"ადეიშვილის ადგილზე ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი" - კვირის პალიტრა

"ადეიშვილის ადგილზე ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი"

"გამოჩნდება, ვის სჭირდებოდა ოქრუაშვილის ჩამოყვანა"

"როცა ტერიტორიები ოკუპირებულია და შენ დაკავებული ხარ არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მოგერიებით და ამის პარალელურად უშვებ რუსეთის ჯაშუშებს, მითხარით, არის თუ არა ეჭვები დასაბუთებული, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორს ძირს უთხრიან", - განაცხადა სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კანონს "ამნისტიის შესახებ" ხელი მოაწერა.

რატომ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონზე ხელის მოწერა ასე მტკივნეულად, საპარლამენტო უმცირესობის წევრს, მიხეილ მაჭავარიანს ვკითხეთ:

- რის საფუძველზე მონათლა გოკა გაბაშვილმა ამნისტიის კანონზე ხელის მოწერა "ფსევდოჰუმანურ მოსაზრებებს ამოფარებულ, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად"?

- არასოდეს ვყოფილვართ ამნისტიის წინააღმდეგი. პრეზიდენტს ბევრი პატიმარი შეუწყალებია, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური პროცესი. ამ დროს შეწყალების კომისია ინდივიდუალურად განიხილავს პატიმრების საქმეებს. ჩვენ გვაწუხებდა რამდენიმე მომენტი: საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულების პოლიტიკური მოტივით შეწყალება. თავისუფლდებიან რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მომუშავე პირები. ეს ნიშნავს კაპიტულაციას და იმის აღიარებას, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს შეუძლიათ განაგრძონ საქართველოში დაუსჯელად მუშაობა. ჩვენი შეშფოთების შემდეგი მიზეზი იყო ე.წ. პოლიტპატიმრების თემა. ეს ხალხი კონკრეტული დანაშაულისთვის არის ბრალდებული და მათ ათავისუფლებენ როგორც პოლიტპატიმრებს და ბოლოს, კანონით "ამნისტიის შესახებ" საპატიმროებს დატოვებენ ნარკორეალიზატორები და სხვა მძიმე დანაშაულებში ბრალდებულები. ამიტომაც მე ვეთანხმები გოკა გაბაშვილის შეფასებას.

უმრავლესობის ზოგიერთი წევრიც იზიარებს ჩვენს შეშფოთებას. პრემიერ-მინისტრმაც და შს მინისტრმაც დააფიქსირეს, რომ ამნისტიის ზოგიერთ მუხლს არ ეთანხმებიან.

- 200-მდე პოლიტპატიმრად აღიარებული პირი გათავისუფლდა საპატიმროდან. უმეტესობა უცხოურმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა აღიარეს  პოლიტპატიმრად, თუმცა ისინი სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა ბრალდებით.

-  ვენეციის კომისიის მოთხოვნა იყო, რომ პოლიტდევნილების საკითხი პარლამენტს განეხილა... გვინდოდა, ეს საქმეები შეესწავლა პროკურატურას და დადგენილიყო, რამდენად სწორად ჰქონდათ ამ პირებს ბრალი წაყენებული, მაგრამ ასე არ მოხდა.

- სწორედ ამ გზით მოუხსნეს რამდენიმე  ბრალდება ირაკლი ოქრუაშვილს  და გაათავისუფლეს.  ოქრუაშვილი, რომელსაც სხვადასხვა არაპოლიტიკური ბრალდება ჰქონდა, საფრანგეთის სასამართლომ აღიარა პოლიტპატიმრად.

- კარგად მახსოვს ოქრუაშვილის აღიარებაც და ე.წ. "ჯეოსელის" საქმეც. საინტერესოა, ახლა ვის აქვს "ჯეოსელის" საკმაოდ მსუყე წილი. დაველოდოთ და გამოჩნდება, რატომ დაბრუნდა ოქრუაშვილი, როგორ წარიმართა პროცესები სასამართლოში და მერე უცებ როგორ მოუხსნეს ამდენი მძიმე ბრალდება. \გამოჩნდება, ვის სჭირდებოდა ოქრუაშვილის ჩამოყვანა.

- ანუ ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებულია?

- მაქვს საფუძველი, ასე ვიფიქრო.

- თქვენ უმრავლესობა გააკრიტიკეთ ამნისტიის კანონის გამო, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ პირიქით, პრეზიდენტმა შეიწყალა საშიში დამნაშავეები და მკვლელები.

- პრეზიდენტს ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ელენე თევდორაძე ხელმძღვანელობს. ისინი სწავლობენ შეწყალების ყველა საქმეს.

- პრეზიდენტმა ეს პირები შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა.

- პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს უფლება, ინდივიდუალურადაც შეიწყალოს პატიმრები.

- კი მაგრამ, რატომ იწყალებს მკვლელებსა და რეციდივისტებს?

- როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, პრეზიდენტს ვიღაც მიმართავს. ჩვენს დროს როცა ხდებოდა შეწყალება, სამართალდამცავი ორგანოები იძლეოდნენ მყარ გარანტიას, რომ შეწყალებულები საფრთხეს ვერ შეუქმნიდნენ საზოგადოებას. ახლა კი მოვისმინეთ მინისტრ ღარიბაშვილის წუხილი ასეთი ამნისტიის გამო. თუმცა, მან ისიც თქვა, რომ პოლიცია ეცდება, ვითარება კონტროლიდან არ გავიდესო.

- ძებნა გამოცხადდა ზურაბ ადეიშვილზე, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. თუ ის უდანაშაულო იყო, რატომ გაიქცა ქვეყნიდან?

- მის ადგილზე ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. ადეიშვილს ისეთი არაფერი აქვს გაკეთებული, რომ გაქცეულიყო.

- თუ ასეა, რატომ გაიქცა?

- ალბათ, შეეშინდა პოლიტიკური დევნისა. დაკითხვაზე ბევრი ჩემი თანამებრძოლი დაიბარეს, მათ შორის ვანო მერაბიშვილიც, მათ უპასუხეს გამოძიების კითხვებს. კითხვები ჰქონდათ ადეიშვილთანაც, მასაც უნდა გაეცა პასუხი. ჩემთვის რომ რჩევა ეკითხა, ვურჩევდი, არ წასულიყო.

- კითხვებზე პასუხის გაცემა, ალბათ, თქვენც მოგიწევთ ყრილობისთვის დაქირავებული ყვითელი ავტობუსების გამო. პროკურატურამ თქვენი გვარი ახსენა, ხომ არ დაუბარებიხართ დაკითხვაზე?

- ეტყობა, სურვილი ჰქონდათ, ასეთი პოლიტიკური განცხადება გაკეთებულიყო და ჩემი გვარი გამოცხადებულიყო. ეს ფაქტი შესასწავლად გაუგზავნეს აუდიტის სამსახურს და იქიდანაც არავინ შემხმიანებია. არ ვიცი, რას მედავებიან, ჩვენ ხელშეკრულება იმდენ მიკროავტობუსთან გავაფორმეთ, რამდენიც მოგვემსახურა და მეტი არაფერი ვიცი. პრესაში წავიკითხე, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი მეორე მხარის წარმომადგენელი კბილაშვილის მოადგილე ყოფილა.

- მალე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრიან კენჭს.

- უმრავლესობის ახირებაა, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვიდეს, მეორე საკონსტიტუციო ცვლილება კი ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ჩვენზე ამბობდნენ, კონსტიტუცია მოირგესო, მაგრამ ამ მხრივ ამ პარლამენტმა ჩვენ გვაჯობა. ინიცირებული კანონი ერთ კვირაში სამი მოსმენით მიიღეს. ის, რის გამოც იცვლება კონსტიტუცია, სინამდვილეში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა მმართველი პარტიისთვის.

- მაგრამ პრეზიდენტს ხომ შეეძლო მთავრობის დათხოვნა?

- ტყუილად ფიქრობდნენ, რომ მთავრობას დაითხოვდა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ზუგდიდის  რეზიდენციაში აპირებს გადასვლას.

- ამის შესახებ ჩვენთან არ უსაუბრია.

- რას ნიშნავდა პრეზიდენტის განცხადება, ჩვენ იმაზე ადრე მოვალთ ხელისუფლებაში, ვიდრე ჩვენს ოპონენტებს წარმოუდგენიათო?

- წინ კიდევ არჩევნებია და იმას.  …

- ვინ იქნება თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი?

- როცა გვეცოდინება, პირველად თქვენ გეტყვით.