ქართული კოჰაბიტაციის მსოფლიო პარალელები - კვირის პალიტრა

ქართული კოჰაბიტაციის მსოფლიო პარალელები

საქართველოში პრეზიდენტისა და პრემიერის კოჰაბიტაცია თანაარსებობას კი არა, უფრო ერთმანეთის ატანას ჰგავს

სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია... საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტამ თუ იცოდა ტერმინ კოჰაბიტაციის მნიშვნელობა. სამაგიეროდ, დღეს იცოცხლე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვესმის. პიონერი, თუ არ ვცდები, ევროკომისარი ქეთრინ ეშტონი იყო, რომელმაც საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებისას პირველად გამოიყენა ეს სიტყვა.

კოჰაბიტაცია”1-ელ ოქტომბრამდე არ გვჭირდებოდა. იმიტომ, რომ ეს ფრანგული პოლიტიკური ტერმინი ნიშნავს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანაარსებობას იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ერთ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, მთავრობის ხელმძღვანელი კი მეორეს. აქამდე საქართველოში პრეზიდენტიც, პრემიერიც და სოფლის გამგებელიც ერთი გუნდის წევრები იყვნენ. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ კი, საქართველოს ხელისუფლება სენდვიჩს ჰგავს, - ზემოთ "ნაციონალი" პრეზიდენტი, შუაში "ქართული ოცნების" პრემიერი და საპარლამენტო უმრავლესობა, ქვემოთ კი ადგილობრივი თვითმმართველობის სახით ისევ "ნაციონალები". ამიტომაცაა, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები დაჟინებით მოგვიწოდებენ კოჰაბიტაციისკენ. თუმცა, დღეს პრეზიდენტისა და პრემიერის კოჰაბიტაცია თანაარსებობას კი არა, უფრო ერთმანეთის ატანას ჰგავს. მათ უბრალოდ, სხვა გამოსავალი არა აქვთ. სააკაშვილმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც რომ დანიშნოს, ალბათ, უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე 1-ელ ოქტომბერს. ივანიშვილს კი არა ჰყავს პარლამენტში ისეთი უმრავლესობა, რომ სააკაშვილს იმპიჩმენტი მოუწყოს. სანამ ასეთი ბალანსი შენარჩუნდება, დეკოჰაბიტაცია არ მოხდება, რა მწვავე განცხადებებიც უნდა აკეთონ ერთმანეთზე ივანიშვილმა და სააკაშვილმა. სახელისუფლებო სენდვიჩის კომპონენტებს შორის ნაძალადევი თანაარსებობა კი მაშინ დაირღვევა, თუ ბალანსი რომელიმე მხარის სასარგებლოდ შეიცვლება. როგორც წესი, წონასწორობის მოშლას რიგგარეშე არჩევნები მოსდევს ხოლმე.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კოჰაბიტაცია, როგორც პოლიტიკური ტერმინი, სათავეს საფრანგეთიდან იღებს. პირველად ამ ქვეყანაში მსგავსი ვითარება მაშინ შეიქმნა, როდესაც სოციალისტი პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი იძულებული იყო, პრემიერად გოლისტი ჟაკ შირაკი დაენიშნა. მომდევნო წლებში იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკვე რეზიდენტი ჟაკ შირაკი, რომელმაც მთავრობის ხელმძღვანელად სოციალისტი ლიონელ ჟოსპენი დანიშნა. თუმცა, საფრანგეთში კოჰაბიტაცია ორჯერ დაირღვა და პრეზიდენტის ინიციატივით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ორჯერ ჩატარდა.

შორს წასვლა არ გვჭირდება. აგერ ჩვენს სამეზობლოში, სანამ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდებოდა, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ერთი დიდი კოჰაბიტაცია იყო. პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს პრემიერად ჰყავდა დაუძინებელი ოპონენტი იანუკოვიჩი, იანუკოვიჩს კი ტიმოშენკო. 2007 წელს ამან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო. ეს დასრულდა იმით, რომ იანუკოვიჩმა, რომელმაც პარლამენტში პოზიციები გაიმაგრა, იუშჩენკო - ნაადრევ პენსიაზე, ტიმოშენკო კი ციხეში გაისტუმრა.

რუმინეთში კი კოჰაბიტაცია დღემდე გრძელდება. ამ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ყველაზე მეტად ჰგავს ქართულ პოლიტიკურ რეალობას - პრეზიდენტი და პრემიერი დაპირისპირების რეჟიმში არიან, თუმცა, ოპონენტზე გადამწყვეტ გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს.

2012 წლის გაზაფხულზე ეკონომიკური კრიზისის გამო რუმინეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიქტორ პონტა იყო. პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ პონტა პრემიერ-მინისტრად დანიშნა და ამით პროტესტის განეიტრალებას შეეცადა. მთავრობის პირველივე სხდომაზე პონტამ ბასესკუ უნგრეთის სასარგებლოდ ქვეყნის ინტერესების ღალატში დაადანაშაულა, პრეზიდენტმა კი პრემიერს "სულელი" უწოდა.

მოგვიანებით, რუმინულ გამოცემებში გამოქვეყნდა სტატიები, რომლის მიხედვითაც, პონტა პლაგიატია და საკანდიდატო დისერტაციის დაცვისას სხვისი ნაშრომი მიითვისა. პრემიერის მომხრეებმა ამ სკანდალის უკან ბასესკუს ხელი დაინახეს, თავად პრეზიდენტმა კი პონტას გადადგომისკენ მოუწოდა.

ზაფხულში შეტევაზე უკვე პონტა გადავიდა. მან მიაღწია იმას, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა და მასში მონაწილეთა უმრავლესობამ ბასესკუს გადადგომას მხარი დაუჭირა. პრემიერი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმის შედეგები გააუქმა იმ მოტივით, ამომრჩეველთა აქტიურობა საკმარისი არ იყოო. მოკლედ, ბასესკუ პოსტზე დარჩა.

პრეზიდენტის მომხრეები იმედოვნებდნენ, რომ დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბასესკუს მისცემდა საშუალებას, მთავრობა თავისი გუნდით დაეკომპლექტებინა. თუმცა, პონტას სოციალ-ლიბერალურმა კავშირმა გაიმარჯვა და ბასესკუ იძულებული შეიქნა, ის ისევ პრემიერად დაენიშნა.

პონტასა და ბასესკუს ერთმანეთის ატანა 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოუწევთ. საქართველოში კი სააკაშვილსა და ივანიშვილს კოჰაბიტაცია 2013 წლის ოქტომბრამდე “ემუქრებათ. ასე რომ,  რუმინელებმა იკითხონ...