"მოიხადე ბოდიში და გეპატიება" ანუ რას გულისხმობს ახალი ინიციატივა - კვირის პალიტრა

"მოიხადე ბოდიში და გეპატიება" ანუ რას გულისხმობს ახალი ინიციატივა

"პრეზიდენტს ვართმევთ მისთვისვე სახიფათო იარაღს"

"საზოგადოებას ვუსურვებ, რაც შეიძლება მეტად იგემოს ცხოვრების სიკეთეები და ნაკლებად აინტერესებდეს პოლიტიკური გლადიატორების ბრძოლა"

2012 წლის მიწურულს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე დადებული ვეტო პარლამენტმა დასძლია. კიდევ რა მოვლენები იყო მნიშვნელოვანი საქართველოს პარლამენტისთვის გასულ წელს, ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გვესაუბრა:

- წლევანდელი საპარლამენტო ცხოვრების დასკვნითი დღე იყო მკაფიო დემონსტრირება იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უბრალოდ უმრავლესობა არ არის, არამედ ის არის საკმარისი უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანოა, რომ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების დაცვა და ბოლომდე მიყვანა. ამის შემდეგ პარლამენტის მიერ კანონის კიდევ ერთხელ დადასტურებული ვერსია ისევ გაეგზავნება პრეზიდენტს. მას 7 დღე აქვს, რომ მოაწეროს ხელი კანონპროექტს და გამოაქვეყნოს, რომელიც შემდგომ შევა ძალაში. 7 დღის ამოწურვისთანავე, თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს კანონს, მაშინ ჩემი ხელმოწერით გამოქვეყნდება კანონი და შევა ძალაში. ნაკლებად ველი, რომ სააკაშვილი ამნისტიის შესახებ კანონის პროექტს ხელს მოაწერს. როგორც ჩანს, მე მომიწეევს ამის გაკეთება და ეს იქნება დაახლოებით 7-8 იანვარს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაიწყება პროცედურები - ზოგს სასჯელი შეუმცირდება და ვისაც გათავისუფლება ეხება, გათავისუფლდება.

ამ საკითხზე ისტერიული კამპანიის გამართვით ყოფილი ხელისუფლება ეცადა, გადაეფარა გაღიზიანების რეალური მიზეზი - პოლიტპატიმრების თემა. ამიტომ შემოიტანეს ნარკოდილერებისა და პედოფილების თემები, რასაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. არც ერთი ის პატიმარი, რომელიც ამგვარი ქმედების გამოა ბრალდებული, არ გათავისუფლდება. როგორც სხვა პატიმრებს, მათაც შეეხოთ სასჯელის მხოლოდ 1/4-ით შემსუბუქება. ქართულ ციხეში გატარებული ყოველი დღე უდრიდა პატიმრობის 2-3 დღეს.  ითქვა, რომ თავად პრეზიდენტის შეწყალებულ პატიმართა შორის მრავლად არიან ნარკოდილერები. ჩვენ არც ერთ ნარკოდილერს არ გამოვუშვებთ. ამნისტია შევახეთ მხოლოდ ნარკოტიკის მომხმარებლებს, მაგრამ ახლა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თვალის ჩაკვრით გვეუბნებიან, მანდ ზოგი ნარკოგამსაღებელია, მაგრამ თავის დროზე მოხმარებისთვის დავაკავეთ, რადგან თავი არ შევიწუხეთ დამატებითი მტკიცებულებების შესაგროვებლადო. ეს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს ყოფილ ხელისუფლებას, რადგან თუ ეს ხალხი გასამართლებული იქნებოდნენ ნარკოტიკების გასაღების მუხლით, მაშინ მათ არც გათავისუფლება შეეხებოდათ.

პოლიტპატიმრების საკითხზე უმძიმესი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მივიღეთ.

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, კმაყოფილი ვარ, რომ ზოგიერთ საკითხზე საჯაროდ დაფიქსირდა აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც შს სამინისტროსა და პარლამენტს შორის, რაც ჯანსაღი პროცესია. უნდა დავივიწყოთ ის პერიოდი, როდესაც ერთი საძალაუფლებო ცენტრიდან იმართებოდა ყველა და ყველაფერი.

- უმცირესობას არ დავიწყებია ხაზგასმა - "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე პრემიერის, შს მინისტრისა და უმცირესობის პოზიციები დაემთხვაო.

- პრემიერი იყო ჩართული ამ კონსულტაციებში, მასაც ჰქონდა მოსაზრებები, კითხვები, მაგრამ ბოლო ეტაპზე სწორი პოზიცია დაიკავა - გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოსო. პრემიერ-მინისტრმა გვირჩია, რომ უმრავლესობას მოესმინა შს სამინისტროსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა არგუმენტებისთვისაც და თუ გონივრული წინადადება ექნებოდათ, გაგვეზიარებინა. ვადასტურებ, რომ რამდენიმე საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა მიერ მოყვანილი ფაქტების გაანალიზების შედეგად კორექტივები შევიტანეთ ზოგიერთ საკითხებში. როდესაც საქმე კონკრეტული ადამიანის ბედს, სტატუსს ეხება, ამ დროს პოლიტიკური და უწყებრივი საკითხები მეორე პლანზე გადადის. მესმის პრეზიდენტის უკიდურესი გაღიზიანება. მინდა მჯეროდეს, რომ ის და მისი გუნდი გამონახავენ ძალას, პოლიტიკურ ალღოს, შორსმჭვრეტელობას და გაითვალისწინებენ, რომ ახალ ვითარებაში ვართ. საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობა და არასტაბილურობა. პოლიტიკურ ოლიმპზე რამდენიმე ადამიანს შორის ჭიდილს არ უნდა შეეწიროს ქვეყანა. აქეთ იყო მიმართული პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომლითაც მოისპობა ის ყველაზე მახინჯი მოვლენა, რაც კონსტიტუციაშია ჩადებული, რომლითაც პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია არა მხოლოდ მთელი მთავრობის დათხოვნა, არამედ ახლის შექმნაც. სამწუხაროდ, მასმედიაში ამ საკითხებზე უფრო მეტად ყურადღება გადატანილი იყო პარლამენტის დათხოვნა-ვერდათხოვნაზე, პრეზიდენტი აპრილ-მაისში პარლამენტს დაითხოვსო და ა.შ. პარლამენტის დათხოვნა კატასტროფა არ არის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი შემოდის სცენაზე, რომ არჩევანი გააკეთოს, ვის უჭერს მხარს. ამაზე გაცილებით სახიფათოა დებულება კონსტიტუციაში - პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად მთავრობის შექმნის საკითხი. თუ ამას გამოიყენებდა, ვადამდე საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდებოდა პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის ხელში. შესაძლოა, ეს ჩანდა ვიღაცისთვის გადარჩენის თუ ხელისუფლების კვლავ ხელში აღების გზად. ჩვენ ამაზე ძალიან მკაფიოდ და დასაბუთებულად ვუთხარით, რომ ამის საშუალებას არავის მივცემთ. პრეზიდენტს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით აქვს ეს შეთავაზება, - გადაწყვეტს მთავრობის დათხოვნას, ამას შესაძლოა გარდაუვლად მოჰყვეს არა შენ მიერ ახალი მთავრობის შექმნა, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება არა "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ბიზნესის, საარჩევნო კომისიის, პოლიციის პირობებში, არამედ ახალ პირობებში.

პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა კარგად უნდა გაიაზრონ, რა ურჩევნიათ.

- პრემიერი აცხადებდა, რომ სააკაშვილს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების საშუალებას მისცემდა ოქტომბრამდე, თუმცა, უფლებებს შეუზღუდავდა. საბოლოოდ კი მხოლოდ ეს უფლება შეეზღუდა. რატომ შეცვალეს კოალიციამ და პრემიერმა გადაწყვეტილება?

- სააკაშვილს შეეზღუდა მხოლოდ ის უფლება, რომ ერთპიროვნულად ახალი მთავრობა ვერ შექმნას. პრემიერი მართლაც ლაპარაკობდა 2013 წლის ოქტომბერში ასამოქმედებელი მოდელის დღესვე ამოქმედებაზე, მაგრამ ამ თემაზე "ნაციონალურ მოძრაობას" მზად ჰქონდა მსოფლიო მასშტაბის პიარაქცია, - მოვიდა ახალი ხელისუფლება, თავის ჭკუაზე მოირგო კონსტიტუცია, შემიმცირა უფლებები და თავად გაიზარდა უფლებამოსილებაო. ეს იმ ფონზე, როდესაც ჰქონდათ წარმოდგენა, რომ გააგრძელებდნენ კამპანიას უცხოეთში, რომ ჩვენ ვართ უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც ნარკომანებსა და პედოფილებს ათავისუფლებს, რომ ხელახლა სტალინის ძეგლებს ვდგამთ და რუსეთისკენ  შევბრუნდით, რომ ევროსაბჭო აღარაფრად მიგვაჩნია და ვიღაცებს რელიგიურ ნიადაგზე ვჩაგრავთ. ამ ტიპის კამპანიის ფონზე ელოდნენ ჩვენს ამ ნაბიჯს, რომ მერე მსოფლიოში აეტეხათ ხმაური, - ხედავთ, ძალაუფლების გადაქაჩვა დაიწყესო. აქედან გამომდინარე, შესაძლოა პრეზიდენტს მართლაც გასჩენოდა ცდუნება, რომ გამოეყენებინა მთავრობის გადაყენებისა და ახალი მთავრობის შექმნის უფლება. არა მგონია, ქართველი ხალხი მარტივად შეეგუოს იმას, რომ ხვალ სააკაშვილმა ივანიშვილი სამსახურიდან დაითხოვოს და თვითონ დასვას ვინმე პრემიერ-მინისტრად. ეს უპირველესად ყოფილი ხელისუფლებისთვის იქნებოდა თვითმკვლელობა, რადგან ასეთ კრიზისებს გარდაუვლად მოჰყვება მორიგი ქაოსი. ამიტომ პრემიერ-მინისტრმა და უმრავლესობამ მოვიფიქრეთ და გადავდგით გაცილებით გონივრული ნაბიჯი. პრეზიდენტს ვართმევთ მისთვისვე სახიფათო იარაღს ხელიდან და სანაცვლოდ ვეუბნებით, - ხელს გიწვდით იმისათვის, რომ ჩვენს წარსულს ერთად გავუმკლავდეთ.

- იყო საუბარი, რომ ამნისტია არ შეეხებოდა მხოლოდ იმ უმაღლეს თანამდებობის პირებს, რომელთაც ძალადობრივი დანაშაული აქვთ ჩადენილი. უფრო კონკრეტულად რას გვეტყვით ამ თემაზე?

- ძალადობრივია ისეთი დანაშაული, რომელიც მთავრდება მკვლელობით, წამებით, დაჭრით, გატაცებით და ა.შ. ამ ტიპის დანაშაულებს პოლიტიკურ კონტექტსში ვერ განვიხილავთ. ამიტომ ამას ვერანაირი პატიება ვერ შეეხება. არის მეორე კატეგორიის დანაშაული. მაგალითად, თუ სკოლის დირექტორმა პედაგოგებს დაავალა 200-200 ხმის შეგროვება ან აუკრძალა ოპოზიციის მიტინგზე მისვლა, ამ ქმედებას სისხლის სამართლის კოდექსში თავისი სახელი აქვს - მოქალაქის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ჩვენ ვამბობთ, თუ გამოვლენილი იქნება ასეთი ფაქტები და ეს ადამიანები აღიარებენ, ასე ვიქცეოდით, რადგან ზევიდან გვავალებდნენო და ბოდიშს მოიხდიან, მაშინ ვეტყვით, გაძლევთ საშუალებას, დაიწყოთ ცხოვრება ახალი ფურცლიდან, არ იყოთ დამძიმებულები სამართლებრივი თუ სხვა სახის ცოდვით. იმ ათასობით ადამიანს, რომელიც ემსახურებოდა ძველ სისტემას და სჩადიოდა დანაშაულს, ვეუბნებით, ციხის გაუვლელად, ბოდიშის მოხდის ხარჯზე გეძლევათ საშუალება, იცხოვროთ. საზოგადოება რომ შეიკრას, ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს ყველაფერი, ოღონდ დავივიწყოთ არა ჩადენილის გამოუძიებლად და გაურკვევლად. მაშინ ყველას ექნება განცდა, რასაც ჩავიდენთ, გვაპატიებენო. ამ საკითხზე პარლამენტის დადგენილებას მხარი დაუჭირა ასზე მეტმა დეპუტატმა...

- მაგრამ ზოგიერთი დანაშაულის გამოსასწორებლად ბოდიშის მოხდა არ კმარა.

- გააჩნია, რა ქმედებასთან გვაქვს საქმე. თუ ვინმემ, გინდ სოფლის რწმუნებული იყოს და გინდ ყოფილი მინისტრი, მოქალაქეს უკანონოდ ჩამოართვა მიწის ნაკვეთი, აღიარება და ბოდიშის მოხდა არ არის საკმარისი. ასე მარტივად ვერ იქნება, - ბოდიში და, ეს მიწა, ქარხანა, წილი ან მაღაზია ისევ ჩემი დარჩებაო. თუ ვინმეს ქონება უკანონოდ წაართვა სოფლის გამგებელმა, მინისტრმა თუ მმართველი პარტიის წევრმა, ერთი სტანდარტით უნდა მივუდგეთ საქმეს: აღიარებ? აღარ გდევნი პროკურატურით და სასამართლოთი, მაგრამ მიტაცებული ქონება დააბრუნე.

- რეგიონებში ძალიან გამწვავდა პროცესები. მარტვილის საკრებულო დღესაც პიკეტირებული აქვს მოსახლეობას, შეიჭრნენ წალკის საკრებულოშიც. ამ პროცესს პრეზიდენტმა გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე ნადირობა უწოდა.

- უსამართლობა გაცილებით ხშირი, ინტენსიური და უხეში იყო რეგიონებში და ამიტომ იქ დაჩაგრული ადამიანების რაოდენობა გაცილებით დიდი იყო. ცენტრალურ დონეზე ხელისუფლების შეცვლა არ აღმოჩნდა საკმარისი მათთვის, ვინც ელოდა ცვლილებებს. მეორე ფაქტორი ის არის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ადამიანები მას მერე შეუერთდნენ, რაც სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციაში" გაიმარჯვა.  ხელისუფლების ცვლილების მერე კი მათმა უმეტესობამ ახალ ხელისუფლებასთან გადაწყვიტა ახლოს ყოფნა, რადგან მათი ცხოვრების წესია ასეთი. Aრეგიონებში შექმნილ ვითარებას განაპირობებს კიდევ ერთი ფაქტორი: ახალი ხელისუფლების მხარდამჭერებმა, რომლებიც შტაბებში მუშაობდნენ, მიტინგებზე დადიოდნენ და არაერთხელ გაილახნენ, მოინდომეს რევანშის აღება. ზოგან ეს უფრო ცივილიზებული ფორმით მოხდა, ზოგან მწვავე ფორმა მიიღო. მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პროცესების შეჩერებას. გარდამავალ პერიოდში, სანამ ცენტრალური ხელისუფლება ფორმირების პროცესში იყო, რეგიონებს ყურადღება მოაკლდა. ამიტომ კოალიციამ ზომები მიიღო, - შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ადგილებზე აკონტროლებს ვითარებას. მზად ვართ "ნაციონალურ მოძრაობას" შევთავაზოთ დამატებითი ბერკეტები ადგილებზე ვითარების გასარკვევად. შეიძლება "ნაცმოძრაობას" უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებისაგან შერეული ჯგუფის შექმნაც შევთავაზოთ. 1-ლი იანვრიდან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც რაიონში წამოიჭრება, მოქალაქეები მივლენ ამ ჯგუფთან და ყველა საკითხს ერთობლივად გადაწყვეტენ. თუმცა, ვხედავ ტენდენციას, რომ ზოგჯერ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები თვითონ არიან გამწვავებაზე ორიენტირებული, რომ ლიდერებს მიეცეთ საშუალება ამ თემაზე ილაპარაკონ ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით მის გარეთ.

- რით იყო გამორჩეული გასული პოლიტიკური წელი და რას ელით ახალი 2013 წლისგან?

- 2012 წელი უმძიმესი იყო, სავსე აქტიური პოლიტიკური მოვლენებით.  მოხარული ვარ, რომ უარესი სცენარი თავიდან ავიცილეთ და მოვახერხეთ პროცესების გაკონტროლება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, საერთაშორისო საზოგადოებრიობას, კოალიციასა და ქართველ ხალხს, რომელმაც დაიჯერა, რომ არჩევნებში იყო წარმატების  გასაღები და არ წამოეგო არც ერთ ანკესზე, რომელიც გადაგდებული იყო საარჩევნო ნიჰილიზმის გასაღვივებლად. პირველად ხდება, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოში პოლიტიკურად სხვადასხვა გუნდია და ჩვენ გვიწევს სასწავლო კურსის გავლა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, რომ დაპირისპირება არ გავიდეს ზღვარს მიღმა. მგონია, რომ 2013 წელი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის კონტურების გამოკვეთის წელი იქნება. ახალი წლის პირველი დღეებიდან ვაპირებ კონტაქტს იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, მაგრამ კვალიფიციური სუბიექტები არიან. თავს ვალდებულად ვთვლი, მათთანაც მქონდეს ურთიერთობა საარჩევნო კანონმდებლობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის თემებზე. დარწმუნებული ვარ, 2013 წელს მეტი თავისუფლება და მეტად ხელსაყრელი გარემო იქნება პოლიტიკური საქმიანობისთვის. რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა, ყველა ოჯახმა და მოქალაქემ  უნდა იგრძნოს ხელშესახები უკეთესობა.

ადამიანებს ვუსურვებ თავისუფლებასა და ბედნიერებას. ვისურვებ, რომ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები არ იყვნენ ყველაზე ხშირად ტელეეკრანებზე. ადამიანებმა რაც შეიძლება მეტად იგემონ ცხოვრების სიკეთეები და ნაკლებად აინტერესებდეთ პოლიტიკური გლადიატორების ბრძოლა.

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში