"მუმია" ბრუნდება? - კვირის პალიტრა

"მუმია" ბრუნდება?

"ახლა მაინც  დამივიწყეთ, ხალხო!"

"სააკაშვილი გიჟია და გიჟთან კოჰაბიტაცია გაგონილა?"

"კახა თარგამაძე საქართველოშია", - თავდაპირველად ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, მარიამ საჯაიამ და გოგა ხაჩიძემ გაავრცელეს. როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, კახა თარგამაძე რამდენიმე დღის წინ მართლაც ყოფილა საქართველოში. ჩვენ ყოფილ შს მინისტრს ტელეფონით ვესაუბრეთ.

- საქართველოში ორიოდე დღით ვიყავი და ჩემი ქვეყანა ახლახან დავტოვე. მოვინახულე მეგობრები, მეზობლები, ნათესავები. აღმოვაჩინე, რომ თურმე იმაზე მეტი მეგობარი და გულშემატკივარი მყოლია, ვიდრე მეგონა, რამაც ძალიან გამახარა. ვიყავი პატრიარქთან და წინასწარ მივულოცე იუბილე, კარგა ხანს ვისაუბრეთ, რაც დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. ვიყავი სვეტიცხოველში და სამების ტაძარში. სამება ჩემი მინისტრობის დროს შენდებოდა, მაგრამ დასრულებული არ მენახა.

- პოლიტიკოსებს თუ შეხვდით?

- არა, მხოლოდ ახლობლები მოვინახულე. პოლიტიკა დიდი ხანია აღარ მაინტერესებს, დავივიწყე ეგ საქმე და ახლა ის მიკვირს, ხალხი რატომ ვეღარ მივიწყებს.

- ნაციონალები ხშირად ამბობენ, რომ კახა თარგამაძე, ასლან აბაშიძე, იგორ გიორგაძე და სხვები საქართველოში დაბრუნდებიანო.

- მუმიები ჩამოვლენო, არა? ვაი, მაგათ პატრონს. საცხოვრებლად საქართველოში ჩამოსვლას არ ვაპირებ. მეცინება, კოჰაბიტაციაზე რომ ლაპარაკობენ. სად შოულობთ ასეთ სიტყვებს? სააკაშვილი გიჟია და გიჟთან კოჰაბიტაცია გაგონილა?

- ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე, ბაზრის გახსნასა და სხვა ინიციატივებზე ლაპარაკობს, ბიზნესპროექტის შესათანხმებლად ხომ არ ყოფილხართ საქართველოში?

- არავითარი ბიზნესი არ მჭირდება ისეთი, რომელიც საქართველოსთან იქნება დაკავშირებული. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. უკაცრავად, მეტი დრო არ მაქვს და ვეღარ დაგელაპარაკებით. უთხარით ყველას, რომ ჩემს სახელსა და გვარს ხშირად ნუღარ ახსენებენ. ვხედავ, საქართველოში სულ სხვა დრო დადგა და ახლა მაინც  დამივიწყეთ, ხალხო!