"დღეს რთულია იმის თქმა, დავრჩები თუ არა პოლიტიკაში" - კვირის პალიტრა

"დღეს რთულია იმის თქმა, დავრჩები თუ არა პოლიტიკაში"

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დარბაზიდან 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკური იყო მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთის სასამართლომ აღიარა პოლიტდევნილად. ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ განსხვავებული პოზიცია აღმოაჩნდა "ნაციონალურ მოძრაობას". გოკა გაბაშვილის თქმით, "ირაკლი ოქრუაშვილმა ბოლო წლებში ბევრი საზიანო რამ გააკეთა ქვეყნისთვის. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი იქცა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ ბერკეტად საქართველოს წინააღმდეგ. ის წლების განმავლობაში ამაგრებდა საქართველოსთან დაკავშირებულ რუსულ პროპაგანდისტულ ვერსიებს".

ირაკლი ოქრუაშვილი დღემდე "ქართული პარტიის" თავმჯდომარეა. თავის პოლიტიკურ მიზნებზე მედიასთან ჯერჯერობით მოზომილად საუბრობს: "ცოტა რთულია დღეს იმის თქმა, დავრჩები თუ არა პოლიტიკაში. ასაკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით აქტიური ადამიანი ვარ".

ოთხი ბრალდებიდან პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ორი მოუხსნა. ამჟამად მას შეიარაღებული ფორმირების შექმნას, მის მეთაურობასა და სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან.

ზვიად კორძაძე, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი:

- ირაკლი ოქრუაშვილს 4 ბრალდება წაუყენეს. გამოძიებაში გახლდათ ფულის გათეთრების ეპიზოდი, სამი ბრალდებიდან Eერთ-ერთი არის შეიარაღებული ფორმირების შექმნა და მისი ხელმძღვანელობა, ანუ 26 მაისის ე.წ. "ზილების რევოლუციის" ეპიზოდი. მეორე იყო ე.წ. "ჯეოსელის" საქმე, რომლის გამოც 11 წელი ჰქონდა მისჯილი, მესამე კი სამსახურებრივი გულგრილობა, რომელიც შეეხებოდა ტყვია-წამლის შემოტანას. გამოძიებაში არსებული საქმე მტკიცებულებების უქონლობის გამო პროკურატურამ შეწყვიტა. გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს "ჯეოსელის" საქმეზე, რომელზეც დიმიტრი ქიტოშვილმა შეცვალა ჩვენება და თქვა, რომ ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო მისცა.

დანარჩენ ორ საქმეზეც დაიკითხნენ მოწმეები, მათ სახელებისა და გვარების დასახელებით მოჰყვნენ, ვინ და როგორ აძალებდა ჩვენების მიცემას. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო სასამართლო პროცესზე 45 წლის კაცის ჩვენება, რომელიც ტირილით ჰყვებოდა, რომ გაუპატიურების მუქარით აიძულეს ჩვენების მიცემა, მეორემ კი აღწერა, როგორ ემუქრებოდნენ 7 წლის შვილიშვილის გაუპატიურებით. ამ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიება 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ შეიცვალა. ამ საქმის განხილვა გრძელდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ არაფერი უშლის ხელს ამ ეპიზოდზეც გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. აბსურდულია მეოთხე ბრალდება - სამსახურებრივი გულგრილობა. როგორც ექსპერტებმა თქვეს, შემოტანილი 60 მლნ ტყვია-წამლიდან 1650 ტყვიას ჩაუტარდა ექსპერტიზა და ყველა ვარგისი აღმოჩნდა. თანაც,  ის ტყვია-წამალი, რაზეც ვითომ პრობლემებია, ოქრუაშვილის კი არა, კეზერაშვილის მინისტრობის დროს შემოიტანეს, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით არც კეზერაშვილს აქვს პრობლემა, რადგან თანხა გადახდილი არ არის.

14 და 15 იანვარს გაგრძელდება სასამართლო ორ ეპიზოდზე - სამსახურებრივი გულგრილობა (რის გამოც აღმკვეთი ღონისძიება 15-ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა) და შეიარაღებული ფორმირების შექმნა-ხელმძღვანელობა. იმედია, ამ საქმეებზეც გამამართლებელ განაჩენს გამოიტანენ.

- ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით აცხადებდით, რომ სამართლებრივი ცუღლუტობები ხდებოდა. იმას ხომ არ გულისხმობთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პროცესზე ის პროკურორები გამოჰყავდათ, ვინც თავის დროზე ბრალი წაუყენეს?

-  არ მიგულისხმია პროკურატურა, სამართლებრივ ცუღლუტობებში იგულისხმებოდა ის, რომ პროკურატურასა და სასამართლოს შორის პინგ-პონგის თამაში გაიმართა. სწორედ ამას დავარქვი სამართლებრივი ცუღლუტობა. პრესკონფერენციაზე მოვითხოვე, რომ ყველა უწყებას თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა და პროკურატურამ დააფიქსირა კიდეც იმ საქმეებზე, რომლებიც შესაწყვეტი იყო. დანარჩენებზე თქვა, რომ შეისწავლის. ვფიქრობ, დანარჩენ ორ საქმეზეც არ იქნება პრობლემა.

როდესაც სასამართლო პროცესზე 45 წლის ატირებულ კაცს დაინახავ, იმის გამო, რომ ჩვენება გაუპატიურების მუქარით დააწერინეს, ასეთ დროს ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობაზე აღარ არის ლაპარაკი. ამ საქმიდან ისეთი რამეები გამოიკვეთა, ცალკე საქმეა აღსაძრავი,

რადგან დასახელდა კონკრეტული გვარები, ციხის უფროსები, კაბინეტები, მოდულის ოთახები, იქაური თანამშრომლების გვარები. ყველა მოწმე ამბობს, რომ ამოიცნობენ, ვინც ზეწოლას ახდენდა მათზე.

- ირაკლი ოქრუაშვილი რატომ ამოიღეს პოლიტდევნილთა სიიდან?

- ეს  სრულიად გაუგებარია ჩემთვის, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდა პოლიტპატიმართა სიის ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე.

სულ ისმოდა კითხვა, რატომ ჩამოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი, მოეცადა და მაინც გათავისუფლდებოდაო. ირაკლი ოქრუაშვილს არ სჭირდებოდა რაიმე სტატუსი გასათავისუფლებლად. ის ჩამოვიდა იმისათვის, რომ საკუთარი უდანაშაულობა დაემტკიცებინა. ის პოლიტპატიმარი იყო, მაგრამ ეს სტატუსი მას გარეთ გამოსასვლელად არ სჭირდებოდა. თუ გარეთ ყოფნა უნდოდა, მაშინ დაჯდებოდა პარიზში, დაელოდებოდა ამ სიის ძალაში შესვლას და მერე ჩამოვიდოდა. რას არ ამბობდნენ,  იმიტომ ჩამოვიდა, რომ სამ დღეში გამოუშვებენ, ხელისუფლებასთან ყველაფერი წინასწარ შეთანხმებულიაო. ახლა უკვე ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. ირაკლის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულებები არ ჰქონიათ და რატომ მოხდა ეს, ირაკლი თვითონ გაგცემთ პასუხს. Aმე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არ არსებობდა არავითარი იურიდიული საფუძველი ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ.