მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: ჩალიჩობს, რომ გაიჩალიჩოს - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: ჩალიჩობს, რომ გაიჩალიჩოს

ჩალიჩობს, რომ გაიჩალიჩოს

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტი, რომელსაც უკვე შეარქვეს ვადაგასული, რამეთუ ზოგ-ზოგიერთების მოსაზრებით, ვადა 20 იანვარს გასდის და უნდა გადადგეს, მიზანმიმართულად ჩალიჩობს, რომ გაიჩალიჩოს. ანუ პრეზიდენტი, ჩემი შთაბეჭდილებით, მიზანმიმართულად დგამს პროვოკაციულ და გამაღიზიანებელ ნაბიჯებს. არა მარტო იქცევა ასე, არამედ საუბრობს კიდეც გამაღიზიანებლად. ერთი შეხედვით, თითქოს ის ყოველთვის ასეთი იყო, მაგრამ ადრე, როდესაც თავად იყო ხელისუფლება, მისი ეს აგრესიული მანერა  სხვანაირად Aაღიქმებოდა, ახლა, როდესაც, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, "ოპოზიციონერი პრეზიდენტია", ყველაფერი სხვანაირად მოჩანს. ადრე მისი ტყუილები და აგრესია მართობდა, ახლა -

მაღიზიანებს. მიშამ აშკარად დამღალა თავისი დესტრუქციულობით, იმით, რომ საერთოდ არ აღმოაჩნდა უნარი რეალობის ადეკვატური ყოფილიყო და შესაბამისად მოქცეულიყო.

წინა კვირას ჯერ იყო და გამოაცხადა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 40-სართულიან სასტუმროს ვაშენებდი, სადაც 20 ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყოო (გინახავთ სადმე მშენებლობა, რომელიც 20 ათას ადამიანს ასაქმებს?!) და ახალმა მთავრობამ გააჩერაო, მერე დაამატა: კიდევ ორი ჰესის მშენებლობა შეწყდაო. მეორე დღესვე მათ, ვისაც უშუალოდ ეს ინფორმაციები ეხებოდა, პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულეს. გაირკვა, რომ სასტუმროს მშენებლობა ჯერ კიდევ 2010 წელს შეჩერებულა, ხოლო ჰესების მშენებლობა ჩვეულებრივად გრძელდება.

კვირის ბოლოს კი მიშა საერთოდ ავანტიურაზე წავიდა. პროკურატურის მიერ რამდენიმე მძიმე დანაშაულში ბრალდებული თენგიზ გუნავა (რომელსაც ბრალი უკვე ორი ადამიანის დაჭრაშიც კი ედება) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა. ამით არა მარტო ახალი ხელისუფლება გამოიწვია, არამედ მოსახლეობაც. მერე კი, არც თავისივე მთავარი რეფორმის, პატრულის დისკრედიტირებას მოერიდა - პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევა დაფიქსირდაო. პრეზიდენტისგან ასეთი რამის განცხადება ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი იქნება. რატომ ცდილობს, რომ პატრულის მიმართ ეჭვი დათესოს? ნუთუ მისთვის ვიწროპოლიტიკური მიზანი ისე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი, ყველაზე წარმატებული რეფორმის დისკრედიტირებასაც არ ერიდება? ასეთ სიტუაციაში როგორ არ უნდა ვთქვა: ჩალიჩობს, რომ გაიჩალიჩოს-მეთქი? თან კვირის ბოლოს უცნაურად გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის. მიშასგან კაცს რაღა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ ეს მაინც ნამეტანი მგონია.

დასაქმებული "ნაციონალები"

ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლის განმავლობაში შეიძლება მოსახლეობის დასაქმების პრობლემა ვერ მოაგვარა, მაგრამ ორი თვეც არ დასჭირვებია საიმისოდ, რომ პარლამენტს გარეთ, თუ სამინისტროებს გარეთ დარჩენილი საკუთარი წევრები დაესაქმებინა. როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა: მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისთვის "სინათლის ქალაქი", "ჰერმესი", "თბილსერვისი" და "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაინიშნენ. შიხიაშვილის ინფორმაციით, სულ 36 ადამიანია დასაქმებული და თითოეულ მათგანს ხელფასი 2 500 ლარი აქვს. როგორც შიხიაშვილი ამბობს, შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში შედიან: კობა ხაბაზი, ლადო ვარძელაშვილი; "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოში კი - გიორგი ასანიძე, კოკა სეფერთელაძე, გიგა ნასარიძე, ლევან თარხნიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი; ხოლო "თბილსერვის ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოში: ეკა ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, დავით იოსელიანი.

კარგის მეტი რა უნდა თქვა, როდესაც პარტია  ერთგულ წევრებს არ ივიწყებს. კი ბატონო, დაასაქმონ საკუთარი წევრები. მაგრამ ესენი ხომ კერძო შპს-ები არ არიან? ეს ადამიანები ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ და, ვინმემ რომ იკითხოს, რა დამსახურებისთვისო? - არალოგიკური იქნება? ან, რა სამუშაოს ასრულებენ ისინი? მაგალითად, რუსუდან კერვალიშვილმა თქვა, სატრანსპორტო კომპანიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე უნდა ვიმუშაოო. პრინციპში მართალია! აბა, სამართლიანია, მძღოლებად სულ კაცები რომ მუშაობენ?

პრემირებული "მეოცნებეები"

ქვენ გგონიათ საკუთარი თავის პატივისცემაში "ნაციონალებს" "მეოცნებეები" ჩამორჩნენ? როგორ გეკადრებათ! თითქმის ყველა მინისტრმა საახალწლოდ არა მხოლოდ თანამშრომლებს დაურიგა პრემიები, არამედ საკუთარ თავსაც. ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მაინც ფინანსთა სამინისტროში დარიგებულ პრემიებს მოჰყვა. მონაცემები "საჯარო მოხელეთა ფინანსური წახალისების შესახებ" "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციის თანახმად, ფინანსთა სამინისტროში 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაცემული პრემიების ჯამური რაოდენობა 762 590 ლარია. აქედან 7 080 ლარი პრემიის სახით თავად მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მიიღო ორთვიანი მუშაობის სანაცვლოდ, შესაბამისად 5 900 და 5 400 ლარით დაჯილდოვდნენ მინისტრის მოადგილეები - გიორგი ტაბუაშვილი და დავით ლეჟავა. ამ ინფორმაციის საპასუხოდ ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა: "2012 წლის ბოლოს ფინანსთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს თითქმის 24 საათის განმავლობაში მოუწია მუშაობამ, რათა ცალკეული ჯგუფების ფუფუნებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ნაცვლად, მოსახლეობისთვის წარედგინათ ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტი. აღნიშნული სამუშაოს კვალიფიციურად შესრულებისთვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოიძებნა სახსრები და წინასაახალწლოდ ფინანსთა სამინისტროს ყველა თანამშრომელმა მიიღო ხელფასი და ხელფასზე დანამატი."

ეს ყველაფერი კარგი და გასაგები. სამინისტროს თანამშრომლების პრემიებს არც არავინ აპროტესტებს. აღშფოთება ხადურის მიერ ორ თვეში საკუთარი თავისთვის გამოწერილმა  პრემიამ გამოიწვია. პრემია ყველას სჭირდება, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მაგრად "ტეხავს", როდესაც შენ იმავეს აკეთებ, რის გამოც წინა მთავრობას აკრიტიკებდი; მაგრად "ტეხავს" ორი თვის დანიშნული, საკუთარ თავს პრემიას რომ გამოუწერ, თან 7 080 ლარს, ექვსი თვე მაინც იმუშავე და მერე გამოიწერე. და საერთოდ, მგონია, პრემია იმიტომ არსებობს, რომ კარგი მუშაობა წახალისდეს. ჰოდა, თანამშრომლებისთვის გამოწერა გასაგებია, მაგრამ საკუთარ თავს რომ უწერ, ვინ აფასებს შენს მუშაობას? განა უკეთესი არ იქნებოდა, ხადურიც და სხვა მინისტრებიც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც თეა წულუკიანი, რომელმაც საახალწლოდ პრემია ყველა თანამშრომელს გამოუწერა საკუთარი თავის გარდა?! საერთოდ, მგონია, უმჯობესი იქნება, თუ სამინისტროებში ასე "უპრაგონოდ" პრემიების დარიგების სისტემა მოწესრიგდება, ხოლო მინისტრს არ ექნება უფლება პრემია საკუთარ თავს გამოუწეროს. მას უბრალოდ ხელფასი გაეზარდოს, ან მინისტრების მუშაობა პრემიერმა შეაფასოს და მან გამოუწეროს პრემიები. თორემ საკუთარ მუშაობას ყველა ყოველთვის კარგად შეაფასებს და იმავეს მივიღებთ, რაც "ნაციონალების" დროს ხდებოდა: მინისტრები ყოველთვე ხელფასზე დიდ პრემიებს რომ იწერდნენ.