"იყავი სიმართლის მხარეს..." ანუ ქართული პასუხი ამერიკელ სენატორებს - კვირის პალიტრა

"იყავი სიმართლის მხარეს..." ანუ ქართული პასუხი ამერიკელ სენატორებს

"ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით, ძლიერი სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ, თორე ცოდო ვართ. თუ გვიშველით თქვენ, თუ არა, ჩვენი მშველელი აღარა არი", - ეს არის ამონარიდი 1936 წელს ამერიკის მთავრობისთვის მიწერილი ხევსურების წერილიდან, რომელმაც მაშინ ადრესატამდე ვერ მიაღწია და ვერ ახდა ქართველი პატრიოტების ოცნება, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ძლიერი მეგობარი ეპოვათ.

დღეს ამერიკა საქართველოს მთავარი მოკავშირეა. არასოდეს დაგვავიწყდება აშშ-ის მხარდაჭერა 2008 წლის ომის დროს და სენატორ ჯონ მაქქეინის განცხადება:”"დღეს ყველანი ქართველები ვართ". ისიც ვიცით, რომ არა ამერიკელი მეგობრების ინიციატივით ომის შემდეგ 5 მილიარდი დოლარის გამოყოფა, საქართველოს კრიზისი წალეკავდა. ყველასთვის ცნობილია აშშ-ის ჩართულობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში, რაც დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

გლობალურ საკითხებს რომ თავი დავანებოთ, თქვენმა მონა-მორჩილმა ისიც კარგად იცის - 2011 წელს "პალიტრამედიაზე" საგადასახადოს შეტევისას აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა ჯონ ბასმა, საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციამ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ავი ზრახვები არ განეხორციელებინათ.

სულ ახლახან, 1-ელ ოქტომბერს, აშშ-მა და პირადად ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს, რომ ქვეყანაში, პირველად დამოუკიდებლობის პერიოდში, არჩევნების გზით შეცვლილიყო ხელისუფლება. 1-ელ ოქტომბერს ქართველი საზოგადოება დარწმუნდა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ობიექტურად და ადეკვატურად აფასებენ პროცესებს.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, კითხვებსა და შეშფოთებას იწვევს ის პოზიცია, რომელსაც ამერიკელ პოლიტიკოსთა ჯგუფი არჩევნების შემდეგ აფიქსირებს. ვგულისხმობთ ამერიკელი სენატორების: ჯინ შეიენის, ჯოზეფ ლიბერმანის, ჯეიმს რიშის, ლინდსი ო. გრეჰემისა და ჯონ მაქქეინის წერილს, რომლითაც ისინი ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ (წერილის სრული ვერსია იხ. გვ. 32).

ამ წერილიდან იმ ეპიზოდებს მოვიყვანთ, რომელთაც ზემოხსენებული კითხვები გააჩინეს.

"შეშფოთებული ვართ ოპოზიციასთან დაკავშირებული პოლიტიკური პირების დაკავებით, გამოძიებისა და მათი პოლიტიკური დევნის შესახებ გავრცელებული ხმებით", - წერენ სენატორები.

შესაძლოა, ამერიკიდან საქართველო მართლაც სხვანაირად ჩანს და სენატორები, მაგალითად, ბაჩო ახალაიას ან კუდ-ისა თუ სოდ-ის ყოფილ თანამშრომლებს ოპოზიციასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პირებად მიიჩნევენ (ან დაარწმუნეს, რომ ასეა), ან შესაძლოა, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს მართლაც პოლიტიკურად მოტივირებული ეგონოს, როდესაც გამოძიებას ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებთან. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის ნაწილი იმ ქმედებების შესახებ, რომელთა გამოძიებასაც ქართველი საზოგადოება ითხოვს, ხვდებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებში.

"მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მიუხედავად მისი აუცილებლობისა, არ არის საკმარისი ჭეშმარიტად დემოკრატიული მმართველობისთვის... ჩვენ გვაფიქრიანებს, რომ რეალობა, ან აღქმაც კი პოლიტიკური ანგარიშსწორებისა ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ, ქართველი საზოგადოების პოლარიზებას მოახდენს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ პროგრესს. მეტისმეტად სავალალო იქნება, თუ პოლიტიკურ ფიგურებს საქართველოში გაუჩნდებათ რწმენა, რომ ის, ვინც წააგებს არჩევნებს, ან ნებით დათმობს ხელისუფლებას, მალე თავს გისოსებს მიღმა ამოყოფს... განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ბოლო კომენტარები - საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები "კრიმინალები და დამნაშავეები" არიანო. დანაშაული და უდანაშაულობა უნდა განისაზღვროს მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ და საპირისპირო ძირს უთხრის კანონის უზენაესობას", - აღნიშნავენ ამერიკელი კანონმდებლები.

ალბათ, სენატორებმა არ იციან, რომ კანონის არათანაბარი გამოყენება გასულ წლებში, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო კამპანიისას, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. პოლიტიკური ანგარიშსწორების ინტრუმენტებად კი ლამის ყველა სახელმწიფო უწყება გადააქციეს - დაწყებული სასამართლოთი და დამთავრებული ზოგიერთი მედიასაშუალებით. ქვეყნის დემოკრატიულ პროგრესს საფრთხე კი არ ემუქრებოდა, საერთოდ არ არსებობდა. რაც შეეხება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ მთელი საქართველოს “ხაშურიზაცია” არ დაუშვეს. შესაბამისად, ალბათ, მათ უნდა იცოდნენ ყველაზე კარგად, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ნებით კი არ დათმო ძალაუფლება, არამედ დაათმობინეს ქვეყნის უცხოელმა გულშემატკივრებმა და ქართველმა ხალხმა. ვინც მზადაა არჩევნების წაგების აღიარებისთვის, ის არ ნადირობს წინასაარჩევნოდ სატელიტურ ანტენებზე, არ არიგებს მრავალმილიონიან ჯარიმებს და არჩევნების დღეს საბრძოლო მზადყოფნაში არ ჰყავს სპეცრაზმები. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი დანაშაულს სჩადის, მზად უნდა იყოს, რომ შესაძლოა, არჩევნების შემდეგ გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

სენატორებს კარგად მოეხსენებათ, ამერიკაში დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგეს, არანაირი არჩევნები საჭირო არ არის. მაგალითად, პოლიციის მაღალჩინოსნებმა რომ დანაშაული ჩაიდინონ, ალბათ, არავის მოუვა თავში აზრად, მათი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასოს. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ დანაშაული და უდანაშაულობა უნდა განისაზღვროს მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. უბრალოდ, გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ ასეთი სასამართლოს არარსებობამ ბევრი ადამიანი გააუბედურა. მაგალითისთვის გირგვლიანის საქმეც კმარა.

დარწმუნებული ვართ, სენატორები იმიტომ გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ საქართველოს და არა რომელიმე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის გულშემატკივრები არიან. თუმცა, ერთ-ერთ მთავარ კითხვას, გაუგებრობას თუ გულისტკივილს სხვა რამეც იწვევს.

ასეთი მკაცრი ტონი და შეშფოთება საქართველოს წყალივით სჭირდებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვისას, რომლის გვირგვინი ფოტორეპორტიორების საქმე იყო, თუ 2008 წლის არჩევნების გაყალბებისას. მაშინ ხუთ ამერიკელ სენატორს შეშფოთება რომ გამოეთქვა, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ბედი სხვანაირად განვითარებულიყო.

თუმცა, ჩვენი უცხოელი მეგობრებისაც გვესმის. ზემოხსენებული სენატორები წლების განმავლობაში საქართველოს "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ.

მაგრამ თუ ისინი საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერები არიან, მაშინ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ, რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს.

სენატორებს დიდი ამერიკელის, აბრაამ ლინკოლნის სიბრძნეს შევახსენებთ: "იყავი ნებისმიერის მხარეს, რომელიც სიმართლის მხარესაა. იყავი მის მხარეს მანამ, სანამ სიმართლის მხარეს არის, მაგრამ როდესაც შეცდება, გაეყარე".

ასევე იხილეთ: "ამერიკელი სენატორების წერილი ბიძინა ივანიშვილს"