"გოროზიების მამა ერთ-ერთი მთავარი მაფიოზია მარტვილში" - კვირის პალიტრა

"გოროზიების მამა ერთ-ერთი მთავარი მაფიოზია მარტვილში"

"მოსახლეობა მოითხოვს, სააკაშვილის დესანტმა დატოვოს მარტვილი"

"სააკაშვილმა მარტვილში "ნაციონალური მოძრაობის" დესანტი გადმოსხა, რომ მათსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მომხდარიყო, მერე ეს ამბავი მსოფლიოში გაეპიარებინა და ამით ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინა",”- მეუბნება კახა მიქაია, რომელმაც მარტვილში მიმდინარე ამბებზე მოგვაწოდა ინფორმაცია:

- მარტვილელები ერთი თვეა საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზიასა (ზაზა გოროზიას ძმა) და გამგებელ მამუკა დანელიას გადადგომას ითხოვენ. მარტვილში დღეს სამოქალაქო პროტესტია. ამ ადამიანებმა თვითონ შექმნეს სამოქალაქო მოძრაობა. აქ არიან ზვიად გამსახურდიას ყოფილი მომხრეები, მარტვილის ინტელიგენციის ნაწილი. გოროზიებმა გლეხებს საკარმიდამო მიწები წაართვეს. მიწაწართმეულმა გლეხებმა კი პროტესტის ნიშნად პოლიეთილენის პარკებში მიწა ჩაყარეს, საკრებულოსთან მიიტანეს და გოროზიას მოსთხოვეს, ჩვენი მიწა დაგვიბრუნეო. გოროზიების კლანმა ზღვარს გადააბიჯა. ამიტომაც დაუპირისპირდა მათ ხალხი, რომლის უკანაც არავინ დგას.

გოროზიების მამა ერთ-ერთი მთავარი მაფიოზია მარტვილში. სააკაშვილი ცდილობს გოროზიების კლანის გამაგრებას. მან უბრძანა გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს, არ გადამდგარიყვნენ. სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს უნდა შეინარჩუნოს მარტვილი, როგორც უკანასკნელი ბასტიონი სამეგრელოში.

რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა საკრებულოსა და გამგეობას მისცეს უფლება, მუშაობა განეახლებინათ და საახალწლოდ ხელფასები დაერიგებინათ. უკვე მიღწეული შეთანხმება, რომ აღდგებოდა საკრებულოსა და გამგეობის მუშაობა, ჩაშალა მარტვილში გადმოსროლილმა სააკაშვილის დესანტმა - წიკლაურის, აკო მინაშვილის, ირმა ნადირაშვილისა და სერგო რატიანის შემადგენლობით. მათმა ცინიზმმა აქციის მონაწილეები აღაშფოთა და ისევ დაიძაბა ვითარება.

- რა გააკეთეს მაინც უმცირესობის წევრებმა?

- საკრებულოს სხდომაზე დასწრება მოითხოვეს, რამაც აღაშფოთა აქციის მონაწილეები. ისევ დაიწყო შენობის პიკეტირება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ საკრებულოსა და გამგეობის ფუნქციონირებას. "ნაციონალური მოძრაობის" დესანტის გადმოსხმა პროვოკაცია იყო. სურდათ, მომხდარიყო დაპირისპირება და ამ პროვოკაციაში პოლიციაც ჩაერთოთ, მაგრამ პოლიცია წინდახედულად მოიქცა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, უმცირესობის წარმომადგენლებმა დატოვონ მარტვილი. ახლა ყველანი კოჰაბიტაციაზე ლაპარაკობენ, რომელსაც მეც მივესალმები, მაგრამ კოჰაბიტაცია კრიმინალებთან წარმოუდგენელია. ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება პოზიტიურ ნაწილს ეძებენ "ნაციონალურ მოძრაობაში", რომ მასთან მოხერხდეს კოჰაბიტაცია, მაგრამ პოზიტიური ნაწილის მოძებნა "ნაციონალებში" ძალიან ძნელია. სააკაშვილი განგებ აკეთებს პროვოცირებას, რომ ვითარება არ დაწყნარდეს, გარდამავალი პერიოდი თანამიმდევრულად არ წარიმართოს. თუ კოჰაბიტაცია მოხერხდა "ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალურ ნაწილთან, ეს ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაციას გამოიწვევს. ახალაიებსა და გოროზიებთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, მარტვილელებს ეყოფათ გონიერება, სიმშვიდეს შეინარჩუნებენ და სააკაშვილის დესანტი დამარცხებული დატოვებს მარტვილს.