვეთოს.

- ოქრუაშვილის ნათქვამს როგორ ხსნით?

- მიჭირს ახსნა. სააკაშვილს ხასიათი საოცრად სწრაფად ეცვლება და მოკლე დროის განმავლობაში შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი რეაქცია ჰქონდეს. თეორიულად ამით შეიძლება აიხსნას ეს სიტყვები, თუ მართლა ასე თქვა.

- დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვალერი ჩხეიძემ განაცხადა, რომ ჟვანიას უსმენდნენ. ამბობს, რომ ამის შესახებ პრემიერი გააფრთხილა და ისიც უთხრა, ვინც უსმენდა.

- დარწმუნებული ვარ, უსმენდნენ. სააკაშვილსა და მის "ტროიკას" უნდოდათ გაეკონტოლებინათ ჟვანიას საქმიანობა და რაიმე კომპრომატიც ჰქონოდათ.

(გაგრძელება იქნება)