რატომ დაბლოკეს არასამთავრობოებმა ჟურნალისტები(?!) - კვირის პალიტრა

რატომ დაბლოკეს არასამთავრობოებმა ჟურნალისტები(?!)

"არასამთავრობოებს სურთ ციხეების თემით იშოვონ გრანტები"

საქართველოში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან თითქმის ყოველი მეორე პატიმრების უფლებებზე მუშაობს. გასულ წლებში სწორედ არასამთავრობოები მიუთითებდნენ იმაზე, რომ პენიტენციარული სისტემის ერთ-ერთი პრობლემა საზოგადოებისგან მისი უკონტროლობა იყო. სხვათა შორის, ამ პრობლემაზე საუბრობდა სოზარ სუბარი როგორც სახალხო დამცველობისას, ისე პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ. სწორედ ამიტომაც უცნაურად მიგვაჩნია გუდაურში მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ფორმით, ისე შინაარსით. კერძოდ, დეკემბრის ბოლოს გუდაურში სასჯელაღსრულების სამინისტროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ ციხეების მონიტორინგის საზოგადოებრივ ჯგუფში ჟურნალისტები აღარ დაიშვებიან(!). უცნაურია ისიც, რომ ამ შეხვედრაზე ზემოხსენებული საკითხი რომ უნდა განხილულიყო, მონიტორინგის ჯგუფის ჟურნალისტ წევრთა უმრავლესობამ არ იცოდა (თუ ყველამ არა).

სოზარ სუბარის უწყება ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იცილებს და აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო მხოლოდ მოდერატორი იყო და კენჭისყრაში არ ჩარეულა. ფიცი გვწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებს, განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ სუბარის უკვე მინისტრის რანგში გაკეთებულ განცხადებას, რომ ჟურნალისტებს ციხეებიდან ექსკლუზივების უფლებას ვერ მისცემს. საინტერესოა, რატომ დაემთხვა არასამთავრობოებისა და სამინისტროს პოზიცია ერთმანეთს.

არასამთავრობოებისთვის თურმე მიუღებელია, ციხეებში ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. არადა, თუ რომელიმე ყოფილ მაღალჩინოსან პატიმართან ინტერვიუს ჩაწერა გინდა, არსებობს მარტივი ხერხი - ადვოკატის საშუალებით მიაწოდო მას კითხვები, პასუხი წერილობით უკან დაგიბრუნდება და ამისთვის მონიტორინგის ჯგუფის წევრობა საჭირო არ არის. საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფში ჟურნალისტების ყოფნას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. კერძოდ, რიგით პატიმარს, რომელსაც ზოგჯერ პატრონიც არ ჰყავდა, ჰქონდა საშუალება მედიასაშუალებებისთვის თავისი პრობლემის შესახებ ხმა მიეწვდინა. ჟურნალისტების ჩარევის შემდეგ არაერთი პატიმრის ხვედრი შემსუბუქებულა და ზოგჯერ ტრაგიკული შემთხვევებიც ყოფილა აცილებული თავიდან. შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილებით სწორედ ასეთი კატეგორიის პატიმრები დაზარალდებიან. წესით, ეს უპირველესად არასამთავრობოებისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომელთა პროფილი ადამიანის უფლებების (როგორც თავად აცხადებენ) დაცვაა. ამიტომაც ვეჭვობთ, რომ საქმე გვაქვს ციხის მონიტორინგის მონოპოლიზების მცდელობასა და კონკურენტების გაჩენის შიშთან. კერძოდ, თუ ჟურნალისტები ციხეების მონიტორინგში დიდ როლს შეასრულებენ, შესაძლოა, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ისინი ფუნქციას დაკარგავენ და შესაბამისად, გრანტების ნაკადი შეუმცირდებათ.

საინტერესოა, სოზარ სუბარმა ან თუნდაც მისმა მოადგილეებმა რატომ არ გამართეს საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის თემაზე შეხვედრა ჟურნალისტებთან და რატომ არ მოისმინეს მათი არგუმენტები? ამ ლოგიკით ჟურნალისტებსაც შეუძლიათ არ გააშუქონ არასამთავრობოების აქტივობები და ვინ დაზარალდება ამით?..

მონიტორინგის ჯგუფის წევრი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ სასჯელაღსრულებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოების პოზიციის დამთხვევა მართლაც უცნაურია.

ხათუნა გაგნიძე, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი: "როგორც ჟურნალისტს, მაინტერესებს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თვითონ რა გააკეთეს სასარგებლო და რატომ არაფერი ვიცოდით იმ ფაქტების შესახებ, რაც ციხის სკანდალურ კადრებში გამოქვეყნდა. პატიმრებს ძველი ხელისუფლების პირობებში თითქმის ყველა დაწესებულებაში ერთნაირი გასაჭირი ჰქონდათ და ეს ასობით მათგანისგან მაქვს მოსმენილი - წამება, შანტაჟი და მუქარა. ამ ყველაფერზე ჩემთან, როგორც ჟურნალისტთან, თამამად ლაპარაკობდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ ბევრი მწამებელი ისევ სისტემაშია. პატიმარი საზოგადოების იზოლირებული ნაწილია და მისი წლების განმავლობაში გარე სამყაროსთვის მოწყვეტას, როგორც ვნახეთ, ცუდი შედეგი მოსდევს. ჟურნალისტებმა მათი გასაჭირის გახმაურებით უამრავი პრობლემა გადავჭერით".

ნინო ზურიაშვილი, სტუდია "მონიტორის" დამფუძნებელი: "გუდაურში შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციები უსინდისოდ მოიქცნენ. კატეგორიულად მოვითხოვ, შეგვხვდეს სოზარ სუბარი, გავამზადებთ წესებს და მოვთხოვთ, მიიღოს. თუ პირის საქმე ძიებაშია, ამ პირისა და პროკურორის თანხმობით ჩვენ მასთან მისვლა და ინტერვიუს აღება უნდა შეგვეძლოს, ისევე როგორც მსჯავრდადებულისგან, რომლის სურვილიც არის ეს. არასამთავრობო ორგანიზაციებს სურვილი აქვთ - ამ გზით იშოვონ გრანტები. ეს სიტუაციის უზურპაციის მცდელობაა, ვერ აიტანეს ჟურნალისტების ყოფნა ციხეში. არ მიმაჩნია, რომ ვინმეზე ნაკლებად ვიმუშავეთ და არ დავეხმარეთ პატიმრებს".

ჟურნალისტებისთვის მონიტორინგის ჯგუფის წევრობის უფლების გაგრძელებას ემხრობა ყოფილი სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი ტუღუში, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა ზემოხსენებული ჯგუფი:”"ხშირად მომისმენია, რომ ჟურნალისტებს ციხიდან ექსკლუზივები გამოაქვთ პატიმრებისგან. ამაზე მე ყოველთვის მქონდა არგუმენტი, რომ ჟურნალისტს ისედაც შეუძლია წერილობით გაუგზავნოს პატიმარს შეკითხვები, მიიღოს მისგან პასუხები და გამოაქვეყნოს, როგორც ინტერვიუ. მივიჩნევ, რომ მედიის წარმომადგენლების ჯგუფში ყოფნა უფრო სარგებლის მომტანია, ვიდრე ზიანის".

იმედია, სასჯელაღსრულების სამინისტრო გადახედავს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას და გუდაურის თავყრილობა მხოლოდ ლოკალურ ინციდენტად დარჩება.