ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

გაილია 2012 წელი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მე ვიტყოდი, უმნიშვნელოვანესი წელი ახალი საქართველოს ისტორიაში, როცა ჩვენ ყველამ ერთად გავარღვიეთ მოჯადოებული წრე და მშვიდობიანად, სამართლებრივად, კონსტიტუციური გზით შევცვალეთ საქართველოს ხელისუფლება.

მედიის თავისუფლებიდან დაბალანსებულ ხელისუფლებამდე

გაილია წელი, რომელიც სწორედ თავისი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უაღრესად გაზრდილ პასუხისმგებლობას ანიჭებს საქართველოს საზოგადოებას და ხელისუფლების სათავეში მოსულ პოლიტიკურ ძალას, რადგან მათ, სულ მინიმუმ, უკან, წარსულისკენ მიბრუნების უფლება აღარ აქვთ.

შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულებაც ხელისუფლებისადმი: უფრო კრიტიკული და მომთხოვნი გახდა და მისი თმენის ვოტუმიც შემცირდა - ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ სახელმწიფოს სათავეში მოსვლიდან 1 თვის თავზე უკვე ისმოდა კითხვის ნიშნები და დანაპირებების შესრულების მოთხოვნები.

შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულებაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ: თუ წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი რეჟიმის პირობებში დასავლეთის კრიტიკულ აზრს დანატრებული ვიყავით, ახალი ხელისუფლების მიმართ მოსვლის დღიდან უარყოფითი ინტონაციები ისმის, რომელიც ხშირად თითის დაქნევაშიც კი გადადის. დასავლეთის განწყობის ასეთ ცვლილებას მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი შეიძლება მოეძებნოს, მაგრამ მთავარი, როგორც ჩანს, მაინც არის შიში: საქართველო თავით ფეხამდე არ გადაეშვას რუსეთის ორბიტაში.

ბჟეზინსკის დაშვება, რომ თუ საქართველო რუსეთის მოკავშირეობის გზას დაადგება, ამერიკის მეგობრობას დაემშვიდობებაო, ყურს მიღმა გასაშვები არ არის. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით გართულებმა ნაბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლოთ.

შეიცვალა თავისუფალი სიტყვის მიმართ დამოკიდებულებაც: აღარავინ ისჯება და იდევნება საკუთარი, თუნდაც მკვეთრად ოპოზიციური აზრის ღიად დაფიქსირებისთვის.

თვალში მოსახვედრია ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული პროცესები, რაც ახალი მმართველი გუნდის იმიჯს არაფერს მატებს.

საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რომ გამოირიცხოს მედიის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება: იმ ფაქტმა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე აკონტროლებს ორ ტელევიზიას - "რუსთავი 2"-სა და "საზოგადოებრივ მაუწყებელს", არ უნდა გააჩინოს იმის ცდუნება, რომ დანარჩენი მედიასივრცის კონტროლიც შესაძლებელი და სასურველია.

წლის მიწურულს ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ კი,  ფაქტობრივად, ორლესული მახვილის ფუნქცია შეიძინა: ამ გზით "ქართულმა ოცნებამ" უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისკენ, რაც ერთი მხრივ, შესაძლო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მძლავრი იარაღია, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთი პოლიტიკური ძალის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოხვედრა ხელისუფლების მონოპოლიის ცდუნებას აჩენს. ამ ცდუნებასთან გამკლავების გამოცდილება კი ქართველ პოლიტიკოსებს, ჯერჯერობით, არა აქვთ.

თავად ამნისტიის ასეთი მასშტაბური განხორციელებაც ახალი მმართველი ძალისთვის სერიოზულ გამოწვევად შეიძლება იქცეს.

საპრეზიდენტო არჩევნები - 2013 წლის მთავარი ტესტი

უმთავრესი, რისი გაკეთებაც ახალ ხელისუფლებას მომავალ წელს სოციალური პროგრამების პარალელურად მართებს, არის:

საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საინფორმაციო, ენერგეტიკული და თავდაცვითი უსაფრთხოების კონცეფციების შემუშავება, ახალი ხედვებით და ახალი ინოვაციური მიდგომებით;

საინფორმაციო სივრცის დაცულობის უზრუნველყოფა შიდა და გარე იდეოლოგიური ომებისგან;

შიდაპოლიტიკური დაბალანსებული სისტემის ფორმირების ხელშეწყობა, რომელიც დააზღვევს ქვეყანას ავტორიტარული ტენდენციების კვლავ მომძლავრებისგან;

საქართველოს რეგიონული და საერთაშორისო სატრანზიტო-საკომუნიკაციო ფუნქციის ზრდის მიზნით სამხრეთისა და ასევე ჩრდილოეთის (რაც აქამდე ტაბუდადებული იყო) ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების ფარგლებში ახალი პროექტების ინიცირება და ჩართულობა;

დასავლეთთან კომუნიკაციის ორმხრივად მისაღები ფორმების გამონახვა.

მარტო ეს ჩამონათვალიც მოწმობს, რამდენად მასშტაბური საქმიანობა მოუწევს არცთუ მარტივ 2013 წელს ახალ მმართველ ძალას, რომელმაც სწორედ მომავალ წელს, ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წელიწადში პირველი მნიშვნელოვანი ტესტი უნდა ჩააბაროს: შექმნას უპრეცედენტოდ კონკურენტული და სამართლებრივი საარჩევნო გარემო და ასეთ პირობებში დაამტკიცოს, რომ კვლავ პირველია 2013 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.