2012 წლის ყველაზე რეიტინგული მასალები ინტერნეტიდან - კვირის პალიტრა

2012 წლის ყველაზე რეიტინგული მასალები ინტერნეტიდან

პრეზიდენტის "ნაშები"და ფავორიტები

საინფორმაციო პორტალ "ambebi.ge"-ზე, რომელიც ქართულ ვებსივრცეში ერთ-ერთი ლიდერია და დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ინფორმაცია იყრის თავს - როგორც "პალიტრამედიის" გამოცემებში დაბეჭდილი სტატიები, ისე სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული საინტერესო და აქტუალური მასალები.

გთავაზობთ 2012 წლის ყველაზე რეიტინგულ მასალებს, რომლებიც "ambebi.ge"-ზე გამოქვეყნდა. მას უამრავი ადამიანი სტუმრობდა და მკითხველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

მას შემდეგ, რაც ქართველმა ერმა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩია, მეცხრე წელი გაილია და ამ ადამიანის შესახებ უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა. წლებია, ქართველ საზოგადოებას გაუგონარი და დაუჯერებელი ამბები ესმის პრეზიდენტის ქალებზე. რა თქმა უნდა, დაზუსტებული ინფორმაცია სააკაშვილის სასიყვარულო ვნებების შესახებ არ არსებობს, მაგრამ ანონიმური წყაროები შესაშური ენაწყლიანობით ჰყვებიან ამბებს...

2003 წელს, როდესაც სააკაშვილი ქვეყნის სათავეში მოსასვლელად იბრძოდა, როგორც ამბობენ, რევოლუციური მისვლა-მოსვლიდან თავისუფალ დროს ხშირად სტუმრობდა ძველ სიყვარულს, ია ფარულავას. მიშას ია ჯერ კიდევ მაშინ მოსწონდა, როდესაც თანაკლასელები იყვნენ, თუმცა ფარულავა მოსწავლე მიშას გრძნობას გულგრილობით პასუხობდა... სამაგიეროდ, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ძალიან დაუახლოვდა. მოგვიანებით კი, როდესაც იას გვერდით ბიზნესმენი ფადი ასლი აღმოჩნდა, ამ უკანასკნელს მსახიობი ბევრ საქმეს უგვარებდა ძველი ნაცნობობის წყალობით... მოკლედ, რევოლუციონერი სააკაშვილი ბევრჯერ შეუნიშნავთ ია ფარულავას სახლთან, თუმცა უცნობია, რისთვის სტუმრობდა, იქნებ გარკვეულ რჩევებს ეკითხებოდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით?!.

იმ დროს მიშა უკვე დაქორწინებული გახლდათ სანდრა რულოვსზე და პატარა ედუარდიც ჰყავდა. სანდრაზეც ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის მეუღლემ, რომელიც ქმრის განუწყვეტელ ღალატს ვერ უძლებდა, ბევრჯერ სცადა მასთან დაშორება და საქართველოდან რამდენჯერმე გაიქცა. სანდრასთან ურთიერთობის "დალაგება" კი პრეზიდენტს გიგი წერეთლისთვის ჰქონია დავალებული... საბოლოოდ, სანდრა ბედს დამორჩილდა და საქართველოში დაბრუნდა, შემდეგ კი ნიკოლოზიც მოევლინა ქვეყანას...

ბევრი მითქმა-მოთქმა იყო პრეზიდენტის ვიზაჟისტ ქალბატონზეც, რომელსაც მხოლოდ იმის გამო არ ვასახელებთ, რომ დღეს გათხოვილია. მისი დღევანდელი მეუღლე კი, როგორც ბოროტი ხმები ღაღადებენ, ამ ქალბატონისთვის მეხუთე, ოფიციალური ქმარია, თუმცა ეს ბევრმა არ იცის. ეს უკანასკნელი კი გახლავთ ქალაქის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, რომელიც დღესაც თანამდებობაზეა. გავრცელებული ხმებით, სწორედ ამ ქალბატონის გამო აპირებდა პრეზიდენტი სანდრას მიტოვებას და სწორედ მის გამო დატოვა საქართველო რულოვსმა. ოჯახს კი იმ პირობით დაუბრუნდა, რომ იმ ქალის ხსენებაც არ იქნებოდა. მართლაც, მცირე ხანში პრეზიდენტის ფავორიტი გათხოვდა, მის ქორწილს სააკაშვილიც ესწრებოდა. შემდეგ, ასევე მცირე ხანში, გამოთხოვდა და მალე ზემოხსენებული მაღალჩინოსნის ცოლი გახდა...

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი იმ იშვიათ მამაკაცთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ყოფილ სიმპათიებს გულდაწყვეტილს არ ტოვებენ. სხვათა შორის, ეს არცთუ ცუდი თვისებაა კაცისთვის, თუკი ამას ბიუჯეტისა და სახელმწიფოს ხარჯზე არ აკეთებს...

ცნობილი ამბავია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყოფილი პარლამენტარი ნინო კალანდაძეც ხშირად ჰყვებოდა, როგორ გაიცნო პრეზიდენტი თვითმფრინავში და როგორ ათრევინა ჩემოდნები, შემდეგ კი, მცირე ხანში, როგორ მიიღო შეთავაზება პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსაჩენად. კალანდაძე, რომელიც თავიდან ძალიან მხიარული გოგონა ჩანდა და გულთბილად ურთიერთობდა ჟურნალისტებთან, ერთ მშვენიერ დღეს ჩაიკეტა და ქცევის კოდექსიც კი შეიმუშავა, რომელიც პარლამენტარებისთვის იყო განკუთვნილი და გარკვეული პუნქტები ჩაცმულობასაც ეხებოდა. კოდექსში ხაზგასმით ეწერა, რომ ზედმეტად მოკლე კაბა და დეკოლტე პარლამენტარი ქალბატონებისთვის მიუღებელი იყო, თუმცა თავად კალანდაძე მცირე ხნით ადრე ჟურნალ "რეიტინგისთვის" კაბაწამოხდილი და მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი პოზირებდა... მცირე ხნის წინ ნინოს შვილი შეეძინა, თუმცა დღემდე არ ამხელს, ვისგან...

ალანა გაგლოევა, რომელიც წლებია, პრეზიდენტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს, ასევე მიიჩნეოდა მიშას ფავორიტად. ამბობენ, როდესაც ალანა ვაზისუბანში ცხოვრობდა, პრეზიდენტის ბრძანებით, პირველ რიგში იქ გააკეთეს გზები, რათა მისი მონახულება უპრობლემოდ შესძლებოდა...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დანიშვნის დღიდან ოპოზიციის ყბიდან ვერ ამოვიდა.

მისი გარეგნული მონაცემები ძალიან თვალში საცემი გახდა და ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ის პრეზიდენტის პირადი სიმპათიის გამო დაინიშნა ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ის პრეზიდენტმა კანადაში ნახა და გულში მაშინვე ჩაუვარდა, თუმცა არა მხოლოდ ის, არამედ მისი და, ნინა ქობალიაც, რომელსაც ტურისტული პროექტების განხორციელება დაევალა. ვერა და ნინა ქობალიები ერთად ცხოვრობდნენ, მომღერალ სოფო ნიჟარაძის ბებიის მახლობლად. მეზობლების თქმით, როგორც კი სოფოს ბებია გადაკეტილ ქუჩას დაინახავდა, მყისვე, დები ქობალიების ლანძღვას იწყებდა. რატომ? აი, აქ მივადექით ყველაზე მთავარს, ფავორიტთა ფავორიტს, სოფო ნიჟარაძეს, რომლის კარიერის აწყობაც ქართველ ხალხს, ამ სიტყვის პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით, ძალიან ძვირი დაუჯდა. სოფო პრეზიდენტმა პირველად საზღვარგარეთ ნახა.

შეგახსენებთ, მომღერალი 16 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა, იქ მიუზიკლებში მონაწილეობდა, თუმცა შემდეგ იგორ კრუტოიმ, როგორც ამბობენ, "ხელი არ მოჰკიდა". აგვისტოს ომის შემდეგ კი სოფომ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა არა ჰაერზე, არამედ პრეზიდენტის მოწვევით. მას შემდეგ სოფომ პრეზიდენტის ძველი ფავორიტი, მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჩაანაცვლა. ნინის სააკაშვილი დიდხანს დასდევდა, სანამ გარკვეული ხნით ოჯახმა მოსკოვში არ გადამალა და თუკი მანამდე ბადურაშვილისთვის იყო განსაზღვრული სახელმწიფო ღონისძიებებში მთავარი როლის შესრულება, ახლა ეს როლი სოფო ნიჟარაძემ მოირგო ქართულ შოუბიზნესსა და, თამამად შეიძლება ითქვას, პოლიტიკაში გამოჩენით...

ვრცელდებოდა ხმები, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი სოფოზე დაქორწინებას გეგმავდა. ჭორების თანახმად, სოფოს დედა და თავად მომღერალი, პრეზიდენტის სასახლეში ცხოვრობენ. ქართული მიუზიკლების ვარსკვლავის დედა კი ახლობლებთან საუბრისას ხშირად უსვამდა ხაზს იმას, რომ სააკაშვილი, ფაქტობრივად, მისი სიძე გახლდათ...

ნიჟარაძისთვის სპეციალურად ჩამოიყვანეს სტივ უანდერის ბექ-ვოკალისტი დეჟა გომესი, დუეტი ჩაწერეს და კლიპიც გადაიღეს. მთავარი ის გახლდათ, ვისთან ესიამოვნებოდა დუეტის შესრულება სოფოს და რამდენად დათანხმდებოდა უცხოელი შემსრულებელი ქართველ მომღერალთან დუეტს. ბოლოს საქართველოს ხოაკინ კორტესი სტუმრობდა, რომელსაც, ამბობენ, მილიონი გადაუხადეს იმისთვის, რომ სოფოს რაბათისადმი მიძღვნილ კლიპში ხელი ერთი-ორჯერ აექნია... ნიჟარაძისთვის დაიწერა თითქმის ყველა ის სიმღერა, რომელიც მთავრობამ ამა თუ იმ რეგიონის გასაპიარებლად მოამზადა. უცხოელ მომღერალს ფეხი ისე არ შემოუდგამს საქართველოში, რომ ყურებამდე გაღიმებული და ბრენდულ სამოსში გამოწკეპილი სოფო არ დაეხვედრებინათ აეროპორტში, გინდათ თუ არა, ამ გოგონასთან დუეტი უნდა შეასრულოთო...

სოფოს უხეშ ხასიათზე წუწუნებდა თითქმის ყველა, ვისაც კი მასთან უმუშავია. "ვერის უბნის მელოდიების" ორკესტრანტებს ხელფასის გაზრდა უთხოვიათ, თუმცა პირველი, ვინც ამის წინააღმდეგ გამოსულა, სწორედ ქართველი დივა გახლდათ, რომელიც ბევრ რამეს წყვეტდა... სოფოს საკმაოდ მძიმე ხელი, როგორც ამბობენ, ვერა ქობალიამაც იგემა. თვითმხილველი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ჰყვება, რომ ყვარლის რეზიდენციაში ეკონომიკის აწ უკვე ყოფილ მინისტრსა და დივას შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა მომხდარა. სოფომ ვერა სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ. ამბობენ, სოფომ ვერა დაჯაბნა და თმით ითრია... რასთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზია სოფოს, უცნობია, შესაძლოა, ეს ფავორიტობას უკავშირდებოდეს...

კიდევ ერთი, ვისთანაც ამ მხრივ სოფოს შესაძლოა, გასაყოფი ჰქონოდა, უკრაინელი მომღერალი ივანა მელაია. ნანა ლეჟავას ჟურნალისტური გამოძიებიდან გაირკვა, რომ ერთ წელს ბათუმის "რადისონში" მელაი და სააკაშვილი ერთსა და იმავე დღეს იმყოფებოდნენ და პრეზიდენტის დაცვამ მომღერალს ნომრის ფულიც გადაუხადა. დღემდე გაუგებარია, იქ, სადაც შოუბიზნესი ისედაც ცუდ დღეშია და ქართველ მომღერლებს არაფრის შესაძლებლობა არა აქვთ, რატომ გაუჩნდა სურვილი უკრაინელ შემსრულებელს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ძლივს ცნობენ და არც დიდი ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა, საქართველოში გადმოსახლებულიყო და კარიერა აქ აეწყო. მელაიმ "პიკის" ხარჯზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებდა, მთელი მსოფლიო მოიარა და აქ ისეთი კარიერა აიწყო, როგორზეც უკრაინაში ვერც იოცნებებდა. ნეტავ, როგორ მოახერხა ამ ყველაფრის მიღება?

პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ ერთი გოგონა გამოჩნდა, ის ყველაზე ახალგაზრდაა მიშას ფავორიტებს შორის - 21 წლის მარიამ საჯაია, რომელიც შესაშური გარეგნობით გამოირჩევა. ის "ნაციონალების" სიის პირველ ათეულში მოხვდა. ამბობენ, რომ სწორედ მისთვის დასწიეს პარლამენტარობის ასაკი. მარიამით ფრიად მოხიბლულა პრეზიდენტი, თუმცა როცა  საქმე ქვეყნის ბედს ეხება, ალბათ გადასაწყვეტად არ უნდა მიანდო 21 წლის გოგონას.

ჟურნალი "რეიტინგი" 17.10.2012 (იბეჭდება შემოკლებით)

როგორ ერთობა გიორგი ბარამიძე

"ფეისბუკზე" გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა, ჯაბა ხუბუამ ხელისუფლების წარმომადგენელთა სკანდალური ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ბარამიძე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი არიან გამოსახული.

ფოტოებს ხუბუა ასეთ კომენტარს უკეთებს: "როცა ციხეებში პატიმრებს აწამებენ და აუპატიურებენ, ასე ერთობა ბათუმში "ნაცმოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე!"

როგორ ერთობა გიგი უგულავა

ვებსაიტ flickr.com-ზე თბილისის მერის, გიგი უგულავას, ერთგვარი ორგიების ამსახველი ფოტომასალა გამოქვეყნდა, რომელსაც ვინმე "ლევიკო 1977" აქვეყნებს. ფოტოები 2009 წლით თარიღდება და გიგი უგულავასთან ერთად მისი მეუღლე ლელა კილაძე, დავით კეზერაშვილი და ვიზაჟისტი მარი გოშხეთელიანიც არიან გამოსახული.