"სააკაშვილი პანიკაშია, იცის, მისი დაკავება მხოლოდ მე შემიძლია" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი პანიკაშია, იცის, მისი დაკავება მხოლოდ მე შემიძლია"

"რაც უნდა შავი პიარი ააგოროს ჩემს წინააღმდეგ გაბრაზებულმა პრეზიდენტმა, სასამართლო რეფორმას ბოლომდე მივიყვან"

"ამ ილეთით პრეზიდენტი აგრძელებს ჩარეცხილების თემას"

"არცთუ ისე უწყინარი კაცი ყოფილა მამაჩემი"

"ქალბატონმა თინათინმა ტექსტის წაკითხვაში  მინაშვილთან ერთად ივარჯიშა"

"მინდა, ბაჩო ახალაიას დამოუკიდებელი სასამართლო დახვდეს, როცა მისი საქმის განხილვა დაიწყება"

ბოლო ხანს "ნაციონალური მოძრაობის" სამიზნე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა. მის საწინააღმდეგოდ მამამისის, ყოფილი მოსამართლის, ავთანდილ წულუკიანის ფაქტორის გამოყენებას ცდილობენ.

"ავთანდილ წულუკიანი მოსამართლე იყო 1991-1997 წლებში. ამ ხნის განმავლობაში მან 20 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. ყოველწლიურად ეს ადამიანი ხელს აწერდა სასიკვდილო განაჩენს. ამ შემაშფოთებელი რეკორდით ავთანდილ წულუკიანი არის ყველაზე სისხლიანი მოსამართლე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაინტერესებს, იღებს თუ არა დღეს იუსტიციის მინისტრი პირად რჩევებს ამ პიროვნებისგან, რომელსაც შემზარავი და ბნელი წარსული აქვს", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

გთავაზობთ იუსტიციის მინისტრთან ინტერვიუსაც, რომელიც თეა წულუკიანის მოუცლელობის გამო, ღამის თერთმეტ საათზე შედგა.

- რას უპასუხებთ თინათინ ბოკუჩავას განცხადებას?

- ეს განცხადება სინამდვილეში სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც გასცა განკარგულება, რომ იუსტიციის მინისტრის დისკრედიტაციისთვის ჯგუფი შეიქმნას. ამ ჯგუფში შედიან: დავით ტყეშელაშვილი, დეპუტატები მელიქიშვილი, საჯაია, ნადარეიშვილი, ბოკუჩავა და სხვ. პრეზიდენტი ეძებდა სპიკერს. ამ როლის შესრულებას მხოლოდ ქალბატონი თინათინი დათანხმდა და ტექსტის წაკითხვაშიც ივარჯიშა დეპუტატ მინაშვილთან ერთად. ბატონ მიხეილს გადაწყვეტილი აქვს, რიგრიგობით ამოირჩიოს სამიზნეები და მათ წინააღმდეგ, როგორც თვითონ უწოდებს, დარტყმა განახორციელოს...

საინტერესოა, მაშინ არ იყო ჩემი მშობელი სააკაშვილისთვის მიუღებელი, როდესაც იუსტიციის მინისტრობისას თავის მოადგილეობას მთავაზობდა, როცა "ვარდების რევოლუციის" მერე მთავაზობდა ელჩობას პარიზში? მაგრამ მე მისი შემოთავაზებები არასოდეს მიმიღია, რადგან თავად იყო ყოველთვის ჩემთვის მიუღებელი. თუმცა, მესმის მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და არ ვბრაზდები. დიდი იმედით ხელისუფლების სათავეში მოსული პრეზიდენტი ასე ტრაგიკულად ასრულებს პოლიტიკურ კარიერას და გასაგებია, რომ სწყინს ჩემგან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორსაც თავად არ მიიღებდა. მაგალითად, ის არასოდეს ისურვებდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კი არ გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, არამედ - რიგითმა მოსამართლეებმა. სააკაშვილი, როგორც ჩანს, მისთვის ჩვეულ პანიკაშია, რადგან იცის, რომ ადეიშვილის მიერ შექმნილი კანონის თანახმად, მხოლოდ მე მაქვს მისი დაკავების უფლება. მინდა დავამშვიდო - ჩვენი მთავრობა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობაა.

მე პრემიერ-მინისტრისგან სასამართლო რეფორმის ჩატარება მაქვს დავალებული და მიმაჩნია, რომ ეს რეფორმა მოსამართლეებისთვის თავისუფლების მინიჭებას უნდა ემსახურებოდეს.

პრემიერ-მინისტრი მეთანხმება, რომ რიგით მოსამართლეს, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს, მისთვის სასარგებლო კანონით შეიარაღება სჭირდება, ეს კი პრეზიდენტს არ მოსწონს.

რაც უნდა შავი პიარი ააგოროს ჩემს წინააღმდეგ საქართველოს გაბრაზებულმა პრეზიდენტმა, სასამართლო რეფორმას ბოლომდე მივიყვან და კარგი კანონებით მოსამართლეებს საშუალებას მივცემ, თავად გადაწყვიტონ, რა სჯობს მართლმსაჯულებისათვის, თავად მართონ პროცესები, თუ იყვნენ დამოკიდებული პოლიტიკურ მოვლენებსა და ვინმეს - მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების - ნება-სურვილზე. ყველასგან გათავისუფლებული მოსამართლე ჩემი ოცნებაა და ამ ოცნებას ისევე ავისრულებ, როგორც ნაძალადეველებმა აიხდინეს ოცნება წინა წლის ოქტომბერში, როდესაც იქ მრავალი წლის განმავლობაში გამეფებული უსამართლო კაცი დაამარცხეს...

მამაჩემის წინააღმდეგ პირველად ჭორი მერაბ სამადაშვილმა ააგორა - თქვა, თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე ის იყო მოსამართლე და „მკვლელის შვილს“ ხმა არ მისცეთო. ეს ნაძალადევის ამომრჩეველმა არ დაიჯერა, რასაც ქალბატონი ნათელა მაჭავარიანის განცხადებამაც შეუწყო ხელი და მე ამისათვის მისი მადლიერი ვარ. ამ საქმეზე მოსამართლე თემურ გერსამია იყო, პროკურორი - იოსელიანი. აღნიშნული სასამართლო პროცესების ვიდეო და ფოტოკადრებიც არსებობს, რომლებიც დიდი ხნის წინ გამომზეურდა.

ახლა იმავე ილეთს პრეზიდენტი იყენებს - ის ესხმის თავს უფროსი თაობის კვალიფიციურ იურისტს. დიახ, მე ვთვლი, რომ მამაჩემი სწორედ ასეთი იურისტია. მაშინდელი კანონების გამო მას მოუხდა მკაცრი, მაგრამ სათანადო და პროპორციული სასჯელების შეფარდება. ამ ილეთით პრეზიდენტი აგრძელებს ჩარეცხილების თემას. მის ადგილას მე ამ საკითხზე ხმას არ ამოვიღებდი, რადგან ეს მისთვის წამგებიანია. რაც შეეხება რჩევებს, როცა პრეზიდენტმა ბოკუჩავას ინსტრუმენტალიზაციის გზით განცხადება გააკეთა და თქვა, იუსტიციის მინისტრი მამისგან იღებს რჩევებსო, მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, ნეტავ, მართლა ასე იყოსო. ხმამაღლა გაგვეცინა ორივეს, რადგან ერთადერთი, რაზეც მშობლები მოზარდობის პერიოდიდან მაკრიტიკებენ, სწორედ ისაა, რომ ძალიან ურჩი ვარ; დედაც და მამაც თვლიან, რომ ჩემს ხელში„უუფლებონი არიან.

- ვინ მუშაობს სასამართლოს რეფორმაზე და საინიციატივო ჯგუფთან თუ აქვს კავშირი მამათქვენს?

- ის სასამართლო რეფორმა, რომლის ავტორიც არის იუსტიციის სამინისტრო, პირველ რიგში ჩემი მოადგილის - ალექსანდრე ბარამიძისა და იმ დეპარტამენტების დამსახურებაა, რომლებმაც ამ კანონპროექტებზე იმუშავეს; ეს არის სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკური დეპარტამენტები. ამ რეფორმის შედეგად გაზაფხულიდან გვეყოლება ეფექტიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა ისეთი კონფერენცია, რომელიც კუბლაშვილის დიქტატის ქვეშ კი არ იქნება, არამედ თვითმმართველობის ორგანოს ფუნქციას შეიძენს.

რაც შეეხება ავთანდილ წულუკიანის გამოტანილ განაჩენებს. 1999 წლამდე მოქმედი სისხლის სამართლის კანონის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის მხოლოდ ორი მაქსიმალური სანქცია არსებობდა - 15 წელი პატიმრობა ან დახვრეტა; ხოლო თუ ეს დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ იყო ჩადენილი, ერთადერთი შესაძლებელი სასჯელი იყო სიკვდილით დასჯა.

თავისი საქმიანობის მანძილზე მოსამართლე წულუკიანს გამოტანილი აქვს ასეულობით განაჩენი, მათ შორის 20-მდე ისეთი, რომლითაც განსასჯელებს სასჯელის უმაღლესი ზომა შეეფარდათ. 1997 წლის 25 ივნისის #387 ბრძანებულებით, საქართველოს პრეზიდენტმა 54 სიკვდილმისჯილი მსჯავრდადებული შეიწყალა, მათ შორის - 13 მამაჩემის გასამართლებული (მათ შორის, ირაკლი კერესელიძე, რომელიც დახერხილი გვამების საქმეზე გახლდათ მსჯავრდადებული, აგრეთვე გელა გოგიჩაიშვილი, რომელმაც კაბინეტში მოკლა თავისი უფროსი, შსს-ს ჩინოსანი კორნელი ჩალაძე). ამ პატიმრებს სასჯელის უმაღლესი ზომა ოცწლიანი პატიმრობით შეეცვალათ და არაერთი მათგანი უკვე თავისუფალია. მამაჩემის მიერ გასამართლებული ოთხი სხვა მსჯავრდადებული როდის შეიწყალეს, არ ვიცი, მაგრამ მათ რამდენიმე ხნის წინ პასპორტები აიღეს და მაშასადამე, ცოცხლები და თავისუფლები არიან. რაც შეეხება დანარჩენ სამ პიროვნებას, ისინი გარდაიცვალნენ, თუმცა მათი სიკვდილის მიზეზი იყო თუ არა სასჯელის უმაღლესი ზომა, ჩემთვის უცნობია. ეს პრეზიდენტმა გამოიკვლიოს, მე კი არ მჩვევია, ვამტკიცო ის, რაც არ ვიცი. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, დამოუკიდებლობის შემდეგ, მორატორიუმი გამოაცხადა სიკვდილით დასჯის განაჩენთა აღსრულებაზე. შესაბამისად, ვინაიდან კანონი ამას ითვალისწინებდა, ხდებოდა ამ სასჯელის შეფარდება, მაგრამ იგი სისრულეში არ მოჰყავდათ. მამაჩემის გასამართლებულ რამდენიმე ასეთ პატიმართან ციხეში მიმოწერაც კი მქონდა. რაც შეეხება იმას, თითქოს ავთანდილ წულუკიანი ქრთამის აღების გამო  დაითხოვეს პროკურატურიდან, ეს ცილისწამებაა.

მამა, როგორც ჭაღარა და ჩარეცხილობის კანდიდატი, 2004 წლის 21 მაისს ირაკლი ოქრუაშვილმა დაითხოვა „პროკურატურის ორგანოებში განსახორციელებელი რეფორმების, სტრუქტურული, საშტატო ოპტიმიზაციის, მუშაობის სწორი ორგანიზაციისა და სრულყოფის“გამო.

იმავე დღეს, იმავე მოტივით, გენერალური პროკურატურიდან დაითხოვეს სხვა პროკურორებიც - ლელა ნაკანი, კონსტანტინე ჩაჩუა, დავით ზარიაშვილი.

სხვათა შორის, ერთმა ჩემმა მეგობარმა უცხოელმა ადვოკატმა დამირეკა და შემომთავაზა, თ. ბოკუჩავას უჩივლე ასეთი ტყუილისთვისო, მაგრამ ეს მამაჩემის გადასაწყვეტია. სხვათა შორის,

გაირკვა, რომ არცთუ ისე უწყინარი კაცი ყოფილა მამაჩემი - ერთადერთი სანქცია, რომელიც მას კარიერის მანძილზე აქვს დაკისრებული, 1973 წელს მოსკოვში პირადობის მოწმობის დაკარგვას ეხება და ეს ნებისმიერი პროკურორისთვის უდიერ საქციელად ითვლება დღესაც. 1973 წელს მე ჯერ არ ვიყავი დაბადებული და აბა, ვინ მისცემდა შენიშვნას (ეცინება)...

- თენგიზ გუნავაზე ახალი საქმეები აღიძრა, თუმცა, ის პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად წარადგინა. ხომ არ დაემსგავსა მისი დაჭერა-გათავისუფლება-დანიშვნის პროცესი კატათაგვობანას? როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს გუნავას "ოდისეა"? სხვათა შორის, დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ გუნავა პრეზიდენტმა მხოლოდ სიტყვიერად წარადგინა, მისი დანიშვნის ოფიციალური, წერილობითი განკარგულება კი არ არსებობდა...

- თენგიზ გუნავა არაერთ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და ეს არ ეხება მხოლოდ იმ საქმეს, რომელზეც ამდენს საუბრობს აკაკი მინაშვილი. აქედან გამომდინარე,

როცა პრეზიდენტი გამოძიების ქვეშ მყოფ პირს ნიშნავს გუბერნატორად, ის არღვევს საქართველოს კანონს საჯარო სამსახურის შესახებ. არ ვიცი, იცის თუ არა პრეზიდენტმა ეს, ვინაიდან მისი გუნდის ნაწილი შეწუხებულია ამ კანონდარღვევით, მაგრამ ამის თქმას, ალბათ, საჭიროდ აღარ თვლიან. რაც შეეხება დაჭერა-გაშვებას, მე ამის შესახებ არ ვიღელვებდი, რადგან გაშვების გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს სასამართლო, ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - მოცემული პირი შინ დაელოდება სასამართლო პროცესს და არ იქნება წინასწარ პატიმრობაში, ხოლო პროცესის დღეს წარდგება სასამართლოს წინაშე. იქ გამოჩნდება, პროკურატურა ცდება თუ ბრალდებული. პროკურატურა  ყველა საქმეს სერიოზულად ეკიდება და ყველა საქმეზე მყარი მტკიცებულებები არსებობს. მოცემულ დროს და თანაც ძალიან მალე სასამართლო გადაწყვეტს, არის თუ არა ეს მტკიცებულებები გასაზიარებელი. ამიტომაც არის სასამართლო რეფორმა საშური საქმე - მინდა, ბაჩო ახალაიას დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო დახვდეს, როცა მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყება - მისმა შთამომავლობამ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. სად არის ეს სიმართლე, ამას არც მე ვწყვეტ და არც არჩილ კბილაშვილი, ამას დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტს. ჩვენ იმაზეც ვიზრუნეთ, რომ ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით საქმის განხილვის უფლება მივცეთ ახალაიას, გეწაძეს, მელნიკოვს და ბევრ სხვას, რათა ხალხმა გაარჩიოს მტყუან-მართალი.

- ბოლო დღეებში აქტუალურია ირაკლი ოქრუაშვილის თემა, რომელმაც თურმე მამათქვენი დაითხოვა... რა ჰქვია მის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეს?

- ერთს ვიტყვი. ყველა ადამიანს, ვინც უნდა იყოს ის, აქვს უფლება, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ამიტომ ჩვენ, პროკურატურა, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებშიც სიმართლის მხარეს ვიქნებით.

ასევე იხილეთ: "მე ვარ ძალიან გახარებული, როგორც ჩანს, პრეზიდენტი გავაღიზიანე" - თეა წულუკიანი