"ლუკა კურტანიძეს ტალახის სროლა არ დაუმსახურებია" - კვირის პალიტრა

"ლუკა კურტანიძეს ტალახის სროლა არ დაუმსახურებია"

"ნეტავ სააკაშვილამდეც ხომ არ მიდის ჩემი ნათესავების კვალი?"

"ნაციონალებსაც" კი არ დაუხევიათ ჩემი პლაკატები დღისით, სახალხოდ, ისინი ღამით მავნებლობდნენ"

ლაგოდეხში ახალი გამგებლის არჩევისას ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც საკრებულოს ცამეტივე წევრმა ახალ გამგებლად ვალერი ალიბეგაშვილი დაამტკიცა. ის წინა ხელისუფლების დროსაც გამგეობაში მუშაობდა. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა მას უნდობლობა გამოუცხადეს და საკუთარ კანდიდატად კოტე კაპანაძე დაასახელეს.ლაგოდეხელების ნაწილი მაჟორიტარ დეპუტატ ლუკა კურტანიძეს ადანაშაულებს. მათი თქმით, ალიბეგაშვილი კურტანიძის ნათესავია და ამიტომ აირჩიეს რაიონის გამგებლად. პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ლუკა კურტანიძის საარჩევნო ბანერი დახიეს.

"კვირის პალიტრა" მომხდართან დაკავშირებით ლუკა კურტანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ალიბეგაშვილთან ნათესაობა უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ემხრობა კოჰაბიტაციის პრინციპს და მზად არის, მხარი დაუჭიროს წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებსაც, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და მზად არიან, ქვეყანას ემსახურონ.

- გეცოდინებათ, ლაგოდეხელებმა თქვენი საარჩევნო ბანერი რომ დახიეს...

- სამწუხაროა, რომ ლაგოდეხში აღმოჩნდნენ ადამიანები, თავიანთი ინტერესების გამო უდანაშაულო ადამიანისთვის ტალახის სროლას რომ არ ერიდებიან. "ნაციონალებსაც" კი არ დაუხევიათ ჩემი პლაკატები დღისით, სახალხოდ, ისინი ღამით მავნებლობდნენ.

ამ აქციის მონაწილეთა უკან დგანან ისინი, ვისაც გამგებლობა სურდა - ასეთი იყო 140-მდე ადამიანი. ამდენი ხალხი წინასაარჩევნო კამპანიის დროს შტაბში რომ გვყოლოდა, არჩევნები სხვა შედეგით დამთავრდებოდა. გამგებლობის მსურველთა რაოდენობა სპეციალურმა კომისიამ შეამცირა. ბოლოს არჩევანი შვიდ ადამიანს შორის უნდა გაკეთებულიყო. გამგებლის დანიშვნის შემდეგ ვითარება რომ არ დაძაბულიყო, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ჩავედი ლაგოდეხის რაიონში, გავესაუბრე კანდიდატებს. ვკითხე, მზად იყვნენ თუ არა, ნებისმიერი მათგანის დანიშვნის შემთხვევაში დანარჩენები გვერდით დასდგომოდნენ. სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ზოგიერთისთვის პირადი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

- ვალერი ალიბეგაშვილი თქვენი ნათესავია?

- ის მოხევეა, მე - იმერელი, მე აფხაზეთში დავიბადე, ის - ლაგოდეხში... თუ მივყვებით და გამოვიძიებთ, საქართველოში, შესაძლოა, ყველანი  ერთმანეთის ნათესავები აღმოვჩნდეთ. ალიბეგაშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. აბრალებენ, თითქოს "ნაციონალების" მხარდამჭერი იყო, არადა, პოლიტიკური აქტივობისთვის არ ეცალა, რადგან 14 სექტემბერს შვილი მოეწამლა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა, აპარატზე იყო შეერთებული. ეს კაცი გამგეობაში მუშაობდა და ეს არის მისი დანაშაული?

- მისი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ გცოდნიათ.

- სამი თვის განმავლობაში  ლაგოდეხში ვცხოვრობდი და ლაგოდეხის რაიონში უკვე ბევრს ვიცნობ. ვინ რას აკეთებდა - ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი არ არის ჩემი და ვინც ჩვენს ნათესაობაზე ლაპარაკობს, დაამტკიცოს ეს. ნეტავ სააკაშვილამდეც ხომ არ მიდის ჩემი ნათესავების კვალი?

- ხალხი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ცნობილი სახეები კომისიებსა და საკრებულოებზე გავლენას ახდენენ...

- მე ვარ "ქართული ოცნების"  წევრი, და იცით, რაც გამიკეთებია საარჩევნო ბრძოლაში. ბატონი ბიძინას მოწოდების თანახმად,  კარგი იქნება, თუ ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობას შეძლებენ.  როგორც პოლიტიკოსს, გამიხარდებოდა, ამ პოსტზე ჩემი შტაბის წევრი რომ მოსულიყო, მაგრამ საკრებულომ ეს კაცი აირჩია და ახლა უდანაშაულოს ტალახი ვესროლო?  მზად ვარ მშვიდობიანი ურთიერთობისთვის და მიმაჩნია, რომ ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, მას უნდა მივცეთ საშუალება, ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა.