ვანო მერაბიშვილი: "სხვა რეჟიმზე გადავდივართ... გვაიძულებენ" - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილი: "სხვა რეჟიმზე გადავდივართ... გვაიძულებენ"

"შეიძლება ლევან მაისურაძე დაიჭირეს და მე არა"

"ოქრუაშვილს უკვე  ყველაფერი ნათქვამი აქვს"

"ვიცი, სადაც იმყოფება ადეიშვილი"

"შუშის შენობაში ყოფნა სჯობდა, მაგრამ ახლაც არა მაქვს ცუდი კაბინეტი. მესამედ ვარ ოპოზიციაში და ეს ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობა არ არის", - მეუბნება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც "ნაციონალების" ცენტრალურ ოფისში შევხვდი.

- აქამდე ქართული მედიისთვის ვერ იცლიდით. რით იყო ეს განპირობებული?

- უცხოელებისთვის იმიტომ ვიცლიდი, რომ ქართული რეფორმის რეკლამირებას ვეწეოდი. ქართულ პრესასთან ნებისმიერი შეხვედრა რაღაც დეტალებზე საუბარს იწვევდა, რასაც ვერ გავახმაურებდი.

დღევანდელი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არასოდეს ვაკეთებდი ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას. არც ერთი დანაშაულის შეფასება არ გამიკეთებია იმიტომ, რომ ვგრძნობდი, ეს შეიძლებოდა აღქმულიყო ზეწოლად ან გავლენის მოხდენად გადაწყვეტილების მიღებაზე. იმავეს ვურჩევ დღევანდელ ხელისუფლებას.

მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი არ ტოვებენ არც ერთ საქმეს, რომ შეფასება არ გააკეთონ. მათი ნებისმიერი გამონათქვამი გავლენას ახდენს გამომძიებლებზე. თანაც ეს საქმეები ძალიან მოუმზადებელია. გუნავას საქმე ხომ უკვე ანეკდოტად იქცა.

- იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გვარამია-ხეთაგურის საქმეს მტკიცებულებების მხრივ არ გაუჭირდებაო.

- წულუკიანი ყველა საქმეზე ამბობს, მტკიცებულებები გვაქვსო, ყველაზე ნაკლები მტკიცებულება კი თქვენ მიერ ხსენებულ საქმეზე უნდა ჰქონდეთ.

- გასულ პოლიტიკურ წელს როგორ შეაფასებთ?

- მთავარი ამ წელიწადში ის მოხდა, რომ საქართველოში პირველად მმართველმა პარტიამ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და მისი შედეგი აღიარა. მთავრობამ და პრეზიდენტმა ნებაყოფლობით გადასცეს თავისი უფლებამოსილების 80% სხვა პოლიტიკურ ძალას. პრეზიდენტს აქვს უფლება, დანიშნოს და მოხსნას მთავარი პროკურორი, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა  და საგარეო საქმეთა მინისტრები, მაგრამ პრეზიდენტმა ხელი არ შეუშალა ამ სამინისტროებს. ამის სანაცვლოდ მივიღეთ, რომ ყველა ორგანო, რომელსაც პირადად არ აკონტროლებს ივანიშვილი, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ესაა ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებიც ზეწოლას განიცდიან. თვითმმართველობის წევრებს დევნიან და დაკითხვებზე დაჰყავთ. ამის ნათელი მაგალითია კასპის "პატარა ბიძინა", ოლეგ იაძე. რადგან თვითმმართველობები არ არის ივანიშვილის პირადი კონტროლის ქვეშ, ყოველდღე ესხმიან მათ თავს. გარდაბანში ასეთმა დაძაბულმა ფსიქოლოგიურმა განწყობამ თვითმმართველობის ერთ-ერთი წარმომადგენელი შეიწირა. არ დარჩენილა საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, ვისზეც ზეწოლა არ განხორციელებულა.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ღმერთი და ჭეშმარიტების ეტალონია.  ამ კაცს ვერ წარმოუდგენია საქართველოში ოპოზიციის არსებობა. ივანიშვილმა ტელეეთერში თქვა, რომ საზოგადოებრივ არხს შეუერთებდა მე-9 არხს, მერე კი განაცხადა, კარგი იქნება, თუ დავით დვალი უჩივლებს "რუსთავი 2"-ის დღევანდელ მფლობელებს და წაართმევს ტელეკომპანიასო. ივანიშვილი ვერ აკონტროლებს სასამართლოებს და რამდენიმე დღის წინ მოსამართლის თანაშემწეზე ზეწოლა მოხდა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან. ასევე იყო შეტევა გენერალურ შტაბზე, უშიშროების საბჭოზე.

ივანიშვილს სურს, რომ საქართველოში არ არსებობდეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, არც თავისუფალი მედია, არც სასამართლო, არც თვითმმართველობები.

არჩევნების შემდეგ ივანიშვილის ძალას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გადავეცით და მივიღეთ სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია. უნდათ, რომ პრეზიდენტის დაცვის სამსახური მთავრობაში გადაიტანონ. ამას ივანიშვილი იმიტომ აკეთებს, რომ ვერ აკონტროლებს ამ სამსახურს. ხელისუფლებას ვურჩევ, ის ვალდებულებები შეასრულოს, რაც იკისრა.

ხელისუფლებამ დაგეგმა, რომ მომავალ წელს ბიუჯეტი 600 მლნ-ით გაიზარდოს და სინამდვილეში ზოგიერთი პროექტი, რომელიც იყო წინა ბიუჯეტში, შეამცირეს. ასევე შემცირდა პრეზიდენტის ხარჯები და უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი. ბიუჯეტის 100% მიმართეს სოციალური დაპირებების შესრულებისთვის, მაგრამ არც ერთის სრულად შესრულება არ ჩანს. ამიტომაც მესმის ივანიშვილის. მას უნდა, ვერავინ დააფიქსიროს, რომ პირობებს არ ასრულებს. მან იმდენად არარეალური დაპირებები გასცა, საკუთარი დაპირებების მძევლად იქცა.

- ბრძანეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" განსხვავებულ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. რას გეგმავთ კონკრეტულად?

-  გარდა იმისა, რომ ხელისუფლების კონსტრუქციულ კრიტიკას გავაგრძელებთ, რეაგირებას მოვახდენთ ყველა უკანონო დაკავებაზე. თუ იქნება "რუსთავი 2"-ში შეღწევის მცდელობა და ამისათვის ქიბარ ხალვაშს თუ დვალს გამოიყენებენ, საზოგადოებას  ამ ტელეკომპანიის დაცვისკენ მოვუწოდებთ. თუ შეეცდებიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გაკონტროლებას, შევქმნით დიდ სახალხო კოალიციას და ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალებას არ მივცემთ. ენერგიას, რომელიც უნდა მიგვემართა კონსტრუქციული საპარლამენტო ურთიერთობისათვის, მივმართავთ უსამართლობასთან ბრძოლისკენ. ჩვენ სხვა რეჟიმზე გვიწევს გადასვლა, რადგან ამის გაკეთებას გვაიძულებენ.

- როდესაც თქვენი გუნდი პოლიტიკურ დაკავებებზე ლაპარაკობს, საზოგადოების ნაწილი იხსენებს იმ დროს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა ხელისუფლებაში. თქვენც ხომ დაპატიმრებებით დაიწყეთ ქვეყნის მართვა?

- დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ოპონენტი, რომელზეც სამართლებრივი დევნა განვახორციელეთ.

-  დავით მირცხულავა, მერაბ ადეიშვილი, აკაკი ჩხაიძე, სულხან მოლაშვილი.

- ისინი ხალხის არჩეული პოლიტიკოსები არ ყოფილან.

როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, არც ერთი პოლიციელი არ დაგვიპატიმრებია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში საშინელი კორუფცია იყო, პირდაპირ რუსთაველის პროსპექტზე იღებდნენ ქრთამს. გგონიათ, მათი დაპატიმრების მიზეზი არ გვქონდა? Mმაგრამ ნებისმიერი პირის დაპატიმრება აღიქმებოდა როგორც პოლიტიკური დევნა და რეპრესიები.

ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო დემოკრატია, წინსვლა, ვიდრე რეპრესიები. როდესაც პოლიციაში რეფორმას ვატარებდი, იმის მეათედსაც არ ველოდი, რომ გამოვიდოდა. ასევე წარმატებული იყო განათლების რეფორმა, ენერგეტიკაშიც ხომ წარმოუდგენლად გამოსწორდა მდგომარეობა. ხეთაგურისთვის კორუფციაში ბრალის დადება სასაცილოა. თანაც ამბობენ, რომ მას მილიონი დოლარი აუღია რუსული სახელმწიფო კომპანიისგან. ეს იგივეა, პუტინისაგან აეღო ქრთამი.

- ამ საქმესთან დაკავშირებული თქვენი საუბრის ჩანაწერში საგულისხმო ფრაზა ისმის - ეს ფული უფრო ტკბილად შეგვრჩებოდაო.

- იქ არის სიტყვა "შეგრჩებოდა" და არა "შეგვრჩებოდა".

- მაგრამ თქვენ იმ საუბარში ამჟღავნებთ ამ საკითხით დაინტერესებას და გამოძიებას სწორედ ეს მიაჩნია საგულისხმოდ. ამის გამო შესაძლოა დაიკითხოთ კიდეც.

- დამკითხონ.  ჩანაწერში ჩემი საუბრის შინაარსი მათი ვერსიის საწინააღმდეგოა.

- ერთ ჩანაწერში ხუმრობთ, სანამ დამიჭერენ, ვივლი ტელევიზიაშიო.

- ამ თემაზე მხოლოდ ხუმრობით თუ ვილაპარაკებ. ჩემი ხუმრობით კახა დამენია გავამხნევე, რადგან ვიცოდი, დაკითხვაზე ჰყავდათ. ის საფრთხე, რაც მას ემუქრება, მეც მემუქრება. მეც ხომ მატარეს დაკითხვაზე (იცინის). შეიძლება ლევან მაისურაძე დაიჭირეს და მე არა...

- ყბადაღებული ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი მართლა ოპერატიული მიზნით გქონდათ?!

- რა აზრი აქვს, რომ საქართველოში ოპერატიული პასპორტი გამოვიყენო? ან რა აზრი ჰქონდა მის გამოყენებას საქართველოს საზღვარზე? იმ ქვეყნებში, სადაც უვიზო მიმოსვლაა, ცნობადობა მაღალი მაქვს. თუ ევროპაში რაღაც მიზნით მივდივარ და ვიღაცასთან მოლაპარაკებული ვარ, რად მინდა ოპერატიული პასპორტი? მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ჩემი გამგზავრება შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და სხვის სახელზე გაცემული პასპორტი არაფერში მჭირდებოდა.

დაკითხვაზე ორჯერ მიმიყვანეს და ფარულად გადამიღეს. ეს მერე გამოაქვეყნეს. რისთვის? ნახეთ, რა მაგრები ვართ,  მერაბიშვილს რა გავუკეთეთო. ჩვენ აღიარებითი ჩვენებები გვიჩვენებია, მაგრამ ადამიანის დაკითხვა ფარულად არასოდეს გადაგვიღია. ჩემი საუბრების გამოქვეყნებასაც ერთი მიზანი ჰქონდა, - ვინ ხარ, აი, შენც გისმენთო...

- მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თქვენც უსმენდით ოპონენტებს.

- რომელი ჩვენი ოპონენტის სატელეფონო საუბარი გამოგვიქვეყნებია?

- შალვა ნათელაშვილის, გოგა ხაინდრავას, ლევან ბერძენიშვილის, ნინო ბურჯანაძის...

- კი, მაგრამ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს ვუსმენდით?

- ეს პირები იყვნენ სწორედ თქვენი მთავარი პოლიტიკური ოპონენტები.

- ჩემი ფარული ჩანაწერი ჩემი მამხილებელი რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდი, მაგრამ ეს იყო მხოლოდ იმისთვის გაკეთებული, რომ ეგრძნობინებინათ, გისმენთო. ეს გააკეთეს იმისათვის, რომ ხალხში გაჩნდეს განცდა, აი, ვანოზეც არის რაღაც ფარული ჩანაწერიო.

- ხშირად ისმის საზოგადოებისაგან კითხვა, თუ ადეიშვილი, შაშკინი და ზოდელავა დამნაშავეები არ იყვნენ, ქვეყნიდან რატომ წავიდნენო.

-  ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოიქცეს. ყველას განსხვავებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს.

მე მყარი ფსიქიკა მაქვს.  სიცოცხლის ბოლომდე საქართველოში ვიცხოვრებ. ისინი რომ დარჩენილიყვნენ საქართველოში, თავიანთ უდანაშაულობას დაამტკიცებდნენ. ვინც ქვეყნიდან წავიდა, მათ დაატეხეს ბრალდებები.

- რაც ქვეყნიდან წავიდნენ, მათთან კავშირი აღარ გქონიათ?

- მათთან  კავშირი მაქვს და ისიც ვიცი, სად არის თუნდაც ადეიშვილი. არ გამოვრიცხავ, დაბრუნდეს და მისცეს ჩვენება.

- ბიძინა ივანიშვილმა კონსტრუქციული განცხადება გააკეთა, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის საშუალებას მივცემო.

- ეს სწორედ რომ არაკონსტრუქციული განცხადებაა. ივანიშვილი ეძებს მიზეზს, რომ თავი გაიმართლოს, რატომ ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები და ამისათვის ყველაზე მეტად სჭირდება არეულობა ქვეყანაში. ხალხმა ის აირჩია დაპირებების გამო და შეასრულოს. ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების კორუმპირებულობაზე ლაპარაკობს მაშინ, როდესაც ჩვენს დროს ბიუჯეტი 1100%-ით გაიზარდა.

- არის მოლოდინი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე მისცემს გამოძიებას ახალ ჩვენებებს.

- ოქრუაშვილს უკვე  ყველაფერი ნათქვამი აქვს.

- თქვენ კარგი ურთიერთობა არ გქონიათ?!

- ბოლო ერთი წელიწადი არ გვქონია კარგი ურთიერთობა. მანამდე უახლოეს მეგობრად მივიჩნევდი.  ახსნას ვერ ვპოულობ, რა დაემართა. ირაკლიზე ეჭვი არასდროს გამჩენია, რადგან ჩვენ უმძიმეს დროს ერთად ვიყავით. ჩემი და ადეიშვილის რეკომენდაციით გახდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ჩვენ ერთად ვიყავით მძიმე წუთებში - რევოლუციის დროს, აჭარაში, კოდორში... ძალიან გამიკვირდა, როცა ჩვენს გუნდს გაემიჯნა. დიახ, ოქრუაშვილი თავად გაგვემიჯნა, გუნდი არ გამიჯვნია მას.

- თქვენი გუნდი ხშირად ახსენებს აპრილს, როდესაც პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი. ხომ არ განიხილავს პრეზიდენტი ამ ვარიანტს?

- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამის გაკეთებას არ აპირებს. თუ ქართული სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პრეზიდენტი კი არა, მეც გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველომ სუვერენიტეტი არ დაკარგოს.

ჩვენ პოლიტიკაში დავრჩებით და ადრე თუ გვიან უსათუოდ მოვალთ ხელისუფლებაში. თუ ჩვენი ქვეყანა კარგად არ იქნება, ჩვენც ვერ ვიქნებით კარგად. თუ კოჰაბიტაცია არ გამოვიდა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დამთავრდა. თუ ხელისუფლება დაპირებების შეუსრულებლობის გადაფარვას ქვეყნის არევით შეეცდება, ამას ხალხი შეაფასებს. ეს ხომ ბოლო არჩევნები არ ყოფილა. წინ კიდევ მრავალი არჩევნებია.

ასევე იხილეთ ვიდეო: ჩვენ მივიღებთ ახალ სისხლს პარტიაში - კომენტარები "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციიდან