"ერთ თვეში გირგვლიანის საქმეს გახსნილად გამოვაცხადებთ" - კვირის პალიტრა

"ერთ თვეში გირგვლიანის საქმეს გახსნილად გამოვაცხადებთ"

"გირგვლიანის საქმეში გამოიკვეთნენ პირები, ვისაც საზოგადოება არ იცნობს. საქმეში ახალი პირები არიან ინციდენტამდე პერიოდშიც და მის შემდგომაც"

"ასეთ დანაშაულს "თეთრი საყელოს" დანაშაული ჰქვია"

"სად გვაქვს იმის გარანტია, რომ კალანდაძის ან ახალაიას ბრალდების თემატიკა ამოწურულია?"

"გაუპატიურების თემებით წალეკილია ყველაფერი, სადიზმის უმძიმეს ფორმებზე გვაქვს საქმეები"

"ე.წ. ცოცხების თემა გახსნილია"

"ამ საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილიც დაიკითხება"

"არაფერ შუაშია "რუსთავი 2" და მისი გენერალური დირექტორობა"

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ორი ექსმინისტრი დააპატიმრეს, ითქვა, კბილაშვილმა კბილი გამოაჩინაო. როგორ გრძნობს ახალ ამპლუაში თავს ყოფილი ადვოკატი და უკვე მთავარი პროკურორი, რას ფიქრობს გახმაურებულ დაპატიმრებებზე და რას უსურვებს საზოგადოებას საახალწლოდ, არჩილ კბილაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ:

- ახალ ამპლუაში უჩვეულო განცდა მაქვს. ისევ საადვოკატო უნარ-ჩვევების ქვეშ ვარ მოქცეული. როდესაც პირის ბრალეულობას ვწყვეტთ, ხშირად შემინიშნავს, რომ საკითხს ადვოკატის გადასახედიდან ვუდგები. თუ საშუალება მაქვს, ვცდილობ, ბოლო მომენტამდე არ მივიღო ის პოზიცია, რომ ესა თუ ის პირი დამნაშავეა. Mმორალურად ვინმეს დაცვა უფრო მსუბუქია, ვიდრე ბრალდება. რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს და არ აკნინებს იმ მოვალეობას, რაც ბრალდებას აქვს.

- ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას დასავლელი პოლიტიკოსები და უცხოური პრესა ხშირად პოლიტიკურ დევნად აფასებს. სად გადის ზღვარი, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის გატარებული ღონისძიებები ოპონენტების დევნაში არ გადაიზარდოს?

- ამ კითხვაზე პასუხი ადვოკატისა და პროკურორისთვისაც ერთია - ზღვარი გადის მტკიცებულებებზე. მთავარია, პოზიცია მტკიცებულებებს ემყარებოდეს. ვინც რა უნდა თქვას, ვინც როგორ უნდა შეაფასოს ეს, როდესაც არსებობს მტკიცებულება, სწორედ ეს არის მთავარი. ეს ის ოქროს შუალედია, სადაც ვცდილობ, რომ დავრჩე. ამიტომაც ამ მიზნის შესრულების გზაზე რა თემებსაც ვეხებით, მაშინვე ვასაჯაროებთ დოკუმენტებს. საზოგადოებას ვეუბნებით, - ჩვენ კი ვფიქრობთ ასე, მაგრამ მარტო ჩვენს ნათქვამს ნუ ენდობით და თვითონ წაიკითხეთ-მეთქი. ეს არის ის ზღვარი, რომელიც იურისტისთვის უნდა არსებობდეს.

დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრთა პოლარიზაცია ნორმალურია. სანამ ეს ხელისუფლება მოვიდოდა, წინა ხელისუფლებას ჰქონდა კარგად აწყობილი პიარტექნოლოგია, ჰყავდა ლობისტური ჯგუფები, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც კომუნიკაცია დახვეწილი ჰქონდა. ხელისუფლება შეიცვალა, თორემ ის სისტემები ხომ არ შეცვლილა? ის ჯგუფები და ურთიერთობები დარჩა. ამიტომაც ლოგიკურად შეიძლება აიხსნას, რაც უნდა მოიმოქმედოს სამართალდამცავმა ორგანომ და ვინც უნდა მისცეს პასუხისგებაში, იქნებიან ადამიანები, ვინც ამას პოლიტიკურ დევნად აღიქვამენ. ასეთ განცხადებებს სრული სიმშვიდით ვხვდები და ყველას ვთავაზობ, თუ ჩვენთან საუბარი გსურთ, ვისაუბროთ საქმის და მტკიცებულებების მიხედვით. ჩვენ არასდროს წამოვიწყებთ პოლემიკას ისეთ თემაზე, როგორიც არის პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ან რას იტყვიან ჩვენზე იმის გამო, რასაც ვაკეთებთ. ეს ის სფეროა, სადაც პროკურატურა არ უნდა ერთვებოდეს დიალოგში.

- თუმცა ოპოზიცია ხშირად გადანაშაულებთ, რომ ჩვენებების საფუძველზე აპატიმრებთ ადამიანებს და ნაკლებია მტკიცებულებები.

- ამის განცხადების საპირწონედ შეიძლება ითქვას, რომ მტკიცებულება ბევრია. თუ ვინმეს სურს ამ თემაზე ლაპარაკი, კონკრეტულ თემასა და ფაქტზე ვილაპარაკოთ. ვნახოთ, რა მტკიცებულებებია და აქედან გამოვიტანოთ დასკვნა - პოლიტიკური შეფასებაა, დაკავებისას მტკიცებულებები ნაკლებიაო. პროკურატურის ამოცანა ამ ტიპის დიალოგში შესვლა არ არის.

- გენერალ გიორგი კალანდაძის მაგალითი ხშირად მოჰყავთ იმის საილუსტრაციოდ, რომ პროკურატურამ ბრალდება მტკიცებულებებით სათანადოდ ვერ გაამყარა და ამიტომ წაუყენეს მას სამჯერ ბრალი და სამჯერ გაათავისუფლეს.

- როდესაც კალანდაძის საქმეზე მოვიპოვეთ გარკვეული მტკიცებულებები კონკრეტულ ეპიზოდზე, ის წარმოვაჩინეთ და პირი პასუხისგებაში მივეცით. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ შემოვიდა ახალი განცხადებები და კიდევ ახალი ეპიზოდი გამოვავლინეთ. Aამის საფუძველზე კიდევ მივეცით პასუხისგებაში კალანდაძე. ხვალ-ზეგ კიდევ რომ შემოვიდეს ასეთი განცხადება, ბუნებრივია, უკან არ დავიხევთ იმის გამო, რომ კალანდაძე სამჯერ მივეცით პასუხისგებაში და მეოთხედ ვეღარ მივცემთ. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია: თითოეულ დოკუმენტზე, ეპიზოდზე, მიდგომა იყოს ადეკვატური, შევისწავლოთ, მოვამწიფოთ, საგამოძიებო თვალსაზრისით გამოვკვეთოთ მისი პასუხისმგებლობა და შემდეგ წარედგინოს პირს ბრალი. თუ ხვალ-ზეგ ახალი განცხადება შემოვა, მაშინაც ადეკვატურები ვიქნებით. სად გვაქვს იმის გარანტია, რომ კალანდაძის ან ახალაიას ბრალდების თემატიკა ამოწურულია? ასეულობით განცხადება შემოდის და ყველას ერთად ხომ ვერ შევისწავლით.

ადვოკატი ვიყავი და კარგად ვიცი, რა იყო საკმარისი ადამიანის დაჭერისთვის წინა ხელისუფლების დროს. საკმარისი იყო ჩამოყალიბებოდათ აზრი ამა თუ იმ პირზე, ის ცუდიაო და უნდა დაეჭირათ. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. ეს მცდარი, ცუდი მიდგომაა და ამიტომაც დავაყენეთ საკითხი ასე - მთავარია მტკიცებულებები.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასა და სხვა პირების საქმეს,  11-ტომიან საქმეზე ინტერვიუში ვერ ვისაუბრებ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 6 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ფაქტზე, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღებას შეეხებოდა და 19 დეკემბერს გამოვაცხადეთ ამ საქმის გახსნის შესახებ. ამ თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და მთავარ პროკურატურაში მუშაობა გვიან ღამემდე არ წყდებოდა. მე და ჩემი კოლეგები ადვოკატის პოზიციაში ვიყავით და როდესაც ესა თუ ის თემა მოჰქონდა გამომძიებელს, ოპონირებას ვუწევდით, რომ ეს ასე კი არა, ისე შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული. ამას იმისთვის ვაკეთებდით, რომ თემა ბოლომდე დაწურული ყოფილიყო. ყველა საკითხზე, რომელიც შეიძლებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, პასუხი გაცემულიყო. მას შემდეგ, რაც ეს თემები დაიწურა, გადავწყვიტეთ, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო. 19 დეკემბრამდე მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებმა ვიცოდით, რომ ეს გამოძიება მიდიოდა. როდესაც Eეს საქმე გასაჯაროვდა და პირები პასუხისგებაში მივეცით, მტკიცებულებების ნაწილი გამოვფინეთ, დანარჩენ 10 ტომსაც გამოვფენთ. ვისაც სურს, ნახოს ჩვენებები, ამოღებული კრეფსები, გადარიცხვები და ა.შ. ამ საკითხს თვე-ნახევარი გულმოდგინედ ვსწავლობდით, რადგან ეს არ არის ცემა-ტყეპისა და წამების საქმე, როდესაც დანაშაული ზედაპირზე დევს. Aამის გამოძიებას სერიოზული დაფიქრება სჭირდებოდა და ასეც მივუდექით.

თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ ერთმა ორგანიზაციამ მეორეს მილიონი დოლარი გადაურიცხა და დირექტორები ერთმანეთს არ იცნობენ? ამაში არის ლოგიკა? ორგანიზაცია, რომელმაც მილიონი დოლარი მიიღო, ერთი თვის წინ შეიქმნა, და წარმოიდგინეთ, ეს პირველი ოპერაცია იყო მისთვის. მანამდე არაფერი გაუკეთებია. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორი არის სასამართლოს მანდატური, რომელსაც ბიზნესში არ უმუშავია, არანაირი კომერციული გამოცდილება არა აქვს, უბრალოდ, ნიკა გვარამიას მეგობარია. გიორგი ნემსიწვერიძეს ნიკა გვარამიამ დაავალა, შეექმნა ფირმა. ნემსიწვერიძემ არ იცოდა, რისთვის გამოიყენებდნენ ამ ფირმას. სატელეფონო ჩანაწერიდან ჩანს, რომ მან არ იცის, ვინ არის კონტრაქტორი და სუბკონტრაქტორი. მისი რეაქცია ამ საქმეში არაინფორმირებული პირის რეაქციას ჰგავს.

მილიონი დოლარის სქემას წინ უსწრებდა ერთი ამბავი: 2012 წლის იანვარში "თელასის" 5 თანამშრომელი პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა. იცით, რამდენი გადაიხადა ამ ხუთმა თანამშრომელმა? 5 მილიონი ლარი. მათგან ერთ-ერთი მძღოლია. მძღოლს რომ მილიონის გადახდის საშუალება არა აქვს, ალბათ, დამეთანხმებით. მოხდა ისე, რომ ეს 5 მილიონი პრემიის სახით გაიწერა "თელასის" თანამშრომლებზე და შემდეგ "თელასმა" გადაიხადა 5 მილიონი. Eეს ყველაფერი საპროცესო შეთანხმების ფარგლებში მოხდა, მაგრამ ერთ შემთხვევაში მილიონ 600 ათასი რომ გამოეწერება პრემია ერთ-ერთ დირექტორს და ამას ხმარდება ეს თანხა, საეჭვოა. 2012 წლის იანვარ-აპრილში ასეთი ოპერაცია ჩატარდა, - "თელასმა" 5 მლნ გადაიხადა და იფიქრა, რომ Aასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და დაიწყეს გზების მოძიება. ენერგეტიკის მინისტრი იყო ის რგოლი, რომელთანაც ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით ჰქონდა ურთიერთობა "ინტერ რაოეესს". მილიონი დოლარი იმაში კი არ გადაიხადეს, რომ არ "მოეწველათ" ან არ შეემოწმებინათ, არამედ საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად. სახელმწიფო რომ დალაპარაკებოდა ბიზნესს, მხოლოდ ეს ღირდა მილიონი დოლარი. Aამის შემდეგ უნდა განსაზღვრულიყო საგადასახადო შეთანხმების ზომაც.

- მაგრამ "ინტერ რაოეესი" ამბობს, რომ მას მართლაც ჰქონდა ხელშეკრულება კომპანიასთან და სარგებლობდა მისი მომსახურებით.

- ამას მერე მივუბრუნდეთ. მილიონი დოლარი ჯიბეში არავის უდევს. ეს ფული საიდანღაც უნდა გაწერილიყო. ორგანიზაციას უნდა გადაეხადა და ამ სქემის დამუშავებაში ბატონი ხეთაგური გადამისამართებას აკეთებს უკვე ნიკა გვარამიასთან, რომ მან მოაგვაროს ეს საქმე. შემდგომ "თელასის" დირექტორს უკვე ურთიერთობა აქვს გვარამიასთან და მაშინ ჩნდება ნემსიწვერიძეც, რომელიც აარსებს ფირმას და უეცრად იღებს მილიონ დოლარს "ინტერ რაოეესის" კომპანიებისგან. "ინტერ რაოეესს" საქართველოში 4 კომპანია აქვს: "თელასი", "მტკვარი", "ხრამჰესი-1" და "ხრამჰესი-2". აქედან სამი კომპანიის 100%-იანი მესაკუთრეა, "თელასში" კი 75% აქვს, 25% "თელასში" სახელმწიფოსია. მილიონი დოლარიდან "თელასმა" 500 ათასი დოლარი გადაიხადა. ვინაიდან "თელასს" 500 ათასი უნდა გადაეხადა, საჭირო იყო ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა. რადგან "თელასში" 25% სახელმწიფოსია, სამეთვალყურეო საბჭოს ერთი წევრი ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დანიშნული პირია. მას უთხრეს, რომ მისი თანხმობა იყო საჭირო 500 ათასის გადახდაზე. როდესაც მან დაინახა, რომ 500 ათას დოლარს უხდიდნენ გუშინ შექმნილ ორგანიზაციას, კითხვა გაუჩნდა, რას ვაწერ ხელსო. Eყოველივე ეს ჩვენებებშია დაფიქსირებული. მან დაურეკა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს და ეს საკითხი არც მან იცოდა, მინისტრს დაველაპარაკები და გეტყვიო. შევიდა მინისტრ ხეთაგურთან და 15 წუთში ეუბნება "თელასში" სამინისტროს წარმომადგენელს, ხელი მოაწერე, საკითხი მინისტრთან შეთანხმებულიაო.

მილიონი გადაიხადეს, მაგრამ რაღაც პროდუქტი ხომ უნდა შეექმნა კომპანიას, რის გამოც ვითომ ეს ფული გადაიხადა. ამ დროს ერთვება საქმეში დამენია-გუტიძის აუდიტორული ფირმა. გვარამიას მიერ ახალშექმნილი ფირმა აფორმებს ხელშეკრულებას აუდიტორულ ფირმასთან, რომ მან პროექტი შეიმუშაოს "ინტერ რაოეესის" აქტივებთან დაკავშირებით და გააკეთოს რაღაც შეფასება და რა აღმოჩნდა? დოკუმენტი, რომელიც ამ მიზნით იქნა წარმოდგენილი, "თელასს" ჯერ კიდევ მარტში ჰქონდა შეძენილი "პრაის ვოტერს ჰაუს კუპერსისაგან" 83 ათას დოლარად. ეს დოკუმენტი ქართულად ითარგმნა და თარგმანი წარდგენილი იქნა როგორც ამ მომსახურების პროდუქტი, რაც, დამეთანხმებით, სასაცილოა. ექსპერტიზა ჩატარდა და ინგლისურენოვანი დოკუმენტი, რომელიც "პრაის ვოტერს ჰაუს კუპერსმა" გააკეთა, სიტყვასიტყვით არის გადათარგმნილი და ეს მილიონი დოლარი ჯდება?!

- ნიკა გვარამიამ რომ განაცხადოს, არ ვიცოდი, რა მომაწოდა აუდიტორულმა კომპანიამო?

- ამ შემთხვევაში მოვლენებს აღვწერ და არ ვაფასებთ, ვინ რა ჩაიდინა. ის, რაც ზედაპირზე ძევს, იმაში მილიონს არ იხდიან, თანაც ისე, რომ ფირმის დირექტორები ერთმანეთს არ იცნობენ. ეს ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი. არაფერ შუაშია "რუსთავი 2" და მისი გენერალური დირექტორობა. გადავამოწმეთ და ნიკა გვარამია 14 ნოემბერს დანიშნეს "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორად, ჩვენ კი ამ საქმის გამოძიება 8 ნოემბერს დავიწყეთ.

ჩანაწერებში ვანო მერაბიშვილის საკითხიც გამოჩნდა. თუ მიაქციეთ ყურადღება, ჩანაწერში არის ფრაზა, - რაც უფრო გვიან დაგვიბრუნებენ, უფრო ტკბილად შეგვრჩება ეს ფულიო.

თუ სუფთა კომერციული ურთიერთობაა ორ კერძო კომპანიას შორის, რა შუაშია აქ მერაბიშვილი? რატომ კითხულობს ის ამ საკითხს? რატომ აიღეს ფული, სად არის ეს ფულიო? შეიძლება გამოძიებას ვერსიის სახით ჰქონდეს აზრი იმის შესახებ, რომ ეს ფული ხეთაგურის მერე სხვაგანაც წავიდა. აAმ საკითხზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩანს ხეთაგური და მერე ვნახოთ, რა ჩვენებები იქნება. კითხვა ჩნდება იმის გამო, რომ ამ საქმესთან იურიდიული პოზიციებიდან კავშირში არმყოფი ვანო მერაბიშვილი დაინტერესებულია ამ საქმით და მრავლობით რიცხვში ამბობს, უფრო ტკბილად შეგვრჩება ეს ფულიო. თავისთავად ცხადია, ეს არ არის მომსახურებისთვის გადახდილი ფული.

ახლა რაც შეეხება ამ ფულის უკან დაბრუნებას. რომ ნახეს, დაიწყო გამოძიებაო და თავადაც იცოდნენ, რომ არანაირი მომსახურება არ იყო შესრულებული, ამიტომაც ფულის ნაწილი დააბრუნეს და ჩადეს სეიფში იმის საჩვენებლად, რომ ფული იქ დევს. მაგრამ ჩვენებებში ჩანს, რომ როგორც კი ფული გადაირიცხა ახალშექმნილი ფირმის ანგარიშზე, მეორე დღესვე მთელი თანხა, დაახლოებით მილიონ ექვსას ოცდაოთხი ათასი ლარი ნაღდი ფულის სახით გამოიტანეს და გვარამიას გადასცეს. ამას ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები. ეს ფული ერთ კაცს არ გამოუტანია, 5-მა პირმა გამოიტანა და საქმეში არის მათი ჩვენებები. ეს "ზომიერად" ელიტური კორუფციის თემაა. მილიონი დოლარი იმ მასშტაბის საქმეებისათვის, რასაც ჩვენ ვიძიებთ, და რომელთაც ახლო მომავალში წარმოვაჩენთ, არ იქნება ზღვარი. თუმცა მილიონი დოლარი დიდი ფულია ბევრი ჩვენი თანამოქალაქისათვის.

ეს იქნება ყველაზე მძიმე მუხლი, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის - ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

- ამ საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილიც დაიკითხება?

- ლოგიკურად, უნდა დაიკითხოს, რადგან ამ საქმის ინტერესსა და ცოდნას ამჟღავნებს. ზოგი ამბობს, რომ მისი საუბრის ჩანაწერში არაფერია ისეთი, მაგრამ ეს ხომ კომერციული თემატიკა არ არის. ასეთ დანაშაულს "თეთრი საყელოს დანაშაული" ჰქვია და ის ყოველთვის რთული გამოსაძიებელია, რადგან ეს ინტელექტუალური დანაშაულია.

- ზურაბ ადეიშვილი დაიბარეს დაკითხვაზე, თუმცა, არ გამოცხადდა.

- სავარაუდოდ, მისი ძებნა გამოცხადდება, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი სხვა ამბავია. ცოცხების თემა გაიხსნა. გაირკვა, რომ იუსტიციის მინისტრის დავალებით გადაუღიათ ის ვიდეოფირი, რომელიც ასახავს პატიმრების წამებას, რათა გადაფარულიყო ბედუკაძის მიერ მოგროვებული მასალები და კარანტინის დაშლა. როდესაც გაიგეს ბედუკაძის მიერ გადაღებული ვიდეოფირის არსებობის შესახებ, ხელოვნურად დაიგეგმა სცენა. ერთ პირს დაუმაგრეს კამერა და გადაიღეს პატიმრების ცემა. ამის მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ ხელისუფლება არ არის ტოლერანტული იმისა, რაც ციხეებში ხდება და თვითონ ავლენს ასეთ ფაქტებს. მათ თავიდან არ იცოდნენ, რა ფირს გამოამჟღავნებდა ბედუკაძე, მხოლოდ ის იცოდნენ, რომ მას ეს მასალა ჰქონდა.

- დავაზუსტოთ, კონკრეტულად, რომელი კადრები გადაიღეს ადეიშვილის მითითებით?

- ცოცხები ბედუკაძემ გადაიღო, კარანტინის დაშლა - სხვა ჯგუფმა, ხოლო ადეიშვილის მითითებით დადგეს სცენა, სადაც ორი ბადრაგი სცემს ერთ პატიმარს. ეს ინსცენირება გაკეთდა მთავრობის იმიჯის გადასარჩენად. აქაოდა, ჩვენ გავხსენით ეს დანაშაული და ციხეში პატიმრების ტანჯვა-წამებას არ შევურიგდებითო.

გარდა ამ თემისა, ადეიშვილი "ქართუ ბანკის" თემაშიც ფიგურირებს და იქაც ბრალდებას იმსახურებს. ასე რომ, კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი იქნება ბრალდებული... არის კიდევ ერთი მინისტრი, რომელზეც ერთ-ერთმა საელჩომ გამოგვიგზავნა ნოტა: ეს მინისტრი ჩვენს მოქალაქეებს ფულს სძალავდა და გთხოვთ, გამოძიება დაიწყოთო. როდესაც ასეთი თემებია, სასაცილოა პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკი. გვინდა ინიციატივით გამოვიდეთ, რომ ასეთი დაკავების საკითხები მოსამართლემ კი არა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ხალხი მიიღებს მონაწილეობას ამ საქმეში და ხალხი გაასამართლებს მათ. ჩვენ თუ მიკერძოებული ვართ, ხალხმა გაასამართლოს. მან შეაფასოს, მართლაც სცემდნენ თუ არა ჯარისკაცებს, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. გაუპატიურების ისეთი საქმეებია, რომ... ხშირად გვიჭირს ამ თემის წამოწევა, რადგანაც ეს დაზარალებულის ღირსებას ეხება. ზოგჯერ სიტყვა გაუპატიურებას პირდაპირ ვერ ვამბობთ და ვეძებთ სინონიმებს "დამამცირებელ", "არაადამიანურ მოპყრობას". გაუპატიურების თემებით წალეკილია ყველაფერი. სადიზმის უმძიმეს ფორმებზე გვაქვს საქმეები.

- ამ საქმეების გამოძიებას სათანადო კადრებიც სჭირდება. როგორ არჩევთ  თანამშრომლებს?

- 89 პროკურორი და გამომძიებელი შევცვალეთ, მაგრამ სამსახურში მივიღეთ 40 ადვოკატი. შევცვალეთ ყველა დეპარტამენტის  თავმჯდომარე, მოადგილე და ოლქის პროკურორი, ასევე შეიცვალა 10 რაიონის პროკურორი. ჩვენ გენერატორებს ვცვლით. არ გამოდის გამომძიებლის, პროკურორის გაშვება, რომელიც რაღაც დავალებას ასრულებდა. ყველას ვერ გაუშვებ და ცარიელ ქვაზე ვერ დაჯდები. პროკურორებსა და გამომძიებლებს არ მოსწონდათ, რაც ამ სისტემაში ხდებოდა, მაგრამ ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას, როდესაც აქვთ საბანკო კრედიტები, ოჯახები. ამის გამო ვერ მიდიოდნენ სამსახურიდან. Aამიტომაც ჩვენ ზომიერად ტოლერანტული ვართ. ეს ხალხი დღედაღამ გულმოდგინედ მუშაობს. როდესაც შენი საქმიანობა მორალურ განწყობებს შეესაბამება, ამას სიამოვნებით აკეთებ.

- ორი მინისტრის დაკავების შემდგომ  თქვენმა თანაგუნდელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, არა ვარ მომხრე, რომ პროკურატურა ყველა საქმეზე დაკავებას ითხოვსო. ასევე კრიტიკული იყო დავით ზურაბიშვილი, ფარული მოსმენები სააკაშვილის ხელისუფლების არ მოგვწონდა და ახალმა ხელისუფლებამაც ეს დაიწყოო.

- დაკავება ემსახურება იმას, რომ დამნაშავე არ დაიმალება, გამოძიებას ხელს არ შეუშლის და მოწმეებზე არ იმოქმედებს.   რადგან დაკითხვაზე დავიბარეთ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და დავინახეთ, რომ პარალელურ რეჟიმში დაიწყეს რაღაც დოკუმენტების შექმნა. მაგრამ მათ ინფორმაციის მხოლოდ განსაზღვრული დოზა აქვთ. დაკითხვის დროს მე ვსვამ კითხვას და დასაკითხი ვერ მეტყვის, რატომ მეკითხები ამასო, მაგრამ როდესაც პასუხისგებაში ვაძლევ პირს, კანონი მავალდებულებს, მას მთელი საქმე გადავცე, მან უნდა იცოდეს, რაც იქ წერია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ინტელექტუალური დანაშაულის სახეობაა, დაკავებული პირები ინტელექტუალები არიან და რესურსი დიდი აქვთ. გარდა ამისა, აქვთ ფინანსური რესურსიც. ეს არის მათი დაკავების მოტივი, რომ მათ შეეზღუდოთ მოქმედების არეალი.

- ასევე საქალაქო სასამართლომ ახსენა, საიდუმლო ინფორმაციის განსაჯაროება მოხდაო.

- ჩვენ იმ საზოგადოებიდან მოვდივართ, სადაც ყველასა და ყველაფერს უსმენდნენ და ამის გამო მოსმენა ჩვენთვის უკანონობად აღიქმებოდა, მაგრამ კანონში წერია, რომ თუ სასამართლოს ნებართვა არსებობს, მოსმენა კანონიერია. ჩვენ სასამართლოს ბრძანება გვაქვს, რომლის მიხედვითაც პროკურატურას აქვს უფლება, მოუსმინოს დამენიას ნომერს, გიორგი ნემსიწვერიძის ნომერს და ნომერს, რომლითაც ნიკა გვარამია სარგებლობდა (ის ნომერი გვარამიას სახელზე არ არის გაფორმებული). კანონი ამ ინფორმაციის გასაიდუმლოების წესს ითვალისწინებს, მაგრამ როდესაც პირს აკავებ, გასაიდუმლოების თემაც იწურება. კანონი უფლებას გვაძლევს, მასალები განვასაჯაროოთ, ანუ საჯარო გავხადოთ. სასამართლოს გულისწყრომა შეიძლება გამოიწვია იმან, რომ მათ სამსახური გაუწიეს სამართალს, მაგრამ სამართლისთვის გაწეული სამსახური ამავე დროს არ აღმოჩნდა რომელიღაც პოლიტიკური გუნდისთვის გაწეული სამსახური. მე ასეთი ვერსია მაქვს.

- ზურაბ ჟვანიასა და სანდრო გირგვლიანის საქმეებში თუ არის ახალი გარემოებები?

- გირგვლიანის საკითხი დიდი სისწრაფით მიდის წინ. "შარდენ ბარის" მზარეულის დამხმარეც კი დავკითხეთ, რომ ყველა ნიუანსი გავარკვიოთ. მე და ჩემს მეგობრებს რომ ამ საქმის გაძღოლის უფლება მოგვეცა, ისტორიული შანსია და ვცდილობთ, მას ღირსეულად გავართვათ თავი. ჟვანიას საქმე გაცილებით რთულია. რამდენიმე ვერსიაა და თითოეულს ვამოწმებთ. გირგვლიანის საქმე წინ გაუსწრებს ჟვანიას საქმის გამოძიებას. ახლო მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში, გირგვლიანის საქმეს გახსნილად გამოვაცხადებთ. გირგვლიანის საქმეში გამოიკვეთნენ პირები, ვისაც საზოგადოება არ იცნობს. საქმეში ახალი პირები არიან ინციდენტამდე პერიოდშიც და მის შემდგომაც. ეს საქმე თითქმის გახსნილია, მხოლოდ მისი დახვეწა, ყველა მტკიცებულების გადამოწმებაა საჭირო.

- ოქრუაშვილმა დაიჩივლა, ჩემს საქმეში ადეიშვილის ის პროკურორები მონაწილეობენ, რომელთაც თავის დროზე ბრალდებები შემითითხნესო.

- შეიძლება მის საქმეზე იგივე პროკურორი გამოდის, მაგრამ მას ახლა სხვა ამოცანა აქვს. ოქრუაშვილის თემას მივყვებით. გვინდა ვნახოთ, რეალურად რა მტკიცებულებებია, რას ამბობენ მოწმეები, რათა მათ "შეკერილ" საქმეზე არ ვიყოთ დაყრდნობილი. თუ მტკიცებულებები უსუსური იქნება, ჩვენ უარს ვიტყვით ბრალდებაზე. ამ საქმის ტომები არსებობს და მის განხილვაზე უარს ვერ ვიტყვით. თუ ბრალდება მოსახსნელი იქნება, მოვხსნით. არანაირი უხერხულობა ამაზე არ გვექნება.

ამ პოსტზე მუშაობისას ჩემი მიზანია, როდესაც აქ აღარ ვიქნები და ადვოკატად გავაგრძელებ საქმიანობას, ადვოკატს ჰქონდეს რწმენა, რომ შეუძლია პროცესი მოიგოს ცოდნით, მტკიცებულებით და არ ჰქონდეს იმის ფიქრი, მოსამართლეზე პროკურორი ზეწოლას მოახდენს და ამიტომ პროკურორთან საპროცესო გარიგებაზე უნდა წავიდეო.

- პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დანიშნული ძველი მოსამართლეები არ წარმოადგენენ თქვენთვის პრობლემას?

- მოსამართლეებს არ განვიხილავ პრობლემად. თუ ვინმე მათ არასწორად გამოუშვეს, ამას საზოგადოება კარგად ხედავს. კანონი შეიცვლება და ცოტა მოთმინებაა საჭირო. არც ერთ მოსამართლეს არ გავლანძღავ. ეს ჩემი სისუსტის გამოვლენა იქნებოდა. ჩვენ ხელი ავიღეთ მოსამართლეებზე ზეწოლისაგან და ახლა ადვოკატებისთვის ვქმნით კარგ ნიადაგს. სასამართლო ისედაც პროკურატურის ოპონენტი უნდა იყოს, მე უნდა დავუმტკიცო და მან არ უნდა მიმიშვას დანაშაულის დამტკიცებამდე.

უკვე 7 ათასზე მეტი განცხადებაა შემოსული პროკურატურაში. 50-მდე ბრალდება მოვხსენით, ადამიანები ციხიდან და სასამართლოდან გავუშვით. ხალხს ქრთამი, მკვლელობა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ჰქონდა და მოვუხსენით. სულზე რომ არ მიგვესწრო, მრავალი წელი ტყუილუბრალოდ პატიმრები იქნებოდნენ. კანონის შეცვლა გვინდა და ამნისტიისადმიც ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს. ამნისტიის შედეგად კრიმინოგენული ვითარება არ უნდა გაუარესდეს. ეს პროცესი უნდა დავაბალანსოთ.

საახალწლოდ ყველას ვუსურვებ ნაკლებ ურთიერთობას ჩემთან. ჩემს თავს კი ვუსურვებ, ის იმედი გაგვემართლებინოს, რაც საზოგადოებას აქვს. ჩვენს ხალხს ვუსურვებ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ცვლილებებს. ყველა ელოდება გაზაფხულს, როდესაც სოფლის მეურნეობის პროგრამა დაიწყება. ვუსურვებ ჩვენს ხალხს, რომ ამ პროგრამამ  მათი იმედი გაამართლოს.

ასევე იხილეთ ვიდეო: თუ კალანდაძეზე შემოვა ახალი განცხადება, უკან არ დავიხევთ იმის გამო, რომ სამჯერ მივეცით პასუხისგებაში - არჩილ კბილაშვილი