მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: წლის მოვლენიდან წლის პერსონამდე, წლის სიტყვის ჩათვლით - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: წლის მოვლენიდან წლის პერსონამდე, წლის სიტყვის ჩათვლით

წლის მოვლენა

როდესაც წინა წლის ბოლოს რადიო "პალიტრის" ეთერში ასტროლოგმა მიშა ცაგარელმა თქვა, 2012 წლის ფავორიტი ბიძინა ივანიშვილი იქნებაო, არ დავიჯერე. ზოგადად ასტროლოგების და მჩხიბავების არ მჯერა, მაგრამ რას ერჩი, გამართლდა მისი ნათქვამი. ახლა არ მითხრათ, მაგას რა გამოცნობა უნდოდაო. როგორ არ უნდოდა, მაშინ ჯერ კიდევ მყარად იდგა "ნაციონალური მოძრაობა". შიშები კი ეტყობოდა, მაგრამ დანებებას რომ აპირებდა, ასეთი პირი არ უჩანდა. ათას საზიზღრობას იგონებდნენ, მოქალაქეობის ჩამორთმევიდან დაწყებული, ბანკის გაკოტრების მცდელობით დამთავრებული. უფრო მარტივად ვიფიქრებდი, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდებოდა, ვიდრე იმას, რომ ყველაფერი მშვიდობიანად, არჩევნების გზით დასრულდებოდა. არადა, დასრულდა. ეს ჯერჯერობით ჩვენი მთავარი მიღწევაა. ამიტომ 2012 წელი უდავოდ მნიშვნელოვანი გამოდგა. ამ წელს დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობაც. ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი - სწორი თუ არასწორი, ამას დრო გვიჩვენებს. მთავარია, რომ მოხდა ის, რაც ხალხს სურდა. ეს ყველაფერი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იქნებ ხალხმა დაიჯეროს: მას შეუძლია ქვეყანა შეცვალოს, ეს ქვეყანა მისია და არა ძლიერთა ამა ქვეყნისა და სწორედ მასზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის ბედი. თუ ამას ვირწმუნებთ, ვერც ერთი ხელისუფალი თავზე ვერ წამოგვაჯდება. ყველას ექნება ხალხის შიში და რიდი. ამ ფონზე ყველა სხვა მოვლენა უკვე უმნიშვნელო ხდება.

წლის პერსონა

ვიცი, რომ ჩვენი გაზეთის მკითხველმა წლის ადამიანად ივანიშვილი დაასახელა, რასაც ვეთანხმები. უდავოა, სწორედ მან ამოატრიალა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება და შეიძლება ითქვას, ქვეყნის ისტორიის მდინარება შეცვალა. უკეთესობისკენ, თუ უარესობისკენ, ამას დრო გვიჩვენებს. მართალია, მას ამაში სხვებიც დაეხმარნენ, ასევე დაეხმარა ცნობილი ციხის სკანდალი (მტკიცედ მჯერა, რომ არა ის ცნობილი ციხის კადრები, "ნაცებს" ისეთი საშინელი და სასტიკი საარჩევნო გარემო ჰქონდათ შექმნილი, რომ მათ ივანიშვილი კი არა, ვერავინ დაამარცხებდა). ახლა მთავარია, როგორ გაამართლებს, თავისივე ამომრჩევლის იმედებს. როდესაც ქართველები წელს ვაცილებთ, იქვე მომავალ წელსაც ვლოცავთ. ამიტომ აუცილებელია იმის თქმა, თუ რა იქნება ჩვენთვის მთავარი გამოწვევა 2013 წელს, პირველ რიგში ახალი ხელისუფლებისთვის. მთავარი გამოწვევა კი გაცემული დაპირებების შესრულება იქნება. მართალია, ივანიშვილმა თავისი მთავარი დაპირება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას დაასრულებდა, უკვე შეასრულა, მაგრამ ეს ახლა გუშინდელი დღეა. ახალ ხელისუფლებას წინ მძიმე სამუშაო ელის. მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი პროცესია, საკმარისი ვერ იქნება. მთავარი მაინც სოციალური დაპირებები და დემოკრატიის განმტკიცებაა.

წლის სიტყვა

წლის სიტყვა კი უდავოდ არის "კოჰაბიტაცია". ეს სიტყვა ისე მოულოდნელად გაჩნდა ჩვენს ლექსიკონში და ისე სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი, რომ ამ მოკლე ხანში ყველამ ისწავლა. თუმცა, ამავე დროს, ბევრს აღიზიანებს. არადა, მე მომწონს, სრულიად უწყინარი სიტყვაა. ეს სიტყვა ფრანგულია და ქართულად "თანაცხოვრებას" ნიშნავს. "ვიკიპედიაში" ასეა განმარტებული: "ტერმინი ფრანგულ პოლიტიკაში. გვხვდება ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთის სისტემა, სადაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. ასეთი მდგომარეობა იქმნება იმის გამო, რომ მსგავსი სისტემა პრეზიდენტს აიძულებს დანიშნოს პარლამენტისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი, რადგან პრემიერ-მინისტრს ამტკიცებს პარლამენტი.."

საფრანგეთში ეს ყბადაღებული კოჰაბიტაცია შეიძლება უკვე ტრადიცაა, ჩვენთვის კი, ორი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ძალის თანაცხოვრების გამოცდილება ფაქტობრივად არ არსებობს. ბევრი ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის საჭირო ვინმესთან თანაცხოვრება და მოწინააღმდეგე უნდა გაანადგურო, თუმცა ამას ვერ დავეთანხმები. ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი. წლის ბოლოს ისე ჩანს, "ოცნების" და "ნაცების" კოჰაბიტაციას დედა ეტირა, მაგრამ იმედს ნუ დავკარგავთ, იქნებ რამე გამოუვიდეთ. "კოჰაბიტაცია" ჩვენში ისეთი პოპულარული და საჭირო სიტყვა გახდა, მე რომ კომპოზიტორი ვიყო, ერთ კარგ ჰიმნს დავუწერდი. აბა, წაიმღერეთ: კო-ჰა-ბი-ტაცია, კო-ჰა-ბი-ტაცია!

წინა კვირის მოკლე ქრონიკა

მოკლედ, წინა კვირას ფარული ჩანაწერების ტელევიზორში გაშვების ტრადიცია და მიშაA ერთად დაგვიბრუნდა. უფრო სწორად, მიშას დაუბრუნდა რიხი. კიდევ დაგვიბრუნდნენ თემურ თათარაშვილი და თენგიზ კიტოვანი; ასევე ალვანში დაბრუნდა სტალინის ძეგლი. ხოლო გორის საკრებულომ სტალინის ძეგლის აღდგენის თანხა ბიუჯეტში ჩასვა. უბრალოდ, ჯერ ვერ გავარკვიე, ამ ძეგლს ისევ ცენტრალურ მოედანზე დგამენ თუ მხოლოდ მუზეუმში. თუ ცენტრალურ მოედანზე დადგამენ, მაშინ ლენინის ძეგლიც უნდა დავაბრუნოთ თავისუფლების მოედანზე, თორემ ქსენოფობიაში დაგვადანაშაულებენ. გვეტყვიან, ლენინმა რა დააშავა, ქართველი რომ არ იყო, მაგიტომ ჩაგრავთო? თუმცა ვიდრე გორში სტალინს და თბილისში ლენინს ვიხილავთ, მანამდე "ნაციონალების" ქუჩის აქციაც ვნახეთ. ნაცები ქუჩაში გავიდნენ, ჩვენს თანაგუნდელებს უსამართლოდ იჭერენო. ვანო მერაბიშვილმა კი პრესკონფერენცია გამართა, გვიშველეთ, ყველას გვისმენენო. მიშა აღშფოთდა, ჩემ მიერ აშენებულ დემოკრატიას ანგრევენო. ახლა, წესით, მიშა შევარდნაძესავით უნდა გამოვიდეს, თქვას, "ნადვიგაიცა დიქტატურა"-ო და გადადგეს. რავა, თუ შევარდნაძე, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ფიქრობდა, რომ მის დემოკრატიულ ქვეყანას დიქტატურა ემუქრებოდა, სააკაშვილს არა აქვს უფლება ილაპარაკოს დემოკრატიის საფრთხეებზე? თან ისე აღშფოთდეს, რომ გაკვირვებულმა დაამატოს, სად გინახავთ, დამოუკიდებელი ტელევიზიის დირექტორი დაეჭიროთ, ასეთი რამ არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ მომხდარაო. ეტყობა, ტელევიზიაში სპეცრაზმით შევარდნა ბევრგან მომხდარა. თუმცა ეს რა ჩვენი საქმეა, მთავარია, რომ მას ახლა პრესის დახმარების სურვილი გაუჩნდა და გადაწყვიტა სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გამოყოს.

მის ეპოქაში შექმნილ პრესის თავისუფლებას თურმე ივანიშვილი ემუქრება და ახლა პრეზიდენტი უნდა დაგვეხმაროს. თუმცა, ვიდრე ჩვენ დაგვეხმარება, ამასობაში შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" გაუხდეს დასახმარებელი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი რეიტინგი შემაშფოთებლად დაეცა. ისინი თავს იმშვიდებენ, გამარჯვებული პარტიის რეიტინგის ზრდა ბუნებრივი პროცესია, დროთა განმავლობაში "ქართული ოცნების" რეიტინგი დაეცემაო. ვეთანხმები მათ, "ქართული ოცნების" რეიტინგი დროთა განმავლობაში ალბათ დაეცემა, მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ რაც "ოცნებას" მოაკლდება, ის "ნაცებს" შეემატებათ? მე პირადად ეჭვი მეპარება, თუმცა მანამდე მათ პარლამენტის უმცირესობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევთ, რადგან უმცირესობის რიგებს კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდა. უმცირესობის რიგებიდან დეპუტატების გადინება თუ ასე გაგრძელდა, ბოლოს ნაციონალები ისე იქნებიან, როგორც "განძთა კუნძულშია"; ხომ გახსოვთ: "მკვდრის სკივრს თხუთმეტი კაციღა შერჩა, იო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი".