ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი: მრავალპარტიულობა - მითი თუ რეალობა? - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი: მრავალპარტიულობა - მითი თუ რეალობა?

ეს მისი ხელწერაა

პრემიერ-მინისტრის ბოლო ინტერვიუმ "ობიექტივში" განსჯისა და რეკომენდაციებისთვის ბევრი მასალა დააგროვა. გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულად ფლობს სიტუაციას და მთავარია, მიზანი იყოს სწორად დასახული, თორემ მიზნების მისაღწევად წინ არაფერი ეღობება: ჰყავს სუსტი პარტიებისგან შემდგარი კოალიცია; უპერსპექტივო ოპოზიცია; გამოუცნობი პარტნიორით დადუმებული დასავლეთი და არანაკლებ დაფიქრებული რუსეთი. რაც ყველაზე მეტად უჩვეულოა პოლიტიკოსისთვის, ის ნაკლებად ფიქრობს, რა ინტერპრეტირებას გაუკეთებენ მის სიტყვებს შინ თუ გარეთ. ეს მისი ხელწერაა.

ქართული პოლიტიკის არსებობის ისტორიაში არ მახსენდება შემთხვევა, რომ ხელისუფლების პირველი პირი საჯაროდ ლაპარაკობდეს ამერიკისა და ევროპის ზეწოლაზე (რომელსაც ის „ძალისხმევას“ უწოდებს) და ამაყობდეს იმით, რომ ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან. დასავლეთთან ასეთი ღია თამაში, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია, თუმცა, პერსპექტივაში დივიდენდების მოტანაც შეუძლია არა იმდენად ხელისუფლებისთვის (როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა), რამდენადაც ქვეყნისთვის, პრინციპით: რაც უფრო მეტ ფასს დაიდებ, მით მეტ ბენეფიტს შეიძლება გამოჰკრა ხელი, გონივრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში.

მრავალპარტიულობა - მითი თუ რეალობა?

პრემიერის გამოსვლაში საკვანძო საკითხი იყო მრავალპარტიული სისტემის ფორმირების აუცილებლობა, როცა მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თანაბარი პირობების შექმნას ყველა, მათ შორის საკუთარი პარტიისთვის, უფრო მეტიც, შეეცდება ახალი ოპოზიციური ძალების ყოველმხრივ დახმარებას. თუ ივანიშვილი მართლაც მოახერხებს და შექმნის დაბალანსებულ, კონკურენტულ, მრავალსუბიექტიან პოლიტიკურ სისტემას, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება მისი მთავარი წვლილი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში. მაგრამ ასეთი სურვილი დიდ რისკსაც შეიცავს, რადგან ერთი კაცის მიერ შექმნილი და წახალისებული, ანუ ერთ კაცზე აკინძული მთელი პოლიტიკური სპექტრი, თავისი პოზიციითა და ოპოზიციით, დამოუკიდებლობის რა ხარისხით ისარგებლებს, საკითხავია. ამ რისკის მინიმიზაციისთვის შესამუშავებელია პოლიტიკური სუბიექტების დამოუკიდებლობის  დამატებითი მექანიზმები.

თავისთავად, დაბალანსებული მრავალპარტიული სისტემა სწორედ რომ იდეალური გამოსავალია ქვეყნისთვის: როცა სხვადასხვა რეგიონში თუ რაიონში შეიძლება ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალა დომინირებდეს, ცენტრალურ ხელისუფლებაში კი მმართველი პოლიტიკური ალიანსი სრულიად სხვა იყოს, ეს კონკურენციასაც და განვითარების სტიმულსაც შეუდარებლად გაზრდის. ამ თვალსაზრისით, კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის ივანიშვილი მართლაც ღვთის წყალობაა და ბოლო შანსი, იქცნენ სახელისუფლებო პარტიად თუნდაც ზოგიერთ რაიონში. ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე ყველაზე მწირად გამოიყურება თავად პარტია„"ქართული ოცნება"“და ვერც "ფორუმთან" შეერთება შესძენს მას დივიდენდებს. ასეთ პირობებში იზრდება პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზი

ციის რეინკარნაციის შანსი. უფრო მეტიც, ღიაა სივრცე ახალი პოლიტიკური ძალისათვის.

იმას, რაც დღეს რეგიონებში ხდება, "ნადავლის გადანაწილება" ჰქვია და ხალხის ნებაზე აპელირება სასაცილოა: იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც დღეს გააფთრებული იბრძვიან "ადგილობრივი" სკამებისთვის, მათი რაიონების მცხოვრებთა უმრავლესობას ყელში ჰყავს ამოსული მათი უნაყოფო საქმიანობის გამო სხვადასხვა პარტიაში და საჯარო პოზიციებზე. რეალურად, ეს პროცესი სხვა არაფერია, თუ არა ამა თუ იმ პარტიის მიერ ადმინისტრაციული ბერკეტებით მწირი რეიტინგის დეფიციტის ამოვსების მცდელობა.

მოსახლეობის ინტელექტუალური „ინვენტარიზაცია“

კონკურენტული და ეფექტური პოლიტიკური სისტემისკენ სავალ გზაზე საბაზისოა საკადრო რეფორმა. ქვეყანაში უნდა შეიქმნას სახელმწიფო ადმინისტრირების და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა, რომელიც, შესაძლოა, უშუალოდ პრემიერთან არსებობდეს და რომელიც მოამზადებს ან გადაამზადებს კადრებს როგორც ადმინისტრაციული, ასევე პოლიტიკური სტრუქტურებისთვის. ქართული პოლიტიკა აუცილებლად საჭიროებს ახალ სახეებს და ახალ ხედვებს, არა დამყაყებული და უშედეგოდ ათასპარტიაგამოცვლილი ხალხისგან, არამედ თუნდაც მათგან, ვინც წარმატებულია კერძო სტრუქტურებში.

უნდა შეიქმნას ერთგვარი ბაზა რეგიონების მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებული სტუდენტების, კერძო ბიზნესში მაღალ პოზიციებზე დასაქმებულებისა და უნდა მოხდეს მათი გადმოდინება სახელმწიფო სტრუქტურებში, შემდეგ კი მათი წამოყენება თუნდაც არჩევით პოზიციებზე; შეიძლება გამოცხადდეს კონკურსები ახალგაზრდებისთვის, თუ როგორ ხედავენ საკუთარი რეგიონის ან ამა თუ იმ სფეროს მომავალს და ასეთი კონკურსის შედეგებიც გახდეს შერჩევის ერთგვარი კრიტერიუმი. ანუ უნდა მოხდეს მოსახლეობის ერთგვარი "ინტელექტუალური ინვენტარიზაცია", სხვაგვარად ისევ ამ გაცვეთილი და დიდწილად უნაყოფო პოლიტიკური სახეების ტყვეობაში დავრჩებით.

თუნდაც სოციალური ქსელები, ბლოგები და ფორუმები საუკეთესო ადგილია ადამიანური რესურსის ყბადაღებული "დეფიციტის" შესავსებად. ეს დიდი შანსია ქვეყნისთვის, მოხდეს ადამიანური რესურსის შერჩევა რეალური პოტენციალის თვალსაზრისით. დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ნებას შეუძლია ასეთი მძლავრი მანქანის ამოქმედება, ხვალ ასეთი ინსტიტუტის შექმნა შეიძლება კვლავ არ შევიდეს მავანთა ინტერესებში.

უნდა გატარდეს საარჩევნო რეფორმა, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, რათა დაუმსახურებლად დიდი დივიდენდები და გავლენა არ მიიღონ რეალური მხარდაჭერის არმქონე პარტიებმა; თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად უნდა დაიწიოს საარჩევნო ბარიერი, რადგან პარლამენტში არსებული პოლიტიკური პარტიების რეიტინგი დიდად არ განსხვავდება პარლამენტს გარეთ დარჩენილი ძალების რეიტინგისგან; ამავე მიზეზით, საარჩევნო ადმინისტრაციებში უნდა შევიდნენ პარლამენტს გარეთ არსებული ძალების მიერ რეკომენდებული წარმომადგენლებიც.

ამასთან, უმაღლესი ხელისუფლების სტრუქტურაში უნდა იყოს ორგანო, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს, ინიციატივებს, გადაწყვეტილებების არგუმენტირებულ პროექტებს და წარუდგენს მათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირსა თუ პირებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: შიდაპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების მონიტორინგი და ინოვაციები; საინფორმაციო სივრცის დაცულობა შიდა და გარე იდეოლოგიური "ომებისგან"; სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისთვის დემოკრატიული გარემოს უზრუნველყოფა; ეთნიკურ რეგიონებში არსებული პრობლემატიკის გაკონტროლება და ა.შ.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური გამოწვევები და პრიორიტეტები: საერთო-ეკონომიკური, პოლიტიკური, ენერგეტიკული, უსაფრთხოების ინტერესები და შესაძლო რისკები: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან, კასპიის რეგიონის და შუა აზიის ქვეყნებთან, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან; ევროკავშირთან, აშშ-სა და ნატოსთან; მათთან არსებული გლობალური ხელშეკრულებების ანალიზი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვითი და გარემოსდაცვითი კუთხით; საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო-ლოჯისტიკური ფუნქციის ზრდის მიზნით ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების ფარგლებში ახალი პროექტების ინიცირება; რეგიონული სტაბილურობის სეგმენტები - კავკასიაში არსებული და რეგიონის ინტერესებთან შემხები კონფლიქტების ანალიზი და არაერთი სხვა თემა, ურომლისოდაც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოუდგენელია.

ასეთი რეფორმების გარეშე, კეთილშობილი სურვილების რეალობად ქცევის გზაზე ბარიერები გარდაუვალია.