ახალ წელს ზურაბ ადეიშვილს პროკურატურა ულოცავს?! - კვირის პალიტრა

ახალ წელს ზურაბ ადეიშვილს პროკურატურა ულოცავს?!

"უბრალოდ ლადო, თუ 2012 წლის გმირი ან ანტიგმირი"

თემის გაგრძელება

ვლადიმერ ბედუკაძე: "სად მოისმინეთ ეგ ჩანაწერი? მე ის არ გამომიაშკარავებია"

"კვირის პალიტრის" გასულ ნომერში შემოგთავაზეთ სკანდალური სტატია "უბრალოდ ლადო, თუ წლის გმირი ან ანტიგმირი", რომელიც "ცოცხების საქმეს" შეეხებოდა. პროკურატურამ ცოცხების საქმე გახსნილად გამოაცხადა. მიაჩნია თუ არა საქმე გახსნილად მთავარ მოქმედ გმირს, ვლადიმერ ბედუკაძეს? როდის, როგორ, ვისგან მზადდებოდა ან ფინანსდებოდა "ციხის სკანდალი"? შეგახსენებთ, რომ დაზვერვის კაპიტნის, ვიქტორ ჭელიძის ვერსიით, ბედუკაძე სხვადასხვა ძალებთან ჯერ კიდევ წლების წინ თანამშრომლობდა, რაც ადეიშვილისა და მერაბიშვილისთვისაც ცნობილი იყო. მათ ეგონათ, რომ სიტუაციას აკონტროლებდნენ, მაგრამ მოტყუვდნენ. ვლადიმერ ბედუკაძემ ჭელიძის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

- ჭელიძემ გამყიდა. ჩემი აზრით, ის გიორგი ლომიამ (ნინო ბურჯანაძის ყოფილი პიარმენეჯერი) მოისყიდა, თუმცა, ამის დადასტურებას ვერ შევძლებ. ველოდები, რა შეფასებას მისცემს პროკურატურა სკანდალში მონაწილე პირების ბრალეულობას. უპირველესად, ჩემს თავსა და ჩემს მეგობრებს ვგულისხმობ - ფარულავასა და აკობიას.

- თქვენ მიერ ბრიუსელში ჩატანილი ვიდეოფირი მართლაც ინსცენირებული იყო?

- ვინ ამბობს მაგას? როგორც ვიცი, ამ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" და მერაბიშვილი ავრცელებენ.

- ხომ განაცხადეთ, რომ სინამდვილეში #5 საკანში ცოცხით გაუპატიურება არ მომხდარა, ხოლო ის პატიმარი ფსიქიკურად ავადმყოფია.

- არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ჩემი ნათქვამი. ჟურნალისტმა შეკითხვა დამისვა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ლიტველმა ექსპერტმა განაცხადა, ცოცხი არ შეეტევა იქო. მე არც ექსპერტი ვარ და არც ის დამიდასტურებია, სად როგორ შეეტია ცოცხი, მაგრამ ასეთი ფაქტი იყო... ცოცხი "მიღებული საგანი" იყო. დასაკავებელია გოგა ბუთლიაშვილი, გლდანის N#8 საპატიმროს სოციალური სამსახურის უფროსი. მას ევალებოდა პატიმრების უფლებების დაცვა. ე.წ. ქურდული მენტალიტეტის მქონე პატიმრებს ასე ამცირებდნენ, ცოცხს ჩაყოფდნენ უნიტაზში და მერე "იქ" უდებდნენ. პატიმრები ამას არ იტყვიან... იმას კი ნამდვილად გიდასტურებთ, რომ #5 საკანში გადაღებული პატიმარი ფსიქიკურად ავადმყოფი იყო.

პროკურატურის ობიექტურ დასკვნას ველოდები, იმედია, გადაიხედება როგორც ჩემი, ასევე ფარულავას ბრალეულობის საკითხი, რომელიც დააკავეს იმ სპექტაკლის შემდეგ (ფარულავას აცემინეს პატიმარი, გადაუღეს და მერე დაიჭირეს)... მე არც ვიცოდი ამ  საქმეში ადეიშვილის ჩართულობის ამბავი.

- თუკი 25 აგვისტოს ადეიშვილმა ყველაფერი იცოდა, თქვენი აზრით, არჩევნებამდე რატომ არაფერი იღონა მოსალოდნელი შედეგის თავიდან ასაცილებლად?

- სწორედ ეს არის გამოსაძიებელი.  24 აგვისტოს არის აღძრული საქმე, 24 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე ფარულავა  ციხეში მუშაობდა. თუ პატიმრებს "აწამებდა", რატომ ამუშავეს ერთი თვე? რატომ დააცადეს? რატომ მიიყვანეს საქმე აქამდე? რაღაც დიდი სპექტაკლი იყო, თუნდაც საზღვარზე აკობიას დაკავება მაეჭვებს. როგორც ვიცი, გიორგი ლომიას უთქვამს, საზღვარზე მე ვაცილებდი აკობიასო. მაშინ რატომ არ დააკავეს თავად ლომია? ამდენი რამ დადგეს, უდანაშაულო ადამიანები დაიჭირეს და ლომიას დაკავება გაუჭირდათ? ლომიამ უფრო უარესი განცხადება გააკეთა, - აკობია კი არ დააკავეს, მოწმის დაცვის პროგრამაში ჩასვესო...

- კიდევ ერთხელ გავარკვიოთ: ამ საქმეში არსებობს შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოფირი, რომელიც, როგორც პროკურატურა ამბობს, ადეიშვილმა დადგა. კერძოდ, ფარულავასა და ფხალაძეს აცემინეს პატიმრები, ეს გადაიღეს ფირზე, გაავრცელეს და "ჯალათებიც" ხალხის დასანახად დასაჯეს. შემდეგ კი გავრცელდა თქვენი ვიდეოფირი (ცოცხგაჩრილი პატიმარი, არასრულწლოვანზე ძალადობა და ა.შ.), და ბოლოს ფირი, სადაც ჩანს, როგორ სცემს ციხის რამდენიმე თანამშრომელი კარანტინში პატიმრებს.

- დიახ, ასეა.

- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო  ბოლო ფირი, რომელზეც "ობიექტივის" წარმომადგენლები ამბობენ, ჩვენ მოვიპოვეთო. თქვენ აცხადებთ, რომ ეს ყველაფერი ფარულავამ გადაიღო თქვენი თხოვნით.

- გეტყვით, როგორ იყო: მე გიორგი ლომიასთან, რომელიც ახალი გამოსული იყო ციხიდან, სახლში მივედი და ვუთხარი: მაქვს ფირები და იქნებ ვამხილოთ ხელისუფლება. ვიცი, რომ დაკავშირებული ხარ ბურჯანაძესთან და ამიტომაც მოგმართე. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ბურჯანაძე დაგვეხმარება, ნათელაშვილი თუ კრემიაშვილი. მთავარია, ციხიდან გარეთ გავიდეს ფირი-მეთქი. კი ბატონო, მოვიფიქრებ, რაღაც გზებს გამოვნახავო, მითხრა ლომიამ. მე დავპირდი, რომ გავაცნობდი ფარულავას, რომელიც დაეხმარებოდა ლომიას კიდევ ერთი ფირის გადაღებაში, ოღონდ ფარული კამერა დაგვჭირდებოდა. ამის შემდეგ "ობიექტივის" წარმომადგენლებმა ჩემზე თქვეს, თითქოს არაფერი ვიცოდი, რომ ფარულავა და აკობია ამ ფირს იღებდნენ. ვიღაცები რომ გაიძახიან დადგმულიაო, ნეტავ რას გულისხმობენ, მე ფული მომცეს, ეს ყველაფერი დავდგი თუ მონტაჟია? ვიმეორებ, არაფერია დადგმული.

- ვლადიმერ ხომერიკს (რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის პრეზიდენტს) რა კავშირი ჰქონდა თქვენთან?

- მე არ ვიცნობ რუსეთში მოღვაწე ქართველებს.

- მაგრამ ხომერიკი ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მისი ბიჭები თქვენ გპატრონობენ, რომ ის პირადად ერიდება თქვენთან დალაპარაკებას, მაგრამ მისი ბიჭების მეშვეობით იგებს თქვენს ამბებს.

- სად მოისმინეთ ეგ ჩანაწერი? მე ის არ გამომიაშკარავებია. მე ხომერიკს არ ვადანაშაულებ. ყველაფერზე მხოლოდ პროკურატურას მივცემ ჩვენებას...

"კვირის პალიტრისთვის" ისიც გახდა ცნობილი, რომ პროკურატურის წარმომადგენელი გასულ კვირას ბელგიაში იმყოფებოდა ვლადიმერ ბედუკაძის დასაკითხად. რაც შეეხება კითხვებს, რომლებიც ე.წ. "ცოცხების საქმეზე" გვაქვს, ახალი წლის დღეებში გაეცემა პასუხი, რადგან  პროკურატურამ ადეიშვილს ბრალი უკვე წაუყენა. "კვირის პალიტრას" ესაუბრა მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ხათუნა პაიჭაძე:

- ზურაბ ადეიშვილმა გვიან გაიგო, რომ ბედუკაძეს პატიმრის წამების ამსახველი ფირი საზღვარგარეთ ჰქონდა გატანილი.

- დავით ჭაკუამ 25 აგვისტოთი დათარიღებული დოკუმენტით, ფაქტობრივად, მას ეს შეატყობინა. რა მოიმოქმედა 18 სექტემბრამდე ადეიშვილმა?

- ჯერ ერთი, 18 სექტემბრამდე (ფირის ეთერში მოხვედრამდე) არც ისე დიდი დრო იყო დარჩენილი. ეტყობა, აზუსტებდნენ, ბედუკაძეს რა ფირი ჰქონდა გატანილი და ვინც მასში მონაწილეობდა, მათვე მიაღებინეს მონაწილეობა პროკურატურის დადგმულ სცენაში. #8 დაწესებულების თანამშრომლებს, ფხალაძესა და ფარულავას, მეტსახელად ბასტის და ბუბუს აცემინეს პატიმრები, ეს გადაიღეს და ფირი გაავრცელეს, მერე კი ორივე დააკავეს. სავარაუდოდ, 25 აგვისტოთი დათარიღებული დოკუმენტი უფრო გვიან ჩადეს საქმეში, რომლის შინაარსიც გაყალბებულია. გამოძიებით დადგენილია, რომ ფირი, რომელიც ჰქონდა ლადო ბედუკაძეს, 2011 წელს არის გადაღებული, მაშინ როდესაც "ქართული ოცნება" არც კი არსებობდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ სცადა ისე შეეკერა საქმე, თითქოს ამ ფირის გადაღებასა და გამოტანას ივანიშვილი აფინანსებდა. სწორედ ეს არის სიყალბე.

- ის ფირი, რომელიც ბედუკაძემ გამოიტანა, არის თუ არა დადგმული?

- ყველაფერი ეს ნამდვილად მოხდა და როგორც გითხარით, გადაღებულია 2011 წელს. ეს დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.

ყველა მოწმე, ვინც ვიდეომასალაში მოხვდა, დაკითხულია. ის, რასაც თქვენთან ჭელიძე ამბობს, - ადეიშვილმა დადგა ცოცხით გაუპატიურების კადრებიც, კარანტინის დაშლაც და სხვა ყველაფერიო, არ არის მართალი.

- პატიმართა მასობრივად ცემის ამსახველი ფირი ვინ ან როდის გადაიღო?

- ეს კადრები 2012 წლის 24 აგვისტოსაა გადაღებული, მაგრამ ფარულავას გადაღებული არ არის.

როგორც ვიცი, აკობიამ გადაიღო, მას ხელი ფარულავამ შეუწყო. რომ არა ბედუკაძე, ვერც გიორგი ლომია და ვერც "ობიექტივი" ვერ ჩაერთვებოდნენ ამ საქმეში. ასე რომ, ციხის სკანდალის გამოაშკარავებაში წვლილი ყველას მიუძღვის.

- გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აფინანსებდა ამ სკანდალური ფირის გადაღებას და ციხიდან გამოტანას, მაგრამ თუ გაარკვია პროკურატურამ, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან?!

- ვფიქრობ, ყველა კითხვას ახალი წლის დღეებში გაეცემა პასუხი, ვინაიდან პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი უკვე წაუყენა.

რა ბრალი წაუყენეს ადეიშვილს?

პროკურატურის განცხადებით (სტილი დაცულია): "ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება, რაც გამოიხატა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. მანვე ჩაიდინა პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, რაც გამოიხატა პატიმრების დამცირების, იძულების, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებდა.

მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება"

(გაგრძელება იქნება)

"არანაირ დანაშაულს არ შეიძლება ჰქონდეს კანონიერი საფუძველი"

ტიტი ლივიუსი

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში