"მოგვისმინოს ბიძინა ივანიშვილმა!" - კვირის პალიტრა

"მოგვისმინოს ბიძინა ივანიშვილმა!"

"ხალხს შველა სჭირდება და არა - ერთი "მჭამელი" ხელისუფლის მეორით შეცვლა"

"იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ გამგებელი კვლავ "ზემოდან" ინიშნებოდეს"

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიას -"კალაძეს და ჯაჭვლიანს არავინ ეკითხება ადიგენში გამგებლის დანიშვნას" - დაბეჭდვამდე მოჰყვა გამოხმაურება. ლევან ლობჟანიძემ, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა  გამგებლობის საკუთარ კანდიდატად ასახელებს, მთხოვა, საკითხი სამსჯავროზე არ გამომეტანა, რათა  საქართველოს პარლამენტის წევრთან, ადიგენში მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატთან, ბიძინა გუჯაბიძესთან (იგი პარლამენტის წევრი გახდა პარტიული სიით) საუბრის შემდეგ იძულებული გახდა, ჩვენთვის მოემართა და ეთხოვა, სტატია აღარ გამოქვეყნებულიყო(!). "თქვენ კომენტარისთვის დაგირეკავთ გუჯაბიძესთან. გაცხარებული იყო, შენი ხალხი ადიგენში მდგომარეობას რატომ ართულებსო" - მითხრა ლევან ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში გამგებლის თანამდებობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის კოორდინატორთა ერთი ნაწილის მტკიცებით, ერთ-ერთი კანდიდატი, - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ლობჟანიძე ხალხის რჩეულია, ყოფილი "გაიშნიკი" მამუკა კუხალაშვილი კი - კახი კალაძის პროტეჟე და მისი დანიშვნის საკითხის მოგვარება ბიძინა გუჯაბიძეს აქვს დავალებული(?!) თუმცა, გუჯაბიძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამას კატეგორიულად უარყოფს. იმასაც ამბობენ, რომ კუხალაშვილი ძალიან ახლოს იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან," მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნაციონალების შტაბში მძღოლად მუშაობდა და წითელი მაისურით დარბოდა. ხალხი უკმაყოფილოა - იმისთვის არ გვიბრძოლია "ქართული ოცნების" გასამარჯვებლად, რომ გამგებელი კვლავ "ზემოდან" ინიშნებოდესო. ამაოდ ვცადე მამუკა კუხალაშვილთან დაკავშირება. ადიგენელები მიმტკიცებდნენ, რომ მისი ტელეფონის ნომერი არ იციან. სამწუხაროდ, გამგებლობის კანდიდატის ოჯახის კუთვნილი აფთიაქიც დაკეტილი დამხვდა.

მეორე სატელეფონო ზარი გაზეთის წინა ნომრის გამოსვლის შემდეგ გაისმა. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თემურ ნარიმანაშვილმა, დამირეკა და მირჩია, ტელეფონის ნომერს მოგცემ, ბიძინა გუჯაბიძეს დაურეკე და გაზეთში რომ ტყუილი გიწერია, იმაზე კომენტარი გააკეთებინე. სიცრუეა, თითქოს კახა კალაძე ერეოდეს ადიგენში გამგებლის დანიშვნაშიო. აშკარა იყო, რომ მონდომებულ "ჭკუის მასწავლებელს" სტატია წაკითხული არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეცოდინებოდა, რომ სტატიის ბოლოს სწორედ ბიძინა გუჯაბიძის კომენტარი იყო.

ადიგენს 13 დეკემბერს ვესტუმრე. ერთ-ერთმა ადიგენელმა გზაშივე ბევრი რამ მიამბო რაიონში არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. სოფელ მლაშეს მკვიდრმა ტრისტან ლობჟანიძემ ამაყად განმიცხადა, რომ ადიგენის რაიონში მლაშეს საარჩევნო უბანი ერთადერთი იყო, სადაც "ქართულმა ოცნებამ" აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა. "მლაშეში, სადაც შრომის ფასი კარგად ვიცით და ვხედავდით, როგორ აჩანაგებდა ბუნებრივ სიმდიდრეს წინა ხელისუფლება, ხმა მივეცით იმედს - გვჯეროდა, რომ ივანიშვილმა იცის ეკონომიკის მართვა, ის არ მოჰპარავს ფულს საქართველოს და არ გაყიდის ქვეყანას, მაგრამ დღეს გულგატეხილები ვართ. მის ირგვლივაც გამოჩნდნენ თაღლითები, სწორედ ისინი იბრძვიან რეგიონებში გასაბატონებლად. თუ წინათ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ძმები კუბლაშვილების ოჯახები იტაცებდნენ ტყეებს, ამჯერად თვითონ დაეპატრონებიან ამ სიმდიდრეს. ამ ხალხს არ უნდა რაიონში ისეთი კაცის მოსვლა, რომელიც მათ წინააღმდეგობას გაუწევს და თავის ნებაზე არ აპარპაშებს. ამიტომაც გვინდა ბიძინა ივანიშვილის ყურს მისწვდეს ადიგენის ამბები. ჩამოვიდეს ბატონი ბიძინა ადიგენში. ნუთუ ეს ძნელია? არ სცალია? მან ხომ დანანებით შენიშნა, რომ ადიგენი ერთადერთი რაიონია, სადაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგო. ასეთი მარცხის მიზეზს შესწავლა სჭირდება. ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ამ რაიონში მოსახლეობა უკიდურესი გაჭირვების გამო მონურ მდგომარეობაშია. დაკრძალვებზეც კი ჭირისუფლისთვის დასახმარებელ თანხებს ნისიად აწერინებენ, როცა გვექნება, მერე მოგაწვდითო. Aამ ხალხს შველა სჭირდება და არა - ერთი "მჭამელი" ხელისუფლის მეორით შეცვლა. ივანიშვილს სიმკაცრე და სიფხიზლე მართებს. კარგია, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს აპატიმრებენ და თუ დამნაშავეები არიან, პასუხსაც აგებინებენ, მაგრამ ახალს არ უნდა დასცალდეს დანაშაულის ჩადენა".

ადიგენში, გამგეობის შენობის წინ, რამდენიმე ათეული ადამიანი დამხვდა. ისინი ძველი გამგებლის - სიმონ პარუნაშვილის გადადგომას და ახალი კანდიდატის დანიშვნას მოითხოვენ. კითხვას: "რატომ იმართება საპროტესტო აქცია და რატომ ითხოვს ხალხი მის გადადგომას?" სიმონ პარუნაშვილი მშვიდად პასუხობს: "არ მესმის, რა საპროტესტო აქციაზე ლაპარაკობთ, ორი, სამი ან თუნდაც ათი კაცი რაღაცაზე რომ ჩივის, ეს საპროტესტო აქციაა? დღეს ფანჯარაში არც კი გამიხედავს, არც გადადგომას ვაპირებ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემს მოვალეობას პირნათლად ვასრულებ".

სანამ ძველი გამგებელი ადგილზეა, გაუგებარია ახალ კანდიდატებზე ლაპარაკი. კანდიდატები მათ მხოლოდ საკრებულოში განაცხადის შეტანის შემდეგ დაერქმევათ და ხალხის არჩეულმა საკრებულომ ერთ-ერთი მათგანი უნდა დანიშნოს, მაგრამ ადიგენელების განმარტებით, აქ კანონის დაცვა აუცილებელი არ ყოფილა, რადგან ხალხის და საკრებულოს აზრი არავის აინტერესებს. საკრებულო იმას დანიშნავს, ვისაც "ზემოდან" დაავალებენო, - მეუბნებიან გამგეობის წინ შეკრებილი ადიგენელები. აი, მათი საპროტესტო განცხადების ფრაგმენტიც: "ადიგენში ბიძინა გუჯაბიძემ ხალხი დაუპირისპირა ერთმანეთს, გვაშფოთებს მისი პოზიცია - ვინც მე მინდა, გამგებლად ის მოვაო. მეც არ გინდოდით, მაგრამ მაინც მოვედიო". მისი მხრიდან ასეთი განცხადებები შეურაცხმყოფელი და შემაშფოთებელია. ჩვენ ვებრძოდით პრინციპს, რომ "ძალა აღმართს ხნავს" და გუჯაბიძე უარესს სჩადის? ამიტომაც გვგონია, რომ გუჯაბიძეს და რაიონის ძველ მღრღნელებს შორის საეჭვო გარიგება არსებობს. ამაზრზენი ფაქტია, ჟურნალისტებსაც კი, ვინც ჩვენი პრობლემების გასაშუქებლად მოგვყავს, რესტორნებში მიარბენინებენ და ისეთ სიუჟეტებს ამზადებინებენ, როგორიც მათ აძლევთ ხელს. არ ვაპირებთ გაჩერებას, ვიჩივლებთ ყველგან, სადაც შესაძლებელია. გუჯაბიძე ამბობს, რომ კუხალაშვილს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში. გვაინტერესებს, ვინ დგას მის უკან? ვცდილობთ, დავით საგანელიძესა და მანანა კობახიძეს დავუკავშირდეთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ. სამწუხაროდ, ტელეფონს აღარ პასუხობენ, აქამდე კი, როცა ვჭირდებოდით, თვითონ გვირეკავდნენ. სამწუხარო ის არის, რომ ამის შემხედვარე ხალხს ახალი მთავრობის რწმენა ეკარგება."

მანანა გოგრიჭიანი, აქციის მონაწილე: - ბიძინა გუჯაბიძე არჩევნებამდე დახმარებას ითხოვდა, ხმები ამაღებინეთო, ახლა ზედაც არ გვიყურებს. პასუხის ღირსადაც არ გვთვლის და დაგვცინის. Aამ კაცს არ ანაღვლებს, რომ მისი გამარჯვებისთვის მებრძოლ "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და კოორდინატორებს კვლავაც ასაღები აქვთ ხელფასი და ოჯახში მშიერი შვილები ელოდებათ. მან დაუძახა თბილისში მცხოვრებ ლევან ლობჟანიძეს და სთხოვა, ავტორიტეტი გაქვს და ხმების მიღებაში დამეხმარეო. მართლაც, სოფელ მლაშეში მან გაიმარჯვა. მერე უთხრა, გამგებლობაზე წარადგინე შენი კანდიდატურა, მე მხარს დაგიჭერო და უცებ უგანა.

ლია კაპანაძე, აქციის მონაწილე: - გუჯაბიძემ გვითხრა, ლობჟანიძეს მხარს ვეღარ დავუჭერ, რადგან კუხალაშვილის კანდიდატურას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ცენტრალურ შტაბშიო. ვინ ეკითხება ცენტრალურ შტაბს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას?

ნაციონალების გახრწნილი პოლიტიკა დავგმეთ და უარესის შექმნას ვერ შევუწყობთ ხელს. მოგვისმინოს ბიძინა ივანიშვილმა და ხელისუფლებამ ჩვენი აზრი გაითვალისწინოს!

თბილისში გამობრუნებულმა უკან დავტოვე ზამთრის სუსხი და პოლიტიკური გულგატეხილობის სენშეპარული ადიგენელები. მათი უმძიმესი სოციალური მდგომარეობის შესახებ ცალკე მოგითხრობთ.

P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც ვანო მერაბიშვილის ბიძის, ლევან თუმანიშვილის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. შპს "ტაოს" ხელმძღვანელი ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევის, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჯერ დაჰკითხეს და შემდეგ დააკავეს.

ეკა ლომიძე