"ახლა იწყება თავისუფლება. როდესაც კომპეტენტური ადამიანები იღებენ კომპეტენტურ გადაწყვეტილებებს" - კვირის პალიტრა

"ახლა იწყება თავისუფლება. როდესაც კომპეტენტური ადამიანები იღებენ კომპეტენტურ გადაწყვეტილებებს"

"როდესაც ძალაუფლება არა გაქვს, თავისუფლება იოლია, მაგრამ თავისუფლება იმ კონტექსტში, როდესაც ძალაუფლება გაქვს, ბევრად რთულია"

"მე არ ვაპირებ სწავლის საფასურის გაძვირებას და მომავალ წელს ორჯერ მეტ ფულს ჩავდებ განათლებაში"

"ძალიან მინდა, კარგად გამომივიდეს საქმე, რასაც ხელი მოვკიდე"

"სკოლების დახურვა არათუ შეჩერდება, არამედ ახალი სკოლები გაიხსნება"

"როცა მოვიცლი, დუშეთში, ჩემს სახლში ავდივარ. გარემოს შეცვლა მეხმარება, რომ საკუთარი თავისნაირი ვიყო. თუმცა, დღეს სხვა როლში ვარ, ვიდრე 44 წლის განმავლობაში ვიყავი. მომწონს თავისუფლება, მაგრამ, რადგან ავიღე ვალდებულება და სახელმწიფო მოხელე ვარ, მივიღე თამაშის ის წესებიც, რომ როდესაც სახელმწიფო ძალას წარმოადგენ, ფრთხილად უნდა იყო, რათა ვიღაცას შემთხვევით არ ავნო. როდესაც ძალაუფლება არა გაქვს, თავისუფლება იოლია, მაგრამ თავისუფლება იმ კონტექსტში, როდესაც ძალაუფლება გაქვს, ბევრად რთულია. ვსწავლობ, არ დავკარგო თავისუფლება და ამავე დროს არ გადავიდე ანარქიაში და ვიღაცის უფლებები არ შევლახო", - მეუბნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.

- უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი და სერიოზული საქმეები გასაკეთებელი. როდესაც ახალ როლში ხარ, ცდილობ, მას მოერგო, ეს კი თავისუფლებას გიზღუდავს. ტანსაცმელიც კი განსხვავებული მაცვია, ვიდრე აქამდე ვიცვამდი, და ამასაც შეჩვევა უნდა.

- 2004 წლიდან განათლების მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა მათი სამუშაო კაბინეტიც. კახა ლომაიას დროს მინისტრის კაბინეტი იყო სადა. კედელზე თავისი ვაჟის ნახატი ჰქონდა გაკრული, უამრავი კომპაქტდისკი ჰქონდა. მუსიკა უყვარდა და ხშირად უსმენდა; გია ნოდიას დროს მინისტრის კაბინეტიდან კომპაქტდისკები გაქრა. შაშკინმა, გარდა იმისა, რომ კაბინეტი საფუძვლიანად გაარემონტა, მინისტრის ოთახი ძვირფასი ავეჯითაც გააწყო. თქვენ რა შეცვალეთ?

- ხელი არაფრისთვის მიხლია, ყველა სკამი ისე დგას, როგორც იდგა. კაბინეტი დიდია და, ჩემი აზრით, მდიდრული.

- კახა ლომაია ამბობდა, სკოლაში მთავარი მოსწავლეაო, შაშკინის დროს კი გაჩნდა განცდა, რომ სკოლაში მთავარი მანდატური იყო. თქვენთვის ვინ (ან რა) არის მთავარი?

- წლების წინ განათლების სისტემაში იყო ანარქია რეგულირების გარეშე, ნაცმოძრაობის დროს - დიქტატი და ძალიან მკაცრი რეგულირება. ახლა იწყება თავისუფლება, როდესაც კომპეტენტური ადამიანები იღებენ კომპეტენტურ გადაწყვეტილებებს. ჩემი მიზანია ხარისხიანი განათლება, განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია საზოგადოების გააქტიურების ხარჯზე, რასაც დიდი დრო დასჭირდება და მყისიერად ვერ მივაღწევთ. აქამდე სისტემა პოლიტიკური ბერკეტებით მუშაობდა, ადმინისტრაციულ-ბრძანებითი ფორმით და მისი ხერხემალი პოლიტიკური მმართველობა იყო. ჩვენ ამას შევცვლით, მაგრამ როდესაც სისტემის მენეჯმენტს ცვლი, სიცარიელე ჩნდება. ადამიანები შეჩვეული არიან ბრძანებას, ჩვენ ბრძანების გაცემას კი არა, მხოლოდ ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას ვაპირებთ. Aასეთ დროს ბევრი რამ დამოკიდებული ხდება აღმასრულებელზე. ადრე თუ სამინისტრო ამბობდა, გაივლი 5 მეტრს პირდაპირ და მერე 3 მეტრს მარცხნივო, ახლა ვეტყვით - ა წერტილიდან B წერტილამდე მიდით და როგორ მიხვალთ, ეს თვითონ გადაწყვიტეთ სისტემის ყველა წევრმა. ამისთვის კი შესაძლოა ადამიანები მზად არ აღმოჩნდნენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რომ არ დაიბნენ და სისტემაში ანარქია არ დაიწყოს. სამინისტროს როლი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თავისუფლების ხარისხს მოჰყვეს კომპეტენციის ზრდა. ახლა ადამიანებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, ვიდრე მაშინ, როდესაც მათ სისხლის დალევით ემუქრებოდნენ, როდესაც ეუბნებოდნენ, თქვენს სისხლს დავლევ, თუ სამ ნაბიჯს წინ არ გადადგამთ და 2 ნაბიჯს მარცხნივო. დიქტატიდან თავისუფლებაში გადასვლა სასიამოვნო და იმავდროულად, მძიმეა ჩვენთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ეს უნდა აღასრულოს. მოველი, რომ ის ადამიანები, ვინც ასეთი თავისუფლებისთვის მზად არ არიან, ვისთვისაც თავისუფლება ბუნებრივი არ არის, შეეცდებიან, ეს ყველაფერი ანარქიასა და ქაოსში გადაიტანონ და თქვან, ეს ყველაფერი სისულელეა და ამის გაკეთება არ შემიძლიაო.

ჩვენ არ ვიტყვით, ვისაც რა გინდათ, ის აკეთეთო, არამედ, ვიტყვით, აი, ეს არის მიზანი და თუ სხვაზე უკეთესი ხარ, უკეთ მიაღწიეო. თუ ვერ მიაღწევ და A-დან B პუნქტში მისვლის ნაცვლად სულ სხვა მიმართულებით წახვალ, მაშინ ვერ იქნები სისტემაში.

- მოვისმინე თქვენი განცხადება, საახალწლოდ 500 ლარის დარიგებას არ ვაპირებ და ძვირად ღირებული მანქანა არ შემიძენიაო. მედიიაში გავრცელებულ ინფორმაციას ყოველთვის უპასუხებთ?

- ალბათ, პერიოდულად დამჭირდება პასუხების გაცემა. გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სტუდენტებისთვის ვაპირებდით 500-500 ლარის დარიგებას, რასაც არ ვაპირებთ. მედიით ასევე გავრცელდა ხმა, რომ ძვირად ღირებული მანქანა შევიძინე და თან თურმე ისეთი შტერი ვარ, მანქანა ჩემს მეგობარზე გავაფორმე. მანქანა არ შემიძენია და არც მყავს. მყავს სამსახურის მანქანა, რომელიც სამინისტროში მისვლისას დამხვდა. არა მყავს მძღოლი და საჭესთან თვითონ ვზივარ. ეტყობა, სამსახურის მანქანაზე რომ დამინახეს, გადაწყვიტეს, რომ ჩემია. ასეთი რამეების დაწერა უხარისხო ჟურნალისტიკაა, თანაც ვარაუდი კი არ გამოთქვეს, მტკიცებითი ფორმით ჰყვებოდნენ, რომ ახალშეძენილი მანქანა მეგობარზე გავაფორმე. ეს უკვე ცილისწამებაა. კერძო პირი რომ ვიყო, ამით არც დავინტერესდებოდი, მაგრამ რადგან გარკვეულ პოლიტიკურ ვალდებულებებს ვატარებ, ამიტომაც გადავწყვიტე ამ ცილისწამების გაბათილება.

- შაშკინს არათუ მძღოლი, რამდენიმე კაცი (სავარაუდოდ, დაცვის წევრები) ახლდა ყოველთვის.

- დაცვა ჰყავდა? არ ვიცოდი. მძიმე ტვირთია, როცა ადამიანს, ვინც არ გიცნობს, ვალდებულება აქვს, დაგიცვას. ისედაც ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რაც სავალდებულო არ არის, ისეთ რამეებს არ შევცვლი. მძღოლისა და დაცვის ყოლა არ არის ის ვალდებულება, რომელიც ავიღე.

- რამდენიმე დღის წინ სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა კალმის სახურავის გადაყლაპვის გამო. ამ შემთხვევამ, ალბათ, გიკარნახათ, რომ ასეთი მოულოდნელობებისთვისაც მზადყოფნაა საჭირო...

- გასული კვირა ძალიან მძიმე იყო. ჯერ პირველკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა იმის გამო, რომ კალმის თავსახური გადაეყლაპა. ამ კოშმარულ ფაქტს მეორე მოჰყვა - მეორეკლასელებთან გაკვეთილზე შესული მასწავლებელი ინსულტით დაიღუპა.

ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი დამიკავშირდა და მითხრა, - ასეთი შემთხვევებისათვის რომ მზად ვიყოთ, ერთობლივი ღონისძიებებია გასატარებელიო. უახლოეს დღეებში შევხვდები მინისტრ სერგიენკოს და მისგან ველი კომპეტენტურ მოსაზრებას.

- არის მოსაზრება, მანდატურები გადაამზადონ ისე, რომ მათ შეძლონ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

- მანდატურების გადამზადება ვერ მოაგვარებს ამ საკითხს. სისტემა უნდა იყოს მზად ასეთი შემთხვევების საპასუხოდ.

ასეთი ტრაგედიების წინაშე რომ დავდექი, შოკირებული ვიყავი.

სასიამოვნოა, რომ მძიმე დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც დახმარება შემომთავაზეს. მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრმა კი არა, რამდენიმე ორგანიზაციამ დამირეკა და მითხრა, მზად ვართ ასეთი პრობლემების რეალისტური გადაწყვეტა შემოგთავაზოთო.

თავიდან, როდესაც მანდატურის ინსტიტუტი შემოიღეს, მისი აბრა იყო უსაფრთხო სკოლა, რაც სავსებით მისაღები და გასაზიარებელია, მაგრამ ისე მოხდა, რომ მანდატურის სამსახური გახდა სამინისტროს სადაზვერვო სამსახური სკოლაში. მანდატურები გარკვეულ როლს კი ასრულებდნენ, მაგრამ ძალიან ინტენსიურად ასრულებდნენ მასწავლებლებისა და დირექტორების მიმართ სადაზვერვო-სადამსჯელო ფუნქციას. აღმოჩნდა, რომ ეს იყო კარგი აბრა გამრუდებული შინაარსით. მანდატურს ჩამოვართვით მასწავლებლებზე ზემოქმედების ფუნქცია. ისინი მხოლოდ ბავშვების დაცულობას უზრუნველყოფენ. ამ ინსტიტუტის რეფორმირება დავიწყეთ და ვთქვით, ნამდვილად გვინდა შევინარჩუნოთ უსაფრთხო სკოლა და ამიტომ შევინარჩუნებთ ამ ინსტიტუტს, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოხდა. როგორც კი ვთქვით, რომ ამ ინსტიტუტს ვინარჩუნებდით, წამოვიდა კრიტიკა ლოზუნგებით, სხვა საქმე არა გაქვთ, რომ მანდატურის ინსტიტუტს, რომელიც ცუდია, ფორმას უცვლითო? იმაზე მსჯელობა კი არ დაიწყეს, როგორ აჯობებდა ამ ინსტიტუტის გარდაქმნა, მაგრამ კრიტიკას მოჰყვა შეხედულებები, მოსაზრებები, თუ როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტი. ადამიანები ნელ-ნელა სწავლობენ თავისუფლებას და ამ კონტექსტში იღებენ პასუხისმგებლობას, შენთან ერთად როგორ ამუშაონ უკეთ ეს სამსახური. მანდატურები იმ შემთხვევაში დაწერენ ოქმს, როდესაც სკოლაში იქნება კრიმინალური შემთხვევები, ცივი იარაღის გამოყენება, ფიზიკური შეურაცხყოფა ან თუ ვინმე მთვრალი მივა სკოლაში. ასეთ ბავშვებს დირექტორთან შეთანხმებით მისცემენ სიტყვიერ ან წერილობით გაფრთხილებას.

როდესაც სკოლის დამცავ მექანიზმებს ქმნი და საზოგადოება გეხმარება გარკვევაში, რა უნდა გაკეთდეს საამისოდ, ძალიან კარგია. თანდათან მცირდება ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც ლოზუნგური კრიტიკით იყვნენ დაკავებულნი და ამბობდნენ, მეტი საქმე არა გაქვთო.

საზოგადოებისაგან სხვადასხვა საინტერესო იდეა მოდის სკოლიდან ბავშვების გარიცხვის თაობაზე. ჩვენი ინიციატივაა, ბავშვის დასჯის ფორმა არ უნდა იყოს სკოლიდან მისი გარიცხვა. ცხადია, არიან ბავშვები, რომლებიც უწესოდ იქცევიან, მაგრამ როდესაც ბავშვს სკოლიდან აგდებ და საზოგადოებისგან რიყავ, ეს სხვა ფორმაა. აღზრდის პროცესში დასჯა არ გულისხმობს გარიყვას. ის გულისხმობს დასჯას, მაგრამ დასჯილი საზოგადოების წევრად რჩება. სკოლიდან გაგდებით მოსწავლის დასჯა აღმზრდელობითი ღონისძიება კი არა, მისი სკოლიდან დეპორტაციაა. როცა Dბავშვს დასჯი, მაგრამ დატოვებ სკოლაში, ის სწავლობს.

ჩვენ დიალოგი გვაქვს სტუდენტურ ჯგუფებთანაც დაფინანსების შესახებ. თავიდან ეს სიახლე არ მიიღეს, არ გვესმის, არ გვინდა, არ გამოვა, ეს არარეალისტურიაო, მაგრამ ასეთმა კომენტარებმა იკლო და დაიწყო ამ საკითხზე მსჯელობა. ასეთი საკითხების საჯარო განხილვა ჩემთვის პიარის კი არა, სისტემის მენეჯმენტის საკითხია. - თქვენ ამას წინათ მიუთითეთ, რომ სკოლების დახურვა (რასაც ოპტიმიზაციას უწოდებდნენ) შეჩერდება. მაგალითად, საჩხერის რაიონის სოფელ ხვანში დაწყებითი სკოლა დაიხურა და პირველკლასელი მოსწავლეები 7-8 კილომეტრს გადიან მეზობელ სოფლამდე. - სკოლების დახურვა არათუ შეჩერდება, არამედ ახალი სკოლები გაიხსნება. სკოლა მარტო შენობა არ არის. სკოლა სოციალიზაციის ადგილიცაა. იქ უნდა იყოს საკმარისი კვალიფიციური მასწავლებელი და საკმარისი რაოდენობის მოსწავლე, რომ სკოლა სრულყოფილი იყოს. ზოგ სოფელში იმიტომ არ ცხოვრობს ხალხი, რომ სკოლა არ არის. იქ რომ სკოლა გაიხსნება, ხალხიც დაბრუნდება. რაც შეეხება იმას, რომ ბავშვები ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში დადიან, ჩვენ მოვამზადებთ სისტემას იმისათვის, რომ ასეთი ბავშვები მანქანით ატარონ სკოლაში.

- როგორც გავიგე, 12-წლიან სწავლებაზე უარს ამბობთ.

- 12-წლიან სწავლებაზე არც კის ვამბობთ და არც არას. ამ საკითხის განხილვასაც ვიწყებთ.

- შაშკინმა უარი თქვა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მას ჰქონდა ამ გადაწყვეტილების ახსნა. თქვენ რას აპირებთ?

- თითქოს მომხიბლავი იდეა იყო, რომ სკოლის გამოცდებით შეიძლებოდა უნივერსიტეტში ჩაბარება, მაგრამ ეს არარეალური იყო. თუმცა, იდეაში, სლოგანის დონეზე, რომ ბავშვები ჩააბარებენ გამოცდებს მარტო სკოლაში, არ არის ცუდი, ისევე როგორც იმ ხელისუფლების გაკეთებულ ბევრ რამეს აბრა ცუდი არ ჰქონდა, მაგრამ ამ აბრასთან ახლოს რომ მივდივართ, ვხედავთ, რომ ეს ის არ არის, რაც იგულისხმებოდა აბრის ქვეშ. მეგონა, რომ აჯობებდა ამ საკითხის მარტივად გადაწყვეტა, მაგრამ როდესაც ამ საკითხს ჩავუღრმავდი, ვიმუშავე მის სპეციფიკაზე, ნათლად გამოჩნდა, რომ სასკოლო გამოცდა და ერთიანი ეროვნული გამოცდები ორი სხვადასხვა პროცესია, რომელსაც ერთ პროცესში ვერ გააერთიანებ.

- უწინ საგრანტო დაფინანსებას გაცილებით ბევრი სტუდენტი იღებდა. ახლა როგორ იქნება?

- როდესაც ვთქვი, რომ სახელმწიფომ ორჯერ მეტი ფული უნდა ჩადოს განათლების სისტემაში, არ მითქვამს, როგორ, რანაირად მოხდებოდა ეს და მაშინვე დაიწყო პანიკური რეაქცია, ისე აღიქვეს, რომ სწავლას ვაძვირებდი. ეს იმის გამოა, რომ ხალხი შეეჩვია ასეთ რეჟიმში ცხოვრებას, - რაღაცას რომ უცხადებდნენ, ის მალე კატასტროფად უტრიალდებოდა ხოლმე.

ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმის ასახსნელად, რომ ფასებს მე არ ვადგენ და ამას უმაღლესი სასწავლებლები აკეთებენ. მე მხოლოდ ზედა ზღვარს ვარეგულირებ. ჩემი განცხადება გულისხმობდა, რომ მეტ ფულს მივცემ სტუდენტს და მეტი ხელფასი ექნება ლექტორს, მაგრამ რადგან ხალხი მიჩვეული იყო, რომ ლოზუნგებს მიღმა მათი დაპრესვის ფანდი იმალებოდა, ჩემმა განცხადებამ ბევრი გაუგებრობა გამოიწვია. მე არ ვაპირებ სწავლის საფასურის გაძვირებას და მომავალ წელს ორჯერ მეტ ფულს ჩავდებ განათლებაში. ამ საკითხზე ჩვენს შეხედულებებს მიმდინარე კვირაში დაწვრილებით გავაცნობთ საზოგადოებას.

- ამას წინათ მოვისმინე სტუდენტის შეფასება, ჩვენთან სწავლა არის ძვირი და უხარისხოო. თქვენ საზოგადოებას შესთავაზებთ ძვირსა და ხარისხიანს?

- სწავლა უფრო ძვირი არ იქნება. 2250 ლარი არის ზედა ზღვარი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. კერძო უმაღლესებEს მე არ ვეხები. თვითონ უმაღლესების წარმომადგენლები მეუბნებიან, რომ ზედა ზღვარი არ უნდა შეიცვალოს. სიძვირე და სიიაფე უფრო სწრაფად მოგვარებადი კატეგორიებია, ვიდრე ხარისხი. სწავლის ხარისხზე მუშაობა უფრო დიდხანს გრძელდება. იმედია, ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნაში ეფექტური იქნება ის კონცეფცია, რომელსაც გია დვალთან ერთად ვამუშავებთ.

- საინტერესოა იმ კვლევითი ინსტიტუტების (ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და სხვ.) ბედი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიხურა.

- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს ორი ინსტიტუტია, რადგან მე იქ გავიზარდე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

ის, რაც გააკეთეს, სამეცნიერო ვანდალიზმი იყო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია, მაგრამ მინდა, გამოვასწორო არა უბრალოდ, მექანიკურად, ძველის აღდგენით, არამედ უფრო სწორი და უფრო მძლავრი სისტემის შექმნით.

ჩვენ ნულიდან კი არ უნდა შევქმნათ რაღაც, არამედ ახალი იმ ისტორიას უნდა მიებას, რაც აქამდე არსებობდა. ჩემთვის ძალიან ცუდ დროს დაემთხვა (2011 წლის ზაფხულში) ამ ინსტიტუტების დახურვა. ისე მძიმედ ვიყავი ავად, ტელევიზიითაც ვერ გამოვიდოდი, ვიცოდი, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ ფიზიკურად უსუსური ვიყავი. არ მინდა ვთქვა, რომ ჩემი გადაწყვეტილება ამ ინსტიტუტების აღდგენასა და განვითარებაზე ჩემი პიროვნული დამოკიდებულებით არის ნაკარნახები. მართლა სჭირდება ქართულ მეცნიერებას ეს ინსტიტუტები. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტების დახურვა.

დიმიტრი უზნაძემ საბჭოთა პერიოდში ქართული ფსიქოლოგიის, განწყობის კონცეფციის სკოლა შექმნა, რომელიც საოცრად კონფლიქტური იყო მარქსიზმთან. მარქსიზმთან თავისი არსით ამდენად დაპირისპირებული განწყობის თეორიისთვის ინსტიტუტი შეიქმნა... და უცებ ინსტიტუტი გაქრა. Mსაბჭოთა რეჟიმს გადარჩენილი უზნაძის ინსტიტუტი დამოუკიდებელ საქართველოში დახურეს.

რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ეს სამეცნიერო ვანდალური ხარაკირია... აი, ისევ გამოვედი მინისტრის მოვალეობიდან, რომელმაც უნდა მოზომოს და რბილად ილაპარაკოს, მაგრამ ეს ჩემთვის ზედმეტად ემოციური თემაა.

- "თავისუფლების დღიურებში" გიწერიათ, ძალიან კარგები არიან ადამიანებიო. ის ადამიანებიც კარგები არიან, ვინც ინსტიტუტები დახურა?

- ადამიანები კარგები არიან, მაგრამ ისინი, ვისზეც თქვენ ამბობთ, ცოდოები არიან, რადგან დაიბნენ. სახელმწიფო ვინმეს კარგობასა და ცუდობას ვერ განაპირობებს, მაგრამ გარკვეულწილად უბიძგებს ადამიანებს, რომ იყვნენ ცოტა უფრო კარგები, ცუდები ან უბედურები. ხომ გახსოვთ, უბედურების რეიტინგში საქართველო ყველაზე უბედური ქვეყანა რომ იყო. იმედია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უბედურების ხარისხი დაიწევს და ვიქნებით ცოტა უფრო კარგები და ნაკლებად უბედურები.

დღეს მე ახალი ვალდებულებების წინაშე და სწავლის პროცესში ვარ, სწავლა კი საინტერესო არქეტიპია. სწავლა იდეურ სიკვდილსაც გულისხმობს. სხვადასხვა ხალხის მითოსში სწავლის სიმბოლო სიკვდილია. ძველი უნდა მოკლა, რომ ახალს დაუთმო ადგილი. ეს სწავლის მითოსურ-პოეტური ხედვაა, მაგრამ ძველის მკვლელობა მტკივნეულიც არის. უნდა მოკლა შენი ნაწილი, შენი ცოდნა, შენი ურთიერთობების ფორმები, უარი უნდა თქვა ძველ დოგმებზე. ეს გარდატეხა მძიმე პროცესია.

აი, ხომ ხედავთ, რაღაც მომენტში ავლაპარაკდები ხოლმე არა როგორც სახელმწიფო მოხელე და მერე აღმოჩნდება, რომ რაღაცები არასწორად ვთქვი... ერთს გეტყვით, ძალიან მინდა, კარგად გამომივიდეს საქმე, რასაც ხელი მოვკიდე.