წლის თემა - კვირის პალიტრა

წლის თემა

ახალ წელს ახალი ხელისუფლებით ვხვდებით. შესაბამისად, საკამათო არ არის, რომ 2012 წლის მთავარი მოვლენა არჩევნები იყო. სხვათა შორის, ექსპერტი ლადო პაპავა წლის დასაწყისში აცხადებდა: წელს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ორ ძირითად ფაქტორზე: პირველი - ეს არის ქართველი ამომრჩეველი. მის სიმტკიცესა და ბრძოლისუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული რეალობის შეცვლა. და მეორე - ისევ და ისევ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან, უწინარეს ყოვლისა კი, ამერიკის შეერთებული შტატები. 1-ელ ოქტომბერს ამ ორივე ფაქტორმა ასი პროცენტით იმუშავა. თუმცა წლის მთავარი მოვლენის საბოლოო შედეგი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, დაწყებული დღემდე ბურუსით მოცული ლაფანყურის სპეცოპერაციით და ციხის სკანდალით დამთავრებული. სავარაუდოდ, მომდევნო წელი პოლიტიკურად უფრო საინტერესო იქნება. შესაბამისად, “კვირის თემაში” ჩვენს რესპონდენტებთან ერთად მრავალი საინტერესო საუბარი გველის. უბრალოდ, ვისურვოთ, რომ კარგ ამბებზე მოგვიწიოს მსჯელობამ. სხვათა შორის, 2012 წელს არჩევნები რომ მთავარი თემა იყო და სწორედ მას უკავშირდებოდა ყველა სხვა მოვლენა, ამის უპირველესი ბარომეტრი სწორედ ჩვენი რუბრიკა გახლდათ. მივყვეთ თანამიმდევრობით.

მაინც გვეგონა, რომ ეს იყო ერთეული შემთხვევები

ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი: "მაინც გვეგონა, რომ ეს იყო ერთეული შემთხვევები და არა ასე მასობრივი. ახლა ვნახეთ, რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს. სხვათა შორის, ასეთ საშინელებებს არასოდეს სჩადიოდნენ არასრულწლოვანთა კოლონიებში - ეს სააკაშვილის რეჟიმის "ნოუ ჰაუა"...  საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლებამ ჯერ გადმოაგდო პირველი "ბარტყი" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის სახით, შემდეგ გადმოაგდეს კალმახელიძე, შემდეგ მთავარი "ბარტყი" - ბაჩო ახალაია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ცდილობს, პრობლემა გადაჭრას პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე და არ აძლევს საშუალებას ხელისუფლებას, განაცხადოს - აქციების უკან პოლიტიკოსები დგანანო. პროტესტის პირველ დღეებში კი უნდოდათ ამის თქმა, მაგრამ არ გაუვიდათ".

"აღსანიშნავია განსაკუთრებით აშშ-ის საელჩოს პოზიცია"

ირაკლი მენაღარიშვილი, დიპლომატი: "არჩევნებისას გადამწყვეტი ორი ძირითადი ფაქტორი იყო: პირველი - ქვეყანაში ცვლილებები მომწიფდა და მეორე - საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია. შეიძლება გვითხრან, ქვეყანაში ვითარება დიდი ხანია მომწიფებული იყოო და 2008 წელი დაგვისახელონ. ალბათ, ამ აზრს უნდა დავეთანხმოთ. მაგრამ ჯერ ერთი, 2008 წელს არ არსებობდა არც საერთაშორისო თანამეგობრობის მზაობა, აქტიური როლი ეთამაშა საარჩევნო პროცესის კორექტულად წარმართვაში, არ ყოფილიყო მხოლოდ პასიური დამკვირვებელი და შემფასებელი და მეორე - პოლიტიკური გუნდი, რომელიც ახალ განწყობებს გამოხატავდა, არ იყო ორგანიზაციულად, თუნდაც პოლიტიკურად მზად. 1-ელ ოქტომბერს კი ამან ერთად მოიყარა თავი და მივიღეთ შესაბამისი შედეგი... აღსანიშნავია ასევე საელჩოების, განსაკუთრებით კი აშშ-ის საელჩოს პოზიცია. ყველაფერმა ამან გამოიწვია, ერთი მხრივ, საარჩევნო პროცესის დისციპლინირება და მეორე მხრივ, პრევენცია ბევრი ისეთი მოქმედებისა, რომელიც 2008 წელს მნიშვნელოვანწილად საფუძველი გახდა იმ შედეგისა, რომლითაც საზოგადოება იყო უკმაყოფილო".

"ყველაზე დიდი საშინელება დაუსჯელობის სინდრომია"

სანდრო თვალჭრელიძე, ექსპერტი: "სამართლიანობა მოითხოვს, რომ გახმაურებული საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. მაგალითად, არ შეიძლებოდა გირგვლიანის საქმის გამოუძიებლობა. ერთხელ და სამუდამოდ, სამაგალითოდ, ხაზი უნდა გადავუსვათ ძალადობას პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. უნდა დაისაჯონ ბოროტმოქმედების ჩამდენებიც და დამკვეთებიც. ყველაზე დიდი საშინელება დაუსჯელობის სინდრომია და სწორედ ამან მიგვიყვანა აქამდე. გირგვლიანის საქმეში არის ყველა წინა პირობა, რომ დანაშაული გაიხსნას. ასევე იყო რობაქიძის საქმეშიც. ძალზე მნიშვნელოვანია, გამოიძიონ კახეთში 9 თვის ბარბარე რაფალიანცის დაღუპვის საქმე. არსებობს ეჭვი, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკას უკავშირდება".

"სააკაშვილზე ჯვარი არავის აქვს დაწერილი"

არჩილ გეგეშიძე, პოლიტოლოგი: "საერთაშორისო თანამეგობრობასაც აინტერესებს ჟვანიას საქმის გამოძიება. სააკაშვილზე ჯვარი არავის აქვს დაწერილი და თუ აღმოჩნდება, რომ მომხდარში პასუხისმგებლობა მას ეკისრება, შესაბამისი დასკვნა გაკეთდება. რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, - რიტორიკიდან ისე ჩანს, რომ ეს ნება აქვს. საერთოდ, ახალმა ხელისუფლებამ თუ არ მოჰფინა ნათელი რეზონანსულ საქმეებს, მაშინ იმედს გაუცრუებს თავის ამომრჩეველს და მომავალ არჩევნებში წარმატების ნაკლები შანსი ექნება. გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის საქმე ერთ-ერთია იმ რეზონანსულ საქმეთაგან, რომელზეც პასუხს საზოგადოება ელოდება".

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, "ქართულმა ოცნებამ" ზავი შესთავაზოს"

გოგი ხუციშვილი, კონფლიქტოლოგი: "ნაციონალები" ნამდვილად ემზადებიან შეტევისთვის. მათ რევანშისთვის მზადება 1-ლი ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყეს. რევანში მდგომარეობს იმაში, რომ შავი პიარი აუგორონ ახალ ხელისუფლებას, გამოიყენონ მათი შეცდომები თუ სასამართლო პროცესები და აჩვენონ, - ეს, ერთი მხრივ, არადემოკრატიული და უუნარო ხელისუფლებაა, მეორე მხრივ კი მატყუარა და ხალხს დანაპირებს არ უსრულებსო. "ნაციონალებს" სურთ, ამაში დაარწმუნონ გარე სამყარო და მისი მეშვეობით მოახდინონ ხელისუფლებაზე ზეწოლა. "ნაციონალური მოძრაობა" ამ გზით ცდილობს, "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხიოს და მათ ზავი შესთავაზოს, - თავს დაგანებებთ, მაგრამ თქვენც შეგვეშვითო. ამ მიზნის მისაღწევად "ნაციონალები" ყველაფერს გააკეთებენ, თვით საბოტაჟის ჩათვლით და შეეცდებიან დასავლეთს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში მწვავე დაპირისპირებაა".

"ორხელისუფლებიანობის შემოქმედი თავად პრეზიდენტია"

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: "საქართველოში ორხელისუფლებიანობის შემოქმედი თავად პრეზიდენტია, რომელიც საკუთარი მთავრობისა და პარლამენტის ოპოზიციაში გადავიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არის უმაღლესი მთავარსარდალი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, მკაფიო წარმოდგენა შეგვექმნება, რაში შეიძლება გადაიზარდოს ვითარება, თუ მას ამ ორი უკანასკნელი თანამდებობის გამოყენება დასჭირდება. ცხადია, უშიშროების საბჭო სახელმწიფოსთვის უკვე საშიშროების საბჭოა და ამ მხრივ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტია, უნდა დავიწყოთ მას შემდეგ, რაც დავასახელებთ მის მთავარ სანუკვარ თანამდებობას - ის გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და შეთავსებით, პერიოდულად, ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას".

"სწორედ ეს აიძულებს ამერიკელებს, სუბიექტური იყვნენ"

რამაზ საყვარელიძე, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი: "ამერიკამ საქართველოში ბევრი მატერიალური რესურსი ჩადო, თუმცა, ბევრი პოლიტიკური რესურსიც დააბანდა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდში. ცხრა წლის განმავლობაში ვისმენდით, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი "დემოკრატიის შუქურაა". სწორედ ეს აიძულებს ამერიკელებს, სუბიექტური იყვნენ, რადგან რასაც "დემოკრატიის შუქურას" ეძახდნენ, ის შესაძლოა, "დამნაშავეობის შუქურა" აღმოჩნდეს. ნებისმიერი დარტყმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" ამერიკელი პოლიტიკოსების იმიჯსაც ურტყამს. ვგულისხმობ იმას, რომ მათ თავიანთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი დაუპირისპირდება, - გვეგონა, დემოკრატიას გვაფინანსებინებდი და დიქტატურა აღმოჩნდაო. შესაბამისად, ამ პროექტებში მონაწილე ამერიკელი პოლიტიკოსები ამომრჩევლის ნდობას დაკარგავენ. ამიტომაც ამერიკელები იოლად ვერ შეეგუებიან სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს".

"უცხოეთს "ნაციონალებისა" მაინცდამაინც აღარ სჯერა"

კოტე ჟღენტი, დიპლომატი, პოლიტოლოგი: "გამოძიება რაც უფრო წინ წაიწევს, უფრო მეტად გამოიკვეთება ყოფილი თანამდებობის პირების ბრალეულობა. ამიტომაც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებენ, იქნება პიარი თუ პროპაგანდა, რომ პრევენცია მოახდინონ. ისინი ცდილობენ, კონკრეტული სამართალდარღვევების გამოძიება პოლიტიკას დაუკავშირონ. თუმცა, ბოლოდროინდელ უცხოურ პრესას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უცხოეთს "ნაციონალებისა" მაინცდამაინც აღარ სჯერა. სხვაგვარი სტატიები იწერება. კერძოდ, უცხოური პრესა წერს, რომ საქმე მთლად ასე არ არის და, როგორც ჩანს, ყოფილი თანამდებობის პირები მართლაც რაღაცაში დამნაშავეები არიან. ტონი აშკარად შეიცვალა".

"მოსკოვი ვერ გვეტყვის, თქვენი ამბავი არ მაინტერესებსო"

ზურაბ აბაშიძე, დიპლომატი, პრემიერის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში: "რუსეთს საქართველო სჭირდება - მას სჭირდება სამხრეთ კავკასიაში საიმედო პარტნიორი. ჩვენ ერთნაირი პრობლემებიც გვაქვს. ეს ურთულესი რეგიონია - უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების გარდა არსებობს იარაღით ვაჭრობასთან, ნარკოტიკებთან, ტრეფიკინგთან დაკავშირებული პრობლემები. კიდევ უამრავი საკითხის ჩამოთვლა შემიძლია და არა მგონია, განსაზღვრება, რომ რუსეთს საქართველო არ სჭირდება, ზუსტი იყოს. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრესტიჟიც. საერთაშორისო არენაზე რუსეთი საქართველოსთან მუდმივად წაგებული რჩება, გამოდის ოკუპანტის როლში და ეს ტერმინი დაფიქსირდა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში. საქართველოს ოკუპაციის თემა სადაც კი წამოიჭრება, რუსეთი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი ხდება. ამიტომ მოსკოვი ნამდვილად ვერ გვეტყვის, თქვენი ამბავი სულ არ მაინტერესებსო".